ზვიად ბოლქვაძე: ჩემში მაინც ღიმილი იმარჯვებს ხოლმე, თუნდაც ნეგატიურის მოსმენისას
ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 11.07, 2023 წელი

ზვიად ბოლქვაძის „უცნობი მხარე“ 👇
– ვინ არის ზვიად ბოლქვაძე?
ზვიად ბოლქვაძე: მუსიკოსი, თუმცა, პირველ რიგში, ჩვეულებრივი ადამიანი, ერთ-ერთი და არაფრით გამორჩეული მოკვდავი.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– პირველ რიგში, მშვიდობა, თავისუფლება, რაც შეიძლება, მეტი სიყვარული და ურთიერთპატივისცემა, ეს არის არა მხოლოდ ჩემი, ალბათ, ყველას ოცნება.
– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?
– სიძულვილის განცდა არ მქონია. გადაწყვეტილება ბავშვობიდანვე მივიღე და ჩემს გზას შევუდექი. სხვა საქმის კეთება არასდროს დამჭირვებია. სტუდენტობის პერიოდში მშობლებისგან მქონდა ხელშეწყობა, მერე ნელ-ნელა ჩემით წამოვდექი ფეხზე. ყოველთვის მუსიკალურ სამყაროში ვტრიალებდი და სხვადასხვა დარგს ვემსახურებოდი. ეს საქმე დიდ შრომას მოითხოვს და არც ისე მარტივია, თუმცა, ჩემთვის – ძალიან მნიშვნელოვანი.
– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ და საერთოდ, რამდენად გულჩვილი ხართ?
– მუსიკოსები ემოციური ადამიანები ვართ. ეს ჩემი ნააზრევი არ არის. შემოქმედების პროცესი ითხოვს ძალიან დიდ ემოციებს. შესაძლოა, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ვერ გამოხატო, მაგრამ საკუთარ თავთან – კი. შეიძლება, დიდი სიხარულის დროს წამოუვიდეს ადამიანს ცრემლი, ასევე, დიდი ტკივილის შეგრძნების დროს.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად, რაზედაც ფიქრობთ, რომ არ უნდა გაგეკეთებინათ?
– ყოველი დღე უნდა იყოს ისეთი, თითქოს უკანასკნელია. უნდა შევძლო და ვიცხოვრო დღევანდელი დღით. სანანებელია ის დღე, როდესაც ვერ ვახერხებ უფრო მეტად მივუძღვნა თავი ადამიანებს, უფრო მეტად მივუძღვნა თავი სიკეთეს და იდეას – რომ წუთია სოფელი, ჩვენ კი ამ წუთისოფლის მგზავრები ვართ და სხვა ცხოვრებაში უნდა გადავიდეთ, ამისთვის კი კარგად უნდა მოვემზადოთ. მიუხედავად ყოველდღიური საზრუნავისა, ალბათ, ადამიანებმა უნდა მოვახერხოთ საკუთარ თავში ჩაღრმავება, ღმერთთან ურთიერთობა და რელიგიურად ცხოვრება, ანუ, სიკეთით ცხოვრება. სინანული უკავშირდება თითოეულ ისეთ დღეს, როცა ეს ნაკლებად გამომდის.
– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი და გავლენიანი იყოთ?
– ასეთი ფიქრები არასდროს მქონია. საკმაოდ რეალისტი ვარ. არ ვიცი, რამდენად არის ჩემი დამსახურება იმაში, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. შეიძლება, ძალიან ბევრი ვიშრომე ამისთვის, რადგან ძალიან მიყვარს მუსიკა. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ეს ღმერთის დიდი წყალობაა. თუნდაც, ბავშვობაში არ ვფიქრობდი იმაზე, რომ წარმატებებისთვის უნდა მიმეღწია ან ცნობილი ვყოფილიყავი. ერთადერთი, რაც მამოძრავებდა, იყო ძალიან დიდი სურვილი, სწრაფვა და სიყვარული მუსიკისადმი, ასევე, სიღრმეების შეცნობა. ამ პროფესიას რომ თან ახლავს საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეს ცხადია, მაგრამ ამისადმი ინტერესი არ ყოფილა წინა პლანზე და არც ახლა არის. ვთვლი, ჩემი პასუხისმგებლობაა, ამ გზაზე ისე ვიარო, რომ მაქსიმუმი გავაკეთო და სხვა ფიქრებმა ხელი არ შემიშალოს. ვიყო ღირსი იმისა, რომ ვგრძნობდე მუსიკას. არ დავკარგო მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა, ჩემი და მუსიკის ძაფები არ გაწყდეს. ეს არის ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რომ ვიყო უფრო პოპულარული, ვიდრე ვარ. მართალი გითხრათ, ჩემი ყველაზე დიდი მიზანი არის ის, რომ დავრჩე ადამიანად. გულისყურითა და სიფრთხილით მოვეკიდო ადამიანურ პასუხისმგებლობებს ჩვენი წინაპრებისა და მომავლის წინაშე. მომავალი თაობებისთვის კი ძალიან მცირედი, მაგრამ რაც შემიძლია, ის გავაკეთო. სხვა არაფერი მამოძრავებს.
– ტყუილთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– ეგ არასდროს შემეძლო (იცინის). რომ მოვინდომო, არ გამომივა. ალბათ, ხანდახან საჭიროა, რომ ადამიანს გული არ გაუხეთქო რთული სიმართლით და ნელ-ნელა შეაპარო რაღაც, თუმცა, მაინც ვერ ვხვდები, რაში გვჭირდება ადამიანებს ტყუილი. არ მქონია ტყუილის თქმის საჭიროება. მუსიკალურ ცხოვრებაში, შემოქმედებით ცხოვრებაში და საერთოდ, ხელოვნებაში ტყუილს არ უნდა ჰქონდეს ადგილი.
– ყველაზე სასტიკი როდის ყოფილხართ?
– არ ვყოფილვარ, ასე მგონია. მაშინ საქმე არ მექნებოდა ყველაზე სათუთ ხელოვნებასთან, მუსიკასთან. ყველაზე სათუთ ჟანრთან – საგუნდო მუსიკასთან და ხმასთან. ვერ ვიქნებოდი ღირსი, რამე დამეწერა.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– ჯერჯერობით არაფერი, იმიტომ რომ ცხოვრებას ვაგრძელებ და ეს ძალიან დიდი ამოცანაა. მე ჯერ არ დამიმთავრებია თამაში. გარდა ამისა, ამას უფრო სხვა ადამიანები შეაფასებენ. საკუთარ თავზე საუბარი საკმაოდ მძიმეა. ალბათ, ჩემზე სხვებმა უნდა ისაუბრონ და არა – მე.
– ბოლოს რა მოისმინეთ საკუთარ თავზე კარგი, რაც სასიამოვნო აღმოჩნდა და ცუდი, რამაც გული გატკინათ?
– ბევრი რამ მომისმენია, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემში მაინც ღიმილი იმარჯვებს ხოლმე, თუნდაც ნეგატიურის მოსმენისას. შესაძლოა, წამიერად იგრძნო წყენა, მაგრამ რამდენიმე წუთშივეა პატიებაც. შემიძლია, გულში ჩავიხუტო და მადლობა ვუთხრა ადამიანს. ვიღაცას შეუძლია, გამაკრიტიკოს მუსიკალურად, ეს მისი აზრია და მისი ნება, მე რა მეთქმის?! ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, რომ სხვები ნაკლებად განვიკითხო.
– ხელოვნებისა და მუსიკის მიღმა, რისი კეთება გამოგდით ყოფითი საქმეებიდან და რა განიჭებთ განსაკუთრებულ სიამოვნებას?
– ბედნიერება ის არის, რომ ჩემთან ერთად ყველგან მუსიკაა, მაგრამ თუ მოვინდომებ, სახლში სანტექნიკასაც გავაკეთებ. შეიძლება, მეგონოს, რომ ვერ შევძლებ, მაგრამ რამდენიმე ცდის შემდეგ გამომივა. ასეთი დამოკიდებულება მაქვს ნებისმიერ ჩხირკედელობასთან დაკავშირებით. ვერ დავიტრაბახებ, რომ ყველაფერი გამომსვლია, მაგრამ მარტივ საქმეებზე ხელოსანი არ შემიწუხებია და მე თვითონ გამიკეთებია. მაგალითად, კარის სახელური გაფუჭდა, ონკანი ან მილი გასკდა, ასეთი წვრილმანები მომიგვარებია. რაც შეეხება სიამოვნებას, ჩემს შვილებთან ერთად ყოფნა, ფიქრი, თამაში, მათთან ერთად ნებისმიერი რამის კეთება სიამოვნებას მანიჭებს.
– ის, რითაც ამაყობთ, არის?
– არც ეს არის მარტივად სათქმელი. ვამაყობ ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მადლიერი ვარ. მადლიერი ვარ, რომ ღირსი ვარ, ვიგრძნო მუსიკა და მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში საოცარი ადამიანები არსებობენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან