ვისზე დაწერა ნოდარ ნათაძემ წიგნი „სისხლიანი პარასკევი“
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 27.05

„მე დავიბადე ქვეყანაში, რომელიც „ბოროტების იმპერიას“ ჰყავდა დაპყრობილი და ჩემი მოვალეობა არა განცხრომით ცხოვრება, არამედ ბრძოლა იყო! გაცილებით მეტი საქმე მაქვს, ვიდრე დრო და ენერგია. ჩემს ნებაზე ცხოვრების საშუალება რომ მქონდეს, ქალაქის გარეუბანში, ტყის პირას ვიცხოვრებდი, მეყოლებოდა ცხენი და ვიქნებოდი ბედნიერი... ომი ჩემს ქვეყანაში იყო და ვალდებული გახლდით, ასე მოვქცეულიყავი და წავსულიყავი. ეს კეთილი ნება კი არა, ვალდებულებაა! ვინც აფხაზეთისა და ცხინვალის ომში არ იბრძოდა, იმას უფლება არა აქვს, პოლიტიკოსი ერქვას და ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობდეს“, – ამბობდა ნოდარ ნათაძე. საქართველოში ეს სახელი და გვარი ყველამ კარგად იცის. ვიღაცებისთვის – ცივი, უგულო, ძალიან უარყოფითი, ვიღაცებისთვისთვის კი – ზუსტად ის იყო, ვინც რეალურად იყო. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის პირდაპირობა არაერთხელ გამხდარა ჩხუბის მიზეზი პარლამენტში და პარლამენტის გარეთაც. ის იყო სიმართლით გამორჩეული, ჭეშმარტი პატრიოტი, მემატიანე, უაღერსად საინტერესო პიროვნება, მეცნიერი, რომელმაც უამრავი ნაშრომი დატოვა (ამ ნაშრომებიდან ყველაზე გამორჩეული ნაშრომია „ვეფხისტყაოსანი“). იყო კარგი თანამოსაუბრე, მსმენელი, მრჩეველი. ნოდარ ნათაძე, რომლისგანაც ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებდით, ბვერს ისწავლიდით, ცხოვრებაში გაითავისებდით, სამი წლის წინ 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„მთავარი და გადამწყვეტი არის ის, რომ ჩვენ ვართ ოფიციალურად დამოუკიდებლები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ დამოუკიდებლობას შევინარჩუნებთ სამარადისოდ. ძალა, რომელსაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღარ უნდა, დაქანებულია თავქვეშ და ეს არის რუსეთი. სხვა ჩვენი მეზობლებიც, რომლებიც ჩვენ მიმართ ძალიან აგრესიულები არიან, დამარცხების გზაზე დგანან. ამიტომ არის პერსპექტივა, გარანტირებული პერსპექტივა, რომ ბოროტების იმპერია აღარ აღდგება არასოდეს“, – თქვა ნოდარ ნათაძემ 2016 წელს „რადიო თავისუფლების“ ეთერში.
პოლიტიკაში ახალგაზრდობიდან
საბჭოთა კავშირის დაშლამდე ნოდარ ნათაძე დისიდენტურ მოძრაობაში იყო, მოგვიანებით საკუთარი პარტია – „სახალხო ფრონტი“ ჩამოაყალიბა. იყო უზენაესი საბჭოს დეპუტატი. 1991 წლის 9 აპრილს მან და მისმა ტყუპისცალმა – მაია ნათაძემ – საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ერთად მოაწერეს ხელი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველმა დამოუკიდებელმა მთავრობამ დიდხანს ვერ გაძლო ხელისუფლებაში და დაიწყო სამოქალაქო დაპირისპირება. მაშინ ნოდარ ნათაძე ღიად მოუწოდებდა ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომას. წლების შემდეგ მან გულწრფელად აღიარა, რომ მაშინ შეცდა. სინანულით ამბობდა, რომ მცოდნოდა, დამოუკიდებლობას ასე მალე მივიღებდით, ქეიფში უნდა გაგვეტარებინა ის დღეები და არა დაპირისპირებაშიო. არ უნდა დამეწყო მაშინ ეგზისტენციალურ თემებზე კამათი ზვიადთან და რუსული ძალების წინააღმდეგ უფრო დავრაზმულიყავითო. ნოდარ ნათაძე ერთ-ერთი ხმაურიანი და გამორჩეული დეპუტატი იყო შევარდნაძის დროინდელ პარლამენტშიც. ერთი ორჯერ მის გამოსვლას პარლამენტში არეულობაც მოჰყვა. სათქმელს ყოველთვის მიკიბ-მოკიბვის გარეშე ამბობდა, მაშინაც კი, თუ ეს პოლიტიკურად ნაკლებად აძლევდა ხელს. „სახალხო ფრონტის“ მდივანი, გოგი სორდია ამბობს, რომ ნოდარ ნათაძე არ იყო პოლიტიკოსი, თანამედროვე გაგებით, ის არასოდეს ეძებდა დამფინანსებელს, პოლიტიკურ პარტნიორებს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მისი წესიერებისა და პატრიოტიზმის ყველას სჯეროდა, არჩევნების დროს მარცხდებოდა ხოლმე. „ის ქვეყანამ ვერ გამოიყენა ისე, როგორც შეეძლო გამოეყენებინა. 1995 წლიდან, შევარდნაძის აღზევების პერიოდში, კორუფციამ დაისადგურა, არჩევნები ყალბდებოდა. ამ არჩევნებში ბატონი ნოდარიც იყო ჩართული, მეორე ტურშიც გავიდა, მაგრამ ამ უთანასწორო ბრძოლაში მაინც დამარცხდა. მას ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა ჰქონდა. ბევრი ადამიანი გაზარდა, მათ შორის პარლამენტის წევრებიც. დაწერილი აქვს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგია, რომელსაც გაზეთ „საქართველოს“ სპეციალური ნომერი მიეძღვნა...
გულიანი კაცი იყო, ვინც შეხვდებოდა, ყველას უკვირდა: ბატონო ნოდარ, რა თბილი ადამიანი ყოფილხართო. მაგრამ, როცა ქვეყნის ინტერესებს ეხებოდა საქმე, შეუვალი ხდებოდა... სურათს რომ იღებდა, არ იღიმებოდა, ჩემი ქვეყანა რა მდგომარეობაშიცაა, მეც იმ მდგომარეობაში უნდა ვჩანდეო“, – იხსენებს გოგი სორდია.
საღი გონება სიცოცხლის ბოლომდე
პოლიტიკის პარალელურად, ნოდარ ნათაძე მთელი ცხოვრება მეცნიერებაში იყო ჩართული. პროფესიით ფილოლოგი, ძირითადად, „ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობდა. დაწერილი აქვს: „ვეფხისტყაოსნის“ ფილოსოფიური მოტივები“, „შოთა რუსთაველი და მისი პოემა“, „რუსთველური მიჯნურობა და რენესანსი“... მისი ნაშრომები ეხება უფრო ფილოსოფიურ თემებსაც, მაგალითად: „მიზეზობრიობა და თავისუფლება“, „თომა აქვინელის ფილოსოფია“, „ერი და ეროვნული კულტურა“...
„სიცოცხლის ბოლომდე აზროვნება არ დაუკარგავს. ნაშრომებს წერდა. ბოლოს, 90 წლისამ წიგნი ქართველურ ენებზე დაწერა. სულ უნდოდა კიდევ რაღაც მოესწრო, დაეტოვებინა მეცნიერებისთვის. შვილებმა მითხრეს, დილის 6 საათზე წვებოდა და ამან გამოფიტა, თორემ სასიკვდილო არაფერი სჭირდაო“, - ამბობს გოგი სორდია.
ომში უბრალო ჯარისკაცად
როდესაც 1992 წელს აფხაზეთში ომი დაიწყო, ნოდარ ნათაძე 64 წლის იყო. ავტომატი აიღო და ომში რიგით ჯარისკაცად წავიდა. პოლკოვნიკი დავით ხომასურიძე იხსენებს, ჯარისკაცები ერთად სადილობდნენ, როდესაც ოთახში გენერალი შემოვიდა, ნათაძე დაინახა და გადაწყვიტა, ცალკე მიეპატიჟებინა. ვიცოდი, რაც მოხდებოდა, მაგრამ მაინც ვუთხარი, მიდი, სცადე-მეთქი. მივიდა და ის ის იყო უნდა უთხრას, ბატონო ნოდარ, წამობრძანდითო, რომ ნოდარი უცებ ადგა, გაიჭიმა, „ჩესტი“ აუღო და დაიძახა „რიგითი ნათაძე გისმენთ“...
კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც დავით ხომასურიძეს დაამახსოვრდა, ომის რეალობიდანაა. ნოდარ ნათაძე ბრძოლის დროს რამდენიმე ჩრდილოკავკასიელის წინაშე აღმოჩნდა. „2-3 ბიჭი იყო, ბატონმა ნოდარმა, დაყარეთ იარაღიო, - დაუძახა. იმათ დაიყვირეს - ალყაში ხართ და დაგვნებდითო. ნათაძემ, ისევ - დაყარეთ იარაღიო. არ დაემორჩილნენ. მესამედ აღარ გაუმეორებია, გაუხსნა ცეცხლი და ყველანი დახოცა. შემდეგ მითხრა, ისეთი ახალგაზრდები იყვნენ, ვერ მივედი ახლოს. არ მინდოდა, მათი სახეები მენახაო“.
1993 წლის 27 სექტემბერს ქართულმა ჯარმა სოხუმი მოსახლეობასთან ერთად დატოვა. ნოდარ ნათაძე ერთ-ერთი იყო, ვინც სხვებივით საკენი-ჭუბერის უღელტეხილს დაადგა და ბოლომდე ფეხით იარა. მოგვიანებით ეს დღეები მან „რადიო თავისუფლებასთან“ გაიხსენა.
ნოდარი ჩქაროსნულ სირბილში
იცით თუ არა, რომ წინა საუკუნის 90-ან წლებში ყოფილ პარლამენტში ბატონი ნოდარ ნათაძე სირბილში ტოლს არავის უდებდა. ამ უჩვეულო ისტორიას თემურ მირიანაშვილი იხსენებს: „ერთხელ გულდაწყვეტილმა რომან გოცირიძემ შემომჩივლა, სირბილში მარცხი ვიწვნიე, ნოდარ ნათაძემ თავი მომჭრაო. გამიკვირდა, შენ ახალგაზრდა კაცი ხარ და მოხუცმა სირბილში როგორ გაჯობა-მეთქი. იმ დროს პარლამენტის შენობა ქალებს ჰქონდათ ბლოკირებული, აქციებს მართავდნენ, შიგნით არავის უშვებდნენ. არადა, რომანს და ნოდარს იქ უნდოდათ შესვლა. მერე როგორღაც, შეძვრნენ და კუთხის შესასვლელიდან შეიპარნენ. მათი შესვლა ქალებს შეუმჩნეველი არ დარჩათ. ჯერ ბუზღუნი დაიწყეს და მერე უფრო გაავდნენ. ამ დროს რომანი წინ გარბოდა, ნოდარი კი უკან მისდევდა. აქციის მონაწილეები გაკაპასდნენ და იყვირეს: მოდით, ამათ ვაჩვენოთ ახლა სეირი და ნოდარ ნათაძეს შარვალი ჩავხადოთო. ეს რომ გაიგო ნოდარმა, თურმე, ისეთი მტვრის ბუღი დაუყენებია შენობაში, ხალხს თვალებზე ბინდი გადაეკრა. ნათაძემ გოცირიძე ხომ ჩამოიტოვა უკან და შემფასებლები რომ ყოფილიყვნენ, ნოდარი ჩქაროსნულ სირბილში რეკორდს მოხსნიდა ნამდვილად“.
სისხლიანი პარასკევი
ნოდარ ნათაძე: „1956 წელი. 9 მარტი. მაშინ ახალგაზრდები ქუჩაში იმიტომ გამოვედით, რომ ხრუშჩოვმა ქართველ ერს შეურაცხყოფა მიაყენა – სტალინის ლანძღვისას ქართველებიც შემოელანძღა. საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ საკითხის მშვიდობიან მოგვარებას სისხლისღვრა არჩია და მომიტინგეების წინააღმდეგ „წითელი არმიის“ ნაწილები, სამხედრო ტექნიკა გამოიყვანა. რუსთაველის გამზირსა და მტკვრის სანაპიროზე ათობით ახალგაზრდა დახოცეს, ასობით დაჭრეს და დაასახიჩრეს; დაღუპულთა ოჯახებს მიცვალებულების დამარხვის უფლება არ მისცეს. მე ეს დღე ჩემს ერთ-ერთ წიგნში აღვწერე, რომელსაც „სისხლიანი პარასკევი” ვუწოდე.“
შევარდნაძის წამოძახება
აფხაზეთის ომში ქართველების დამარცხების შემდეგ ნოდარ ნათაძეს ჭუბერის უღელტეხილზე ფეხით გადმოსვლა მოუწია. შევარდნაძის წამოძახებას განიცდიდა მტკივნეულად, რომელსაც უთქვამს, აფხაზეთის ომის შემდეგ მეც გამოვრბოდი და შენცო, ანუ რა ლაჩარიც მე ვარ, ისეთი ხარ შენცო, რაზეც ნოდარ ნათაძე ამბობდა, რომ შევარდნაძე ჭუბერზე ფეხით არ გადმოსულა, ის რუსეთიდან გადმოფრინდა საქართველოში, მაშინ, როცა ვალდებული იყო, მთავარსარდლის პოსტზე ბოლომდე დარჩენილიყო.
სტალინი
ნათაძეს მიაჩნდა, რომ სტალინი იაკობ ეგნატაშვილის ვაჟი იყო და არა ოფიციალური მამის – ბესარიონ ჯუღაშვილის. სტალინს ლოთი მამობილის ხსენებაც არ უნდოდა, ბესარიონის სურათი რომ მიუტანეს, ბოღმით გადახია, დაყარა და არაფერი უთქვამს სურათის მიმტანისთვის. იაკობ ეგნატაშვილი რომ გარდაიცვალა, კრემლში შესვეს სამი ძმა ეგნატაშვილის სადღეგრძელო, მათ შორის, სტალინის. თავის მხრივ, სტალინმა ეგნატაშვილები კრემლში დაასაქმა, ანუ თავის ერთ ძმას სტალინის კვების საკითხი ებარა. ნოდარ ნათაძე თვლიდა, რომ სტალინს შემთხვევით არ ეძახდნენ ორ სახელს – იოსებსა და კობას. ბიბლიური იოსები იაკობის შვილი იყო, როგორც სტალინი იყო იაკობ ეგნატაშვილის ვაჟი. კობას კი იმიტომ ეძახდნენ, რომ მამამისსაც იაკობი ერქვა და არა იმის გამო, რომ სტალინს ძალიან მოსწონდა ალექსანდრე ყაზბეგის პერსონაჟი კობა და ეს სახელი ამიტომ დაირქვა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან