ვისთან ერთად იმყოფებოდა ნოდარ ნათაძე მოსკოვში საიდუმლო მისიით და როგორ აპირებდა თავის მოკვლას ის აფხაზეთის დაკარგვის შემთხვევაში
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 06.06, 2023 წელი

მას ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ჟურნალისტმა ჰკითხა: ბატონო ნოდარ, თქვენ ამბობდით, აფხაზეთი თუ დაიკარგება, თავს მოვიკლავო, მაგრამ ჯერაც ცოცხალი ხართო. „ეს იმიტომ, რომ მჯერა, აფხაზეთი სამუდამოდ არ დაგვიკარგავს“, – უპასუხა ბატონმა ნოდარმა.
ეს ნოდარ ნათაძის დღიურების შესავალია. უაღრესად საინტერესო პიროვნების, რომლის რეგალიებსაც აქ არ მოვყვები. მისი ცხოვრება ჰყვება ყველაფერს, „რაც ვიცი“ – ასეც ჰქვია მის წიგნს, რომელიც არგუმენტებსა და ფაქტებზეა აგებული.
„...მეთერთმეტე კლასში ვიყავი, როცა სკოლაში ვიღაც რუსი ლეიტენანტი მოვიდა. მან მე და ჩემი კლასელი, რომელმაც ჩემი არ იყოს, ინგლისური კარგად იცოდა, სხვა ოთახში გაგვიყვანა და „კაგებესთან“ თანამშრომლობა შემოგვთავაზა, სანაცვლოდ კი ოჯახის საკვებით უზრუნველყოფას (მაშინ შიმშილობა იყო) და საზღვარგარეთ გაშვებას შეგვპირდა. როცა უარი ვუთხარით, მკითხა, რომელ წელს ხარ დაბადებულიო? ვუპასუხე: 1929 წელს-მეთქი. მე 28-იანი მეგონეთო და წავიდა. მოგვიანებით, როდესაც უკვე ასპირანტი ვიყავი, „კაგებეს“ შენობაში დამიბარეს: ჯერ ოთახში დამსვეს, ჩემი თავი ვიღაცას უჩვენეს, მერე კი მკითხეს, უცხო ენები თუ იციო? ვუპასუხე: ვიცოდი, მაგრამ დამავიწყდა-მეთქი და გამომიშვეს. ამის მერე საბოლოოდ დამანებეს თავი...“
„აფგანკებში“
ირაკლი ალადაშვილი: „...მხვდა ბედნიერება, ბატონ ნოდარ ნათაძის გვერდით აღმოვჩენილიყავი რამდენიმე, ძალიან საინტერესო და ჩვენი სამშობლოსთვის მნიშვნელოვან მომენტში და საკუთარი თვალით დანახულით შემეფასებინა ბატონი ნოდარის მოქმედებები ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებში, სადაც ადამიანისა და კაცის ნამდვილი სული და ბუნება გამოჩნდება... 1992 წლის 21 ივნისს, დილაუთენია, თბილისიდან, თავისუფლების მოედნიდან ცხინვალის მიმართულებით წითელი „იკარუსის“ ავტობუსი დაიძრა, რომელშიც მაშინდელი სახელმწიფო საბჭოს რიგ წევრებთან ერთად რამდენიმე ჟურნალისტიც ვიმყოფებოდით. იმ დროს ორმხრივი სროლები ცხინვალის მიმდებარედ არ წყდებოდა და ჩვენს „იკარუსს“, ბუნებრივია, ქალაქამდე არავინ მიუშვებდა. ამიტომაც სახელმწიფო საბჭოს წევრებმა ოს-ფრისის პოზიციიდან, ცხინვალის შორიდან ყურებით, ტყვიების წუილის ფონზე გული რომ იჯერეს, ჩვენი „იკარუსით“ შემდეგ ერედვიდან ვანათისკენ გასწიეს. სოფელ ვანათში ჩვენი დელეგაციის შესვლიდან მალევე ინტენსიური ცეცხლი ატყდა. ადგილობრივებმა აგვიხსნეს, მეზობელი ოსური სოფლიდან – დმენისიდან გვესვრიანო და შეიძლება, სოფლის ალყაში მოქცევა სცადონ, რადგან გაიგეს, თბილისიდან ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოსულანო... ზედმეტი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად ჟურნალისტები და სახელმწიფო საბჭოს რამდენიმე წევრი ვანათის სკოლის სპორტულ დარბაზში შეგვრეკეს, გარეთ კი ადგილობრივები იარაღით დარბოდნენ, რომელთა მხარდამხარ უშიშრად გადაადგილდებოდა პოზიციიდან პოზიციაზე და „ნაგანის“ რევოლვერიდან ისროდა ჩვენი „იკარუსის“ ერთ-ერთი მთავარი მგზავრი ნოდარ ნათაძე... შეიარაღებული ოსების სკოლაში შემოჭრა ყოველ წუთში იყო მოსალოდნელი, მაგრამ რა გვექნა დანარჩენებს? იარაღს არავინ გვაძლევდა, თავისთვის არ ჰყოფნიდათ და იძულებული ვიყავით, სიმწრისგან კალათბურთის ბურთი ფარისთვის გვეტყორცნა... სახელმწიფო საბჭოს (რომელიც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ძალით ჩამოგდების შემდეგ საქართველოს დროებით მთავრობას წარმოადგენდა) წევრების დატყვევების საფრთხის შესახებ ინფორმაცია მთელ მსოფლიოში გავრცელებულა, თუმცა ვანათის სკოლის სპორტდარბაზში შეყუჟულებმა თავისუფლად მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქეთ, როდესაც სოფელში სროლა-სროლით ჯავშანტექნიკა შემოჯლიგინდა და აღმოჩნდა, რომ ქართველი გვარდიელები, ცეცხლის ქვეშ, ჩვენს სამშვიდობოზე გასაყვანად მოსულიყვნენ. „იკარუსით” რომ გვეცადა ერედვისკენ დაბრუნება, ალბათ, ავტობუსშივე ჩაგვცხრილავდნენ, რადგან ვანათიდან გამოსასვლელი გზის მკვეთრი მოსახვევი დმენისელ ოსებს „გამოთოფილი“ ჰქონდათ და აბსოლუტურად დაუცველი სამგზავრო ავტობუსის მგზავრებს გადარჩენის მცირე შანსიც კი არ გვექნებოდა. „იკარუსის“ მგზავრები ვანათში შემოღწეული ქართული გვარდიის ქვეითთა საბრძოლო მანქანაში, ჯავშანტრანსპორტიორსა და სადაზვერვო ჯავშანმანქანაში გადაგვანაწილეს – მახსოვს, ამ უკანასკნელის „ლუკში“ ნოდარ ნათაძის შემდეგ ჩავძვერი. ერედვამდე, ასე თუ ისე, მშვიდობიანად ჩავაღწიეთ, რადგან ჯავშნის შიგნიდან არ ჩანდა, რას და როგორ გვესროდნენ… მაშინ ნოდარ ნათაძემ პირადი გმირობა გამოიჩინა და თავისი გაბედული მოქმედებებით არა მარტო იქ მყოფ სახელმწიფო საბჭოს წევრებსა და ჩვენ, ჟურნალისტებს გამბედაობა შეგვმატა, არამედ ადგილობრივებიც დიდად გაამხნევა: თქვენ გვერდით ვიბრძვი და თბილისიდან გამოძახებული დამატებითი ძალაც მალე დაგვეხმარებაო...
იშვიათი ელემენტები
... ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში გაცნობილ ნოდარ ნათაძესთან ურთიერთობა გაგრძელდა და მალევე ისევ ერთად მოგვიწია ცხინვალისკენ წასვლა, სადაც გაცხარებული ბრძოლები მიმდინარეობდა. დიდი ლიახვის ხეობაში გადასვლა ერედვიდან შემოვლითი გზით, წითელი მიწების გავლით შევძელით, მილიციის „კალიასკიანი“ (ეტლიანი) სამთვლიანი მოტოციკლით. ბატონი ნოდარი ეტლში იჯდა, შეიარაღებული, მე – მძღოლის უკან... ასე შემოვიარეთ ქემერტი, კეხვი, ქურთა, აჩაბეთი და თამარაშენს მივადექით, სადაც ფრონტის ხაზი გადიოდა... ნოდარ ნათაძე თითოეულ მებრძოლს დაწვრილებით გამოჰკითხვდა, თუ რა სჭირდებოდათ წინა ხაზზე, იწერდა და თბილისში დაბრუნების შემდეგ ყველა ღონეს ხმარობდა, რომ დაპირებული დახმარება მალევე ჩასულიყო სამაჩაბლოს დამცველებთან. 30 წლის შემდეგ ეს მახსენდება, რომ მაშინ თამარაშენის ერთ-ერთ დამცველს სნაიპერულ შაშხანაზე – „ესვედეზე“, ღამის ხედვის მოწყობილობა ეყენა (რაც იმ დროისთვის უდიდეს იშვიათობას წარმოადგენდა და მის მფლობელს საშუალებას აძლევდა, ღამის სიბნელეშიც ზუსტი გასროლა განეხორცელებინა), მაგრამ იმის გამო, რომ ამ მოწყობილობისთვის საჭირო საშტატო სპეციალური ელემენტები არ ჰქონდა, კუსტარულად აწყობილი, ჩვეულებრივი ელემენტების მთელ გროვას დაათრევდა, რაც სნაიპერის ფარულად გადაადგილებისთვის ძალიან მოუხერხებელი და ასევე, სახიფათო გახლდათ... ნოდარ ნათაძემ შეძლო იმ იშვიათი ელემენტების შოვნა და თამარაშენში გაგზავნა.
საიდუმლო სერობა
აფხაზეთის ომის დროს, როდესაც ბატონი ნოდარ ნათაძე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად, რომელთა შორის მეც გახლდით, მოსკოვში ჩავფრინდით. ამ საიდუმლო მისიის მთავარი მიზანი კონკრეტული მოქმედება უნდა გამხდარიყო, რის შემდეგაც საქართველოში შევძლებდით ერთ-ერთი ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის სერიული წარმოების დაწყებას. სამწუხაროდ, მაშინ ამ ჩანაფიქრის წარმატებით განხორციელება ვერ მოხერხდა.
თბილი ლოგინი
ჭუბერში დევნილების რიცხვი განუწყვეტლივ იზრდებოდა, გაჭირვებული ხალხი მიწაზე იწვა, სოფლის მაცხოვრებლებს ყველას სახლებში განთავსება, უბრალოდ, ტექნიკურად აღარ შეეძლოთ. ნოდარ ნათაძე კი ადგილობრივი მასწავლებლების ოჯახმა მიიპატიჟა ღამის გასათევად, მან კი მეც წამიყოლია და ის ღამე ლოგინში გავათენე, რაც უდიდესი შვება იყო იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ათი დღე, 19 სექტემბრის შემდეგ, რაც სოხუმში ჩავფრინდი, იატაკზე ან სანგარში მეძინა. დილაუთენია კი ბატონი ნოდარი მაღვიძებს: ირაკლი, ჩაიცვი, ცხენები მოვძებნოთ და უღელტეხილით ისევ საკენისკენ წავიდეთ, თოვლი მოდის, დევნილებს გაუჭირდებათ და უნდა დავეხმაროთო... ამ უღელტეხილის ერთხელ ფეხით გადმოსულს, მეორედ შვეულმფრენით გადაფრენილს (როდესაც კინაღამ ისევ საკენში ჩამტოვეს), მესამედ უკვე ცხენებით დალაშქვრის თავი ნამდვილად აღარ მქონდა და ბატონ ნოდარს მაშინ ვეღარ ამოვუდექი გვერდში, რაც დღემდე მაწუხებს“...
გულწრფელი აღიარება
როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველმა დამოუკიდებელმა ხელისუფლებამ დიდხანს ვერ გაძლო ხელისუფლებაში და სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო, ნოდარ ნათაძე ღიად მოუწოდებდა ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომას. წლების შემდეგ მან გულწრფელად აღიარა, რომ მაშინ შეეშალა.
სინანულით ამბობდა: „რომ მცოდნოდა, რომ დამოუკიდებლობას ასე მალე მივიღებდით, ქეიფში უნდა გაგვეტარებინა ის დღეები და არა დაპირისპირებაშიო. არ უნდა დამეწყო მაშინ ეგზისტენციალურ თემებზე კამათი ზვიადთან და რუსული ძალების წინააღმდეგ უფრო დავრაზმულიყავითო“, – იხსენებს გოგი სორდია, რომელიც 1995 წლიდან 2012 წლამდე „სახალხო ფრონტის“ აღმასრულებელი მდივანი იყო.
გულიანი
ნოდარ ნათაძე ერთ-ერთი ხმაურიანი და გამორჩეული დეპუტატი იყო შევარდნაძის დროინდელ პარლამენტშიც. ერთი-ორჯერ მის გამოსვლას პარლამენტში არეულობაც მოჰყვა. სათქმელს ყოველთვის მიკიბ-მოკიბვის გარეშე ამბობდა, მაშინაც კი, თუ ეს პოლიტიკურად ნაკლებად აძლევდა ხელს. გოგი სორდია ამბობს, რომ ნოდარ ნათაძე არ იყო პოლიტიკოსი თანამედროვე გაგებით, ის არასოდეს ეძებდა დამფინანსებელს, პოლიტიკურ პარტნიორებს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მისი წესიერებისა და პატრიოტიზმის ყველას სჯეროდა, არჩევნების დროს მარცხდებოდა ხოლმე.
„გულიანი იყო. ვინც შეხვდებოდა, ყველას უკვირდა, ბატონო ნოდარ, რა თბილი ადამიანი ყოფილხართო, მაგრამ როცა ქვეყნის ინტერესებს ეხებოდა საქმე, შეუვალი ხდებოდა... სურათს რომ იღებდა, არ იღიმებოდა, ჩემი ქვეყანა რა მდგომარეობაშიცაა, მეც იმ მდგომარეობაში უნდა ვჩანდეო“.
„ვეფხისტყაოსნის“ მკლევარი
პოლიტიკის პარალელურად ნოდარ ნათაძე მთელი ცხოვრება მეცნიერებაში იყო ჩართული. პროფესიით ფილოლოგი, ძირითადად, „ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობდა. დაწერილი აქვს: „ვეფხისტყაოსნის“ ფილოსოფიური მოტივები“, „შოთა რუსთაველი და მისი პოემა“, „რუსთველური მიჯნურობა და რენესანსი“... მისი ნაშრომები ეხება უფრო ფილოსოფიურ თემებსაც, მაგალითად: „მიზეზობრიობა და თავისუფლება“, „თომა აქვინელის ფილოსოფია“, „ერი და ეროვნული კულტურა“...
ომში უბრალო ჯარისკაცად
როდესაც 1992 წელს აფხაზეთში ომი დაიწყო, ნოდარ ნათაძე 64 წლის იყო. ავტომატი აიღო და ომში რიგით ჯარისკაცად წავიდა. პოლკოვნიკი დავით ხომასურიძე იხსენებს, რომ ის არასოდეს იყენებდა თავის ავტორიტეტს და ცდილობდა მართლაც უბრალო ჯარისკაცივით ემსახურა.
„ჩვენ თავად ვერიდებოდით, რამე დაგვევალებინა, მაგრამ... ყველაზე წინ მიდიოდა, ამბობდა, თუ ჩვენები შეგვხვდებიან, მიცნობენ და აღარ გვესვრიან, თუ მტერი შეგვხვდება, პირველ ტყვიას მე მივიღებო“, – იხსენებს დავით ხომასურიძე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან