საზოგადოება

ვისი იქნება გრენლანდია

№8

ავტორი: რევაზ ტომარაძე 15:59 06.03

გრენლანდია
დაკოპირებულია

ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გრენლანდიაზე კონტროლს მოიპოვებს.

„ვფიქრობ, ხალხს ჩვენთან უნდა ყოფნა. ნამდვილად არ ვიცი, რა პრეტენზია აქვს დანიას მასზე, მაგრამ ეს იქნება ძალიან არამეგობრული ქმედება, თუ ისინი არ დაუშვებენ ამას, რადგან ეს თავისუფალი სამყაროს დასაცავად კეთდება...“ (2025 წლის 6 იანვარი – პრესკონფერენცია).

ტრამპმა არქტიკის უზარმაზარი ტერიტორიის შეძენის პერსპექტივა და სურვილი ჯერ კიდევ 2019 წელს გამოთქვა.

BBC აღნიშნავს, რომ ტრამპის აშკარა თავდაჯერებულობის მიუხედავად, გრენლანდიისა და დანიის პრემიერ-მინისტრებმა, მუტე ეგედემ და მეტე ფრედერიქსენმა განაცხადეს, რომ კუნძული არ იყიდება.

ამასთან ბოლო წლებში გაიზარდა ინტერესი გრენლანდიის ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, იშვიათი მინერალების, ურანისა და რკინის მიმართ.

ტრამპის თქმით, გრენლანდიის ირგვლივ უკონტროლოდ მოძრაობენ ჩინური და რუსული გემები და საჭიროა ვითარების შეცვლა. მან, ასევე, არ გამორიცხა ეკონომიკური წნეხისა და სამხედრო ბერკეტების გამოყენება ამ მიზნით.

* * *

საზოგადოების გაზრდილი ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ, განგვეხილა, თუ რას წარმოადგენს მსოფლიოს ეს უდიდესი კუნძული.

კუნძულის ფართობი შეადგენს 2 166 086 კვადრატულ კილომეტრს. ეს, დაახლოებით, ავსტრალიის მესამედი ან ორი ალასკის ტოლია. გრენლანდიის სანაპიროს საერთო სიგრძე, დაახლოებით, 39 ათასი კილომეტრია, თითქმის იმდენი, რამდენიც ეკვატორის სიგრძე.

გრენლანდია არ წარმოადგენს დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ის ავტონომიური ტერიტორიული წარმონაქმნია დანიის შემადგენლობაში, მაგრამ მას აქვს საკუთარი კონსტიტუცია და ჰყავს თავისი მთავრობა.

1386 წლიდან კუნძული ეკუთვნოდა ნორვეგიას, 1814 წელს კი დანიის დაქვემდებარებაში მოექცა. 1979 წელს დანიის პარლამენტმა გრენლანდიას ფართო ავტონომია მიანიჭა.

გრენლანდიას სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, აღმოსავლეთით – გრენლანდიის ზღვა, ჩრდილოეთით – ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე, ხოლო დასავლეთით – ბაფინის ზღვა. უახლოესი ქვეყნებია – დასავლეთით კანადა, ხოლო აღმოსავლეთით – ისლანდია. გრენლანდიაში ძალზე დაბალია მოსახლეობის სიმჭიდროვე – 0,03 ადამიანი 1 კვადრატულ კილომეტრზე. კუნძულზე 56 000 ადამიანი ცხოვრობს. გრენლანდიის დედაქალაქია ნუუკი, მხოლოდ 17 ათასი მოსახლით. დანარჩენი ხალხი, როგორც წესი, სამხრეთისა და დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ ბინადრობს, სადაც შედარებით რბილი კლიმატია.

პირველი მცხოვრებნი კუნძულზე 4 500 წლის წინ მოვიდნენ, ესენი იყვნენ ინუიტების (ესკიმოსების ერთ-ერთი შტო) წინაპრები, რომლებიც ახლაც ცხოვრობენ გრენლანდიაში. ევროპელებმა, კერძოდ კი ვიკინგებმა, ისლანდიიდან ერიკ წითურის მეთაურობით, გრენლანდია მეათე საუკუნეში აღმოაჩინეს.

გრენლანდიის მოსახლეობის 90 პროცენტს ინუიტები (ესკიმოსები) და მეტისები (ინუიტებისა და ევროპელთა ნარევი) შეადგენენ. ისინი, ძირითადში, მონადირეობას, მეთევზეობასა და ზღვაოსნობას მისდევენ.

გრენლანდიის ოფიციალური ენაა ინუიტური, ანუ კალაალისუტი. ეს ენა ერთ-ერთ ყველაზე რთულ ენად მიიჩნევა მსოფლიოში თავისი უჩვეულო სტრუქტურისა და გრამატიკის გამო.

ასევე, ფართოდაა გავრცელებული დანიური ენაც, განსაკუთრებით მთავრობასა და განათლებაში.

გრენლანდია ითარგმნება, როგორც „მწვენე ქვეყანა“ („მწვანე მიწა“). ასეთი სახელი კუნძულმა მიიღო იმიტომ, რომ ვიკინგებმა – პირველაღმომჩენებმა – კუნძული ზაფხულში იხილეს, როდესაც მიწა ყინულის ერთიანი საფარველით არ იყო მოცული.

ამასთან, ისლანდია, რომლის სახელიც „ყინულიან მიწას“ ნიშნავს, კლიმატით ბევრად საინტერესოა, ვიდრე გრენლანდიის და იქ ბევრად უფრო ნაკლები ყინულია, ვიდრე გრენლანდიაზე.

კუნძულის ზედაპირი, დაახლოებით, 4/5 ყინულითაა დაფარული. მისი სისქე, საშუალოდ, 1,5 კილომეტრს შეადგენს. მთელი ეს ყინული რომ გადნეს, მსოფლიო ოკეანის დონე 7 მეტრით აიწევს, რაც პლანეტარული მასშტაბის კატასტროფას გამოიწვევს.

ზამთარი გრენლანდიაში მკაცრია, მაგრამ არც ძალიან. ზამთრობით აქ საშუალოდ ტემპერატურა -20 გრადუსია. შედარებისთვის: იაკუტსკში ზამთრის საშუალო ტემპერატურა –34 გრადუსია ცელსიუსით. ყველაზე დაბალი ტემპერატურა კუნძულზე -70 გრადუსია დაფიქსირებული.

ზაფხული ზოგჯერ თბილია, ტემპერატურამ სამხრეთში შეიძლება, +20 გრადუსს მიაღწიოს, მაგრამ ზაფხულის საშუალო ტემპერატურა, სულ რაღაც, +6 გრადუსია.

გრენლანდიაში მდებარეობს მთა გუნბიორნი, რომლის სიმაღლე 3 694 მეტრია და მთელი არქტიკის უმაღლესი წერტილია.

კუნძულზე თითქმის არ არის გზები, რითაც შესაძლებელი იქნებოდა ქალაქებისა და სოფლების ერთმანეთთან დაკავშირება. ამიტომ იქ მცხოვრებნი ხშირად გადაადგილდებიან ნავებით, თოვლმავლებითა და თვითმფრინავებით. ამასთანავე, გრენლანდიაში არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გარდა ტაქსისა.

ფლორა და ფაუნა

კუნძულზე მრავალი სახეობის ველური ცხოველი ბინადრობს: პოლარული დათვი, მორჟი, კბილებიანი ვეშაპი, ზღვის მარტორქა, არხარი, ყარსაღი, ირემი კარიბუ, გრენლანდიური ლემინგი...

გრენლანდია მდიდარია ფრინველებითაც, აქ 60 სახეობის ფრინველია: ქარიშხალა, პოლარული თოლია, თეთრი ყვავი...

რაც ყველაზე საინტერესოა, კუნძულზე 50 სახეობის პეპელაა. მიუხედავად იმისა, რომ ნიადაგი ყინულითაა დაფარული, აქ იზრდება 500 სახეობის მცენარე – ლიქენი, ხავსი და ყვავილებიც კი.

ყვავილი თხაწართხალა მიიჩნევა გრენლანდიის ეროვნულ ყვავილად. ეს ყვავილი ადგილობრივ მცხოვრებთა საკვების ღირებული წყაროა. მის ფოთლებს უმად მიირთმევენ, ასევე, ხარშავენ და მორჟის ქონით სალათას ამზადებენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა