ვისი დამსახურებით მოხვდა ქართული არქივი ჰარვარდის უნივერსიტეტში და როგორ დააღწია თავი ნოე ცინცაძემ განუსაზღვრელი ვადით პატიმრობას
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 02.11, 2022 წელი

ნოე კონსტანტინეს ძე ცინცაძე 1886 წელს დაიბადა ოზურგეთში, სოფელ ლანჩხუთში, სასულიერო პირის ოჯახში. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლა განაგრძო სასულიერო სემინარიაში, სადაც სხვა სემინარიელებთან ერთად ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1903 წელს გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. სემინარიის დასრულების შემდეგ კი ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგის დიპლომის მისაღებად სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში.
1917 წლის ნოემბერში ნოე ცინცაძე აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს მან ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. ის გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.
1918 წლის სექტემბრამდე ნოე ცინცაძე, ასევე, იყო მათემატიკის მასწავლებელი თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში. მალევე დაინიშნა ქალთა პირველი გიმნაზიის დირექტორად. შემდეგ წელს იგი აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიიდან. ის გახდა განათლების მინისტრის მოადგილე. დამფუძნებელ კრებაში ასევე იყო საფინანსო-საბიუჯეტო, ხელოვნებისა და განათლების კომისიების წევრი. მუშაობდა სასკოლო სისტემაში ეროვნული განათლების რეფორმაზე. მის სახელს უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა – კერძოდ რუსული სკოლების ქართულით ჩანაცვლება. ასევე, მათი მომარაგება ქართულენოვანი სახელმძღვანელოებით და რამდენიმე ათეული ახალგაზრდის გაგზავნა ევროპაში სასწავლებლად.
1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, ის საქართველოში დარჩა და აქტიურად ჩაერთო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წლის 14 აგვისტოს „ჩეკამ“ ნოე ცინცაძე კონტრრევოლუციონერობის ბრალდებით დააპატიმრა, მიუსაჯეს 6 თვით პატიმრობა და მეტეხის ¹2 „გამასწორებელ სახლში“ მოათავსეს, თუმცა მალე მისი პატიმრობა განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივდა.
მალე დადგინდა, რომ პოლიტპატიმართა დიდი ჯგუფი მოსკოვში სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს განკარგულებაში საკონცენტრაციო ბანაკებში გადასანაწილებლად უნდა გაგზავნილიყო. ამას მეტეხში პატიმრების მღელვარება და პროტესტი მოჰყვა. მათი აქტიური პროტესტისა და ციხეში ბარიკადების აგების შემდეგ, რისი ერთ-ერთი ლიდერი ნოე ცინცაძეც იყო, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ „კომპრომისად“ მათი საზღვარგარეთ გასახლება დაადგინა და 1922 წლის 9 ოქტომბერს პოლიტპატიმართა 62-კაციანი ჯგუფი, მოსკოვის გავლით, პოლონეთში გააძევა, საიდანაც ისინი, ლადო ახმეტელის დახმარებით, გერმანიასა და საფრანგეთში მოხვდნენ.
ნოე ცინცაძე თავდაპირველად გერმანიაში იყო, შემდეგ კი საფრანგეთში გააგრძელა ცხოვრება. 1922 წელს, მისი ხელმძღვანელობით, პარიზში „საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა ასოციაცია“ შეიქმნა. მაგრამ შემდეგ, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ის ეროვნული მთავრობის წევრების პოლიტიკური მუშაობისგან განცალკევებით იდგა.
ემიგრაციის პირველ ხანებში ნოე ცინცაძეს პარიზში მაწვნის ბიზნესი წამოუწყია. როგორც ცნობილია, ის მაწონს ამზადებდა და დღეში, დაახლოებით, 2 000 ქილას ყიდდა.
ნოე ცინცაძე პოლიტიკურად 1950-იან წლებში გააქტიურდა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისა და „ცივი ომის“ დაწყების შემდეგ, 1952 წლის 16 ოქტომბერს „ბოლშევიზმისაგან განმათავისუფლებელი ამერიკული კომიტეტის“ ორგანიზებით, მიუნხენში შეიქმნა ანტიბოლშევიკური ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრი, რომელსაც ემიგრაციაში მყოფი პოლიტიკური ძალები უნდა გაეერთიანებინა და ამერიკულ კომიტეტთან დაეკავშირებინა. ნოე ცინცაძე საკოორდინაციო ცენტრის ქართული სექციის მუდმივი წარმომადგენელი გახდა. მან აქტიურად იმუშავა საკოორდინაციო ცენტრში უკრაინული და კავკასიური ორგანიზაციების მისამხრობად.
1960 წლის 10 იანვარს საზღვარგარეთ მოქმედი ქართული პოლიტიკური ორგანიზაციების უმრავლესობა შეთანხმდა და ჩამოაყალიბა გაერთიანებული ეროვნული საბჭო. ამ საბჭომ დაამტკიცა ნოე ცინცაძის მიერ შემუშავებული დეკლარაცია. დატოვა ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად და მუდმივ წარმომადგენლად ეროვნებათაშორის ანტიბოლშევიკურ საკოორდინაციო ცენტრში.
სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ორგანიზაციაში წარმოქმნილი კონფლიქტის შემდეგ, 1962 წლის 25 მაისს პარიზში ეროვნული საბჭოს რიგგარეშე ყრილობამ ნოე ცინცაძეს მანდატი გაუუქმა, რადგანაც ის, მხარდამჭერთა ჯგუფთან ერთად, გავიდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიუროდან, ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტიდან და დამოუკიდებელი საქმიანობა დაიწყო. ეროვნულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნოე ცინცაძის ნაცვლად ეროვნებათაშორისო ანტიბოლშევიკურ საკოორდინაციო ცენტრში რაჟდენ არსენიძე მიევლინებინა, თუმცა ცენტრმა ნდობა მაინც ნოე ცინცაძეს გამოუცხადა.
ნოე ცინცაძემ ემიგრაციაში თან წაიღო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი სახელმწიფო-პოლიტიკური არქივის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ემიგრაციაში ეროვნული მთავრობის წევრებისგან შემდგარი კომისია განაგებდა. 1974 წლის 16 ივლისს არქივი უსასყიდლოდ, 30 წლით, ჰარვარდის უნივერსიტეტის ჰოუტონის ბიბლიოთეკაში განთავსდა. ეს სამი პიროვნების ურთიერთშეთანხმებით მოხდა. ესენი იყვნენ: ნოე ცინცაძე, რომელიც კვლავ დაუბრუნდა ეროვნულ საბჭოს, დუგლას ბრაიანი – ჰარვარდის ბიბლიოთეკარი და რიჩარდ პაიპსი – ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც თავის მოგონებებში, დაზიანებული ქართული არქივის პარიზიდან ჰარვარდში გადატანის ერთ-ერთ მთავარ ინიციატორად „პარიზში ქართული ემიგრაციის წამყვან ფიგურას“– ნოე ცინცაძეს მიიჩნევს.
გამოყენებული მასალების წყარო: სარალიძე ლ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921): ენციკლოპედია-ლექსიკონი; ხვადაგიანი ი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია; „ვიკიპედია“; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან