საზოგადოება

ვისი დამსახურებით გაუქრა ნანა ცინცაძეს სიყვარული მეუღლისადმი და რატომ იკლავდა თავს ის შვილის გათხოვებისას

№34

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 01.09, 2021 წელი

ნანა ცინცაძე
დაკოპირებულია

საოცარი პოეზიის შემქმნელ ნანა ცინცაძის ცხოვრებაში შემოქმედებითი ცხოვრება მოწიფულ ასაკში გახდა აქტუალური, მაშინ, როცა საკმაო ცხოვრებისეული გამოცდილება და საჭირო ცოდნა დააგროვა. ცხოვრება კი მართლაც გამორჩეული აქვს, დაწყებული მისი ამქვეყნად მოვლინების ისტორიით...

ნანა ცინცაძე: ეტყობა, არ მინდოდა ამ სამყაროს ნახვა, ვიცოდი, რა საზიზღარიც იყო და ძლივს გამაჩინეს მაშების დახმარებით (იცინის). დედა ორი კვირა ძალიან ცუდად იყო, გავაწამე. უთხრეს, მეტი შვილი აღარ გააჩინოო, მაგრამ ჩემს მერე კიდევ ორი გააჩინა. ახალგაზრდა ორგანიზმმა სწრაფად აღიდგინა ძალები და შემდეგი შვილები ნორმალური ბავშვები აღმოჩნდნენ (იცინის). ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. ჩემი თაობა აკვანში გაიზარდა, მე – არა. არ ჩავწექი, დღეების ბავშვი თურმე არტახებს ვხსნიდი და შეეშინდათ მშობლებს, არ გადმოვვარდნილიყავი. როგორც ამბობენ, დაბადებიდან უზომოდ ცელქი ვიყავი, ერთადერთი, რაც ძალიან პატარას, თვეებისაც კი, მიმორჩილებდა, ლიტერატურა იყო.

– მერეც მოუსვენარი იყავით?

– თუ ვინმე ატირდებოდა, დედამ იცოდა, რომ მიზეზი მე ვიქნებოდი, ჩემზე დიდ ბიჭებს ვეჩხუბებოდი. სამი წლის ვიყავი, როცა ჩემზე უფროსი გოგონა დატოვეს ჩვენთან და ულამაზესი წითური კულულები შევაჭერი. ამ გოგოს, თურმე, სულ ვბწკენდი, ვკბენდი, ვურტყამდი. საკმაოდ მავნე ვიყავი (იცინის). უცნაურობები მჭირდა, ძალიან უშიშარი და იმავდროულად, საოცრად მშიშარა ვიყავი. მაგალითად, ისე ავიდოდი ხეზე, რომ არც დავფიქრდებოდი, შიშზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, მაგრამ უკვე ხეზე შიში შემიპყრობდა, ჩამოსვლა აღარ მინდოდა და ტირილს ვიწყებდი. ჩემი ბავშვობისა და საერთოდ, სიცოცხლის ყველა დღე მიყვარს.

– რამდენჯერმე სიკვდილს გადარჩენილხართ...

– ძალიან პატარა ვიყავი, როცა ჩემი უმცროსი დის აკვანს, რომელიც ზემოთ, საწოლზე შემოდგეს უსაფრთხოდ რომ ყოფილიყო, მივეპარე და გადმოგდება დავუპირე. დედა შემოვიდა და გამაჩერა, თორემ შეიძლება, ვერც მე გადავრჩენილიყავი აკვანი თუ თავზე დამეცემოდა და ვერც ჩემი თოთო და. მერე ბოტკინი მქონდა. ჩემი არანორმალური ხასიათის გამო, გვიან გაიგეს ჩემი ავადმყოფობის შესახებ. ცუდად ვიყავი, მაგრამ არაფერს ვეპუებოდი და ძველებურად დავხტოდი. სანამ არ დავვარდი, ვერავინ მიხვდა, რომ რაღაც მაწუხებდა. აღმოჩნდა, რომ ღვიძლი უკვე ატროფირებული იყო. საავადმყოფოს მთავარ ექიმს უთქვამს, მკვდარი რატომ მოიყვანეთო? გედევან ცინცაძის შვილიაო, უპასუხეს. ჩემი მშობლები იურისტები იყვნენ. მამა დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო, ალბათ რაღაც კარგი ჰქონდა გაკეთებული მისთვისაც და მთავარ ექიმს თინა გოთუას უთქვამს, არ შეიძლება, გედევანის შვილი მოვკლათო. მოგვიანებით, ფეხმძიმობის დროს აღმოჩნდა, რომ ფიბრომა მქონდა. მოვლენები ძალიან მძიმედ განვითარდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

– მგონია, რომ ძალიან პრანჭია ქალი ხართ, როცა ეკრანზე ჩნდებით, ყოველთვის გამორჩეულად გამოიყურებით. ასეთმა ცელქმა და მოუსვენარმა, რა ასაკიდან დაიწყეთ გაპრანჭვა?

– ძალიან კარგად გამომდიოდა ოჯახური საქმეები და პატარაობიდან ვკერავდი. სკოლის ასაკში უკვე ჩემთვის ვიკერავდი ტანსაცმელს. ვინც მიცნობს, იცის, რომ მოდელების ხატვა და ინტერიერის მოწყობა ძალიან მიყვარს, ეს ჩემს სახლშიც იგრძნობა და ძალიან მიხარია, როცა ამბობენ ხოლმე, რომ ჩემი სახლი განსხვავებულად გამოიყურება, თუმცა ეს მხოლოდ ის არის, რისი საშუალებაც მაქვს და არა ის, რაც მინდა. რაც შეეხება გაპრანჭვას, დროსთან ალიანსში უნდა მოდიოდე, მე ასე ვფიქრობ. სკოლა რომ დავამთავრე, მაღალ ქუსლებზე ვგიჟდებოდი. მიყვარდა მოგზაურობა და ყველგან მაღალი ქუსლებით დავწანწალებდი. ბოლო რამდენიმე წელიწადია, ქუსლებით აღარ დავდივარ, ბოტასებზე გადავედი. არ მინდა, წინა საუკუნის გადმონაშთად გამოვიყურებოდე, დროსთან შესაბამისობა ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელობა არ აქვს, ამას სექსუალური დატვირთვა აქვს თუ ადამიანური, როცა აღარ იპრანჭები, ესე იგი, შენი ცხოვრება დამთავრდა. მე რაც თავი მახსოვს, სულ ვიპრანჭები და ძალიან მსიამოვნებს ეს პროცესი. კომპლიმენტიც მიყვარს და კრიტიკაც, ეს მიბიძგებს, უფრო მაგარი ვიყო.

– თუმცა ჩარჩოებიც გქონიათ დაწესებული საკუთარი თავისთვის. აღმოჩნდა, რომ მამაკაცი, რომელთანაც გრძნობები მაკავშირებდა, ჩემზე ოცი წლით უმცროსი იყო და მაშინვე დავასრულე ურთიერთობაო.

– არ არსებობს ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავისთვის ჩარჩო არ აქვს დაწესებული. მე ჩემი თავის უფალი ვარ, მაგრამ ეს ყველაფრის უფლებას არ მაძლევს. კი, იყო ეს ისტორია, ის ფიზიკურად ჩემზე უფროსს ჰგავდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი იმ ეტაპზე გაირკვა, რომ გულში ხინჯად არაფერი დამრჩენია. როცა გავიგე, ასეთი პატარა იყო, ჩვენი ურთიერთობა სხვა ფორმატში გადავიდა.

– მთავარი სიყვარული როდის მოვიდა?

– ძალიან ცუდი რამ უნდა ვთქვა – მგონია, რომ ვარდისფერი და მზიანი პერიოდი, რაც ადამიანს ცხოვრების სტიმულს გაძლევს და გაბრმავებს, არ მქონია. ჯერ ძალიან პატარა გოგო ვარ, მხოლოდ და მხოლოდ შვილიშვილის შვილი მყავს. სანამ მას შვილი ეყოლება, იქნებ მანამ გამოჩნდეს ის მთავარი (იცინის). რომ ვთქვა, ჩემს მეუღლესთან გრძნობა არ მაკავშირებდა-მეთქი, სისულელე იქნება. 18-20 წლის რომ ხარ, ისეთი ასაკია, რომც არ გიყვარდეს, უნდა გამოიგონო, რომ გიყვარს. მაგრამ არიან ქალები, რომლებიც კაცებზე ამბობენ, არ ვუყვარვარ, მაგრამ მე მზად ვარ ხრამში გადავიჩეხო მის გამოო, მე არ მჭირს ასეთი რამ. მე აქეთ უნდა მისხა წყალი და უნდა მინდოდე. გულწრფელად ვამბობ, ჩემი ყოფილი მეუღლე ბოლომდე შეყვარებული იყო ჩემზე. მაგრამ მან მოახერხა, რომ ჩემში გაექრო ეს გრძნობა, მან და დედამისმა ყველაფერი გააკეთეს ამისთვის.

– ეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო გამოწვეული?

– კი, ასე იყო. მან რაღაცები ვერ გათვალა. მედიცინა ძალიან ინდივიდუალურია. როცა გეუბნებიან 90 პროცენტი გამორიცხულიაო, რატომ არ უნდა იფიქრო, რომ შენი ცოლი მოხვდება დარჩენილ ათ პროცენტში? ისეთ რამეებს მეკითხებოდა, მით უმეტეს სამედიცინოს სტუდენტს და პატარა გოგოს... მშვიდად ვცემდი პასუხებს კითხვებს, რომლის დასმისთვის შეიძლებოდა მეცემა. მაგალითად, მკითხავდა, წონაში უნდა მოიმატო? მე ვეტყოდი, რომ აუცილებელი არ არის და ყოველთვის ასე არ ხდება. წარმოიდგინეთ, როგორი პასუხგასაცემია ეს კითხვა. მორიგი კითხვა – როდის ამოგივა თმა? ეუბნებოდნენ, რა იყო მოსალოდნელი ამ დაავადების დროს და ამიტომ მეკითხებოდა.

– ამ დროს ცხოვრების მთავარი ბრძოლა გქონდათ...

– იმ დროს უკვე აღარ. მე რვა თვის განმავლობაში მქონდა დეპრესია, მაგრამ ამის შესახებ არავინ იცოდა, აბსოლუტურად არავინ, არც ქმარმა, ქმარი მე არ მიცნობდა. ერთად ცხოვრება, თუნდაც ის, რომ შენ მას არასდროს უღალატო, არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს იცნობ.

– გაიგეთ, რომ მეორე შვილს ვეღარ გააჩენდით, მას და მის ოჯახს კი ბევრი შვილი უნდოდათ. როგორი იყო მისი რეაქცია?

– განსაკუთრებით ბიჭი უნდოდათ. ჩემი მეუღლე ძალიან კარგი იყო, მართლა ალენ დელონს ჰგავდა. გარეგნობის გამო საუკუნის წყვილი დაგვარქვეს. გოგოები ისედაც ეკიდებოდნენ, დედამისიც ხელს უწყობდა მათთან ურთიერთობაში. მე ის ტიპი არ ვიყავი, ეს არ შემემჩნია. მაგრამ ჩემი ქმარი მაშინ ბავშვი იყო, ოცი წლის. დედისერთა ბიჭი, ქალების გაზრდილი, დედაზე დამოკიდებული.

– დაშორების მერეც გამოხატავდა სიყვარულს?

– როგორ არა. 30 წლის იყო, დიაბეტი რომ დაემართა და მართლა განვიცადე. მითხრა, შენ დამმართე დიაბეტი და უნდა განიცადო, აბა, რაო. მე რა შუაში ვარ-მეთქი და შენ მაგდენს ვერ გაიგებო. მერე და მერე გვისაუბრია ამაზე, მერე შვილიშვილი გვეყოლა და აღვნიშნე. მეკითხება: რატომ არ მოიმატეო? კიდევ იგივეს მეკითხებოდა, დაპროგრამებულივით იყო. ვუთხარი, დაგეცადა, იქნებ რა ხდებოდა-მეთქი?! მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის არაჩვეულებრივი ინსპირაცია იყო. ამან მომცა ძალა, მაქსიმუმი გამეკეთებინა – წითელი დიპლომი იყო, ასპირანტურა, სამედიცინო წიგნი თუ ასე შემდეგ. ვიცოდი, რომ ძალიან ეჭვიანი იყო. მინდოდა, ისეთი ნაბიჯები გადამედგა, რომ მთელი ცხოვრება ენანა და მიმხვდარიყო, რა დაკარგა.

– და სხვა ადამიანი მაინც არ შემოუშვით თქვენს ცხოვრებაში...

– არ შემოვუშვი. უბრალოდ, ადამიანებს ჩვენ-ჩვენი ფასეულობები გვაქვს. როგორც ჩანს, არ მოხდა თანხვედრა. შესაძლოა, მერე გარკვეული კომპლექსი მქონდა, ოჯახი ხომ იმის გამო ვერ შევინარჩუნე, რომ შვილის გაჩენა აღარ შემეძლო. ვისაც შვილი და ოჯახი არ ჰყავდა, იმას რატომ უნდა ჰქონოდა ისეთი ცხოვრება, რომ საკუთარი შვილი არ ჰყოლოდა. მერე დრო რომ გავიდა, საუკეთესო კაცებს თავისი ოჯახი ჰქონდათ და მე ფეხბურთში არ მიყვარს დამატებითი ტაიმი და დამატებითის როლს მით უმეტეს, ვერავის ცხოვრებაში ვერ ვითამაშებდი.

– თვითონ შექმნა ოჯახი?

– ოჯახებიც შექმნა, ქალებმა შვილები გაუჩინეს, ყველაფერი იყო და ყველაფერთან ერთად, მის ცხოვრებაში ყოველთვის იყო ნანა. ესეც ყველამ იცის, დაფარული რომ იყოს, ხმამაღლა არ ვიტყოდი.

– ბავშვთან ერთად მარტო არ გაგიჭირდათ?

– მე პიროვნება ვარ და მარტო არასდროს ვყოფილვარ. ყველა და ყველაფერი შენი პიროვნების შემდეგაა. თუმცა, ის რომ არაჩვეულებრივი მშობლები მყავდა, რომელთა წინაშეც ქედს ვიხრი, სიმართლეა. ჩემს ძმას ცოლი რომ მოჰყავდა, უთხრა, მე შვილიანი ვარო და შვილში ჩემს შვილს გულისხმობდა.

– როგორც მშობელი, ძალიან ემოციური ყოფილხართ – შვილი რომ გათხოვდა, თურმე, თავს იხრჩობდით.

– საერთოდ, არ ვარ ასეთი ემოციური, ჩემი შვილი ძალიან პატარა იყო და ამიტომ, თორემ სხვა მიზეზი არ მქონია. ჩემმა სიძემ, დის ქმარმა გადამარჩინა. დღეს ოთხი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი მყავს. შვილთაშვილი სამი წლის არის და ის ჩემთვის მთელი სამყაროა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი