საზოგადოება

ვისგან მიიღო და გაავრცელა გიორგი ერისთავმა საიდუმლო ანბანი

№6

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 14.02, 2024 წელი

გიორგი ერისთავი
დაკოპირებულია

გიორგი ერისთავი იყო პოეტი, დრამატურგი, მთარგმნელი, პროფესიული ქართული თეატრის ფუძემდებელი და დირექტორი, რეჟისორი და მსახიობი, პირველი ქართული ლიტერატურული ჟურნალის - „ცისკრის“ დამაარსებელი და რედაქტორი.

პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდილი, გიორგი ერისთავი, რომელმაც ქართველ ერს თავის დროზე საოცარი კომედიები „გაყრა“ და „ძუნწი“ აჩუქა და რომლებიც დღესაც იდგმება სხვადასხვა თეატრის სცენებზე, თავისი პოლიტიკური მრწამსით ახლოს იდგა მეფის მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებთან. სწორედ ამ განწყობამ ააღებინა მას ხელში კალამი, მიიყვანა დრამატურგიამდე და ახალდაბადებული ქართული თეატრისთვის შედევრები შეაქმნევინა.

მათაც, მეფის მთავრობის მოწინააღმდეგეებს, ცხადია, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ეს გარემოება და გიორგი ერისთავი შეთქმულებაში ჩააბეს. მალე იგი ერთ-ერთი აქტიური წევრი გახდა და ენერგიულად მოქმედებდა შეთქმულთა რიცხვის ზრდისა და ურთიერთდაახლოებისათვის. ამ მიზნით მან ფილადელფოს კიკნაძისაგან მიიღო და გაავრცელა საიდუმლო ანბანი და „აკტი გონიური“. მართალია, მის იმდროინდელ ლექსებს ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ მათი იდეური შინაარსის შესახებ შეიძლება წარმოდგენა ვიქონიოთ პოემა „ოსური მოთხრობის” მიხედვით, რომელსაც ავტორი შეთქმულთა შეკრებებზე კითხულობდა და რომლის ერთი ნაწილის ჟურნალში გამოქვეყნება სოლომონ დოდაშვილმა მოახერხა. „ოსურ მოთხრობაში” აშკარად ჩანს იმ შეხედულებების და განწყობილებების ანარეკლი, რომლებიც „ფარული საზოგადოების” წევრებისათვის იყო დამახასიათებელი... გიორგი ერისთავი დააპატიმრეს. გამოძიებამ ის მეოთხე თანრიგის დამნაშავედ ცნო, მაგრამ საგამომძიებლო დასკვნაში აღნიშნული იყო მისი მცირეწლოვანობისა და გულწრფელი აღიარების შესახებ. სასჯელის ზომათა დადგენისას მთავრობა დაკმაყოფილდა გიორგი ერისთავის ფეხოსანთა პირველი კორპუსის ერთ-ერთ პოლკში ჩარიცხვით. 1834 წლის 9 იანვარს თბილისიდან ის ვილნოში, ფეხოსანთა მესამე დივიზიის უფროსთან გაგზავნეს.

გადასახლებაში მყოფ ახალგაზრდა პოეტს ცხოვრება უხდებოდა ვილნოში, ბელოსტოკში, კოვნოში, რიგაში და სხვა ადგილებში, იმის მიხედვით, თუ სად იმყოფებოდა სამხედრო ნაწილი, რომელშიც ის მსახურობდა. უცხო ქვეყანაში ყოფნას პოეტისთვის ტყუილად არ ჩაუვლია. გარდა იმისა, რომ კარგად შეისწავლა პოლონური ენა, გაიცნო პოლონური ლიტერატურაც, დიდი ინტერესი გამოიჩინა სახელოვანი პოლონელი პოეტის, ადამ მიცკევიჩის შემოქმედებისადმი და თარგმნა კიდეც მისი ლექსები.

ვილნოში ერისთავი მოუნახულებია მის ბედში მყოფ გრიგოლ ორბელიანს, ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და თავიანთ ლექსებსაც უზიარებდნენ. გადასახლებაში მყოფი გიორგი ერისთავი 1836 წლის დეკემბერში მის ძმას – ივანესაც მოუნახულებია. 1838 წლის აგვისტოში გიორგი ერისთავმა მიიღო სამშობლოში ერთი წლით დაბრუნების უფლება და სიხარულით გამოემგზავრა.

შეთქმულების ტრაგიკულმა დასასრულმა ახალგაზრდა პოეტის ოცნებას, ცხადია, ფრთები შეაკვეცა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ნაცვლად შეთქმულებს, მათ შორის გიორგი ერისთავსაც, ციხის კედლები და სამშობლოსაგან მოცილება ერგოთ.

ცხოვრების გამოცდილებას პოეტი ხშირად იმ დასკვნამდე მიჰყავს, რომ, ვიდრე დრო შესაძლებლობას აძლევს, ადამიანმა უნდა იმხიარულოს, იგემოს სიტკბოება. ასეთი განწყობილება შეინიშნება ჩვენი სახელოვანი რომანტიკოსების პოეზიაშიც. ამავე პერიოდში გიორგი ერისთავი მთარგმნელობლით მუშაობასაც ეწეოდა. მას უთარგმნია შილერის „ხელჯაგვი“, ადამ მიცკევიჩის „ბაღჩისსარაია“, „პილიგრიმი”, „პატოცკის საფლავზედ“ და „მოგონება“. 1838 წლის აგვისტოს ბოლოს გიორგი ერისთავი უკვე საქართველოშია. 1932 წლის შეთქმულების აქტიური მონაწილის თბილისში გამომგზავრების შესახებ სამხედრო მინისტრს დროულად უცნობებია მთავარმართებლისთვის, რომელსაც, თავის მხრივ, საგანგებო მიმართვა გაუგზავნია სამხედრო გუბერნატორისათვის და დაუვალებია, ფხიზელი მეთვალყურეობა დაეწესებინა ერისთავზე. ჩანს, ექვსი წლის შემდეგაც კი მეფის მთავრობას არასაიმედოდ მიაჩნდა ახალგაზრდა შეთქმული და მისი ყოველი ნაბიჯი აღრიცხული ჰქონდათ.

სატირა „ფიქრი ყმაწვილი ქალისა“ კარგად წარმოგვიდგენს სახეს იმ არისტოკრატი ქალისას, რომელსაც ოცნებად გადაქცევია „რუსულ გვარად“ ცხოვრება. ასეთი ქალები ადვილად თმობენ ისეთ საქმროებს, რომლებსაც მექრთამე ჩინოვნიკთა მსგავსად არ შეუძლიათ, მდიდრულად იცხოვრონ და დრო ატარონ ბალებსა და სეირნობაში:

მართალი მითხრა დედამ, რად გინდა ბეგლარ ქმარად:

იმას არ შეუძლიან ცხოვრება რუსულ გვარად.

მე შევირთავ ასეთს ქმარს, იყოს ჯერ მაიორი,

ლამაზი და მდიდარი, არ ჰყვანდეს თანასწორი.

თვეში ორჯერ მდიდრულსა ვაკეთებდე ბალებსა,

მერე ხუთშაბათობით ვპატიჟებდე ქალებსა;

დილით ფაიტონით ყოველთვის დავგულაობდე,

საღამოს კავალრებით უნდა ვკავალკადობდე.

ხშირი იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა გასათხოვარი ქალების ბედს „ახლებური ცხოვრებით“ გადაგვარებული დედები სწყვეტდნენ. მათი მიზანი იყო სიძეებად ეშოვნათ მდიდარი და გაქნილი მოხელეები, სხვა „ღირსებებს“ კი ანგარიშს არ უწევდნენ. ასეთი დედების ფსიქოლოგია გიორგი ერისთავმა საკმაო სიზუსტით გვიჩვენა სატირაში „დედა და ქალი“ („მოდი, აქ დაჯექ, შვილო…“). აღნიშნულ თემას პოეტმა შემდეგაც მიმართა და გააფართოვა სატირული ლექსების ციკლი. საქართველოში დროებით ყოფნის დროს გიორგი ერისთავს დაუწერია აგრეთვე ლექსები: „ვისთვის ვსთქვა ლექსნი…“, „თოვლი“ და უთარგმნია მიცკევიჩის „არამხანის საფლავნი“, „აკერმანის მინდორი“, პეტრარკას „კურთხევა“...

1839 წლის ბოლოს გიორგი ერისთავი კვლავ დაბრუნდა პოლონეთში, სადაც სამი წელი დაჰყო სამხედრო სამსახურში (ის შტაბს-კაპიტნის ჩინით გაუთავისუფლებიათ სამხედრო სამსახურიდან, მაგრამ ერთი წელი მაინც ვერ ბრუნდება სამშობლოში). საქართველოში ჩამოსული გიორგი ერისთავი ერთხანს არ მსახურობს და ოჯახურ საქმეებს აგვარებს, თანაც შემოქმედებით მუშაობას ეწევა. 1844 წელს გიორგი ერისთავმა ცოლად შეირთო იაგორ ალიხანოვის ქალი – ელისაბედი და ხიდისთავში დამკვიდრდა. შეეძინათ ორი ვაჟი – დავითი და კონსტანტინე. კონსტანტინე მალე გარდაიცვალა, ხოლო დავითი, შემდეგში ცნობილი დრამატურგი, მშობლების დიდი მზრუნველობის ქვეშ იზრდებოდა.

1849 წელს გიორგი ერისთავმა დაწერა კომედია „გაყრა“, შემდეგ –„ძუნწი“, ორმოცდაათიანი წლების დასასრულს კი – „წარსული დროების სურათები“. გარდა ამ ორიგინალური კომედიებისა გიორგი ერისთავს რუსული ენიდან უთარგმნია და გადმოუკეთებია რამდენიმე დრამატული ნაწარმოები, რომლითაც მან ახლად აღორძინებული ქართული თეატრის რეპერტუარი გაამდიდრა.

გიორგი ერისთავის კომედიების იდეური აზრი ისაა, რომ უარყოს ბატონყმური ცხოვრება, რომელიც ყოველგვარი ჩამორჩენილობისა და უბედურების წყაროა. მებატონეთა ვერაგობას და მათ „საგმირო საქმეებს“ გიორგი ერისთავი მოხერხებულად ამჟღავნებს თავის კომედიებში. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა „გაყრა“. როდესაც ანდუყაფარი ცდილობს, ქალაქში მის მიერ ნაყიდი მინები მიისაკუთროს, პავლე მაშინვე შეუტევს: „რო იყიდე, შენი პენციიდან მიე თუ? კახიშვილი, რომ აიკლე, იმითი არ წახველ ქალაქსა, შე გაუმაძღარო?..“ მოკლედ რომ ვთქვათ, ერისთავმა თავისი რეალისტური დრამატურგიით დაიწყო სრულიად ახალი ეპოქა ქართულ ლიტერატურაში. მისი შემოქმედება დიდი შენამატი იყო ქართული ლიტერატურისთვის.

გიორგი ერისთავის კომედიათა გმირები მეტყველებენ ისევე, როგორც მათი პროტოტიპები. ავტორი გვაგრძნობინებს, თუ როგორ ამახინჯებენ ქართულ ენას „რუსეთუმეები“ და ბურჟუაზიის ნაშიერნი. ის თავისას მიუზღავს, აგრეთვე, დიალექტით მოსაუბრე პერსონაჟებს და „დარბაისლური“ ქართულით მოლაპარაკე თავადებს. გიორგი ერისთავი მკაცრია არა მარტო მათდამი, ვინც უხეშად ექცევა ქართული ენის ლექსიკურ მარაგსა და გრამატიკულ წყობას, არამედ მათ მიმართაც, რომლებიც თავსა და ბოლოს ვერ პოულობენ ლაპარაკში... თავის კომედიებში ფრთხილად ეკიდება არა მარტო, ეგრეთ წოდებულ, სიტყვა-მოქმედების შესაფერ დახვეწას, არამედ სათანადოდ ითვალისწინებს ქცევა-მოქმედების კანონზომიერებასაც. საგანგებოდ არჩევს კომედიათა სათაურებს. გარკვეულ მნიშვნელობას აძლევს გმირთა სახელებსა და გვარებსაც. ზოგჯერ იყენებს მეტყველ გვარებს (არზამანოვი, ვზიატკინი).

აღსანიშნავია გიორგი ერისთავის ახლო მეგობრობა თბილისში მყოფ პროგრესულად მოაზროვნე პოლონელ მოღვაწეებთან, კერძოდ, კ. ლაფჩინსკისთან. როგორც ჩანს, 1850-1854 წლებში გიორგი ერისთავს „ვეფხისტყაოსანი“ პოლონურ ენაზე უთარგმნია.

1854 წელს გიორგის გარდაეცვალა მეუღლე და უდედოდ დარჩა პატარა დავითი. ასეთმა ოჯახურმა მდგომარეობამ გიორგი აიძულა თბილისი დაეტოვებინა და თავის საყვარელ საქმიანობასაც მოსწყვეტოდა.

1856 წელს გიორგი ერისთავმა მეორედ იქორწინა, ცოლად შეირთო დავით თარხან-მოურავის ასული მართა. მათ შეეძინათ ქალიშვილი, მაგრამ ბავშვი სამწლინახევრის ასაკში გარდაეცვალათ. ამ წლებში გიორგი ერისთავს უხდებოდა თავისი მამულების მართვა, რადგან უფროსი ძმა, როსტომი უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო უმცროსი, ივანე – გადასახლებული. შემოსავალიც კარგი ჰქონია, მაგრამ ადრე აღებული ვალების გასტუმრებას უნდებოდა. 1862 წელს გიორგი ერისთავი ევროპაში გაემგზავრა. მოგზაურობაში ოთხი თვე დაჰყო და ძალზე ნასიამოვნები დაბრუნდა. თავისი მოგზაურობა მას აღწერილი აქვს დღიურების სახით, რომელსაც ეწოდება „ჩემი მოგზაურობა ევროპაში 1862 წელსა 13 ივნისიდგან“. „მოგზაურობა“ არაა სრულად მოღწეული, დღიურები წყდება 1862 წლის 13 აგვისტოს, როცა პოეტი ვენეციაშია.

60-იანი წლებისთვის ქართული კულტურის მესაჭე გიორგი ერისთავი თითქოს დავიწყებას მიეცა, მაგრამ მისი სახელი მკითხველ საზოგადოებას კვლავ მოაგონა ილია ჭავჭავაძემ, რომელმაც „საქართველოს მოამბეში“ გამოაქვეყნა კომედია „შეშლილი“ (მეორე ნომერში), ლექსი „თანამგზავრი“ (მეხუთე ნოერში) და გიორგი ერისთავის მიერ თარგმნილი ალექსანდრე გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“ (მეთორმეტე ნომერში).

1864 წლის 9 სექტემბერს (ძველი სტილით) გიორგი ერისთავი სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა. გიორგი ერისთავის გარდაცვალების გამო გორში დიდძალი ხალხი ჩამოსულა, მათ შორის პოეტის ყრმობის მეგობარი გრიგოლ ორბელიანიც. სოფრომ მგალობლიშვილის გადმოცემით, გიორგი ერისთავის სიკვდილმა განსაკუთრებით დაამწუხრა ადგილობრივი გლეხობა: „მახსოვს, სოფლიდან ჩამოსული გლეხები ტიროდნენ, დედაკაცები ხომ სულ იხოცებოდნენ ტირილითა. თურმე, პოეტის ნაყმევები იყვნენ, რომელსაც ისინი ბატონყმობის გადავარდნამდე გაუთავისუფლებია. შევიტყვეთ ისიც, რომ პირველი პიონერი ბატონყმობის გადავარდნისა ჩვენში იგი იყო; მეზობელი თავადები, სახლიკაცები, წყევლა-კრულვით იხსენიებდნენ პოეტსა”.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა