ვის ჰპარავდა ფულს ელისო კილაძე და ვისზე იძია მან შური
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 08.03, 2023 წელი
გულახდილი საუბარი ელისო კილაძესთან 👇
– ვინ არის ელისო კილაძე?
ელისო კილაძე: ჟურნალისტი.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– ისეთი, როგორიც მაქვს: სამსახური, საყვარელი საქმე, შვილები და შვილიშვილები. ოჯახი, პროფესია და თავისუფლება – ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამი კრიტერიუმი.
– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?
– როცა დედა გარდაიცვალა. ვიცოდი, შეგუებული ვიყავი. ავადმყოფობდა, ბოლო პერიოდში მძიმედ იყო, მაგრამ მაინც ემოციურად შევხვდი მის გარდაცვალებას. ვერ აღმოვჩნდი მზად, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ვერ დაძლევდა იმ დაავადებას, რომელიც ჰქონდა.
– საერთოდ, გულჩვილი ადამიანი ხართ?
– არაა. კაციჭამია არ ვარ, როგორც ბევრს წარმოუდგენია. ადამიანური ემოციები მეც მაქვს, მაგრამ გულჩვილი არ ვარ. ხშირადაც არ ვტირი.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად?
– სწრაფად აფეთქება. თუ ავფეთქდი, პირველი ხუთი წუთი პასუხი არავინ არ უნდა გამცეს. ხუთი წუთის შემდეგ ვხვდები, რომ არასწორად ვიქცევი. თუ ვინმე ამყვება, საშინელება ხდება, დათმობა არ ვიცი. ჰოროსკოპითაც და ცხოვრების წესითაც ნამდვილი ლომი ვარ (იცინის). თუმცა, ეს ოჯახის წევრებს არ ეხებათ. ოჯახში ვარ ჩვეულებრივი დედა, მეუღლე და ბებია. ძალიან დამთმობი და არაკონფლიქტური. არცერთ შვილთან არ ამიწევია ხმა, არასდროს. ბებია, საერთოდ, გასაოცარი ვარ. ასე რომ, ოჯახში სულ სხვა, ბევრად კარგი ვარ (იცინის).
– თქვენი შვილები რას ამბობენ თქვენს „საზოგადო სახეზე“?
– ჩემი შვილები ჩემი მისამართით ძალიან კრიტიკულები არიან. ერთი პერიოდი სახლშიც გადმომქონდა ჩემი ემოციები და ორივემ ძალიან მშვიდად მითხრა, შენ ჩვენი დედა ხარ, ეს სამსახური არ არისო. ზოგადად, ისინი უკვე მიეჩვივნენ იმას, რომ ჩემი გამოსწორება აღარ შეუძლიათ და რამდენადაც შესაძლებელია, ჩემდა სასიკეთოდ მოქმედებენ, რომ ბევრი არ ვინერვიულო და ზედმეტობებში არ გადავეშვა.
– მოგიპარავთ რამე?
– კი, ფული. ბავშვობაში ჩემს ძმას ვპარავდი ფულს ყულაბიდან. მაშინ რკინის მანეთიანები იყო, ყულაბაში ადილად ჩადიოდა, მაგრამ უკან არ ვარდებოდა. მე „დავამუღამე“ როგორ უნდა ამომეღო დანის წვერით და ვიპარავდი. არასდროს რომ აღარ გაივსო ეს ყულაბა, მიხვდნენ, რომ რაღაც ხდებოდა. ვაღიარე, რომ მე ვიპარავდი.
– ბოლოს როდის მოიტყუეთ და რა?
– არ მიყვარს ტყუილები, მაგრამ არ დავიწყებ გაპრანჭვას და არ ვიტყვი, რომ ცხოვრებაში არ მითქვამს, თუმცა, ვერ ვიხსენებ, ბოლოს როდის და რა მოვიტყუე. სიმართლე ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და სულ ორჯერ მოხდა, როცა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან დიდ სკანდალზე მითქვამს უარი.
– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?
– სასტიკი ადამიანი არ ვარ, უბრალოდ, ასეთი წარმოდგენაა ჩემს შესახებ შექმნილი. რეალურად, ადამიანების გამეტება არ შემძლია. ვარ ძალიან პირდაპირი და ეტყობა, ეს თვისება საზოგადოებისთვის სისასტიკესთანაც ასოცირდება. თუმცა, ის, რომ დავჯდე და ადამიანის გაუბედურება დავგეგმო, ასეთი რამ არ ხდება.
– შურისძიება არ გახასიათებთ?
– კი, არ დავმალავ, შურისმაძიებელი ვარ. ეს ნაბიჯი გადავდგი მაშინ, როცა ჩემი შვილი უკანონოდ დაიჭირეს. ნარკოტიკი ჩაუდეს და 20-წლიანი ან სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვიყავი ჟურნალისტი ელისო კილაძე და ვებრძოდი სისტემას. ჩემი შვილის დაჭერის ორგანიზატორი სოსო გოგაშვილი იყო – სუსის უფროსის მაშინდელი მოადგილე. მე მას პირველსავე სასამართლოზე საჯაროდ დავპირდი, რომ გაზეთს, რა თქმა უნდა, არ გადავუფორმებდი, ჟურნალისტურ საქმიანობაზე, რა თქმა უნდა, უარის თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ აუცილებლად მივაღწევდი იმას, რომ სოსო გოგაშვილს თანამდებობა დაეტოვებინა და გისოსებს მიღმა აღმოჩენილიყო. დიახ, მე ყველაფერი გავაკეთე ამისთვის და ეს იყო ჩემი შურისძიება, როგორც ჟურნალისტის და როგორც დედის.
– რა არის თქვენი ყველაზე დიდი მარცხი და გამარჯვება?
– გამოუსწორებელი მარცხი არ მქონია. ცხოვრება ნამდვილად მანებივრებს. ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ ჩემს პროფესიაშიც და ურთიერთობებშიც. გამარჯვებები ბევრი მქონია და ალბათ, კიდევ მექნება. ჩემთვის გამარჯვებაა, როდესაც ძალიან კარგ მასალას ვპოულობ, როდესაც ძალიან სკანდალური ამბავი მაქვს, როდესაც ჩემი მასალების გამო კორუმპირებული ჩინოვნიკები სახლში მიდიან, როდესაც ვიღაცას ძალიან ეშინია, რომ მათზე სიმართლე არ დავწერო. ყველაფერი ჩემი გამარჯვებაა, რაც ხელში მიჭირავს ჩემი ბიოგრაფიის სახით.
– ბოლოს რა მოისმინეთ საკუთარ თავზე კარგი, რაც გესიამოვნათ და ცუდი, რაც გეწყინათ?
– ვაიმე, იმდენი ცუდი და იმდენი ჭორი მაქვს ჩემს თავზე მოსმენილი, ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ გამორჩეულად საყვარელი ჭორი ერთია: რომ მე მოვწიე მარიხუანა და კაპოტის ქვეშ შევძვერი დაბოლილი. ჯერ ერთი, მარიხუანას კი არა, სიგარეტს არ ვეწევი და მერე, მართლა ვერ წარმომიდგენია, დაბოლილი თუ ფხიზელი, ადამიანი კაპოტის ქვეშ როგორ უნდა შეძვრეს (იცინის). ამიტომაც, ეს ჭორი ყველაზე მეტად მიყვარს (იცინის). კარგიც ბევრი გამიგია. როდესაც ადამიანები მადლობას მეუბნებიან ჩემი პოზიციის გამო, როდესაც ვცდილობ, დავეხმარო და კმაყოფილები არიან. ამ დროს მეც კმაყოფილი ვარ.
– ისეთი ჭორი თუ გაგიგიათ, თქვენც რომ გაოცებულხართ?
– ეს იყო დიდი ხნის წინ, როდესაც ერთ-ერთ ინტერვიუში „ფეესბეს“ მეხუთე განყოფილების შეფის სერგეი ბესედას გვარი ვახსენე. რომ ის იყო ქართული ოპოზიციის დამფინანსებელი „ფეესბედან“ და მასთან სტუმრობდნენ ჩვენი ოპოზიციონერები, რომლებიც მოსკოვში დადიოდნენ. ეს მაშინ ქვეყნის დანგრევა აღმოჩნდა, ვერ წარმოვიდგენდი თუ ამ მასშტაბის სკანდალი იქნებოდა. ამას დიდი ამბები მოჰყვა და იმ პერიოდში, საპასუხოდ მივიღე საშინელი რუსული პიარი. გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მე ვარ „კაგებეს“ აგენტი, მეტსახელად „ნუკრი“. „კაგებე“ რომ დაიშალა, მე 16 წლის ვიყავი და მაშინ ექიმობასა და მსახიობობაზე ვფიქრობდი (იცინის).
– რომ გაიგოთ, მეგობარს მეორე ნახევარი ღალატობს, სიმართლეს ეტყვით?
– არა, არ ვეტყვი. ადამიანების პირადი ცხოვრება პირადია და მე ვინმეს პირად ცხოვრებაში არასდროს ჩავრეულვარ, მათ შორის, მეგობრის. მესამე კლასში ვიყავი, კლასში რაღაც მოხდა და დირექტორთან დაგვიბარეს, მაგრამ არავინ არაფერი გავამხილეთ. კლასის დამრიგებელმა იმის ნაცვლად, რომ დავეტუქსეთ, გვითხრა, საიდუმლოს შენახვა ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვისო. სხვისი პირადი საიდუმლო არ უნდა გასცე. თუ გავიგებ, რომ მეგობარს ან მის მეუღლეს პირადი საიდუმლო აქვს, მე არ ჩავერევი, მისი გამჟღავნების ინიციატორი არ ვიქნები.
– ყოფითი, სახლის საქმეებიდან, რისი გაკეთება გიყვართ და რისი არა?
– ზარმაცი ვარ, დილით ადრე ადგომა არ მიყვარს, მაგრამ სახლის საქმეებიდან ყველაფერი ვიცი. არ მივეკუთვნები მათ კატეგორიას, ვინც ამბობს, რომ სახლს ვერ დაალაგებს და კვერცხის შეწვა არ იცის. ერთადერთი ხაჭაპურის გამოცხობა არ ვიცი, რაც ქუთაისელი ქალისგან გაგიკვირდებათ, მაგრამ დედაჩემი აკეთებდა ისეთ გემრიელს, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ხაჭაპურის გამოცხობა მე დამჭირდებოდა. დამხმარე მყავს, რომელიც კვირაში ერთხელ ან ორჯერ მოდის სახლში, მაგრამ სარეცხს, სადილებს და დიასახლისის სხვა ყოველდღიურ ვალდებულებებს ჩემს თავზე ვიღებ. მიყვარს უთოობა, ქვაბებსაც კი ჩემი ხელით ვხეხავ. სახლში ჭურჭლის სარეცხი მანქანა მაქვს, მაგრამ ჩართვაც კი არ ვიცი. დილით ადგომაც იმიტომ მეზარება, რომ ღამე გვიან ვიძინებ. ჩვეულებრივი საინფორმაციო ნევროზი მაქვს, სულ მეშინია, როცა მძინავს, რამე არ გამომეპაროს. ამიტომ სულ გვიან ვიძინებ და ყველამ იცის, რომ დილის 10 საათამდე ჩემთან არ უნდა დარეკოს. სხვა ვერაფერზე ვიტყვი, რომ არ მიყვარს ან გაკეთება მეზარება.
– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?
– ვაიმე, მეც მეშინია რაღაცის – კატებისა და სტომატოლოგების (იცინის). კატამ ბავშვობაში შემაშინა. ძალიან ბევრს ვკითხულობდი, სერიოზული ბავშვი ვაყავი და კლასიკური ლიტერატურიდან ყველა მნიშვნელოვანი წიგნი მეშვიდე კლასამდე მქონდა წაკითხული. ერთხელაც ვკითხულობდი, აივანზე გამოვედი, ღამე იყო, ბნელოდა და უცებ კატის თვალები დავინახე. ძალიან შემეშინდა და მას შემდეგ ფობია დამჩემდა, თუმცა ახლახან გადავლახე. სტომატოლოგების შიში ჯერ კიდევ მაქვს.
– ცხოვრებისეულ მოვლენებს თუ გავიხსენებთ, ყველაზე დიდი შიში რასთან ასოცირდება?
– მამის გარდაცვალებასთან, მე ამას ვუყურე. მამას ინფარქტი მოუვიდა, ყველანი სახლში ვიყავით და პრაქტიკულად ჩვენ თვალწინ გარდაიცვალა. მახსოვს ცრემლი ჩამოუგორდა თვალზე, როცა ჩემი ხმა ესმოდა. საშინელებაა, როცა უყურებ და ვერაფერს შველი ადამიანს, რომელიც შენთვის ყველაზე ძვირფასია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან