ვის ჰბაძავდა ბავშვობაში სესილია თაყაიშვილი და რა იწამა მან ღმერთად
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 12.08

და ასე, მიდიოდა დრო
სესილია თაყაიშვილის ძალზე პოპულარულსაც კი არ ჰქონია ჩაცმა-დახურვა და მოქცევა სახელოვანი ქალისა, მით უფრო ახალგაზრდობაში, როცა არც სახელი ჰქონდა და არც არანაირი შესაძლებლობა. მოდას არასოდეს აჰყოლია, არც სურვილი ჰქონია ამის, არც სახსარი. თავისი ჩაცმულობით უფრო ძველი სკოლის მასწავლებელს მოგაგონებდათ. ასეთი იყო მისი საცხოვრებელიც. ნერვული სისტემა ბავშვობიდან ადვილად აგზნებადი ჰქონდა. ამ ფონზე დროთა განმავლობაში აღმოცენდა კოლიტი, დიაბეტი, ჰიპერტონია. მისი ჯანმრთელობის გაუმჯებესებას არც პროფესია, არც ცხოვრების პირობები, არც მისი ხასიათი არ უწყობდა ხელს – ვერანაირ სისტემურობასა და კალაპოტს ვერ ეგუებოდა. უყვარდა სტუმრად სიარული, იქ ხომ უფრო მეტი მოულოდნელობა იყო, ბევრი ახალი ადამიანის გაცნობა შეიძლებოდა. ეს სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ბუნებით ძალიან მორცხვი, სულ ადვილად დაგთანხმდებოდა, წამოგყოლოდა სხვასთან. რა თქმა უნდა, ისიც იცოდა, რომ მისი მისვლა ყველასთვის სიხარულის მომტანი იქნებოდა, რომ ღია გულით შეხვდებოდნენ.
სესილია თაყაიშვილის მეგობართა წრე, ძალზე ფართო იყო: მეზობლები, ექიმები, ახალგაზრდა მსახიობები, ასაკსა და პროფესიას არ ჰქონდა მნიშვნელობა. ყველაფერი აინტერესებდა, ყველაფერი თავისი თვალით უნდა ენახა, თავისი ყურით მოესმინა, თვითონ გაეგო, ყველაფერი აღელვებდა. ამიტომ, მისი ინტერესი მხოლოდ ხელოვნებით არ შემოიფარგლებოდა... მშვიდად ლაპარაკი საერთოდ არ შეეძლო, არაფრის მიმართ არ იყო გულგრილი, მაგრამ სენტიმენტალური და ცრემლმორეული, ალბათ, არავის უნახავს. ისე გაიარა ცხოვრების გზა, ერთი პირადული კადრი არ დაუტოვებია: არ გამოსულა სიტყვით ოფიციალურ თვაყრილობაზე, არც სესიებში იღებდა მონაწილეობას. არცერთი პრეზიდიუმისა და კოლეგიის წევრი არ ყოფილა. თუ ვითარება აიძულებდა, მჯდარიყო კოლეგების საიუბილეო ზეიმებზე ან კიდევ უარესი – ეთქვა რამე, იტანჯებოდა. დღენიადაგ შრომობდა შინაც, გარეთაც. ყველაფერი მისი საზრუნავი იყო – შვილიშვილების სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, საგზურები, აგარაკი, ბინის საკითხი... ასე გადიოდა დრო, რომელსაც მსახიობისთვის მოჰქონდა დაგვიანებული ქება-დიდება, სახელი... თავად მისთვის კი არაფერი იცვლებოდა, არც პირად ცხოვრებაში, არც ხასიათში, საზრუნავი მხოლოდ ემატებოდა, მაგრამ არც ამ საზრუნავს დაუთმობდა ვინმეს...
წიგნის გარეშე ერთი დღეც არ უცხოვრია, არც სპექტაკლებისა და ფილმების გარეშე... ისეთ რასმეს შეიგრძნობდა, სხვას რომ აზრადაც არ მოუვიდოდა. ამ თვალსაზრისით, მასთან ხშირი ურთიერთობა ნამდვილი სკოლა იყო, ყველას გამამდიდრებელი. იქნებ ამიტომაც იზიდავდა ასე ადამიანებს?.. სხვის მიერ დაკისრებულ მოვალეობას ვერ იტანდა, მაგრამ თუკი თვითონ იკისრებდა რასმეს, წმინდად ასრულებდა. იყო დამოუკიდებელი ადამიანი და თავისუფალი შემოქმედი... სესილია თაყაიშვილის დროს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, ყველა სპექტაკლში ტალანტების ნამდვილი ტურნირი იმართებოდა ხოლმე. ის კი ამ თანავარსკვლავედში ბრწყინავდა. რასაკვირველია, იყო წლები „უიღბლობისა“. ასეთი წლები ყველა მსახიობს აქვს. მიუხედავად ამისა, მისი შემოქმედება პერიოდებად არ იყოფა, ის უფრო ზეასვლას ჰგავს... ამ სცენური შემოქმედების მწევრვალზე მყოფი წავიდა თეატრიდან... რად უღირდა ეს წასვლა! შემდეგ არცერთ სხვა სცენაზე არ გამოსულა, თუმცაღა ბევრი სთხოვდა. იცოდა, რომ მას ნამდვილად ელოდნენ ყოფილი პარტნიორები, ელოდა მაყურებელი... იცოდა, რადგან გრძნობდა ამას ქუჩაში, ბაზარში, ტაქსის მძღოლებთან საუბარში...
სამწუხაროა, რომ სესილია თაყაიშვილის არცერთი სცენიური სახე არაა ფირზე გადაღებული... როდესაც ჩვენს ცხოვრებაში ტელევიზია შემოვიდა, ძალიან დიდხანს არიდებდა თავს გადაცემებში მონაწილეობას: მე იმაზე ვლაპარაკობ, რაც მაღელვებს, მსმენელი კი, ამ დროს იქნებ ხახვს ჭრის თავის სახლშიო?! არწმუნებდნენ: სატელევიზიო გადაცემაში გამომსვლელის პიროვნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თქვენისთანა ადამიანი რომ გამოჩნდება, საქმეს ყველა თავს დაანებებს და თქვენ მოგისმენსო. რამდენჯერმე მაინც მოხერხდა მისი გამოყვანა. ყველგან იგრძნობა, რომ არ უნდოდა ლაპარაკი და თავს ძალას ატანდა. საკუთარ წუხილზე არასოდეს არაფერი უთქვამს, საერთოდ, თეატრზე წუხდა. მთელი სიცოცხლე ეშინოდა სიკვდილის, მაგრამ როცა ის უკვე მოდიოდა – შეხვდა, როგორც ბრძენი... სესილია თაყაიშვილის მიერ შექმნილი ქალთა სახეებით ერთი პატარა ქალაქის დასახლება შეიძლებოდა. რა უჩვეულო იქნებოდა ეს ქალაქი. მის ქუჩებში ადამისდროინდელი ეტლიც იქნებოდა, ტრამვაიც და თანამედროვე ავტომობილიც, რამდენი ქვეყნის, დროის, ეროვნების, სოციალური მდგომარეობის, პროფესიის, ხასიათის ქალი...
არათეატრალური ოჯახიდან
თაყაიშვილების ოჯახი არ იყო თეატრალური. შორეულ წინაპართა შორისაც კი არ მოიძებნება მსახიობური ნიჭით გამორჩეული. ოჯახის უფროსი, სესილიას მამა – დიმიტრი თაყაიშვილი, იმ დროის ყველა ინტელიგენტის მსგავსად, თეატრის მოყვარული იყო, მაგრამ უპირატესად, მაინც პოეზიას ეტრფოდა. თვითონაც წერდა იუმორისტულ ლექსებს. მოსწრებული სიტყვა, ხუმრობა და მხიარულება, საერთოდ, ჩვეული იყო ამ ოჯახისთვის. იქნებ ამიტომაც მიუწევდათ გული ადამიანებს დიმიტრი და მარიამ თაყაიშვილებისკენ. იმხანად ისინი ბათუმში ცხოვრობდნენ, მათი მუდმივი სტუმრები იყვნენ უახლოესი ნათესავები: ექვთიმე და ალექსანდრე თაყაიშვილები, ცეცილია, ეველინა და ალექსანდრე წუწუნავები; უახლოესი მეგობრები: შალვა დადიანი, ელო ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ყალაბეგიშვილი, დათა მგალობლიშვილი, მიხეილ გელოვანი და სხვანი. სჯა-ბაასი ცხადია, სათეატრო ხელოვნების გარშემოც მიმდინარეობდა, კამათობდნენ, დაობდნენ... მათ შორის უტყვი ერთი იყო მხოლოდ – პატარა სესილია. ჩვეულებრივი ანცი და ონავარი ამ დროს მიჩუმდებოდა ხოლმე... რატომ იჯდა ასე დიდხანს ეს ბავშვი უფროსებთან? რა აინტერესებდა? რასაკვირველია, არა კამათის საგანი, ალბათ, თვით კამათი, მებრძოლი მხარეები, კონკრეტული ადამიანები. ასეთივე მონდომებით ესწრებოდა ის სხვა საოჯახო შეკრებებსაც – როდესაც გურიიდან ჩამოსული ნათესავები მოიყრიდნენ თავს. სოფლელი ნათესავების წასვლის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ იძინებდა ხოლმე. მეორე დილით კი დიდი სარკის წინ სკამს დაიდგამდა, ზედ მოხერხებულად მოკალათდებოდა და წინა დღის ხან ერთ სტუმარს წარმოადგენდა, ხან – მეორეს. მსახიობიც თვითონ იყო და მაყურებელიც. თუ რომელიმეს ვერ მიემსგავსებოდა, სანამ მიზანს არ მიაღწევდა, არ მოეშვებოდა.
საკუთარი დრამატული თეატრი ბათუმში საზოგადოებრივ საჭიროებას წარმოადგენდა. ახალგაზრდული დასი, რომელიც შალვა დადიანმა ამხანაგობის წესით შეადგინა, „მოგზაურ დასად“ იწოდებოდა. წარმოდგენებში თბილისიდან მოწვეული მსახიობებიც მონაწილეობდნენ. მოხდა საოცრება: ცელქი, მხიარული ბავშვი, რომელიც საკუთარ სახლში ასეთი გატაცებითა და სითამამით წარმოადგენდა ხან ერთ ნაცნობს, ხან – მეორეს, ნამდვილი სპექტაკლის მოლოდინში საშინლად აღელდა, მადა დაეკარგა. სპექტაკლის წინ მის თვალს ძილი არ გაჰკარებია. აგზნებული ბავშვის დასამშვიდებლად ექიმის დახმარება გახდა საჭირო... და განა ეს გააკვირი იყო? რამდენი რამ დაატყდა უცებ თავს დიდ მსახიობად დაბადებულ ბავშვს! მის ცხოვრებაში შემოვიდა სცენის ხელოვნება, თანაც, არა, როგორც მაყურებლის ცხოვრებაში, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება, არამედ, როგორც სპექტაკლის მონაწილის, როგორც „მსახიობის“.
1914 წელს თაყაიშვილების ოჯახი ბათუმიდან თბილისს გადმოსახლდა. სესილია სასწავლებლად ქალთა პირველ გიმნაზიაში მიაბარეს. 1921 წლის გაზაფხულზე საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულმა სახელოვნო კომიტეტმა სეზონისთვის მზადება, დასის შედგენა და რეპერტუარის შერჩევა დაიწყო. პრესაში გამოქვეყნდა განკარგულება იმის შესახებ, რომ ყველა მსახიობი, თუკი ქართულ სცენაზე უწყვეტლივ სამი წელი უმუშავია, ჩარიცხულია პროფესიულ დასში, როგორც სახელმწიფო სამსახურში. აქვე, გამოქვეყნებული იყო იმ ორმოცდაათი მსახიობის გვარი, რომლებიც ჩაირიცხნენ ქართული აკადემიური თეატრის დასის შემადგენლობაში... ამავე წელს საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატმა მოსწავლეთა თვითმოქმედი დრამატული წრე ჩამოაყალიბა ქალთა პირველი გიმნაზიიდან. ამ წრეში სესილია თაყაიშვილიც გააგზავნეს. ძალიან ღელავდა, მაგრამ მაინც წავიდა, ცხოვრების ასპარეზად უკვე აირჩია ქართული თეატრი. არა მისი ბრწყინვალების ჟამს, არამედ მაშინ, როცა უმძიმესი იყო ამ თეატრის მდგომარეობა.
ნაწნავიანი გოგონა
1922 წლის 1 ოქტომბერს, დილის 10 საათზე რუსთაველის თეატრის შესასვლელთან უამრავ ახალგაზრდას მოეყარა თავი. დარბაზში შემოვიდა თექვსმეტი წლის, ნაწნავიანი, ქერა გოგონა. თაყაიშვილი სესილია – წარუდგინა იგი კომისიას მდივანმა. გოგონამ წაიკითხა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი – „ჩვენ მივდიოდით ტაძარში ორნი“ და ერთი იგავ-არაკი. აკაკი ფაღავა, რომელიც მაშინ იმ სტუდიის ხელმძღვანელი იყო, გვიამბობდა ხოლმე: „არც ლამაზი გარეგნობით გამოირჩეოდა, არც ლამაზი ტემბრის ხმით, ზედმეტად მორცხვიც იყო, მაგრამ ძალზე ჭკვიანი თვალებით იმზირებოდა. შეკითხვას, რომ აძლევდნენ, ისე უსმენდა, თითქოს მთელი ქვეყნის ბედი ამ შეკითხვაზე ეკიდა. ოდნავ შესამჩნევ, სასაცილო მოქმედებაზე, პირველი გამოძახილი მისი იყო“... სესილია სტუდიაში ჩაირიცხა. ამ დროს ის გიმნაზიის მერვე კლასში იყო, ასე რომ, ერთდროულად გიმნაზიასაც ამთავრებდა და სტუდიაშიც დაიწყო სწავლა. ყველაფერი აინტერესებდა, აღელვებდა. სასცენო ხელონების ელემენტები, რომლებსაც სტუდიელები თანდათან ეუფლებოდნენ, საბოლოოდ ერთ მთლიან წარმოდგენებში იყრიდნენ თავს. ასეთი წარმოდგენები ნადვილი გამოცდა იყო სასცენო უნარებში, ამიტომ, მათ ესწრებოდნენ როგორც ყველა სტუდიელი, ისე პედაგოგები, მსახიობები, საზოგადო მოღვაწეები და ქართული თეატრის გულშემატკივრები. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო დიდად აფასებდა სესილია თაყაიშვილი დრამატულ სტუდიას... სცენაზე სიცრუე არ შეეძლო. არ მიაჩნდა, რომ წარმატებისათვის ყველა ხერხი დასაშვებია. ყველაფერი გარეგნული მხოლოდ შინაარსის გამოვლენისთვის სჭირდებოდა: გარეგნობა კარგიაო, ამბობდა, ოღონდ მისი შეღება შიგ შესვლას ჯერ კიდევ არ ნიშნავს, მაგრამ თუ კარს ვერ მიაგენი, შესვლა ხომ საერთოდ გამორიცხულია. ეს კარი სიმართლეა... სტუდიაში მიხვდა სესილია თაყაიშვილი, რომ აუცილებელია, ხელოვნება მჭიდროდ იყოს დაკავშირებული ცხოვრებასთან და მხატვრული სიმართლე ღმერთად იწამა...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან