საზოგადოება

ვის გამო ჩააბარა უცხო ენათა ინსტიტუტში დოდო აბაშიძემ

№47

ავტორი: ეკატერინე პატარაია 18:00 30.11, 2021 წელი

დოდო აბაშიძე
დაკოპირებულია

დღევანდელი დღიურები 70-80-იანების გამორჩეულ ადამიანს, თბილისის კოლორიტს და ძალიან მაგარ მსახიობს, დოდო აბაშიძეს ეკუთვნის, რომელიც საინტერესო ისტორიებითაა გაჯერებული. დოდო (დავით) აბაშიძე თბილისში, მსახიობების ოჯახში დაიბადა. მამამისი – ვანიკო აბაშიძე, მსახიობი, რეჟისორ სანდრო ახმეტელის მეგობარი იყო, რომელიც სტალინური რეპრესიების დროს სანდრო ახმეტელთან ერთად დახვრიტეს. დედას – ნინო ანდრონიკაშვილს (ნატო ვაჩნაძის და) მარტოს მოუწია დოდოს გაზრდა, რომელსაც ეს სახელი იმიტომ შეერქვა, რომ ბავშვობაში ზოგიერთ ბგერას ვერ გამოთქვამდა. გოგონებს „გოგოს“ ნაცვლად „დოდოს“ ეძახდა. ალბათ, ძნელად წარმოიდგენთ, მაგრამ ფიზიკურად ძალიან სუსტი და გამხდარი ბიჭი ყოფილა და ხშირად ავადმყოფობდა. ოჯახში ყველა მის კვებასა და გასუქებაზე ზრუნავდა. გოგოსავით ლამაზი, ოქროსფერი კულულებით ხშირად გამხდარა თანატოლი ბიჭების დაცინვის მიზეზი, ამიტომ უფრო გოგონებთან უყვარდა ყოფნა. ბავშვობაში ქარგვაც კი ისწავლა და მთელ დღეებს ქარგვაში ატარებდა. ერთ დღესაც ვარდისუბნის იტალიურ ეზოში, სადაც დოდო ცხოვრობდა, მეზობელმა აივანზე განტელები გაიტანა. დოდომ ვარჯიში დაიწყო და თანდათან საოცარი აღნაგობა ჩამოუყალიბდა, ისე რომ, უბნის ბავშვებს უკვე იმას ეუბნებოდნენ: ჭამე, დოდოსავით ძლიერი რომ გახდეო. ვარდისუბნის ქუჩაზე, დოდო აბაშიძის მეზობლად ბევრი საზოგადო მოღვაწე ცხოვრობდა, მათ შორის, ქართული თეატრის კორიფეები: აკაკი ხორავა, ემანუილ აფხაიძე, მეტყველების პედაგოგი მალიკო მრევლიშვილი. სკოლის დამთავრების შემდეგ, მათი რჩევით, დოდო აბაშიძემ თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება გადაწყვიტა, თანაც მსახიობობა ხომ გენში ჰქონდა, მაგრამ გამოცდაზე ლექსი ისე ცუდად წაიკითხა, რომ კომისიის წევრები გაოცებულნი დარჩნენ. აკაკი ხორავამ იგი მაინც დატოვა ინსტიტუტში, დროებით, თავისუფალ მსმენელად. ინსტიტუტის პირველ კურსზე კი დოდო ერთადერთი იყო, ვინც მარჯანიშვილის სახელობის სტიპენდიას იღებდა. ომის მძიმე წლებში მაღაზიაში პურის გამყიდველად დაიწყო მუშაობა. ბევრი გოგონა იყო მაშინ ამ ახალგაზრდა, სიმპათიურ გამყიდველზე შეყვარებული, შემდეგ ვალები დაუგროვდა და მტვირთავად მოეწყო: კინოთეატრ „სპარტაკიდან“ „რუსთაველში“ კინოფირები გადაჰქონდა. როდესაც უცხო ენათა ინსტიტუტის სტუდენტი მარინა ახვლედიანი შეუყვარდა, მისი გულის მოსაგებად დოდომაც ამ ინსტიტუტში ჩააბარა. მართალია, სიზარმაცის გამო ერთი წლის შემდეგ გარიცხეს, მაგრამ მარინას სიყვარულს მაინც მიაღწია და მალე მისი მეუღლე გახდა. დოდოს სამსახიობო კარიერა დაიწყო საკურსო სპექტაკლით – „გამარჯვებულთა ღიმილი“. ეს იყო მისი ნათლობა, რომელმაც საშუალება მისცა, რუსთაველის თეატრის მსახიობი გამხდარიყო. 1952–1956 წლებში მან 7 როლი ითამაშა, მაგრამ შემდეგ თეატრს ზურგი შეაქცია და კინომ გაიტაცა. სწორედ კინოში მოხდა მისი ოსტატობის ხორცშესხმა. პირველი ეპიზოდური როლი ლეგენდარულ ფილმში „მაგდანას ლურჯაში“ ითამაშა, შემდეგ მნიშვნელობა აღარ ჰქონდა მთავარ როლს ასრულებდა თუ ეპიზოდურს, მაყურებელი ეკრანზე მის გამოჩენას ყოველთვის აღფრთოვანებით ხვდებოდა. კინოში შესრულებული 50–ზე მეტი როლიდან საკავშირო თუ საერთაშორისო ფესტივალებზე პრიზით, „მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის“ აღინიშნა მისი თამაში ფილმში „დიდი მწვანე ველი“.

დოდო და სასაფლაოზე შესრულებული რიტუალები

რეჟისორი დევი აბაშიძე იგონებდა: „ერთხელ მე და დოდო აბაშიძე ერთად წავედით მანქანით კარლოვი-ვარში დასასვენებლად. აქედან შეიარაღებულები მივდიოდით – იმდენი ღვინო და კონიაკი წავიღეთ, ძლივს იძროდა მანქანა. ჩავედით პრაღაში. იქ ცხოვრობდა დოდოს დედის – ქალბატონი ნინო ანდრონიკაშვილის ნათესავი და ჩასვლისთანავე მისი ძებნა დავიწყეთ. ვინც არ გავაჩერეთ, ვერაფერი გვითხრეს, ბოლოს ერთი რუსულის მცოდნე შეგვხვდა. ქაღალდი გვთხოვა და ხაზვა დაიწყო, თან გვეუბნებოდა, ორი შუქნიშნის შემდეგ მარცხნივ გაუხვიეთ, მერე სამი შუქნიშნის შემდეგ მარჯვნივ და ასე შემდეგ. ამ კეთილ კაცს მადლობა გადავუხადეთ და დავადექით გზას. ბევრი ვიარეთ და ბოლოს სასაფლაოს მივადექით. გაბრაზების მაგიერ, დოდოს სიცილი აუტყდა, თან წამოიძახა: ახია ჩვენზე, ჩვენისთანა ხალხის ადგილი მართლაც აქ არისო. მერე მანქანიდან ერთი ბოთლი ღვინო ამოიღო და იქ, სასაფლაოზე დაკრძალული ჩეხებისა და სლოვაკების სადღეგრძელო შესვა. ამ რიტუალის აღსრულების დროს კაცი შემოგვესწრო, რომელმაც ქრთამით (ორი ბოთლი ღვინო მივეცით) გზა გვასწავლა.“

ტკიცინა ასმანეთიანები

ცნობილი ქართველი მსახიობის, დოდო აბაშიძის კეთილშობილების საილუსტრაციოდ რეჟისორმა გუგული მგელაძემ ერთი ამბავი გაიხსენა: მას ამერიკიდან მიწვევა მიუვიდა, მაგრამ წასასვლელი ფული არ ჰქონდა. დოდო აბაშიძე შეხვდა და ჰკითხა: რას შვრები, მიდიხარ ამერიკაში, ფულის პრობლემები ხომ არა გაქვსო? გუგულიმ არ გაუმხილა, რომ წასასვლელად ათას ორასი მანეთი სჭირდებოდა. მეორე დღეს დოდომ დედას დაარეკვინა მასთან და მისი ხელით კონვერტი გადასცა, სადაც ათას ორასი მანეთი იდო.

„ყველაფერში იუმორი ჰქონდა. ძმაკაცები ჰყავდა საქმოსნები, როგორც ჩანს, მათში ბევრი იყო კეთილი ადამიანი. დოდო ხომ ვერ სთხოვდა მათ, ფული მჭირდებაო. ამიტომ პურმარილზე ეტყოდა ხოლმე: რამე არა გაქვთ, თქვენი ავტოგრაფები მჭირდებაო. ამოიღებდნენ ისინი ტკიცინა ასმანეთიანებს, მოაწერდნენ ხელს და გადასცემდნენ. იმ ფულს მერე დამშვიდებული ხარჯავდა”.

გაჭირვების ტალკვესი

მსახიობი დოდო აბაშიძე თავისი სიალალით და გულმოწყალებით კარგად იყო ცნობილი. მისი ნაცნობები ხშირად ყვებოდნენ ისტორიებს, რომ ხელოვანი სრულიად უცხო ადამიანებს ეხმარებოდა. ერთ-ერთი ასეთი ისტორია თბილისის ყოფილმა მერმა ნიკო ლეკიშვილმაც გაიხსენა: „ერთხელ დოდო აბაშიძემ თვითონ მოიყვანა ერთი კაი ბიჭი ჩემთან, რაღაც ვაკანსიაზე დასანიშნად. ის ბიჭი გარეთ იცდიდა. რა ჰქვია-მეთქი, დოდოს რომ ვკითხე, რა ვიცი, ახლა მეო, გავარდა გარეთ და თვითონ შემოიყვანა სიცილ-სიცილით. მართლაც კაი ბიჭი გამოდგა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი