საზოგადოება

ვის დასახმარებლად გასწირა თავი საბა კლდიაშვილმა და როგორ გლოვობდა მას ყველა – ოდესიდან საქართველომდე

№36

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 15.09, 2021 წელი

საბა კლდიაშვილი
დაკოპირებულია

საბა კლდიაშვილი 1873 წელს ქუთაისში დაიბადა. მისი მამა, პოლკოვნიკი გრიგოლ კლდიაშვილი, წარმოშობით იმერეთიდან, სოფელ სიმონეთიდან იყო. საბას ბაბუა, ლუარსაბ კლდიაშვილი, „კაცი წარმოსადეგი ტანისა, დარბაისელი, თავაზიანი და ნასწავლი“, მეცხრამეტე საუკუნის პირველ მეოთხედში სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავით დადიანის პირადი მდივანი ყოფილა.

სოფელ ქვიშხეთიდან იყო საბას დედა – გამორჩეული მსახიობი ეფროსინე ყიფიანი-კლდიაშვილისა, დიდი მამულიშვილის, დიმიტრი ყიფიანის ძმისშვილი. ის თავის დროისთვის განათლებული ქალი იყო. კარგად იცოდა რუსული და ფრანგული ენები, წერდა წერილებს ჟურნალ-გაზეთებისთვის და ზეპირად იცოდა მთელი „ვეფხისტყაოსანი“.

გრიგოლ კლდიაშვილის ოჯახი ქუთაისში პატივისცემით სარგებლობდა. მარჯორი და ოლივერ უორდროპები ამ ქალაქში სტუმრობისას ყოველთვის მათ სახლში ჩერდებოდნენ. მშობლებმა შვილებს კარგი განათლება მისცეს.

თერთმეტშვილიან ოჯახში საბა მერვე შვილი იყო. მისი უფროსი ძმა, სიმონ კლდიაშვილი, პირველი ქართველი პროფესიონალი არქიტექტორი იყო, რომლის პროექტითაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი აიგო. მეორე ძმა, ანდრეა ერთ-ერთი პირველი ელექტროინჟინერი იყო. მისი გამოგონებაა პურის ელექტროსაცხობი. ცნობილია აგრეთვე, რომ მათი და, ნინო, მსახიობ ივანე აბაშიძის დედა და დოდო აბაშიძის ბებია იყო.

ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ საბამ ოდესაში, ნოვოროსიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე განაგრძო სწავლა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ის მიიწვიეს პლოტიანსკის სასოფლო-სამეურნეო საცდელ სადგურზე სხვადასხვა ქიმიური გამოკვლევის საწარმოებლად. ერთი წლის შემდეგ, მუშაობა განაგრძო ნოვოროსიის უნივერსიტეტის ტექნიკური ქიმიის ლაბორატორიაში, საიდანაც გადავიდა ამავე ფაკულტეტის ზოგადი ქიმიის ლაბორატორიაში და სიკვდილამდე იქ მუშაობდა.

ქიმიის მეცნიერებათა სრულად დაუფლებისთვის ახალგაზრდა მეცნიერი რამდენჯერმე იყო მივლინებული ბერლინისა და გეტინგენის უნივერსიტეტებში. ის 1902 წლიდან თანამშრომლობდა ბერლინის ჟურნალებში, სადაც აქვეყნებდა სტატიებს ორგანული სინთეზის შესახებ. საბა კლდიაშვილს ეკუთვნის გამოკვლევები ა-დიკეტონებისა და ნახშირწყლების ქიმიაში. მან შეიმუშავა გაუმჯობესებული მეთოდი სუფთა დექსტრინის მისაღებად. ის არის სახამებლის სტრუქტურის ორიგინალური გამოკვლევების შემოქმედი. ქართულ პრესაში სისტემატურად ქვეყნდებოდა ცნობები ქართველი მეცნიერის გამოკვლევებს შესახებ ატომურ და მოლეკულურ წონაზე და სხვა. თუმცა, მეტწილად მისი სამეცნიერო კვლევის შედეგები მკაცრად იყო გასაიდუმლოებული და ეს საიდუმლო ახალგაზრდა ქიმიკოსმა თან წაიღო.

საბა კლდიაშვილი ავტორია პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოსი ქიმიაში – „მოკლე მინერალური ქიმია“. ამ სახელმძღვანელოთი მან საფუძველი ჩაუყარა ქართულ ენაზე ქიმიური ტერმინოლოგიის შექმნას.

ქართველი მეცნიერი 1905 წელს ოდესაში მეფის რუსეთის ჟანდარმერიის მიერ ებრაელთა თემის დარბევას შეეწირა. მან დარბევას გადაარჩინა ოდესელ ებრაელთა ოჯახი, რის გამოც ის შავრაზმელებმა მოკლეს. მისი ცხოვრების უკანასკნელი დღე აღწერილია გურამ ბათიაშვილის რომანში „თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ!“

ისტორია ასეთია: 1905 წლის 5 ოქტომბერს საბა ადრე მივიდა ლაბორატორიაში და ქიმიური ცდების ჩატარება განაგრძო. „კავკასიის მებრძოლთა რაზმის“ წევრებმა მას საშინელი ამბავი ამცნეს. ოდესაში ყოვლად უდანაშაულო ებრაელი მოსახლეობის განუკითხავი ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობდა. არ ინდობდნენ ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს.

საბამ სასწრაფოდ შეკრიბა ოდესის უნივერსიტეტის ქართველი ახალგაზრდობა და მათ შემდეგი სიტყვით მიმართა: „ოდესის ქუჩებში ანტიქრისტენი, რუსი ხალხის შემარცხვენელნი დარბიან და აწიოკებენ, არბევენ ებრაელთა ოჯახებს მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი ებრაელები არიან. მე ბინა ებრაელი კაცის ოჯახში მიჭირავს და ვიცი ქალაქის მოსახლეობის ამ ნაწილს არაფრით დაუმსახურებია შავრაზმელთა ასეთი გაბოროტება. მე მოგიწოდებთ, დავიცვათ უიარაღო და დაჩაგრული ხალხი, მე მოგიწოდებთ, როგორც ქართველი, შვილი ჩემი ერისა, რომელსაც არასოდეს ჩაუდენია ასეთი სამარცხვინო საქმე – არასოდეს დაურბევია სხვა ერი. ამ აქტით ჩვენ ჩვენს საყვარელ ქალაქსა და ხალხს ავარიდებთ დიდ სირცხვილს“. თერთმეტი სტუდენტიდან საბას ცხრა გაჰყვა. ათკაციანი ჯგუფი უბედურების ადგილისკენ გაემართა.

საბა კლდიაშვილი მათგან პირველი ჩაება ხელჩართულ ბრძოლაში, მაგრამ ერთ-ერთი შავრაზმელის მიერ ნასროლმა ტყვიამ მას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მისი დაკრძალვის ცერემონიალი – ოდესიდან საქართველომდე – იყო სახალხო გლოვის საჯარო გამოვლინება. საბას ცხედარი ქუთაისში გადაასვენეს და ქუთაისის ცენტრში, მთავარანგელოზის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს. გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა: „იმ დღეს მთელი ქუთაისი დაკეტილი იყო. არ დარჩენილა არც ერთი დაწესებულება, საზოგადოება, ხელოსნები, მასწავლებლები, მოსწავლეები, მოხუცნი, რომელთაც კუბო გვირგვინით არ შეემკოთ“.

მთავარანგელოზის ეკლესიის დანგრევის შემდეგ საბა კლდიაშვილის ნეშტი საფიჩხიის სასაფლაოზე გადაასვენეს, სადაც ახლაც დგას ძველი, მაგრამ საკმაოდ თვალშისაცემი ბიუსტი.

ქუთაისში, მერიის შენობის გვერდით არსებულ სკვერს საბა კლდიაშვილის სახელი მიენიჭა, დიდი ქიმიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, რომელიც მსოფლიო მასშტაბის გმირად იქცა.

გამოყენებული მასალების წყარო: nateba.websail.net, ბიოგრაფიები; ვიკიპედია; იმნაძე, დ.ი. ალექსანდრე-საბა კლდიაშვილი: მონოგრაფია; ციციაშვილი, აბონ. საბა კლდიაშვილი – ქართველი, ვინც გული ებრაელებს შესწირა, ებრაელები და საქართველო; ბათიაშვილი, გურამ. საბა, ვარ დარაჯი ჩემი ძმისა, გურამ ბათიაშვილი; ტოპნიუს.ჯი.

ქეთი მოდებაძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი