საზოგადოება

ვინ უწუნებდა განათლებას „ქეთო და კოტეს“ მუსიკის ავტორს

№30

ავტორი: ეკატერინე პატარაია 18:00 03.08, 2021 წელი

ვიქტორ დოლიძე
დაკოპირებულია

1919 წლის 11 დეკემბრის „საქართველოს რესპუბლიკაში“ პირველ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც მკითხველს სახელმწიფო თეატრში ეპატიჟებოდა... პრემიერამ დიდი წარმატებით ჩაიარა. წარმატება ხვდა „ქეთო და კოტეს“ ყველა მომდევნო დადგმას მთელი ასი წლის განმავლობაში, თუმცა, ბედის ირონიით, პოპულარული ოპერის ავტორი სათანადო პატივით არ დაფასდა. ვიქტორ დოლიძე 1933 წელს 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვიქტორ დოლიძის დღიურები მის შემოქმედებით ცხოვრებას ასახავს. რაც მოასწრო ამ 43 წელში და რაც ვერ მოასწრო, ყველაფერმა ერთად აქ მოიყარა თავი, თუმცა, ის ერთადერთი და განუმეორებელი ოპერის, „ქეთო და კოტეს“ გენიალური მუსიკის ავტორად რჩება, რომელმაც მუსიკალური განათლება, სხვა კომპოზიტორების მსგავსად, ევროპის სხვა ქვეყნების უმაღლეს სასწავლებელში კი არა, კიევის ერთ ძალზე უბრალო მუსიკალურ ტექნიკუმში მიიღო.

ლეგენდის დაბადება

ვიქტორ დოლიძემ, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, „ქეთო და კოტესათვის“ მუსიკა ერთ წელიწადში დაწერა. ოპერას საფუძვლად დაედო ავქსენტი ცაგარელის ცნობილი კომედია „ხანუმა“. როგორც მუსიკის ისტორიკოსი შალვა კაშმაძე წერს, წიგნში – „თბილისის ბალეტისა და ოპერის თეატრი“, ლიბრეტო, ძირითადად, თვითონ კომპოზიტორს შეუდგენია, იოსებ გრიშაშვილის დახმარებით. გრიშაშვილმა დაწერა სიკოსა და საქოს კუპლეტებიც, რომლებმაც ხალხში უდიდესი პოპულარობა მოიპოვეს. იოსებ გრიშაშვილმა გაუწია დახმარება ლიბრეტოს ლიტერატურულ დამუშავებაშიც. გარდა ამისა, ვიქტორ დოლიძემ „ქეთო და კოტეში“ შეიტანა გრიშაშვილის ტექსტზე დაწერილი თავისივე რომანსი – „შენ ხარ ღვთაება“. „ქეთო და კოტეს“ პირველი დადგმა ალექსანდრე წუწუნავას ეკუთვნის. დირიჟორობდა სამუელ სტოლერმანი, სწორედ, ის სამუელ სტოლერმანი, რომელმაც პრემიერიდან ზუსტად ერთ თვეში, 1920 წლის 15 იანვარს, თავის ბინაში (სასამართლოს ქუჩა #31), მუდმივი შევიწროებისა და „აბესალომ და ეთერის“ ერთადერთი პარტიტურის ხელყოფის გამო, რევოლვერის ორი გასროლით მოკლა მძინარე ცოლი, ალექსანდრა სტოლერმანი, თუმცა სასამართლომ გაამართლა დირიჟორი და დარბაზიდან გაათავისუფლა.

ნიჭიერად გადამუშავებულმა, ქალაქურ ფოლკლორზე აგებულმა მუსიკამ დიდი მოწონება ჰპოვა დამსწრე საზოგადოებაში. ოპერა ზედიზედ იდგმებოდა და დარბაზში ტევა არ იყო. პრემიერის დღესვე თეატრის სალაროში ათი შემდგომი სპექტაკლის ბილეთების შეკვეთა მისცეს. ვიქტორ დოლიძის თხოვნით, კოტეს პარტიას ზოგჯერ ვანო სარაჯიშვილიც ასრულებდა.

1933 წელი

… ეს წელი მძიმე გამოდგა ქართული მუსიკალური საზოგადოებისათვის – რამდენიმეთვიანი ინტერვალით გარდაიცვალნენ კომპოზიტორები ვიქტორ დოლიძე და ზაქარია ფალიაშვილი. ჩვენ ვიცით, როგორი პატივი მიაგო ქართულმა საზოგადოებამ ზაქარია ფალიაშვილს. იყო პანაშვიდები კონსერვატორიის დარბაზში, ორკესტრი, გვირგვინები, საპატიო ყარაული... ერთ-ერთ პანაშვიდზე ორკესტრმა, გუნდმა და ნიკო ქუმსიაშვილმა შეასრულეს „აბესალომ და ეთერის“ მესამე მოქმედება. მოკლედ, ზაქარია ფალიაშვილი დაკრძალეს (ოპერის ბაღში) სათანადო პატივით, როგორც დიდი ეროვნული მოღვაწე. ვიქტორ დოლიძეს კი, როგორც აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე იხსენებს, დიდუბემდე სულ რამდენიმე კაცი მიჰყვა, დანარჩენები გზაში მიმოიფანტნენ: „ეს ჩემთვის გაუგებარი იყო. მისი „ქეთო და კოტე“ ყველას უყვარდა, მის მელოდიებს ხალხი მღეროდა... მაგრამ თვითონ ვერ იქცა „ფიგურად“! იყო ერთი ჩია, მოძრავი, მხიარული და მოხითხითე კაცი, რომელსაც ბევრნი, ალბათ, სერიოზულად არც უყურებდნენ და უცებ გაქრა, სულ ხუთი დღე იავადმყოფა. 43 წლისა იყო“.

მუსიკის კრიტიკოსები ვიქტორ დოლიძეს განათლებას უწუნებდნენ. აი, რას წერდა კომპოზიტორის გარდაცვალებამდე ათი წლით ადრე, 1923 წლის „ჩირაღდნის“ დეკემბრის ნომერში პ. ბებუთოვი ახალგაზრდა ქართველ კომპოზიტორ ვიქტორ დოლიძეზე, რომელმაც მოკლე დროის განმავლობაში დაწერა სამი ოპერა: „ერთი მათგანი, „ქეთო და კოტე“, არის პირველი ცდა ქართული კომიკური ოპერის სფეროში. ამ ოპერას ვერ ჩავთვლით ჩვენ საოპერო შემოქმედების დამთავრებულ ნიმუშად. მასში არ არის დაცული ეროვნული სტილი, არ არის ინდივიდუალურობა. ეს ოპერა სასიამოვნო მოსასმენია შინაარსის, მშვენიერი დადგმისა და ერთსულოვანი ანსამბლის წყალობით... ვიქტორ დოლიძეს უეჭველად აქვს ინსტრუმენტალური ნიჭი, მაგრამ კომპოზიტორი სათანადოდ ვერ არის გაცნობილი შემოქმედების გარეშე მხარეებთან, რომელნიც აუცილებელია იმისათვის, რომ ნაწარმოებს მიეცეს დამთავრებული სახე. მე ვლაპარაკობ ორკესტროვკასა და ინსტრუმენტოვკაზე. ხშირად ავტორს მოუფიქრებია რომელიმე მუსიკალური პრობლემა, მაგრამ ის სათანადოდ ვერ ერკვევა მასში, რომ მოგვცეს დამთავრებული მუსიკალური პერიოდი და მუსიკალური აზრი. ამის გამო ნაწარმოებს რამდენიმედ დილეტანტური ხასიათი აქვს. ცნობილია, რომ რესპუბლიკის მთავრობამ დააფასა ვიქტორ დოლიძის დიდი ნიჭი და საშუალება მისცა მას, დაამთავროს მუსიკალური განათლება და შორს არ არის ის დრო, როდესაც ვიქტორ დოლიძის კალამი შექმნის უფრო დამთავრებულ ნაწარმოებს, რადგან მისი ნიჭი ეჭვს გარეშეა“ („ქართული საოპერო მუზა – პირველი ეტაპები“. პ. ბებუთოვი). ეს წერილი 1923 წელს დაიწერა – კომპოზიტორის გარდაცვალებამდე ათი წლით ადრე. უცნაურია, მაგრამ მსგავსი სულისკვეთებით არის განმსჭვალული ვიქტორ დოლიძის გარდაცვალების შემდეგ დაწერილი წერილებიც. კერძოდ, „სალიტერატურო გაზეთის“ 29 მაისის ნომერში პროფესორი კოტე მეღვინეთუხუცესი გულისტკივილით წერს კოლეგის გარდაცვალების შესახებ, მაგრამ დიდ ადგილს უთმობს განსვენებულის „ტეხნიკურ ჩამორჩენილობას“: „სისტემატურ ტეხნიკურ განვითარებას მოკლებულმა შესძლო მხოლოდ ბუნებრივი ინტუიციის კარნახით, დიდი ბუნებრივი ნიჭის წყალობით, ორი დიდი ოპერის – „ლეილასა“ და „ცისანას“ შექმნა-გაფორმება, შესძლო ქართულ მუსიკაში ჯერ შეუდარებელი მაგალითის – კომიკური ოპერის, „ქეთო და კოტეს“, შეთხზვა, შესძლო შეერთება თავისი სახით მუსიკისა და ლიბრეტოს ავტორობისა, და უკანასკნელ ხანში კი შესძლო გადახალისება და სიმფონიურ შემოქმედებაში მუშაობის დაწყება. ვიქტორის უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი ნიჭიერება, შეერთებული საერთო სწავლა-განათლებასთან, სძლევდა მის ტეხნიკურ ჩამორჩენილობას მუსიკაში, ხოლო შემდეგ ამ ნიჭმა მისცა მას საშუალება თავისი საკუთარი გზის აღმოჩენისა და თავისებური ხერხების გამოყენებისა. ამგვარსავე მდგომარეობაში იზრდებოდა შემოქმედება რიმსკი-კორსაკოვისა, ბოროდინისა, გლინკასი, მუსორგსკისა და სხვ. – და სწორედ არა ტრაფარეტულმა ცოდნამ, არამედ თვითგანვითარების გზებმა მიიყვანეს რუსეთის მუსიკა უმაღლეს კულმინაციურ წერტილამდის. ამიტომ დიდათ ნაყოფიერი იყო ის გზა, რომელიც განვლო კომპოზიტორმა ვ. დოლიძემ“.

დიდათ ნაყოფიერი იყო ის გზა, რომელიც კომპოზიტორმა განვლოო, წერს კონსტანტინე მეღვინეთუხუცესი... მაგრამ როგორი იყო ვიქტორ დოლიძის უკანასკნელი გზა? რა ვითარებაში დაკრძალეს „ქეთო და კოტეს“ ავტორი? კვლავ ვახტანგ ბერიძეს მოვუსმინოთ: „მისი დაკრძალვის დროს დიდუბეში რატომღაც მეზურნეები და მედუდუკეები აღმოჩნდნენ (სხვის საფლავზე იყვნენ). მივიდნენ და იკითხეს, ვინ არის აქ უფროსიო; ეს ის კაცია, „ქეთო და კოტე“ რომ დასწერა? მაშ, თუ შეიძლება, ნება მოგვეცით, ცოტა რამე დავუკრათო. და ასე ზურნა-დუდუკით ჩაუშვეს საფლავში“.

და მაინც უკვდავება!

ვიქტორ დოლიძე, გარკვეულწილად, უბედური ავტორია, სპეციალისტების მიერ ბოლომდე არაღიარებული... უცნაურია, მაგრამ 1933 წელს გარდაცვლილი ადამიანის მხოლოდ ერთადერთი ფოტოა შემორჩენილი – ის, რომელსაც აფიშებსა და წიგნებში ბეჭდავენ, და ის, რომელიც დიდუბის პანთეონში, საფლავის ქვაზეა გამოყენებული. გარდაცვალებითაც სრულიად ახალგაზრდა, 43 წლის ასაკში, გარდაიცვალა. „ასეთი ბედი დაჰყვა. ვერც უმაღლესი მუსიკალური განათლება მიიღო. მოგეხსენებათ, ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე – ყველანი იყვნენ პეტერბურგსა და მოსკოვში ნასწავლი ხალხი და კომპოზიციასაც იქ დაეუფლნენ. ვიქტორ დოლიძე კი კიევის მუსიკალურ ტექნიკუმში სწავლობდა და უმაღლესი მუსიკალური სკოლა მართლაც არ გაუვლია, მაგრამ მისი „ქეთო და კოტე“ კომიკური ოპერის იშვიათი ნიმუშია, რომელსაც არაფერი დაეწუნება“, – უთხრა „რადიო თავისუფლებას“ რევაზ ტაკიძემ, „ქეთო და კოტეს“ დამდგმელმა დირიჟორმა, რომელიც თბილისის ოპერის თეატრში 1975 წლიდან მუშაობს და მოესწრო „ქეთო და კოტეს“ სამივე დადგმას: ჯერ იყო ალექსანდრე წუწუნავასი; შემდეგ – 1991 წლიდან, გიგა ლორთქიფანიძისა და ბოლოს, რომლითაც ოპერის თეატრი „ქეთო და კოტეს“ ასი წლის იუბილეს ხვდება – იოანე ხუციშვილისა. „სამივე დადგმა ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ სამივეს უდიდესი სიყვარული აქვს ხალხში. როცა ვიქტორ დოლიძეს პროფესიონალიზმს უწუნებენ, მიჩნდება სურვილი, გავაკეთო ასეთი პარალელი. არ ვიცი, რამდენად ზუსტი იქნება: ფიროსმანს რომ დავუწუნოთ ტექნიკა და ვთქვათ, პიკასოს ტექნიკით ვერ ხატავს ან ვან გოგის ტექნიკით ვერ ხატავსო... ასე ყველას შეიძლება მოვუნახოთ რაღაც ნაკლი, მაგრამ რატომ ვეძებთ ამ ნაკლს? ვიკითხოთ: რაც დაწერა, ცუდია თუ კარგი? ეს არის ძალიან კარგი, ძალიან მისაღები და უსაყვარლესი ოპერა!.. პირველიდან მესამე აქტის ჩათვლით ყველა სახე ვითარდება, ყველა პერსონაჟი გამახსოვრდებათ. კიდევ რა უნდა ჰქონდეს ოპერას? ერთი სიტყვით, ბევრ რამეში არ გაუმართლა ავტორს, მაგრამ, მეორე მხრივ, შექმნა ქართველებისთვის ასეთი უკვდავი ოპერა. კომიკური ოპერის ჟანრის ნაწარმოებები იშვიათობაა, ჩვენ კი გვაქვს ამ ჟანრის ნამდვილი მარგალიტი“, – ამბობს რევაზ ტაკიძე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი