ვინ უწოდა ქართლოს კასრაძეს „პატარა ჩარლი ჩაპლინი“ და რა აჩუქა იაკობ გოგებაშვილმა მის ოჯახს
ავტორი: ეკატერინე პატარაია 16:00
ქართლოს კასრაძე – თბილისის ნამდვილი კოლორიტი. ხშირად მოგზაურობდა და საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქალაქში იყო ნამყოფი – ვლადივოსტოკიდან ტალინამდე და ტაშკენტიდან იაკუტიამდე. ევროპაც შემოვლილი ჰქონდა. საინტერესოა, რომ ფინეთში კონცერტი ფინურად მიჰყავდა, შვედეთში – შვედურად, ჰოლანდიაში კი – ჰოლანდიურად. ერთხელ ცხინვალში აღმოჩნდა, ოსურად დაუწყია ლაპარაკი და იქაურებს ხელი ტაშისკვრით გადაუტყავებიათ. ამ მოგზაურობების დროს ქართლოს კასრაძე ზოგჯერ ლექსებსაც წერდა. ერთხელაც უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში იმყოფებოდა, თემურ-ლენგის საფლავი მოუნახულებია და ექსპრომტად სტრიქონებიც მიუძღვნა. გიზო ნიშნიანიძემ კი, როცა ქართლოსი გარდაიცვალა ასეთი სტრიქონები მიუძღვნა მას:
„იყო და არა იყო რა –
სულ ოქროს კვერცხი გვიგორა:
ტირილი მოკლა სიცილით,
სიცილი კვდება ტირილით…“
ქართლოს კასრაძის უკიდეგანო ნიჭიერებაზე ლეგენდები დადიოდა. მხოლოდ ქართლოსს შეეძლო: მარცხენა ხელით წერა, ისე, რომ ნაწერის წაკითხვა სარკეში იყო შესაძლებელი; ზურგზე მოგდებულ გიტარაზე ესპანური მელოდიების დაკვრა, როცა ჩვეულებრივად გიტარაზე დაკვრა არ იცოდა; ოდესმე წაკითხული ყველა ლექსის დამახსოვრება; აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავის“ თავიდან ბოლომდე და ბოლოდან დასაწყისამდე უკუღმა წაკითხვა; ხელის ერთი მოსმით ცხენისა და მხედრის, ჯონ კენედისა და ნაპოლეონ ბონაპარტის დახატვა და როგორც უკვე გითხარით, 19 სხვადასხვა ენაზე 2 000-მდე კონცერტის ჩატარება. სტოკჰოლმის დიდმა გაზეთმა მას „პატარა ჩარლი ჩაპლინიც” კი უწოდა.
ქართლოს კასრაძე 80-90-იან წლებში დიდ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა, ის ხომ ქართველი პატარა ჩარლი ჩაპლინი იყო, რომელიც მუდამ ხალხის პოზიტიურ განწყობაზე ზრუნავდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ისევ პოზიტიურ ტალღაზე გადაგიყვანოთ და იმ დროში გამოგზაუროთ, ვისაც ახლოს არ გინახავთ, წარმოგადგენინოთ ეს უნიჭიერესი კაცი სცენაზე, რომელიც ნამდვილად თბილისის კოლორიტი იყო, ნიაზ დიასამაიძისა და სხვა ცნობილი თბილისელი ბიჭების წრიდან. მანამდე კი ცოტა რამ მის შესახებ.
სახლი ვერაზე
„თბილისში, ვერაზე, ბელინსკის ქუჩის 45 ნომერში, ძველი ორსართულიანი სახლის ფასადზე ორი მემორიალური დაფაა. ერთს აწერია: „ამ სახლში ცხოვრობდა ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე დავით კასრაძე”, მეორეს – „ამ სახლში ცხოვრობდა საქართველოს სახალხო არტისტი ქართლოს კასრაძე”. ეს ძველი, ერთ დროს ლამაზი სახლი ქართლოსის ახალდაქორწინებულ მშობლებს – დავით კასრაძესა და მის მეუღლე ქრისტინე ბიბილურს ქრისტინეს გამზრდელმა მამამ, იაკობ გოგებაშვილმა უყიდა. ქართლოსიც აქ გაიზარდა. ქართლოსს ორი უფროსი და ჰყავდა, ორივე უნიჭიერესი – დიელა და ნაისი. მე მისი სეხნია ვარ. ორივენი არაჩვეულებრივად ხატავდნენ, ქსოვდნენ, კერავდნენ, უკრავდნენ ფორტეპიანოზე. სწორედ მათი რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში მიიღო პირველი როლი ხუთი წლის ქართლოსმა. შემდეგ როლში პატარა ქართლოსი მთვარის ამოსვლასა და ჩასვლას ასახიერებდა. ამ ძველ სახლში განვლო მთელმა მისმა ცხოვრებამ. ქართლოსის კაბინეტი ერთ ვიწრო ოთახს წარმოადგენდა, საწერ მაგიდაზე დახვავებული ნაწერებით, დაჭმუჭნული ფურცლებით, მიყრილ-მოყრილი რამდენიმე ათასი წიგნით. მაგიდაზე მხოლოდ მისთვის გასაგები წესრიგი სუფევდა. წიგნის თაროები ოთახის მთელ გაყოლებაზე ჭერს სწვდებოდა. ქართლოსის საცხოვრისის აღწერა, გარკვეულწილად მისი პორტრეტიცაა. იგი არავითარ წესს არ ემორჩილებოდა, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მძღოლადაც არ ვარგოდა...“ – ეს ქართლოს კასრაძის ქალიშვილის ნაამბობია.
„კაიტანიან “
„ჩემი სტუდენტობისას ერთხელ რაღაც ღონისძიებაზე დიდი კონცერტი მოეწყო, ყველა ინსტიტუტი გამოდიოდა, ზოგი – ცეკვით, ზოგი – სიმღერით, ქართლოსი ძალიან დიდი იყო, მამად გვეკუთვნოდა, მოკლედ ამ კონცერტის კონფერენსიე იყო, ხუმრობები ჰქონდა და თან, გამომსვლელებს აცხადებდა. ვდგავარ კულისებში და ორი ნომრის შემდეგ მე უნდა გამოვიდე, ამ დროს მოდის და მეუბნება, მე შენ გიცნობ, შენ სომეხი არა ხარო? შენი გვარი კაიტანიანიაო. ბატონო-მეთქი? საშინლად აღვშფოთდი, მე სუფთა ქართველი ვარ და ესაა ჩემი გვარი, ვიღაცაში გეშლები-მეთქი, არაო მიმტკიცებდა, შენი გვარია კაიტანიანიო, მოკლედ ტირილამდე რომ მიმიყვანა მერე, ხელით ჰაერში ქალის სხეული მოხაზა და დამარცვლით მითხრა: „კაი-ტანი-ან“. (თამაზ სეფერთელაძე)
გაუშვით, გიჟია!
ერთხელ „უწესო“ ქართლოსმა საბჭოთა პასპორტში ლენინის სურათი ჩააკრა და მილიციელებს უმტკიცებდა, „ონ მოი ატეცო”, რის გამოც რუსეთში დააკავეს, მაგრამ იქ ყველა მიხვდა, რომ მისი დაკავება არ შეიძლებოდა. მეორეჯერ, საბჭოთა კავშირის საზღვარზე შემოსვლისას, გაჩხრეკის ჩვეულებრივი პროცედურის დროს, ხელებაწეული ქართლოსი, „ს ჩევო ნაჩინაეტსა როდინას” მღეროდა. რუსებმა რომ მოიკითხეს, ქართულმა „კაგებემ” უთხრა, ეგ გიჟია, გაუშვით, მაგის დაკავება როგორ შეიძლებაო.
„ვსტრეჩნები“
ქართლოსი არანაირ წესს არ ემორჩილებოდა. თავის ნაცრისფერი „ვოლგით“ ხშირად ტროტუარებზე ავარდებოდა ხოლმე, რასაც ასე ხსნიდა - „ვსტრეჩნების“ მეშინიაო. სასაცილო იყო მისი და ავტოინსპექტორების ურთიერთობა. უწესო ტარების გამო ხშირად აჩერებდნენ. ის კი ომახიანად შესძახებდა: „ინსპექტორი მამალაძე!“ და დაბნეული ინსპექტორები „ჩესტს” უღებდნენ...
შარი
ჟურნალისტი ოთარ ხუციშვილი იხსენებს: „იმ წლებში, როცა სარაიონთაშორისო გაზეთ „სამგორის” რედაქციაში ვმუშაობდი, ცნობილი იუმორისტი ქართლოს კასრაძე ჩვენი ხშირი სტუმარი გახლდათ. მოჰქონდა ფელეტონები, იუმორესკები, ზოგჯერ საქმიან წერილებსაც აქვეყნებდა. ერთ-ერთი ასეთი წერილი, რომელიც გაზეთში დაისტამბა, მაშინდელ ლოჭინის მეფრინველეობის ფაბრიკად წოდებულ საწარმოს შეეხებოდა. ავტორი ხოტბას ასხამდა იქაურ მეფრინველეთა საქმიანობას და გეგმების დიდი გადაჭარბებით შესრულებას უწინასწარმეტყველებდა. მეორე დღეს რედაქციაში ტელეფონის ზარი აწკრიალდა. შეშფოთებულმა ფაბრიკის დირექტორმა გვამცნო, რომ წერილში საბედისწერო შეცდომა გაიპარა: საწარმოში მხოლოდ 2 ათასი ფრთა ფრინველი გვყავს, კორესპონდენციაში კი 4 ათასი ფრთა წერიაო. ეს რა უბედურებასა გვწიეთ, ამიერიდან სახელმწიფო კვერცხის დამზადების გეგმას ამ ციფრის მიხედვით დაგვიწესებს და დავიღუპეთო. გაზეთის რედაქტორმა სილოვან ნარიმანიძემ ქართლოს კასრაძე რედაქციაში იხმო და უსაყვედურა: შე კაი კაცო, რა შარს გადამკიდე. ადგილზე იყავი მისული, ის ქათმები ხეირიანად დაგეთვალა და მერე ისე დაგეწერაო. – დავითვალე, აბა, არ დავითვალე?! – იუკადრისა ქართლოსმა. – თუ დაითვალე, 2 ათასის ნაცვლად 4 ათასი ქათამი საიდან გაჩნდა? – სილოვან, აბა, დაფიქრდი, – შეედავა იუმორისტი, – ერთ ქათამს ორი ფრთა ხომ აქვს. – აქვს. – ჰოდა, აგაშენა ღმერთმა, 2 ათას ქათამს 4 ათასი ფრთა არ ექნება? რაღა ჰქონდა სათქმელი რედაქტორს, გაჩუმდა. იმისი კაბინეტიდან ქართლოსი გამარჯვებულის იერით გამოვიდა და რედაქტორის მოადგილეს, ისლამ ბაბაევს აზერბაიჯანულად გაუბა საუბარი. ჩვენ ყველამ პირები დავაღეთ – ხედავთ, ქართლოსს ინგლისურთან, ფრანგულთან, ჩინურთან და იამაიკურთან ერთად აზერბაიჯანულიც სცოდნიაო. ქართლოს კასრაძე რომ წავიდა, ბაბაევს ვკითხეთ, რას გელაპარაკებოდაო. – ვერ გეტყვით, ვითომ აზერბაიჯანულად ლაპარაკობდა, მაგრამ იქიდან ერთი სიტყვაც ვერ გავიგეო, – გვითხრა თავადაც პირდაღებულმა ისლამმა“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



