საზოგადოება

ვინ სთხოვდა ვარლამ კორშიას შვილის უშიშროებაში მოწყობას და როგორ იღებდა ის სამძიმრებს ბრეჟნევის გარდაცვალების გამო კუბაში

№20

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 22.05, 2023 წელი

ვარლამ კორშია
დაკოპირებულია

მსახიობი ვარლამ კორშია სერიალ „სიყვარულს მიღმას“ ქასთის წევრია. მან არაერთ ქართულ სერიალში მიიღო მონაწილეობა, უამრავი როლი შეასრულა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე და ამ ყველაფერთან ერთად, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ხმის ტემბრითაც ძალიან კარგად იცნობთ.

ვარლამ კორშია: როდესაც სერიალში მონაწილეობა შემომთავაზეს, სიამოვნებით დავთანხმდი. ჩემი პერსონაჟი ერთი ჩვეულებრივი ადამიანია თავის პლუსებითა და მინუსებით. თავისი საქმე აქვს, ოჯახი და ცხოვრებას მიჰყვება.

– ცოტა ხნის წინ სერიალი „ცხელი ძაღლი“ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ეკრანზე. რას ნიშნავდა თქვენთვის მისი ეკრანზე დაბრუნება?

– კარგა ხანია გასული ამ სერიალის გადაღებიდან. თავის დროზე, ეტყობა, რაღაც სერიები გამოტოვებული მქონდა და ახლა ვნახე. ძალიან კარგი სერიალი იყო და მიხარია, რომ მასში მეც პატარა წვლილი შევიტანე. მადლობის მეტი რა მეთქმის. მახსენდება, რომ არ გვინდოდა მისი დამთავრება. კი ვგრძნობდით, რომ „სანტა ბარბარა“ არ უნდა გამოსულიყო, მაგრამ მაინც გვინდოდა, რომ დიდხანს გაგრძელებულიყო. მაშინაც გვცნობდნენ ქუჩაში. ეგ კი არა, ახლაც მიცნო ვიღაცამ და იმდენი ნიუანსი ახსოვდა, გაოცებული ვუსმენდი. წლების შემდეგ შედარებით ახალგაზრდას რომ უყურებ საკუთარ თავს, ესეც სასიამოვნოა.

– მუშაობის პროცესი როგორ გახსენდებათ?

– ეს სერიალი პატარა კუნძულივით იყო, რომლის წყალობითაც ადამიანებს ცოტა ხნით ყოველდღიური პრობლემები ავიწყდებოდათ. გადაღების პროცესში ისეთ ოსტატთან, როგორიც ჟანრი ლოლაშვილია, სულ რაღაცას სწავლობ. არა მარტო ის, ჩვენთან ერთად მუშაობდნენ დათო დვალიშვილი, ცხონებული გურამ ფირცხალავა და სხვები, მათგან ძალიან ბევრს ვსწავლობდით. არ შემიძლია, არ ვახსენო ჩემი კოლეგები და მეგობრები, რომლებიც სამწუხაროდ, დღეს ცოცხლები აღარ არიან: ვასიკო ძოწენიძე, მიშა გომიაშვილი, ალეკო გეწაძე – ისინი ჩვენი თეატრის მსახიობები იყვნენ. ჩემი მეგობრები იყვნენ და დიდ გულისტკივილთან ერთად, გულში ძალიან დიდი სითბო და სიყვარული დამიტოვეს.

– თქვენს პერსონაჟს საინტერესო გამოხმაურებები არ ჰქონია?

– მოგეხსენებათ, ჩემი პერსონაჟი უშიშროების თანამშრომელია. ერთხელაც, სახლში ვარ და კარზე კაკუნია. გავაღე კარი, მეზობელია. მეუბნება, პატარა საქმე მაქვსო. გისმენ-მეთქი, ვუთხარი და დაიწყო: ხომ იცი, ჩემმა შვილმა ცოტა ხნის წინ პოლიციის აკადემია დაამთავრა. არ მინდა, პოლიციაში წავიდეს, იქ მაინც იარაღთან ექნება საქმეო. გულისყურით ვუსმენ ამ კაცს და თან უკვე ვფიქრობ, რომ ჩვენს თეატრს ჰყავს დაცვა, შეუიარაღებელი, ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობენ 24 საათით და ალბათ, ხელმძღვანელობას უნდა ვუთხრა, რომ ერთი ჩემს ხელში გაზრდილი, არაჩვეულებრივი ბიჭია და კარგი იქნება, თუ დაცვაში მიიღებენ თანამშრომლად-მეთქი. მოკლედ, დავალაგე გონებაში აზრები, მაგრამ მთლად ასე პირდაპირ ვერ ვპირდები, ხომ შეიძლება, არ გამოვიდეს და კარგი, დაველაპარაკები უფროსობას-მეთქი, აღვუთქვი ამ ჩემს მეზობელს. ამის შემდეგ კარგა ხანი ვისაუბრეთ და ბოლოს მეუბნება: ხო, ხო, უშიშროება მაინც სხვა არისო. რომელი უშიშროება-მეთქი? კარგი ახლა რაო. კიდევ უფრო გავოცდი, რა შუაში ვართ მე და უშიშროება-მეთქი? - მართლა არ გამხსენებია ეს სერიალი და გულში ვფიქრობ, დაბადებიდან აქ ვცხოვრობ, ყველამ იცის, ვინ ვარ და ნეტავ, საიდან მოიტანა ჩემი და უშიშროების ურთიერთობა-მეთქი?! კაი, კაიო, მითხრა და უკმაყოფილო წავიდა. მთელი წლის განმავლობაში გამარჯობას სასხვათაშორისოდ მეუბნებოდა. მერე, ალბათ, ვიღაცამ უთხრა, რომ ეს, უბრალოდ, როლი იყო და სინამდვილეში ისევ მსახიობი ვიყავი (იცინის). ახლა რომ პრეზიდენტის როლი ვითამაშო და ვინმემ მისი პატიმრის შეწყალება მთხოვოს (იცინის)...

– მერე ნახეთ თქვენ უკმაყოფილება...

– ახალი მისული ვიყავი მარჯანიშვილის თეატრში და ერთ-ერთ პიესაში ვუკრავდი. მოკლედ, სცენაზე ჩემს როლს ვასრულებდი და დარბაზიდან ქალბატონმა მომაძახა, გაგიხმეს ხელებიო. ხდება ხოლმე ასეთი რამეები (იცინის).

– ბოლო პერიოდში ეკრანზე ნაკლებად აქტიური იყავით, მაგრამ თქვენი ხმა ყოველთვის აქტიურია და იშვიათად, თუ ვინმემ ვიზუალურად ვერ გიცნოთ, ხმით მაინც გიცნობენ. ეს ისტორია როგორ დაიწყო?

– ეს 25 წლის წინანდელი ამბავია. გახმოვანებაზე მუშაობა დიდი ხნის წინ დავიწყე. მაშინ ახალი გახსნილი იყო „რუსთავი 2“. ის დროა, როცა არაფერი ხდება, არც სერიალია, არც კინო და ვერაფერს აკეთებ. შუქი თუა, ტელევიზორს უყურებ, მეგობრებს ნახულობ და მოკლედ, სულ ესაა, ნამდვილად არ იყო სახარბიელო მდგომაროება. ერთხელაც, მირეკავს მეგობარი და მეკითხება, რას აკეთებო. როგორც იმ პერიოდს შეეფერებოდა, ვუპასუხე, არაფერს-მეთქი. მეუბნება, ხვალ, ამა და ამ დროს „რუსთავი 2-ში“ მოდიო. მე დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ „რუსთავი 2“ რუსთავში იყო და ვუთხარი, შენ შემოგევლე, თავი დამანებე, რა ჩამოვა რუსთავში, თან, სულ ორჯერ ვარ მანდ ნამყოფი-მეთქი. არა, არა, აგერაა, რა რუსთავშიო და მისამართი მითხრა. მოკლედ, წავედი ჩემი მეგობრის ხათრით და ტელევიზიასაც ადვილად მივაგენი (იცინის). იქ ვიღაცები ვნახე, რაღაც ჩავწერეთ და წამოვედით. ერთი წამითაც არ დამიშვია, რომ ამას გაგრძელება მოჰყვებოდა. იმავე საღამოს მირეკავენ და მეუბნებიან, ხვალ დილით მოხვალთ და სერიალის გახმოვანებას დაიწყებთო. ვისთან რეკავთ-მეთქი, გაკვირვებულმა ვკითხე (იცინის). ასე დაიწყო ეს ისტორია და 25 წელია, გრძელდება.

– გქონიათ შემთხვევა, რომ ვიზუალურად ვერ უცვნიხართ, მაგრამ ხმას დაუფიქრებია ვინმე?

- კი, კი. ქობულეთში ცოლ-შვილი მყავდა ჩაყვანილი და ბინას ვეძებდი. ერთი ქალი მიყურებს აივნიდან და მასაც ვკითხე, თავისუფალი ოთახი ხომ არ გაქვთ-მეთქი. მიყურებს და ხმას არ იღებს. კითხვა გავუმეორე, გამიღიმა და მეკითხება, სიდან გიცნობო? არ მიცნობთ, ქალბატონო, პირველად მხედავთ-მეთქი, ვუთხარი და წამოვედი. გავიხედე უკან და მომდევს იმავე კითხვით, მითხარი, საიდან გიცნობთო. მერე ჩემმა ცოლმა მითხრა, ალბათ, ხმით გიცნოო (იცინის).

– ანუ, არ გაქვთ ხოლმე მოლოდინი, რომ გიცნობენ?

– რადგან მსახიობი ხარ, აუცილებელი ხომ არაა, ვიღაცამ გიცნოს, ყოველთვის არ ხდება ეგრე. ახალი მსახიობი ვარ, აღდგომის დღესასწაული მოდის და კვერცხის შოვნა ჭირს. ვიღაცამ მოგვიტანა ამბავი, დიდ დიღომში, ამა და ამ კორპუსთან ამა და ამ საათზე მიიტანენ კვერცხსო.

დავქოქე მანქანა და გავიქეცი. ვდგავართ რიგში, ხელისგულზე გვაწერია ნომრები და არის ერთი ამბავი. ვიყიდე ეს კვერცხი და მოვედი სახლში გახარებული. მეორე თუ მესამე დღეა და რეპეტიცია დამთავრდა და თეატრიდან გამოვედი. იქვე ორი ახალგაზრდა გოგო დგას და საუბრობს. ერთი მეორეს ეუბნება, შეხედე, როგორ ვერ იცანიო. მეორე ეკითხება, ვინ არისო? მე ვფიქრობ, ალბათ, წინა დღეებში სპექტაკლში მნახეს და მიცნეს-მეთქი და ვიჭიმები. ამ დროს მესმის, როგორ არ გახსოვს, ჩვენთან ერთად კვერცხის რიგში იდგაო, გაახსენა პირველმა (იცინის).

– მსახიობობის ამბავი როგორ დაიწყო?

– ბავშვობაში სპექტაკლებზე დავდიოდი, თეატრალური გადაცემების სანახავად სკოლიდან თავქუდმოგლეჯილი მოვრბოდი, მაგრამ მაშინ ჯერ პატარა ვიყავი და მსახიობობაზე, როგორც პროფესიაზე, არ მიფიქრია. მეცხრე კლასში ამხანაგმა წამიყვანა მოსწავლე-ახალგაზრდობის თეატრში. მომეწონა იქაურობა. მერე სპექტაკლების დადგმა დავიწყეთ და შემაქეს, ესეც მომეწონა. ნელ-ნელა დავინტერესდი. ამიტომ, სკოლის დამთავრების შემდეგ, თეატრალურში გადავწყვიტე ჩაბარება, მაგრამ არ მიმიღეს. არც მეორე წელს მიმიღს და ჯარში წავედი. მიუხედავად ამ წარუმატებლობისა, ერთი რამეა სანუგეშო – საბჭოთა არმიაში კუბის სახალხო რესპუბლიკაში ვმსახურობდი (იცინის). სამხედრო სამსახურს ვამთავრებდი, როცა ბრეჟნევი გარდაიცვალა და კუბელმა ოფიცრებმა მე მომისამძიმრეს. მეც ძალიან ტრაგიკული სახით მივიღე ეს სამძიმარი (იცინის). წარმოიდგინეთ, ამხელა პატივი მერგო, პირადად ვიღებდი ბრეჟნევის სამძიმარს და ვიჭიმებოდი (იცინის). ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, ვფიქრობდი, რომ უკვე დიდი ვიყავი, მაგრამ ბოლოჯერ მაინც ვცადე. ქულა დამაკლდა და ისევ ვერ ჩავაბარე. ჩავიქნიე ხელი, ვიფიქრე, რომ სხვა რამეს ვისწავლიდი. იმავე ზაფხულს, ერთ მშვენიერ დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ თეატრალურში უნდა მივსულიყავი. ვიფიქრე, ალბათ, მეტყვიან, მოჰკიდეთ ხელი თქვენს საბუთებს და წაიღეთ, აქ ტყუილად ედება მტვერიო. მივედი და მითხრეს, რექატორთან გიბარებენო. სულ დავიბენი, რა ჩავიდინე ასეთი-მეთქი. იქ რამდენიმე ჩემი ამხანაგი ვნახე, ისინიც ჩემთან ერთად აბარებდნენ. რუსული ვინ იცისო, გვეკითხებიან. არავინ იღებს ხმას და ავწიე ხელი, მე ვიცი-მეთქი. თურმე, სოხუმში იხსნებოდა მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრი და რუსული ჯგუფი დგებოდა. მკითხეს, ვისწავლიდი თუ არა რუსულ ჯგუფში და ჩემში უკვე გაიღვიძა მიძინებულმა სურვილებმა. მოკლედ რომ ვთქვათ, დავთანხმდი და დავრჩი. ასე დავამთავრე რუსულად ქართული თეატრალური ინსტიტუტი.

– ოჯახი როდის შექმენით?

– მესამე კურსზე ვიყავი, რომ დავქორწინდი. ჩვენი შეყვარებულობის ამბავზე ლეგენდები დადიოდა. ყველა ჩემთან მოდიოდა ორკაპიკიანი მაჩუქეო. ყოველთვის მქონდა ორკაპიკიანი, იმიტომ, რომ სულ შეყვარებულს ვურეკავდი და ზეპირად ვიცოდი, რომელ კუთხეში იდგა სატელეფონო ავტომატი. მეოთხე კურსზე ვიყავი, როდესაც ჩვენი ერთადერთი და განუმეორებელი გვანცა შეგვეძინა. შვილიც ჩემი პროფესიის გახლავთ, ერთად ვართ მარჯანიშვილის თეატრში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი