ვინ იშვილა ვახტანგ ჭაბუკიანმა და რატომ დასრულდა მისი სიცოცხლე ტრაგიკულად
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 19.11
სასტიკი და დაუნდობელი აღმოჩნდა ცხოვრება ვახტანგ ჭაბუკიანისთვის. მის წინააღმდეგ მიმართული ინტრიგები და გამუდმებული ბრძოლა ჯერ კიდევ 1968 წელს დაიწყო, როდესაც მისი საყვარელი დისშვილი და შვილობილი, ბალერინა ეთერ ჭაბუკიანი მოკლეს. 1972 წელს, როგორც იცით, დაიწვა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ამ ბოროტების დაკვეთაში კი მისი მეორე დისშვილი, თენგიზ რუხაძე დაადანაშაულეს. თუმცა მაშინვე გაჩნდა სხვა ეჭვმიტანილიც, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი საქართველოში ცნობილი ტერაქტების ავტორმა, რეპრესირებული ოჯახის შვილმა, ვლადიმერ ჟვანიამ დაწვა...
ვისთვის იყო ვახტანგ ჭაბუკიანი არასასურველი, იყო თუ არა მისი თავიდან მოშორების მიზეზი პოლიტიკა, რომელზე საუბარიც, თურმე, მას ძალიან ჰყვარებია და რატომ მოკლეს რეალურად მისი შვილობილი, ჭაბუკიანის სიძე იხსენებს.
ეს ორი დიდი ხელოვანის, ბიძა-დისშვილის – ვახტანგ და ეთერ ჭაბუკიანების ცხოვრების მძიმე ეპიზოდებია, რომელიც აქ გავაერთიანე.
მშვენიერი ბალერინა ეთერ ჭაბუკიანი 1968 წლის 11 აპრილს, 37 წლის ასაკში, სრულიად გაურკვეელ ვითარებაში მოკლეს. საყვარელ მეუღლესთან, გურამ ჭიკაძესთან ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მათ ორი წლის გოგონა დარჩათ. 24 წლის შემდეგ, 6 აპრილს ვახტანგ ჭაბუკიანი გარდაიცვალა.
გურამ ჭიკაძე: „1962 წელი იყო. მთაწმინდაზე ვცხოვრობდი. ბიჭები ხშირად დავდიოდით ოპერისა და ბალეტის თეატრში. იმ პერიოდში კინოსტუდიაში ვმუშაობდი რეჟისორის ასისტენტად. გადაღება არ გვქონდა. მსახიობ გურამ ლორთქიფანიძის შეყვარებული იყო ეთერის მეგობარი, ბალერინა ლულუ კაპანაძე. გურამმა მითხრა, ქუთაისში არიან გასტროლებით და წამო, წავიდეთო. მეც გავყევი, ვიცოდი, რომ სასტუმროში იყვნენ გაჩერებულები. მივაკითხეთ. მე ეთერმა თავისთან ნომერში მიმიპატიჟა. ავედით. დეიდამისი, თამარიც იქ იყო. დავსხედით, ვისაუბრეთ. მოკლედ, ასე გავიცანით ერთმანეთი. მერე მე და გურამი წამოვედით ქუთაისიდან. ისინი გასტროლებზე დარჩნენ. გავიდა ერთი კვირა. მე და გურამი კინოსტუდიაში ვართ, კარისკაცმა შეგვატყობინა: ორივე გურამებო, ეთერ ჭაბუკიანია მოსული და თქვენ გკითხულობთო. ლორთქიმ, მოდი, შენ ჩადიო. ჩავედი. ეთერმა რაღაც ქაღალდი გამომიწოდა და მითხრა: ლულუმ გურამთან წერილი გამომატანა და თუ შეგიძლია, გადაეციო. რა თქმა უნდა, გურამს წერილი გადავეცი. მე კი ეთერი პლეხანოვზე გავაცილე. მაშინ, ვახტანგი იქ ცხოვრობდა. შემდეგ ერთი-ორჯერ ისევ დავხვდი სპექტაკლის შემდეგ და ისევ სახლში მივაცილე. თავისუფალ დროს კი კინოში დავდიოდით. ასე, ექვსი თვე ვესიყვარულეთ ერთმანეთს და ერთ მშვენიერ ზაფხულს, როცა თეატრის სეზონი არ იყო, ლიკანში წასვლა შევთავაზე. სიამოვნებით დამთანხმდა, ბარემ ღვიძლზე ვიმკურნალებო (ვახტანგს ეთერი მუდმივ დიეტაზე ჰყავდა, ამიტომ ღვიძლი აწუხებდა) და წავედით... ვახტანგ ჭაბუკიანს მე კი არა, საერთოდ არავინ უნდოდა სიძედ. არ ფიქრობდა მის გათხოვებაზე. დიდი ამბითა და მორიდებით მივედით მამამისთან მე და ჩემი მეგობარი რეზიკო თარხან-მოურავი, თან, მისი დისშვლი თენგიზ რუხაძეც გვახლდა. იმ მომენტში მხოლოდ მამამისი იყო სახლში. ღამე იმ სახლში გავათიეთ... ძალინ მოკრძალებული ნიშნობა გვქონდა ლიკანში ერთი-ორი კვირა დავრჩით. იქიდან რომ ჩამოვედით, ლაპარაკი იყო იმაზე, თუ სად უნდა გვეცხოვრა. ვახტანგმა გვითხრა: სად უნდა წახვიდეთ, ჩემთან დარჩითო. მე დედისერთა ვარ, მთაწმინდელი. როგორ? მთაწმინდა მივატოვო და თქვენ ჩაგესიძოთ? არ გამოვა ეგ ამბავი. მოდი, ასე მოვიქცეთ, სანამ ბინას მივიღებთ, ხან თქვენთან ვიქნებით, ხან ჩვენთან-მეთქი. რა ბინა, რის ბინა, ეს სახლი თქვენიაო. უზარმაზარი ბინა ჰქონდათ, მთელი ორი ბინა ერთად შეერთებული. მოგეხსენებათ, ვახტანგ ჭაბუკიანი უშვილო იყო, ეთერს და-ძმა ჰყავდა. ვახტანგმა მამამისს სთხოვა, ეთერი მომაშვილეო. იშვილა და თავის გვარზე დაწერა. ეთერი 10 წლის იყო, ცეკვა რომ დააწყებინა. ძალიან წურავდა თურმე. მთელ დასში ყველაზე მეტად მისგან მოითხოვდა და მას უჯავრდებოდა, რომ მის მაგალითზე სხვები გაფრთხილებულები ყოფილიყვნენ... მოკლედ, ვახტანგმა კი გვითხრა ეს ბინა თქვენიაო, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ ის ბინა წაგვართვეს. უნდოდათ, სახლ-მუზეუმი გაეკეთებინათ, არადა, ვახტანგის ოჯახის წევრები ვიყავით, ჩვენი ქალიშვილიც ჩემთან ერთად ცხოვრობდა ამ სახლში. იმ სახლზე სამი აბრაა გაკეთებული: „ამ სახლში ცხოვრობდა ვახტანგ ჭაბუკიანი“, ამ სახლში ცხოვრობდა თამარ ჭაბუკიანი“ და „ამ სახლში ცხოვრობდა ეთერ ჭაბუკიანი“. მას ბინაში არავინ ჰყავდა ჩაწერილი და მე ის კაცი არ ვიყავი, მეთქვა, ბინაში ჩამწერეთ-მეთქი. განცხადება მინისტრთან იდო. რომ გაიგეს, წესით იმ ბინაში ეთერის შვილი უნდა ყოფილიყო, განცხადება დახიეს. ბინა ეკუთვნოდა კულტურის სამინისტროს. კულტურის სამინისტროს ფონდიდან ის ქალაქის საბჭოს გადაეცა. ეთერ გუგუშვილმა, რადგან ვახტანგ ჭაბუკიანის ფონდის პრეზიდენტი იყო, მოახერხა, ბინა თავის სახელზე გააფორმებინა. იმ პერიოდში უკვე ვალერი ასათიანი იყო კულტურის მინისტრი. მივედი და ვუთხარი: კი მაგრამ, ბატონო ვალერი, როგორ შეიძლება ასეთი რამ, რაც აქ ხდება-მეთქი. უკვე დაკარგეთო, – მითხრა. ვერ მოვახერხე ვანო ზოდელავასთან მისვლა, რომ მეთქვა, დედაშენმა, ნინა ჟვანიამ დაასაფლავა ჩემი ეთერი, ადგილი გამოუყო და ყველაფერი თავის თავზე აიღო. დედაშენს რომ გაეგო, რომ ეთერის შვილი გამოაგდე იქიდან და ვიღაც ქალი ჩაწერე, რომელსაც თურმე, ეს სახლი თავისი ნათესავებისთვის სდომებია, მაინტერესებს, როგორ ხასიათზე დადგებოდა-მეთქი. ვითომ ყველა აღშფოთებულია ამ ფაქტით, მაგრამ რა? საბოლოოდ მაინც არაფერი გაკეთდა.
იდუმალი სიკვდილი
... ჩვენ ექვსი წელი ვცხოვრობდით ერთად. მისი გარდაცვალებიდან 34 წელი გავიდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში შეურაცხყოფის მეტი არაფერი მიგვიღია. როგორ გააქრეს ეთერი, ვერავინ ვერაფერი გავიგეთ. თან წაიღო თავის სიკვდილის საიდუმლო. ჯერ გავრცელდა ვერსია, რომ თავი მოიკლა. რა სჭირდა საამისო?! ადვილია, თქვა თავი მოიკლა. თუმცა, მგონია, რომ თავის სიკვდილით ოჯახი გადაარჩინა. ეთერი 1 აპრილს იყო დაბადებული, იაპონიიდან, სადაც ორი თვე იმყოფებოდა, ახალი დაბრუნებული იყო. 11 აპრილი, კვირა დღე იყო. იმ დღეს მე არ ვმუშაობდი, ეთერი, ორშაბათი დღის გარდა, ყოველდღე მუშაობდა. დილის 11 საათისათვის სახლიდან ერთად გავედით. ტროლეიბუსში მე თვითონ ჩავსვი და თეატრში წავიდა. მე და ბავშვი კი – ზოოპარკში წავედით. ეთერი მალევე, პირველი საათისთვის უნდა დაბრუნებულიყო სახლში, რადგან მერე ჩვენ ერთად უნდა წავსულიყავით სტადიონზე ფეხბურთის მატჩის საყურებლად. სახლში რომ მივედი, მითხრეს, თეატრიდან დარეკეს, ეთერი არ მოსულაო. ვარიანტი არ იყო, გაეცდინა. ეს წარმოუდგენელი იყო. ბოლო დღეებში კბილი აწუხებდა, ვიფიქრე, კბილი ისევ ასტკივდა და ხუთი წუთით ექიმთან თუ შეირბინა, დააგვიანდა და ამიტომ გააცდინა-მეთქი. სხვა რა უნდა მეფიქრა. მე, ვახტანგი და თენგიზ რუხაძე გავვარდით საძებნელად. შემოვიარეთ ქალაქის ყველა საავადმყოფო. ბოლოს, პროზექტურაშიც მივედით. იქ გვითხრეს, ახლახან მოიყვანეს ახალგაზრდა ქალი, ცისფერი ქვედაბოლო აცვიაო. ტვინში დამარტყა. იმ დღეს ეთერს ზუსტად ცისფერი ქვედაბოლო ეცვა. იმწუთასვე ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა. იქიდან რომ გამოვედით, ვახტანგი მანქანას ეცა და თავს ურტყამდა. ძალიან ცუდ დღეში იყო... არ ვიცი რა უნდა მომხდარიყო. თეატრში მიდიოდა და მეიდანზე როგორ აღმოჩნდა, ჩემთვის დღემდე გაურკვეველია. ჰესამდე, ხიდთან რესტორანი „კრწანისია“. იქვე დგას ხუთსართულიანი სახლი. ამ სახლთან დატრიალდა ეს ტრაგედია. როგორც თვითმხილველებმა აღწერეს, ეთერი ვიღაც 40-45 წლის ასაკის მამაკაცს ესაუბრებოდა, ამ კაცს წინ ოქროს კბილი უჩანდა და თეთრი თმა ჰქონდაო. ყავისფერი პლაში სცმია. ალბათ, ნაცნობი იყო, თორემ უცნობს ხომ არ დაელაპარაებოდა. თურმე, კამათობდნენ კიდეც. წივილ-კივილი რომ ამტყდარა, ხალხი გაოცებულა – როგორ? ამწუთას აქ არ იდგა და კაცს არ ელაპარალებოდაო?.. ყოველ შემთხვევაში, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ თვითმკვლელობა არ ყოფილა. თუ თავის მოკვლა უნდოდა, მეიდანზე რატომ წავიდოდა, ამ ლოგიკით, სახლშიც მოიკლავდა თავს. ამ სახლის მეოთხე სართულზე ასულა, ჯერ პლაში გაუხდია, დაუკეცავს, ზემოდან ჩანთა დაუდია, შემდეგ, მეხუთეზე ასულა და გადმომხტარა.
ვერსია - ნარკოტიკები
გავრცელდა ხმა, რომ ეთერ ჭაბუკიანს საზღვარგარეთიდან ნარკოტიკები შემოჰქონდა. ეთერ ჭაბუკიანს სამაგისო არაფერი სჭირდა, რომ ნარკოტიებთან ჰქონოდა საქმე, ეს მე არ მეცოდინებოდა? ანდა, სად იყო მაშინ ნარკოტიკი. ეთერი ისეთი გოგო იყო, ზედმეტად რამეს მოჰკიდებდა ხელს? მით უმეტეს, ნარკოტიკს, ეს ზღაპარია. წარმოუდგენელია. იმხელა სიყვარული და ურთიერთგაგება გვქონდა, ჩვენ შორის არანაირი საიდუმლო არ იყო. დაიწყო გამოძიება. ბევრი ვირბინე აქეთ-იქით. ბოლოს, აზრზე რომ მოვედი, ვიფიქრე, სად, ვისთან დავდივარ-მეთქი. კგბ-ს ვინც უნდა, მაინც იმას იჭერს-მეთქი. ყველაფერი ბლეფი აღმოჩნდა. გადამეწურა ყველაფრის იმედი და აღარ ვეკარებოდი მათ. ეთერი ხელოვნების მუშაკთა სახლიდან გავასვენეთ. იცით, ვახტანგმა დასაფლავების დროს რუსულად რა მითხრა? „აი, გუშინ კიდევ ერთხელ დარეკეს და მითხრეს, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა. დიდხანს ლაპარაკი არ შემიძლიაო და ყურმილი დაკიდესო“. ვახტანგი, ცოტა არ იყოს შეშინდა. არადა, მას შეეძლო მოსკოვში ჩასულიყო მაშინ და რამე გაეკეთებინა, კაცი მსოფლიოს აზანზარებდა. არავინ არაფერს აკეთებდა და მეც გავჩერდი. ყველა გაჩერდა და მარტო მე რა უნდა მექნა, შვილი მყავდა გასაზრდელი. ერთი ძუძუ არ მიწოვებია მისთვის, თორემ სულ მე გავზარდე... ჩემი ქალიშვილი ინგლისური ენის სპეციალისტია. უნივერსიტეტში ასწავლის, მასაც უნდოდა ბალერინობა, დედამისის მსგავსად, მაგრამ, მე არ გავუშვი. ჩემი სიძე მისი კოლეგაა...
როგორც მარჯანიშვილი
არც ის ვიცი, ვახტანგს რატომ დაბრალდა ოპერის თეატრის დაწვა, ვითომ თავის დისშვილს, თენგიზ რუხაძეს გადაუხადა 50 000 მანეთი – ეს ფული გამნათებლებს დაურიგე და თეატრი დაწვითო. ჯერ ერთი, სად ჰქონდა ვახტანგს 50 000 მანეთი, მილიონერი ხომ არ იყო. შვიდი კაცი გაასამართლეს მაშინ და იცით, რა იკისრა იმ შვიდმა კაცმა? თენგიზმა მოგვცა ფულიო. სად არის ლოგიკა? ეთერი იქ მუშაობდა, თამარი იქ მუშაობდა, თვითონ ვახტანგიც იქ მუშაობდა და რატომ დაწვავდა თავის თეატრს?.. იცით, ვახტანგი როგორი კაცი იყო? რუსთაველზე, ლაღიძესთან რომ გაგევლო მასთან ერთად, ლაღიძის ხაჭაპურსა და წყალზე არ დაგპატიჟებდა, არამცთუ ამხელა ფული ვინმესთვის მიეცა, თანაც თეატრის დასაწვავად. თუ მართლა ვახტანგმა მისცა ფული, მაშინ რატომ ვახტანგიც არ დაიჭირეს, როგორც დამკვეთი? მაგრამ იმთავითვე ასე იყო. მარჯანიშვილიც ასე არ მოსპეს? – შეგვჭამა მარჯანოვმაო. მერე, რომ მოკვდა კაცი, მეტრო, თეატრი და მთელი მოედანი მარჯანიშვილის სახელობის გახადეს. სიცოცხლეში უნდა ადამიანს დაფასება. მერე რა აზრი აქვს რამეს... წყნეთის აგარაკს ვახტანგი რვა წელი აშენდებდა. ლენინური პრემიითა და ფილმის გადაღებებზე აღებული ფულით ააშენა სახლი. ვეუბნებოდი: მუშას ფული უნდა მისცე, აჭამო და ყოველდღე თითო ბოთლი ღვინოც უნდა დაუდგა-მეთქი. ვა, მე ვინ მაძლევს ზედმეტსო, მე რა, ფულს არ ვუხდი მათ? მე აქ ვიშიმშილო, თვითონ ჭამონ, სვან, მაყუთიც აიღონ, ეგრე სად არისო?.. ვახტანგმა ღალატი და ჩაშვება არ იცოდა. პატრიოტი ადამიანი იყო. ამერიკიდან რომ მოდიოდა 20-იან წლებში, მუხლმოდრეკილი ეხვეწებოდნენ, დარჩიო. ქალაქის ცენტრში უზარმაზარ შენობაზე ასეთი წარწერა გააკეთეს – „ვახტანგ ჭაბუკიანი პოკიდაეტ ამერიკუ!“
მას ჰყავდა ცოლი
მას ჰყავდა ცოლი ვინმე ტიხომიროვა. ლენინგარდში ყოფნის დროს მოიყვანა. ულამაზესი ქალი ყოფილა. როგორც ვიცი, მუცელი მოეშალა, მაგრამ ვახტანგისთვის ამის შესახებ არაფერი უთქვამს. ვახტანგმა რომ გაიგო, საშინლად გაბრაზდა და იმწუთასვე მიიღო გადაწყვეტილება, გაშორებოდა. ის ქალი მერე მოსკოვში ქართველმა ცნობილმა მომღერალმა კანდელაკმა ითხოვა... მისი საქმე ცეკვა იყო. სცენაზე, უბრალოდ, ისეც რომ გაევლო, მისი ეს ერთი გავლაც იცით, რად ღირდა?! სცენაზე მამაკაცურ თვისებებს აფრქვევდა. ბევრი არა, მაგრამ რამდენინე, ალბათ, ორი ან სამი მეგობარი ჰყავდა. მისი მეგობარი იყო ზურაბ კიკალიშვილი („ვერის უბნის მელოდებში“ ფოსტალიონის როლის შემსრულებელი). ზურაბ კიკალიშვილი ცნობილი მოცეკვავ გახლდათ. ცოლიც ჰყავდა და შვილებიც. ბინძური საქმეა კაცზე რამის დაბრალება... სუფრასთან რომ დავჯდებოდით მალევე უნდა ავმდგარიყავით. თვითონ ერთ ლუკმას შეჭამდა და მერე ჩვენ გვეუბნებოდა: აბა, ჩქარა ალაგდით, გეყოფათო. ეთერმა მშობიარობაზე ცოტა მოიმატა 48 კილო უნდა ყოფილიყო და 50 გახდა. კინაღამ გაგიჟდა. ხელად ჩამოაყრევინა წონა. საწყალ დედაჩემს უხაროდა, ცოტა რომ მოსუქდა – სულ გაჩხიკინებული იყო და რა ლამაზი გოგო ყოფილაო.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





