საზოგადოება

ვინ იყო სისასტიკით განთქმული ქართველი გენერალი და რატომ შეუკვეთა სიმამრმა მისი მოკვლა

№40

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 11.10, 2022 წელი

ივანე დუმბაძე
დაკოპირებულია

ივანე დუმბაძე 1851 წლის 19 იანვარს ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედში დაიბადა. მამა, აზნაური ანტონ ნიკოლოზის ძე დუმბაძე, ცნობილია, როგორც ლოტბარი და მგალობელი. ამასთან ერთად, იგი გახლდათ პოლიციის პორუჩიკი, რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე და გურიის მილიციის ასეულის უფროსი. დედა კი თავად ნაკაშიძის ასული იყო.

მათ ოჯახში ცხრა შვილი იზრდებოდა – 2 ასული და შვიდი ვაჟი: დავითი, ივანე, ნიკოლოზი, მიხეილი, იოსები, სამსონი, მელიტონი, მართა და ელენე. უფროსი ვაჟი, დავითი, სასულიერო პირი გახდა და მამის საქმე გააგრძელა. ის განთქმული მგალობელი იყო; მელიტონი სამოქალაქო სამსახურში ჩადგა; დანარჩენმა ვაჟებმა კი ცხოვრება სამხედრო საქმეს მიუძღვნეს და ხუთივემ რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ-მაიორობას მიაღწია. მათგან ყველაზე წარმატებული გახლდათ ივანე დუმბაძე – ქალაქ იალტის მთავარმართებელი, რუსი ხალხის კავშირის ერთ-ერთი მესვეური, ნიკოლოზ მეორესთან დაახლოებული პირი, ცნობილი თავისი ექსტრავაგანტური ქცევების, სისასტიკისა და შავრაზმული შეხედულებების გამო.

ივანე დუმბაძემ ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლა ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელში გააგრძელა. იგი 1877–1878 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში.

1879 წელს ივანე დუმბაძე დაინიშნა ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორის ოფისში, ერთ-ერთი დამსჯელი ასეულის მეთაურად. მისი მოვალეობა იყო მაღალმთიან რაიონებში არსებული აჯანყების ჩახშობა. მალე იგი გურიაში, მშობლიურ მხარეში გაამწესეს ფირალებთან საბრძოლველად.

გურიაში ყოფნისას ივანემ მოიტაცა ესე გურიელის ქალიშვილი. გურიელმა ითაკილა აზნაურ დუმბაძის სიძეობა და ფირალ დათულია სურგულაძეს სთხოვა მისი მოკვლა. 1882 წელს ორმხრივ სროლაში ფირალები დახოცეს. ამ დამსახურებისთვის ივანე დუმბაძე დააჯილდოვეს წმიდა ანას მესამე ხარისხის ორდენით (ბაფთითა და ხმლებით). იმავე წლის 7 აგვისტოს იგი კაპიტანი გახდა. 1886 წელს დაიჭრა და მიიღო კონტუზია, რის გამოც ის დაჯილდოვდა წმიდა ანას მეორე ხარისხის ორდენით (ხმლებით).

ფირალებთან ბრძოლაში ივანე დუმბაძემ სულ ცხრა წელი გაატარა. შემდეგ ის გადაიყვანეს მესამე კავკასიურ დრუჟინაში სამხედრო მოსამართლედ.

ამ პერიოდში დუმბაძე დაახლოებული იყო ქართულ ნაციონალისტურ ჯგუფებთან. მათთან კავშირი 1900-იანი წლების დასაწყისიდან გაწყვიტა და დადგა რუსიფიკატორული პოლიტიკის მხარეს. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ აქტიურად ჩაერთო რუსეთის იმპერიაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში.

1905 წლის ოქტომბრის მანიფესტის გამოცემისა და სოციალური მღელვარების გაზრდის შემდეგ, 1906 წლის 26 ოკტომბერს იალტაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დუმბაძე დაინიშნა კურორტის უმაღლეს სამხედრო კომენდანტად. მას უნდა დაეცვა მეფის საზაფხულო რეზიდენცია, რომელიც იალტის ახლომდებარე დაბა ლივადიაში მდებარეობდა. 1907 წლის 31 მაისს იგი გახდა გენერალ-მაიორი. 1908 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა იალტის უმაღლეს მთავარმმართებლად.

ივანე დუმბაძის მიერ იალტაში და ოდესაში გუბერნატორ ტოლმაჩოვის მიერ დამყარებულ რეჟიმს ისტორიკოსები „ტოლმაჩოვ-დუმბაძის დიქტატურად“ მოიხსენიებენ.

დუმბაძე პატრიარქალური ტიპის მმართველი იყო, რომელიც ძირითადად სასამართლო ფუნქციებს ასრულებდა და საოჯახო დავებშიც კი ერეოდა. ის მოქმედებდა სწრაფად, დამოუკიდებლად და გადამწყვეტად, ხშირად იგნორირებას უწევდა მოქმედ კანონებსა და სენატის მოსაზრებებს. იმ პერიოდში იალტას დუმბაზიას ეძახდენ, აქედან ჩანს, რამდენად დიდი იყო მისი გავლენა. ის მხარს უჭერდა შავრაზმელებს. შავრაზმელები იყვნენ რეაქციონერული, უკიდურესად მემარჯვენე ანტისემიტური ჯგუფი. მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა შავრაზმელთა ყველაზე მსხვილი ორგანიზაცია, „რუსი ხალხის კავშირი“, დუმბაძემ მათთან დაამყარა ახლო კავშირი და მათი წევრობის მანდატიც მიიღო.

1907 წლის 26 თებერვალს ივანე დუმბაძეს თავს დაესხნენ. იალტის მახლობლად, სოფელ ჩუკურლარში, ნიკოლაევსკის ქუჩაზე მდებარე ნოვიკოვის აგარაკიდან მის ეკიპაჟს ყუმბარა ესროლეს. დუმბაძე არ დაჭრილა, თუმცა კონტუზია მიიღო, რამაც შემდეგში გულის მძიმე დაავადება გამოიწვია. განრისხებულმა გენერალმა ჯარისკაცებს აგარაკის გადაწვა უბრძანა და იქიდან ხალხი ისე გამოყარა, რომ ბარგის გამოტანის საშუალებაც არ მისცა.

1912 წლის 4 აგვისტოს, სამხედრო მინისტრის ბრძანებით, გენერალი დუმბაძე ქვეითთა დივიზიაში დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე თვეში იალტის მთავარმართებლობიდანაც გადააყენეს. ის ჩაირიცხა სამხედრო სამინისტროს რეზერვში. იმავე წლის დეკემბრის თვეში ნიკოლოზ მეორემ დუმბაძე მისი საიმპერატორო უდიდებულესობის ამალაში ჩარიცხა და მალე, იმპერატორის პირადი სურვილით, იალტის მმართველის თანამდებობაზეც აღადგინეს.

1914 წლის აგვისტოში „ორმოცწლიანი უზადო სამსახურისთვის“ ივანე დუმბაძემ მიიღო განსაკუთრებული ნიშანი წმიდა გიორგის ბაფთაზე. ის, ასევე, დაჯილდოებული იყო რამდენიმე რუსული და უცხოური ორდენით.

პირველ მსოფლიო ომში ივანე დუმბაძემ ავადმყოფობის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო. 1916 წლის გაზაფხულზე მას კიევში ჩაუტარდა ოპერაცია, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. იმავე წელს, ის საკუთარი სურვილით გადადგა იალტის მმართველის პოსტიდან, მაგრამ დარჩა ამალის შემადგენლობაში. გარდაიცვალა 1916 წლის 1 ოქტომბერს ლივადიაში და დაიკრძალა სამხედრო და სამოქალაქო პატივით.

გამოყენებული მასალების წყარო: ვიკიპედია; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა