ვინ იყო „საქართველოს ლომონოსოვი“ და რა აკავშირებდა მას აკაკი წერეთელთან
ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 24.08, 2021 წელი

ვასილ პეტრიაშვილი 1842 წელს სოფელ წალასყურში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. მას წერა-კითხვა მამამ ასწავლა. 11 წლისა კი თბილისის სასულიერო სემინარიაში მიაბარეს. დამთავრებისთანავე ოდესაში გაემგზავრა და ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მალევე ქიმიით დაინტერესდა და ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე განაგრძო სწავლა. თავიდანვე მიიქცია პროფესორების ყურადღება და უნივერსიტეტის დამთავრებისასვე მიანიჭეს სამეცნიერო ხარისხი. მალე დაიცვა დისერტაცია ქიმიის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად, რის შემდეგაც ტექნიკური ქიმიის დოცენტად აირჩიეს. ის ლექციებს სიცოცხლის ბოლომდე კითხულობდა. აირჩიეს ექსტრაორდინარ პროფესორად და მიავლინეს პარიზში, სადაც ისეთ ცნობილ ფრანგ ქიმიკოსებთან მუშაობდა, როგორებიც იყვნენ ბერთოლე, ვიურცი და სენკლერ-დევილი. ამის შემდეგ კვლავ ოდესაში დაბრუნდა. 1905 წელს, როცა ოდესის უნივერსიტეტში მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, ვასილ პეტრიაშვილი, რომელიც სიყვარულითა და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მოსწავლე ახალგაზრდობასა და აკადემიურ პერსონალს შორის, ფიზიკისა და მათემატიკის დეკანი გახდა. შემდეგ კი რექტორად აირჩიეს.
ვასილ პეტრიაშვილის ნაშრომებმა ორგანულ ქიმიაში წარუშლელი კვალი დატოვა მეცნიერებაში. მისი პირველი გამოკვლევები ეხებოდა აზონაერთებისა და მათი გარდაქმნების პროდუქტების მიღებას, რასაც არა მარტო თეორიული, არამედ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან აზონაერთები საფუძვლად უდევს საღებავების წარმოებას. მან შეისწავლა მრავალი აზონაერთი, დაადგინა მათი აგებულება და დაამტკიცა, რომ ნახშირბადის ერთ ატომთან შეიძლება, არსებობდეს ჰიდროქსილის ორი ჯგუფი. ეს ეწინააღმდეგებოდა მანამდე არსებულ შეხედულებებს და დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ორგანული ქიმიისთვის. ძალიან საინტერესო იყო მისი სხვა კვლევებიც. მუშაობის პროცესში ვასილ პეტრიაშვილი წააწყდა მოვლენას, რომელსაც შემდგომში ტაუტომერია ეწოდა. ამ მიმართულებით მეცნიერის წარმატებულ კვლევებს უმაღლესი შეფასება მისცა ცნობილმა ქიმიკოსმა, ინგლისის ქიმიური საზოგადოების პრეზიდენტმა უილიამ პარკერ უინიმ, რომელმაც განაცხადა, რომ მსოფლიოს ქიმიკოსები, სწორედ, ოდესელ პროფესორ პეტრიევს უნდა უმადლოდნენ ამ აღმოჩენებსო.
სამწუხაროდ, ვასილ პეტრიაშვილის მრავალი ნაშრომი გამოუქვეყნებელი დარჩა. ქართველი მეცნიერის ერთ-ერთი უახლოესი თანამოღვაწე და მეგობარი, პროფესორი გერენტი გადმოგვცემს, რომ პროფესორი პეტრიაშვილი, როგორც უაღრესად მომთხოვნი ადამიანი საკუთარი თავის მიმართ, ზოგიერთ ნაშრომს არ მიიჩნევდა იმდენად დამთავრებულად, რომ ისინი გამოექვეყნებინათ.
ვასილ პეტრიაშვილი უმაღლესი სასწავლებლის პირველი ქართველი რექტორი გახლდათ. უცხო ქვეყანაში დიდი ხნით ცხოვრების მიუხედავად, მას არ განელებია სამშობლოს სიყვარული. იგი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იჩენდა ოდესაში ჩასული თანამემამულეების მიმართ და ყველაზე მეტად, სწორედ, ქართველი სტუდენტების მომავალზე ფიქრობდა. ამის გამო მას „საქართველოს კონსულს“ ეძახდნენ. მეცნიერს ხშირად ჩამოჰყავდა თავისი სტუდენტები საქართველოში. ის, ასევე, გახლდათ თბილისში უნივერსიტეტის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი. თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ პრესასთან და როგორც მისი წერილებიდან ჩანს, მისი შეხედულებები ახლოს იდგა თერგდალეულების სულისკვეთებასთან. ვასილ პეტრიაშვილს ძალიან აფასებდნენ ქართველი მოღვაწეები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი და სხვები. „მე რომ პოეტური ნიჭი მქონოდა და განმეზრახა დამეხატა ადამიანი, რომელიც საუკეთესო ზნეობრივი თვისებებით წარმოადგენს სიბრძნესთან შეერთებული გულკეთილობის განსახიერებას, მე დავხატავდი ვასილ პეტრიაშვილს”, – ასე შეაფასა უფროსი კოლეგა პეტრე მელიქიშვილმა.
აკაკი წერეთელი ვასილ პეტრიაშვილს „საქართველოს ლომონოსოვს“ უწოდებდა. მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მეცნიერმა მისი ახლო ნათესავი – მამია გურიელის (აკაკის დის ქმარი) დისშვილი – ეკატერინე თავდგირიძე შეირთო ცოლად. ქუთაისში ჩამოსულ პეტრიაშვილს, აკაკი „ჩვენს სიძეს“ ეძახდა და ამბობდა: პეტრიაშვილს ტყუილად აბრალებენ სამშობლოდან გადასახლებას, საქართველო მას გულში უზის და ყველგან თან დაჰყვება, სადაც მივა, ისიც ფესვს იყრის მის ირგვლივო...
ვასილ პეტრიაშვილი დაინტერესებული იყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ტექნოლოგიური და აგროქიმიური წარმოებითაც. ის არის ავტორი მრავალი სამეცნიერო სტატიისა მევენახეობისა და მეღვინეობის საკითხებზე. რუსეთის იმპერიაში პირველი მეცნიერულ საფუძველზე დამყარებული წიგნი მეღვინეობაზე ვასილ პეტრიაშვილმა დაწერა, თან, ქართულ ენაზე. ქართველი ქიმიკოსი ეხმარებოდა ოდესელებსაც. 1898 წელს ის სათავეში ჩაუდგა სასურსათო პროდუქტების ფალსიფიკაციასთან ბრძოლას და მოკლე ხანში ფალსიფიკატორების წინააღმდეგ მეცნიერებთან ერთად მთელი საზოგადოებრიობა შემოიკრიბა. ოდესის საქალაქო სანიტარიულ ლაბორატორიას პირველი ადგილი ეკავა რუსეთის დანარჩენ ქალაქებს შორის და ამაში დიდი ღვაწლი ვასილ პეტრიაშვილს მიუძღვის.
ვასილ პეტრიაშვილი 1908 წელს გარდაიცვალა ფილტვების ანთებით. ის დროებით ოდესაში დაკრძალეს, შემდეგ კი თბილისში, ვერის სასაფლაოზე გადმოასვენეს, საბოლოო განსასვენებელი კი ვაკის სასაფლაოზე ჰპოვა. აკაკი ასე გამოეხმაურა ვასილ პეტრიაშვილის გარდაცვალებას – „ჩუმი მოღვაწე, ნამდვილ ქართველი, სიკვდილით ქართველთ გულის მომწყვდელი“.
გამოყენებული მასალების წყარო: წულაძე, ე. ორი ქიმიკოსი; კაკაბაძე – ვასილ პეტრიაშვილი (ცხოვრება და მოღვაწეობა); იმნაძე – პროფესორი ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი; ჭუმბურიძე დოდო – „თანამედროვეობის ყველაზე დიდი მეცნიერი“; „საქართველოს ლომონოსოვი“ – ვასილ პეტრიაშვილი“; ჭუმბურიძე, დოდო. ისტორიული პორტრეტები – წერილები; vinoge.com; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან