ვინ იყო ფრანგული ჯარის ყველაზე მაღალწოდებიანი ქართველი ოფიცერი და რა წარმატებას მიაღწია მან 35-წლიანი მოღვაწეობის შედეგად
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 09.02, 2022 წელი

ნიკოლოზ თოხაძე 1901 წელს ოზურგეთთან მდებარე სოფელ აკეთში დაიბადა.
ქართველი ემიგრანტი შოთა ბერეჟიანი იგონებს: „1939 წლის 14 ივლისს საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის, ბასტილიის აღების აღსანიშნავად გამართული აღლუმი. ამ წელს, სხვა დიპლომატებთან ერთად, მოწვეული იყო ინგლისის მეფე გეორგ მეექვსე ცოლითა და შვილებით. ახლანდელი დედოფალი მაშინ სულ პატარა გოგონა იყო. აღლუმზე უცხოური ლეგიონის ორი ასეულის მეთაურები იყვნენ დიმიტრი ამილახვარი და ნიკოლოზ თოხაძე – ორი ულამაზესი ვაჟკაცი. შანზელიზეზე დიდი ოვაციის თანხლებით ჩაიარეს. იქ ქართველები ბევრნი ვიდექით და ძალიან ბედნიერი ვიყავით, რომ სწორედ ქართველები შეერჩიათ ასეულების წინამძღოლებად. აფრიკიდან მათ გენერალი მიკელი ჩამოჰყვათ. – რაღა ეს უცხოელი ოფიცრები დანიშნეთ მეთაურებადო, – უსაყვედურა მიკელს პარიზის კომენდანტმა გურომ. – მაგათზე უკეთესი არ გვყავსო, – თავი იმართლა გენერალმა მიკელმა.“
საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის მარტში, ნიკოლოზ თოხაძე სტამბოლში გაემგზავრა. ის ოთხ სხვა კადეტთან ერთად საფრანგეთში, სენ-მიქსენის ქვეითთა სამხედრო სკოლაში გაამწესეს. 1922 წელს უმცროსი ლეიტენანტის წოდებით ჩაირიცხა „უცხოური ლეგიონის“ სახელოვან პირველ პოლკში, სადაც მალევე მიიქცია ყურადღება. მისი სამხედრო კარიერა სხვა კუთხით წარიმართა – 36-ე საავიაციო პოლკში გადაიყვანეს, სადაც ორ წელიწადს ეუფლებოდა მფრინავისა და საჰაერო ბრძოლის უნარებს, მოგვიანებით კი საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო საავიაციო სკოლაში გაიარა მომზადება.
ნიკოლოზი ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ექიმ ვახტანგ ღამბაშიძის ქალიშვილზე, თამარ ღამბაშიძეზე დაქორწინდა, რომელიც წარმატებული ხელოვანი იყო. მათი თაფლობის თვე ხანმოკლე გამოდგა. სამი კვირის შემდეგ ნიკოლოზი მაროკოში აღმოჩნდა. მალე ის საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვეს. მომდევნო რვა წელიწადი მან ჩრდილოეთ აფრიკაში გაატარა. 1933-1935 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სამხრეთ–აღმოსავლეთ მაროკოში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში და არაერთხელ ისახელა თავი.
მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ნიკოლოზ თოხაძე უცხოური ლეგიონის მეხუთე პოლკში დაინიშნა, რომელიც ინდოჩინეთში, ვიეტნამში იმყოფებოდა. 1941 წლის ზაფხულში ის ქვეყნის ჩრდილოეთით, დაბა ტონგში განლაგებულ გარნიზონს ჩაუდგა სათავეში. აქ სამსახურსაც წარმატებით გაართვა თავი და მაიორის წოდება მოიპოვა. 1945 წლის 9 მარტის საღამოს, იაპონურმა ჯარმა მოულოდნელი იერიში მიიტანა ინდოჩინეთში განლაგებულ ფრანგული ჯარის ნაწილებზე. ჯარის დიდი ნაწილი განადგურდა ან ტყვედ ჩავარდა. უცხოური ლეგიონის მე-5 პოლკმა კი უკან დახევა დაიწყო ჩინეთის საზღვრისკენ. მომდევნო 52 დღის განმავლობაში ლეგიონერებმა 1 000 კილომეტრზე მეტ მანძილზე ბრძოლით გაიკვალეს გზა მთაგორიან რეგიონში და 1945 წლის მაისის დასაწყისში სამშვიდობოს გააღწიეს. ნიკოლოზ თოხაძე მეორე ბატალიონს ახლდა და იაპონელებთან შეტაკებებშიც არაერთხელ გამოიჩინა თავი, რისთვისაც შემდგომში საპატიო ლეგიონის ოფიცრის წოდება მიენიჭა. ამ ლაშქრობაში გამოჩენილი მამაცობისთვის მან, ასევე, მოიპოვა საფრანგეთის ერთ-ერთი უმაღლესი სამხედრო ჯილდო – სამხედრო ჯვრის ორდენი.
1946 წლის გაზაფხულზე ნიკოლოზ თოხაძე ინდოეთში გადაიყვანეს, სადაც ქალაქ ჩანდანაგარში განლაგებულ ფრანგულ შენაერთებს ხელმძღვანელობდა. იმავე წლის შემოდგომაზე ჩრდილოეთ აფრიკაში მიავლინეს და მომდევნო ორი წლის განმავლობაში ალჟირსა და მაროკოში განლაგებული უცხოური ლეგიონის სამხედრო ბაზებს ამოწმებდა. 1949 წელს მას დაევალა უცხოური ლეგიონის ნაწილების ჩაყვანა კუნძულ მადაგასკარზე, რის შემდეგაც ორ წელიწადს იმსახურა ამ კუნძულზე. 1951 წლის დეკემბერში უკვე ლეიტენანტ-პოლკოვნიკი დაბრუნდა მაროკოში, სადაც უცხოური ლეგიონის მოტოქვეითი ქვედანაყოფი ჩაიბარა.
ხანგრძლივი და წარჩინებული სამხედრო სამსახურისთვის ნიკოლოზ თოხაძე საპატიო ლეგიონის კომანდორის წოდებით დაჯილდოვდა. 35-წლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ ნიკოლოზი თადარიგში გავიდა. მომდევნო წლის ოქტომბერში კი პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. ამ დროისთვის თოხაძე ფრანგული ჯარის ყველაზე მაღალწოდებიანი ქართველი ოფიცერი იყო. ფრანგულ ჯარში 35-წლიანმა სამსახურმა მას პოლკოვნიკის წოდება და საფრანგეთის თითქმის ყველა უმაღლესი სამხედრო ჯილდო მოუტანა.
სიცოცხლის უკანასკნელი წლები ნიკოლოზ თოხაძემ პარიზის მახლობლად გაატარა. აქტიურად მონაწილეობდა ქართული სათვისტომოს საქმიანობაში. მისი დამსახურებით ჩამოყალიბდა ქართველ იუნკერთა კავშირი. ის იყო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და სხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრი. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან.
ნიკოლოზს ორმოცი წელი კავშირი არ ჰქონდა საქართველოში დარჩენილ ოჯახთან. მხოლოდ ხრუშჩოვის „დათბობის“ პერიოდში მოახერხა კავშირის აღდგენა დასთან, სუსანასთან. სუსანას ოჯახმა საშინელი რეპრესიები გამოიარა. მისი მეუღლე, გრიგოლ ქორიძე – ცნობილი ენერგეტიკოსი, დახვრიტეს. სტალინის სიკვდილის შემდეგ ოჯახს რეაბილიტაცია შეეხო და შესაძლებელი გახდა სუსანას პარიზში გამგზავრება. 45 წლის შემდეგ და-ძმა ერთმანეთს შეხვდა.
„კუკური საავადმყოფოშია, – წერს მისი მეუღლე 1972 წელს, – მის ავადმყოფობას მელანქოლია ჰქვია. ამ ბოლო დროს თანდათან სულ გურულ კილოზე გადადის და ისეთ სიტყვებს ამბობს, რომ მეც კი აღარ მესმის, თან იძახის, გურიაში ლაპარაკობენ წმინდა ქართულსო...“.
ნიკოლოზ თოხაძე ძალიან განიცდიდა, რომ ქართველ ემიგრანტთა ახალი თაობა ფრანგდებოდა. წუხდა: ზოგიერთის შვილებმა ქართული ჯერ კიდევ იციან, მაგრამ მათი შვილები მხოლოდ ერთი ან ორი თუ შეინარჩუნებს ენასო. ქართული წერა-კითხვის გავრცელების ხელშესაწყობად მან შეადგინა ქართული ენის სახელმძღვანელო, რომლის თავფურცელს დააწერა: „ეს პატარა წიგნი ეძღვნება საფრანგეთში დაბადებულ ახალგაზრდებს და მათ ქართველ და ფრანგ მშობლებს. იმედი მაქვს, რომ ეს მოკრძალებული ნამუშევარი მათ გაუღვივებს თავისი წინაპრების ენის შესწავლის სურვილს. დაე, ეს წიგნი დაგეხმაროთ საქართველოს გმირული ისტორიის შესწავლაში და არდავიწყებაში, საქართველოსი, რომელიც მუდამ ჩაგრული და ნაწამები იყო, მაგრამ მუდამ განაგრძობს არსებობას“. პოლკოვნიკი ნიკოლოზ თოხაძე გარდაიცვალა 1975 წელს. დაკრძალულია ლევილში.
გამოყენებული მასალების წყარო: მიქაბერიძე, ალექსანდრე „ღირსებითა და ერთგულებით“-ისტორიანი: ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი. თოხაძე ნიკოლოზ // ქართველები უცხოეთში; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან