ვინ იყო ქართველი მხატვარი, რომელსაც ამერიკაში მოდილიანს ამსგავსებდნენ და რა ჯილდო დაიმსახურა მან
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 01.11, 2023 წელი

გასული საუკუნის 50-იანი წლებში ნიუ-იორკში, Montess Galery-ის გამოფენაზე უცხო წარმომავლობისა და უცნობი გვარის ახალგაზრდა კაცმა, სვიმონ (პეტრე) დადიანმა, რომელიც აფიშაზე ამერიკელ მხატვრად იყო მოხსენიებული, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და, საგანგებო პრემიაც დაიმსახურა. ამასთან დაკავშირებით ჟურნალი Art gigost წერდა: „გამოფენაზე ექსპონირებული 19 მხატვრის ნამუშევარი წარმოდგენას გვიქმნის ამერიკის თანამედროვე ქანდაკებაზე... ამ შესანიშნავ გამოფენაზე არის განსაკუთრებული, სრულყოფილი ნამუშევრები“ (აქ მოხსენიებულია სვიმონ დადიანი). „დადიანის ნამუშევრებში გამოყენებულია სტილიზაციის მთელი სისტემა, რომელიც მოდილიანის სტილიზაციას მოგვაგონებს. მისი ქანდაკების დახვეწილი აბსტრაქტული ფორმები ადამიანის სხეულის ანატომიის ცოდნას ეფუძნება. ავლენს ავტორის იუმორის გრძნობას და განსაკუთრებული ძალით გადმოსცემს პიროვნების ხასიათის თავისებურებებს“. ამ გამოფენის შემდეგ შეერთებული შტატების საგამოფენო დარბაზებში სისტემატურად იფინებოდა სვიმონ დადიანის ქანდაკებები და ფერწერული ტილოები.
სვიმონ დადიანი ძალიან პატარა, მხოლოდ და მხოლოდ ხუთი წლის იყო, როცა 1921 წელს, მშობლებთან და და-ძმებთან ერთად, საქართველო დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა ცნობილი მარშრუტით: ბათუმი – კონსტანტინოპოლი – მარსელი – პარიზი.
სვიმონი ცნობილი და პატივსაცემი ოჯახიდან იყო. მამა – კოკი დადიანი, სენაკის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, მარშალი და ეროვნული მოღვაწე გახლდათ. დედა – მერი წერეთელი, იმერეთის მეფის, სოლომონის შთამომავალი. ბებია (მამის დედა) – თამარ შარვაშიძე, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შარვაშიძის ასული და პოეტ გიორგი შარვაშიძის და.
სვიმონ დადიანმა სამხატვრო განათლება ჯერ პარიზში მიიღო, შემდეგ კი – შეერთებულ შტატებში და იქვე დარჩა საცხოვრებლად.
დადიანი მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპაში მოქმედ ამერიკელთა დესანტის შემადგენლობაში იბრძოდა გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ. და-ძმებისგან შორს ცხოვრობდა, მაგრამ მათთან ახლო ურთიერთობას ინარჩუნებდა.
სვიმონის მამას, კოკი დადიანს, ორი ქორწინებიდან ცხრა შვილი ჰყავდა. საზღვარგარეთ მეუღლესა და სამ უმცროს შვილთან ერთად (გიორგი, ქეთევანი (მია) და სვიმონი), მას გაჰყვა უფროსი ვაჟი – იუნკერი მიხეილ დადიანი. წლების შემდეგ კი ოჯახმა ურთიერთობა აღადგინა საქართველოში დარჩენილ ოჯახის წევრებთან.
ორმოცდასამწლიანი განშორების შემდეგ სვიმონის უფროსმა დამ ბაბო დადიანმა მოახერხა თავის და-ძმების მონახულება საფრანგეთში. სან-ფრანცისკოდან პარიზში საგანგებოდ ჩავიდა უმცროსი ძმა სიმონიკა (ცუცქა) დადიანიც.
ბაბო დადიანის ოჯახში დაცულ უცხოეთიდან გამოგზავნილ წერილებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია სვიმონ დადიანის ქართულენოვანი წერილები. მას ემიგრაციაში თანამედროვე სალიტერატურო ენის გარდა ძველი ქართული დამწერლობის შრიფტებიც შეუსწავლია.
გთავაზობთ ფრაგმენტებს მისი პირადი წერილებიდან:
„ჩემო ბაბოშკა, შენმა ნახვამ, თუმცა ასე მოკლედ, წაშალა იმ ყველა წლის განშორება და ისე ახლოს მოგიყვანა, რომ ძნელი დასაჯერებელია. ახლა, როცა წახვედი, სულ შენს ხსენებაში ვართ.
ჩემს სურათებს შენი შვილიშვილებისთვის ვაგროვებდი... გაჩუქებას ამის გამო გადავეჩვიე. იმდენი ნამუშევარი მომიგროვდა, დასადგომ ადგილს ვერ ვნახულობ.
შენ მალე შვილიშვილების ქორწილს დაესწრები. მე კი, თუ მეღირსა, მაშინ ლეკურს დავუვლი. და ეს ჩემი ბავშვობის მერე პირველად იქნება. სულ პატარა ვიყავი, ვთქვი, ლეკურს მარტო სამეგრელოში ვიცეკვებ-მეთქი. და ასე დარჩა.
ამას წინათ ვათვალიერებდი შენს გამოგზავნილ ღია ბარათებსაც. მარტვილის სურათები გამომიგზავნე, თუ იყოს...
ჩემი ნამუშევრებიდან ზოგი მომწონს, ზოგი არა, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რომ კეთდება. გემოვნება ვითარდება მუშაობაში და დიდ ხელოვანთა ნამუშევრების შესწავლაში. ამას დრო უნდა, მოთმინება და დიდი თავმდაბლობა...
ოცნებაში გადავედი. იქნებ ჩემი ყოველი ნამუშევარი მამის სახლში ერთად ეკიდოს ან ბაბუის ზღვისპირა სახლში მოვათავსო. ჩემი წიგნებიც და ვინ იცის, კიდევ რამდენი ნამუშევარი...“
ცნობილია, რომ სვიმონ დადიანს სან-ფრანცისკოში, თავის ბინაში ერთი მისთვის ძალიან ძვირფასი ნივთი ჰქონდა: უბრალო თიხის ქოთანი, რომელშიც მშობლიური სოფლიდან – ნოსირიდან წამოღებული მიწა იყო შენახული.
ბატონი სვიმონი გარდაიცვალა 1974 წელს, სან-ფრანცისკოში, ორმოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში, სისხლის მძიმე დაავადებით. ავადმყოფობის შესახებ ახლობლებისთვის არ გაუმხელია. თითქოს უეცრად გაქრა მათი ცხოვრებიდან.
სვიმონ დადიანი 1950 წლიდან მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენაში. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენებია: 1953 – მონტროსის გალერეა, ნიუ-ორკი, აშშ; 1953 – Worth avenue-გალერეა, აშშ; 1952 – ხელოვნების მუზეუმი, სან-ფრანცისკო, აშშ; 1952 – იუკლენდის ხელოვნების გალერეა, აშშ;
1951 – ხელოვნების დიდი ცენტრალური გალერეა, ნიუ ორკი, აშშ.
წლებთან ერთად თანდათან ბუნდოვანდება სვიმონ დადიანის შემოქმედებითი მემკვიდრეობის ზუსტი ნუსხა და ინფორმაცია მათი ადგილმდებარეობის შესახებ. ვიცით მხოლოდ ის, რომ რამდენიმე ნამუშევარი შეერთებული შტატების ქალაქების მუზეუმებშია დაცული და ასევე, პარიზსა და ამერიკაში, კერძო კოლექციებში.
გამოყენებული მასალების წყარო: ხოფერია, ნინო. სიმონიკა დადიანის დაბრუნებისთვის... : კვირაძალს საკითხავი / ნინო ხოფერია // საქართველოს რესპუბლიკა;art.gov.ge; www.nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან