საზოგადოება

ვინ იყო ქალი გელა ჩარკვიანის ცხოვრებაში, ვის გამოც ის ღამღამობით კართან ბაბუის სანადირო თოფით იდგა

№46

ავტორი: ეკატერინე პატარაია 18:00 23.11, 2021 წელი

გელა ჩარკვიანი
დაკოპირებულია

„როგორც ბავშვობაში შენი დაბადების დღიდან მიჰყავთ მშობლებს შენი მეგობრები, ასევე რიგრიგობით მიჰყავს ისინი დღეს ჩვენს საერთო მშობელს. მაშინდელივით განიცდი, გინდა, გაგრძელდეს ზეიმი. აღარავინ გრჩება, რომ ეთამაშო.“

ეს მისი სიტყვებია, გელა ჩარკვიანის, რომელიც 11 ნოემბერს მაღალმა ქართულმა საზოგადოებამ მიწას მიაბარა. დღეს მის „დღიურებს“ გთავაზობთ. ერთად გადავავლოთ თვალი ამ არაჩვეულებრივი კაცის კიდევ სხვა ცხოვრებისეულ ისტორიებს.

დახატული ფული

რუსული რუბლის გაუჩინარების კვალდაკვალ მოვლენილმა, როგორც დღეს იტყვიან, ავად სახსენებელმა კუპონმა არაერთი ცუდი საქმე ჩაიდინა (მისი გამანადგურებელი დევალვაციის გამო 1994 წლის ივლისში ჩემი თვიური ხელფასი 43 ცენტს შეადგენდა). ლარის კუპიურების ხატვას უკვე ამთავრებდა მხატვარი ნოდარ მალაზონია. მან 1992 წლის 2 ნოემბერს დამირეკა და შემეკითხა, როგორ დავწერო ასი ლარი ინგლისურადო. მართლაც, როგორ აჯობებს, გავიფიქრე – გავყვეთ ინგლისური გრამატიკის მოთხოვნას და, დოლარის ან რუბლის მსგავსად, ლარიც მრავლობითში დავსვათ თუ დოიჩე მარკის და იენის არ იყოს, მხოლობითის ფორმა გამოვიყენოთ. თან, ისიც გავიფიქრე, რომ ასეთ შემთხვევაში მივიღებდით ინგლისური რიცხვითი სახელისა და ქართული გრამატიკის წესის თავისებურ სინთეზს. ნოდარს ვუკარნახე – One Hundred Lari და არა Laris. დღეს, როცა ასლარიანი ხელში ჩამივარდება, თითს დავუქნევ ხოლმე და ალერსიანად ვეტყვი: მე რომ არა, შენ ცოტა სხვანაირი იქნებოდი-მეთქი.

მილიარდერი თათართა იმპერიის ვეზირი

სამსახურიდან შინ მივედი და უკვე დაძინებას ვაპირებდი, როცა ჯაბა იოსელიანმა დამირეკა: „გელა, ბოდიშს გიხდი, ასე გვიან რომ გაწუხებ, მაგრამ ძალიან საინტერესო კაცი გვეწვია და საოცრებებს გვპირდება. თუ შევარდნაძე დათანხმდება მის სახელზე წერილის დაწერას, ჩვენ შევძლებთ ძალიან დიდი, მილიარდობით დოლარის კრედიტების მიღებას“. სადაურია-მეთქი, ვკითხე. მგონი; რუმინელიო. თან წერილი მოიტანა შევარდნაძის სახელზე და ეს უნდა ითარგმნოს, სანამ შევარდნაძესთან შევალო, – მითხრა. შალვა ფიჩხაძეს ვთხოვე მისულიყო და ეთარგმნა რუმინელი სტუმრის წერილი. ცუდი ინგლისურით დაწერილი ტექსტი ბანალური იყო და შალვამ სწრაფად სძლია მას. როცა თარგმანი მთლიანად აკრიფა, პრინტერზე ამოიღო და ორიგინალზე სკრეპით მიბმას უპირებდა, მისი ყურადღება ბლანკზე დაბეჭდილმა სტუმრის ტიტულმა მიიპყრო. „ბიზანტიის ემისარი, სკვითთა და თათართა იმპერიის ვეზირი. აღმოსავლეთი ევროპისა და რესპუბლიკა მოლდოვას ელჩი პორტუგალიაში“. შალვამ სტუმრის ტიტული თარგმნა, წერილს მიაბა და ასე შეუგზავნა ჯაბას, რომელმაც ბევრი იცინა და შევარდნაძესთან აღარ შევიდა.

ხუმარა შევარდნაძე და გადაგდებული გელა ჩარკვიანი

ციხესთან დაკავშირებული ხუმრობა შევის (შევარდნაძეს) უყვარდა. ერთხელ, როცა მენაღარიშვილმა და მე რაღაც საქმე წარმატებით დავასრულეთ, ასე გვითხრა: „რა ვქნა, ნობელის პრემიას ვერ მოგცემთ, მაგრამ ერთ რამეს ნამდვილად გპირდებით: არ დაგიჭერთ”.

„ტრაბზონსპორტში“ გადასული ფეხბურთელი გელა ჩარკვიანი

[1994 წლის] ივლისის ბოლო დღეებში საქართველო მასპინძლობდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას... თურქეთს ჰიქმეთ ჩეთინი წარმოადგენდა, რომელსაც მე კარგად ვიცნობდი. მასთან ხანმოკლე საუბრის შემდეგ შევარდნაძემ შესთავაზა ერთად ესადილათ კრწანისში, სადაც ჩვენი მისვლისთანავე სუფრა გაიშალა. როცა საქმიან თემებზე, მათ შორის, საქართველოსთვის თურქეთის ახალი კრედიტის გაცემის საკითხზე საუბარი მოამთავრეს, ჩეთინი მოგვიყვა, რომ მას აუარებელი ხალხი ურეკავს და სთხოვს, საქართველომ დაუბრუნოს „ტრაბზონსპორტს“ ძმები არველაძეები – შოთა და აჩიკო. მაგას ვერ შეგპირდებითო, შევიმ, მაგრამ თუ თანახმა იქნებით, აგერ მე და გელა ჩამოვალთ და ვითამაშებთ მაგათ მაგივრადო.

ჯაბა, გელა და გაოცებული ბუტროს გალი

„აღმოსავლეთ-დასავლეთის” ცენტრში ბუტროს გალის საპატიო წევრობა მიანიჭეს და თამაზ გამყრელიძემ მას არაბულად მიმართა. იქიდან მე და ჯაბა იოსელიანი ჩავუჯექით მანქანაში და მცხეთისკენ გავემართეთ. გალიმ დაიჩივლა, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში მან ათჯერ მოიარა მსოფლიო, მაგრამ არაფერი უნახავს სასტუმროს ლუქსებისა და ხელმძღვანელთა კაბინეტების გარდა. მეც ასე ვიყავიო, უპასუხა ჯაბამ, სულ სხვადასხვა ადგილებში გადავყავდით, მაგრამ ციხის კამერის მეტი არაფერი მინახავსო.

ელჩებისგან მიტოვებული ცოლები და გელა ჩარკვიანის სახუმარო თეორია

ყველაზე ადრე ჩამოსულმა ელჩებმა, დალჰოფმა და ბრაუნმა ძველი მეუღლეების მიტოვება და ახლებზე დაქორწინებაც მოასწრეს. არ გამკვირვებია – თბილისი რომანტიკული ქალაქია და შუა ასაკის დასავლელ მამაკაცებში უთუოდ გამოაღვიძებს დიდი ხნის მიძინებულ, სიჭაბუკეში განცდილ აღტყინებას. მაშინ მე სახუმარო თეორიაც შევქმენი, რომელსაც „ქართული სუფრის ეფექტი“ ვუწოდე. ევროპელ მამაკაცებს ხომ არასდროს გაუგონიათ ისეთი ქათინაურები, რომლებსაც სუფრაზე მათ მიმართ ნათქვამ სადღეგრძელოებში ისმენენ – ეს ხარ, ის ხარ, ნიჭიერი, ლამაზი, კეთილშობილი, ვაჟკაცური, დახვეწილი... ყოველივე ამის კუმულატიური ეფექტი კი ისაა, რომ კაცი თანდათან იჯერებს, რასაც ეუბნებიან, მისი ეგო უსაშველოდ დიდდება, შეხედავს თავის ვეტერან მეუღლეს და თავში მკრეხელური აზრი გაუელვებს, – მე მგონი, უკეთესის ღირსი ვარო.

კომკავშირელი თუ არაკომკავშირელი „ჩირკა“

საბჭოთა თინეიჯერი კომკავშირელი უნდა ყოფილიყო და მოსკოვში ამ ორგანიზაციაში მიღების საკითხს დიდი სერიოზულობით ეკიდებოდნენ. კომკავშირში გაწევრიანებას, ისე როგორც ყველა, მეც აუცილებლად მივიჩნევდი... გოგი და მერაბიც კომკავშირლები იყვნენ, კანდიდი და თამარა კი – კომუნისტური პარტიის წევრები. როცა სხდომაზე ჩემი მიღების საკითხი გამოიტანეს, წამოვდექი და დაველოდე, როგორ დამახასიათებდა ჩემი კლასის მდივანი. არ მომეწონა, შეცბუნებული და დარცხვენილი გამოიყურებოდა, თუმცა მალე ძალა მოიკრიბა და თქვა: „ჩვენ ვითათბირეთ ჩარკვიანის ორგანიზაციაში მიღების შესახებ და დავასკვენით, რომ იგი არ იმსახურებს, რადგან უკრავს ჯაზს”. მოულოდნელობისაგან გავოგნდი. ეს ბიჭი მუდამ ჩემ გვერდით იდგა, როცა ვუკრავდი და სიხარულს ვერ მალავდა, ფეხებს აბაკუნებდა. ამ დროს ხელი ასწია კლასელმა, რომელსაც მეგობრად არ მივიჩნევდი, მაგრამ ხშირად ვხვდებოდი და ის ჩემთან სახლშიც იყო ნამყოფი. „თუ შეიძლება, დავამატებ ერთ დეტალს, – დაიწყო მან, – ჩარკვიანი არამარტო ჯაზს უკრავს, არამედ შიშველ ქალებსაც ხატავს!“ გამახსენდა, ჩემთან როცა იყო, ვაჩვენე ჯორჯონეს „მძინარე ვენერას” ჩემ მიერ ზეთის საღებავებით გაკეთებული ასლი. მაინცდამაინც ჩაცმული ეს ვენერა მართლაც არ არის. ბოლოს ერთხმად უარი მეთქვა კომკავშირლობაზე. სახლში სასოწარკვეთილი ვბრუნდებოდი – ამას დედაჩემი ხვალვე გაიგებდა და კანდიდს მისწერდა, ის კი საშინლად იღელვებდა, ჩათვლიდა, რომ მე ხელიდან წავედი და ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწევ, დავიღუპები. როცა სადარბაზოს ზამბარიან კარს ვაღებდი, ვიღაცამ სახელოზე მომქაჩა. შემოვტრიალდი. ჩემ წინ პატარა ტანის ებრაელი ბიჭი იდგა. ის ჩემს კლასში სწავლობდა, მაგრამ იქამდე ერთმანეთს არასდროს დავლაპარაკებივართ. „ჩირკა, იცი, მე ხელი არ ავწიე, გამოდის, რომ თავი შევიკავე, გესმის?” – ჩუმად მითხრა და სწრაფი ნაბიჯით თავისი სადარბაზოსაკენ გაემართა, ჩემთან მოჩურჩულე რომ არავის დაენახა.

„ვაიმე, ვიღაც მოდის!..“

თაფლობის ორი კვირა მე და ნანამ ქორენიშში გავატარეთ. ჩვენი ოთახის ფანჯრები სიმინდის ყანას გადაჰყურებდა და პირველივე ღამის გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ წყნარი ცხოვრება არ მელოდა. სოფელს შეუჩვეველ ნანას დაძინება უჭირდა და ყოველ ჯერზე, როცა ნიავი სიმინდს ააშრიალებდა, მაღვიძებდა, – ვაიმე, ვიღაც მოდისო. მისი დიდი ლამაზი თვალები უტყუარ შიშს ასხივებდნენ. კედლიდან ბაბუაჩემის სანადირო თოფს ჩამოვიღებდი და სახლის კართან დავდგებოდი. ღამის განმავლობაში ეს რამდენჯერმე ხდებოდა და მხოლოდ მაშინ ვიძინებდით, როცა აღმოსავლეთით ცისკრის ვარსკვლავი გამოჩნდებოდა. ღამენათევებს საღამომდე გვეძინა, რაც ალბათ, მეზობლებს აფიქრებინებდა, – ნუთუ ღამეს ვერ იმყოფინებენო.

„ეს კიდევ დიდხანს გაატ...ებს?”

ერთხელ, ჩემი თხოვნით [შევარდნაძემ] მიიღო დიდი ტანის, შეუხედავი, აგრესიული ამერიკელი ქალი, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. გავიდა ერთი საათი და ქალბატონი იმავე აღგზნებულ ტონალობაში, თითქოს აქ არაფერიაო, აგრძელებდა თავის მონოლოგს. შევიმ ქაღალდის ნაგლეჯზე რაღაც დაწერა და ჩემკენ მოაჩოჩა. ვკითხულობ. „ეს კიდევ დიდხანს გაატ...ებს?” პასუხად მივაწერე: „შევეცდები არ გავატ...ბინო”. მართლაც ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ქალს სათქმელი არ ელეოდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, მოვახერხე მისი ოთახიდან გაყვანა და შემოვბრუნდი, შევი გაცეცხლებული დამხვდა. ყველაფერი შენი ბრალიაო, მისაყვედურა. მე, ალბათ, პირველი მამაკაცი ვარ, ვინც ამ ქალთან საათ-ნახევარი გაატარაო.

დიდი კავკასიური ომი

[1999 წლის] ოქტომბრის ბოლო დღეებში შევარდნაძემ თავისთან მიხმო. შეწუხებული ჩანდა [ჩეჩნეთის მეორე ომი, ანუ როგორც მას რუსეთში ოფიციალურად უწოდებდნენ, კონტრტერორისტული ოპერაცია, უკვე სამი თვის დაწყებული იყო]. მითხრა, რომ დაუკავშირდა ელცინი და სთხოვა, უფლება მიეცა რუსეთის საჯარისო შენაერთებისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან შეეტიათ ჩეჩნებისათვის. „მე უარი ვუთხარი. ეს ხომ დიდი კავკასიური ომის და მასში საქართველოს ჩართვას ნიშნავს-მეთქი. ელცინი მარტო არ იყო, ვიღაც ჰკარნახობდა. ალბათ ახალი პრემიერი [პუტინი]. ამას არ დამივიწყებენ“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი