საზოგადოება

ვინ იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის პირადი ექიმი, რომელიც საფრანგეთში ქართველებს უფასოდ მკურნალობდა

№45

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 17.11, 2021 წელი

ვახტანგ ღამბაშიძე
დაკოპირებულია

ვახტანგ ღამბაშიძე 1872 წელს დაიბადა ზესტაფონში. მამა – დეკანოზი დავით ღამბაშიძე ჟურნალ „მწყემსის” გამომცემელ-რედაქტორი იყო. „დიდ დეკანოზს“, როგორც მას თანამედროვეები ეძახდნენ, სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, სურვილი ჰქონია ექიმის პროფესიას დაუფლებოდა, მაგრამ პირადად გაბრიელ ეპისკოპოსს უთხოვია – განათლებული მღვდლები მჭირდებაო და ისიც ამ გზას დასდგომია.

დავით ღამბაშიძე დაქორწინებული იყო ალექსანდრე ყაზბეგის ბიძაშვილზე, ოლღა ჩოფიკაშვილზე. მათ 4 ვაჟი შეეძინათ: ქსენოფონტე, ვახტანგი, მიხეილი და დავითი. ქსენოფონტე მამის გზას გაჰყვა. მიხეილი ახალგაზრდა გარდაიცვალა. მათი ნაბოლარა, დათიკო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ელჩი იყო ინგლისში. რაც შეეხება ვახტანგს, იგი საქვეყნოდ ცნობილი ექიმი გახდა, კურორტ ცემის დამაარსებელი და ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე საფრანგეთში.

წარჩინებული სწავლის მიუხედავად, ვახტანგი, ქუთაისის გიმნაზიიდან დაითხოვეს. მიზეზი ეროვნულ, საყმაწვილო გაზეთ „განთიადის“ გამოცემაში მონაწილეობა გახდა. ვახტანგმა სწავლა თბილისის გიმნაზიაში დაასრულა. უმაღლესი განათლების მისაღებად მოსკოვში გაემგზავრა და იქაც აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება ჰქონდა.

მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის შემდეგ, ორი წლის განმავლობაში სწავლობდა პარიზში. აქვე დაქორწინდა ამერიკელ ვანდა პოპეზე, რომელიც 19 წლის ასაკში ჩავიდა საფრანგეთში და ფრანგული ენის პროფესორი გახდა. თბილისის უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ იგი ივანე ჯავახიშვილმა ინგლისური ენის პროფესორად მიიწვია და ვანდა თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პედაგოგთაგანი იყო.

1898 წელს ახალშეუღლებულები ზესტაფონში ჩავიდნენ. მათი ოჯახი მალე მრავალშვილიანი გახდა. შეეძინათ ოთხი შვილი: მედეა, სუნანა, გივი და ჟორჟეტა. ვახტანგმა ექიმად მუშაობის პარალელურად, მამასთან ერთად ბორჯომის ხეობაში სანატორიუმი „პატარა ცემი” დააფუძნა, სადაც 8-16 წლამდე ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობდა. მომავალი კურორტის მოდელი ლეისონში, შვეიცარიულ სანატორიუმთა ახლებური მოდელის მიხედვით იყო შედგენილი. ამ საქმეში მას მხარს უჭერდა აკაკი წერეთელიც.

ვახტანგ ღამბაშიძე ხელმძღვანელობდა თბილისის უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრას. მისი მეუღლეც აქვე ასწავლიდა. სტუდენტის ¹1 ბილეთი მათ ქალიშვილს, მედეას ხვდა წილად. თუმცა უნივერსიტეტის დამთავრება არ დასცალდა. საქართველოში მე-11 არმია შემოვიდა და მთელი ოჯახი ემიგრაციაში წავიდა. მაშინ ვახტანგი კავკასიაში ყველა საკურორტო ზონას განაგებდა.

1921 წლის ნოემბრიდან ვახტანგ ღამბაშიძე კონსტანტინოპოლში, მეუღლესთან ერთად, „წითელ ჯვარში“ მუშაობდა და ქართველ ლტოლვილებს ეხმარებოდა. 1924 წლიდან ისინი პარიზში ცხოვრობენ, სადაც ვახტანგმა, ახლობლების ფინანსური დახმარებით, კლინიკა გახსნა, მაგრამ ვალების გამო იძულებული გახდა, დაეხურა. თუმცა, წლების განმავლობაში მრავალ ქართველს უფასოდ მკურნალობდა. ვახტანგი იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის პირადი ექიმი. ის აქვეყნებდა სამეცნიერო-პოპულარული და საგანმანათლებლო ხასიათის სტატიებს ჯანმრთელობის თემაზე. მისი წერილები და მოგონებები ცნობილ ქართველ მოღვაწეებზე ქართულ ემიგრანტულ პრესაში იბეჭდებოდა.

ვახტანგ ღამბაშიძე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს რიგით მეორე თავმჯდომარე იყო. 19 წლის განმავლობაში ის ზედიზედ სამჯერ აირჩიეს ამ პოსტზე. მეორე მსოფლიო ომის დროს მისი ინიციატივით ქართველი სამხედრო ტყვეებისა და ემიგრაციის დასაცავად შეიქმნა ორგანიზაცია – „ქართული ეროვნული კომიტეტი საფრანგეთში”, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. მის ბინაში იკრიბებოდნენ სხვადასხვა თაობის ქართველი ემიგრანტები და იმართებოდა საუბრები ქართული კულტურის, ლიტერატურის, ისტორიის შესახებ. მისი ინიციატივით, ყოველი წლის 26 მაისს ქართველები დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იკრიბებოდნენ. მას დაუარსებია ქართული ბიბლიოთეკა, მონაწილეობდა კრებულ „მერანის“ გამოცემაში, ეხმარებოდა სიძეს, შოთა ნიკოლაძეს, სპორტული ასოციაცია – „შევარდენისა“ და ქართული სასწავლებელის – „კერას“ შექმნაში, სადაც ემიგრანტთა ბავშვები კვირაში ორჯერ დადიოდნენ და ქართულ წერა-კითხვას, ცეკვას, სიმღერასა და ისტორიას სწავლობდნენ.

ვახტანგ ღამბაშიძე გატაცებული იყო ფოტოგრაფიით. ეს საქმე იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნდა, რომ მის მიერ დაარსებულ სანატორიუმ „პატარა ცემში“, სანატორიუმის ბინადართა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად ფოტოგრაფიის შესწავლა აქცია, რისთვისაც სპეციალური ფოტოგრაფიული ოთახიც მოაწყო.

ფოტოგრაფიით გატაცებული იყო ვახტანგ ღამბაშიძის უმცროსი ქალიშვილი ჟორჟეტაც, რომელიც 1920-იანი წლების ბოლოს პარიზში ცოლად გაჰყვა ნიკო ნიკოლაძის ვაჟს, გიორგი ნიკოლაძეს. ახალგაზრდები საქართველოში დაბრუნდნენ. მაშინ მიმოწერა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო და ისინიც ხშირად აგზავნიდნენ წერილებსა და საქართველოში გადაღებულ ფოტოებს საფრანგეთში. გიორგის უდროო გარდაცვალების შემდეგ ჟორჟეტა პარიზში დაბრუნდა.

ქართული ოჯახები შექმნეს მედეა და სუნანა ღამბაშიძეებმაც. ორივე ყოფილ იუნკერს გაჰყვა ცოლად. მედეა – შოთა ნიკოლაძეს და სუნანა – ნიკოლოზ თოხაძეს. სამწუხაროდ, 1930 წელს პარიზში დაიღუპა ვახტანგის ერთადერთი ვაჟი – გივი. მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. 1945 წელს გარდაიცვალა ვახტანგის მეუღლეც. თავად ვახტანგი 1951 წელს გარდაიცვალა კინლოხში, შოტლანდიაში, სადაც სტუმრად იყო ჩასული თავის ქალიშვილ ჟორჟეტასთან. იგი ჟორჟეტასა და მისი მეუღლის ნილ სტუარტის მამულში დაკრძალეს.

გამოყენებული მასალების წყარო: ღამბაშიძე ვახტანგ // ქართველები უცხოეთში: წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. ღამბაშიძე, ნინო. ვახტანგ ღამბაშიძე – ცხოვრება და მოღაწეობა / ნინო ღამბაშიძე // ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები; ნეიშნალ ჯეოგრაფიკი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი