საზოგადოება

ვინ გააცნო გალაკტიონი რუსებს და რას საყვედურობდნენ მას სამშობლოში

№3

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 26.01

ალექსანდრე სუმბათაშვილი
დაკოპირებულია

ალექსანდრე სუმბათაშვილი, რომელსაც საზოგადოება იცნობს, როგორც მსახიობს, დრამატურგსა და თეატრის თეორეტიკოსს, 1857 წელს დაიბადა ტულის გუბერნიაში. მან ბავშვობა დედულეთში – სოფელ მურავლევკაში გაატარა. ალექსანდრეს მამა – კავალერიის ოფიცერი, თავადი ივანე სუმბათაშვილი სამხედრო სამსახურში იყო გამწესებული და იქვე დაოჯახდა. მისი მეუღლე გახლდათ ვარვარა ნედზვედსკაია, ძალიან განათლებული ქალი. ივანეს ბებია, რომელმაც თავადი გაზარდა, კნეინა სოფიო ბაგრატიონ-მუხრანელი, ერეკლე მეორის პირდაპირი შთამომავალი იყო. 


1863 წელს ივანე სუმბათაშვილი სამხედრო სამსახურიდან გადადგა და სამშობლოში საკუთარ ოჯახთან ერთად დაბრუნდა. ისინი თბილისთან ახლოს, თელეთში დასახლდნენ, სადაც მიწა მემკვიდრეობით ჰქონდათ მიღებული. ოჯახი ზაფხულს იქ ატარებდა, ზამთრში კი თბილისში იყვნენ, სადაც ბინას ქირაობდნენ. ივანემ სამოქალაქო სამსახური დაიწყო. დედა კი ბავშვების განათლებაზე ზრუნავდა. სწორედ მისი დამსახურებაა ალექსანდრეს განსაკუთრებული სიყვარული ლიტერატურისა და ხელოვნებისადმი. მათი სტუმართმოყვარე ოჯახი თბილისში ცნობილ კულტურულ კერად იქცა, სადაც თბილისის მოწინავე საზოგადოება იყრიდა თავს.
ალექსანდრე სუმბათაშვილმა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია დაამთავრა. რის შემდეგაც პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დაიწყო მოყვარულთა სცენაზე გამოსვლა იუჟინის ფსევდონიმით. თავიდან პეტერბურგის კლუბებში თამაში უსახსრობის გამო დაიწყო და დიდი მონდომებითაც მუშაობდა, თუმცა კარგი ანაზღაურება არ ჰქონდა. მაგრამ თანდათანობით პოპულარობა მოიხვეჭა და მოგვიანებით იხსენებდა: „1880-1881 წლების სეზონში უკვე პირველი საკლუბო აქტიორი ვიყავი და ვიღებდი უმაღლეს ხელფასს (10 მანეთს თითო გამოსვლაში) და ბენეფისს“.
ეს არ იყო ალექსანდრეს ერთადერთი საქმიანობა. პეტერბურგში ყოფნისას მან ხელი მოჰკიდა მწერლობასაც. მისი, როგორც დრამატურგის, დებიუტი 1877 წელს შედგა. მას ოცამდე პიესა ეკუთვნის. სუმბათაშვილ-იუჟინი პროფესიულ სცენაზე პირველად თბილისში გამოვიდა, სოლცევის ფსევდონიმით. ხშირად დადიოდა გასტროლებზე საქართველოში მცირე თეატრის დასთან ერთად. ალექსანდრე გარდაცვალებამდე მოსკოვის მცირე თეატრში მოღვაწეობდა. მას თეატრში სხვადასხვა პოზიცია ეკავა, მათ შორის იყო დასის მმართველი, სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე, დირექტორი... საპატიო წევრის სტატუსი ჰქონდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის, პეტერბურგის, ალექსანდრასა და მოსკოვის სამხატვრო თეატრებში. ალექსანდრე სუმბათაშვილის მოღვაწეობის შესახებ ყველამ იცოდა და ის დიდი პატივისცემით სარგებლობდა. მისი პიესები ითარგმნა და დაიდგა ქართულ, გერმანულ, ფრანგულ, ჩეხურ, პოლონურ, ინგლისურ, სერბიულ, სომხურ ენებზე.


სუმბათაშვილს რუსმა კრიტიკოსმა კუგელმა „კავკასიის რაინდი“ უწოდა. ის ფართო დიაპაზონის მქონე მსახიობი იყო და მრავალფეროვან როლებს ასრულებდა, საერთო ჯამში, მას 250-ზე მეტი როლი აქვს ნათამაშები. მისი გამორჩეული მეტყველება ყველასთვის ცნობილი იყო. იმდენად ფართო დიაპაზონის ხმა ჰქონდა, რომ სხვადასხვა როლში სხვადასხვა რეგისტრს იყენებდა – ტენორს, ბარიტონს, ბანს. მისი როლებიდან აღსანიშნავია: დონ კარლოსი, მაკბეტი, რიჩარდ მესამე, იაგო, ოტელო, ჰამლეტი და სხვა.


რუსულ–პოლონურ გარემოში გაზრდილმა მსახიობმა ლიტერატურული ქართული არ იცოდა. ბავშვობისას მშობლიურ სოფელ თელეთსა და თბილისში ნასწავლი „ქართულ-ყარაჩოხული“ ენით თეატრის სცენიდან ლაპარაკი არასწორად მიაჩნდა. თუმცა ახლობლებთან ქართულად საუბრობდა.
მას პრესაში ხშირად საყვედურობდნენ, რომ „რუსეთს შესწირა ნიჭიც და შრომაც“, რომ მისი სახელი „უფრო რუსეთს ამშვენებს, ვიდრე საქართველოს“. ამ ბრალდებებს გულნატკენი მწერალი ასე პასუხობდა: „არის ავადმყოფობა, რომელსაც არავითარი წამალი არ მიეკარება – ეს არის წუხილი სამშობლოზე. ყოველ პატიოსან კაცს ერთი რწმენა აქვს და ეს რწმუნება არის მამულის სამსახური... არის განა ქვეყანაში ისეთი დამახინჯებული ვინმე, რომელსაც ეთქვა: მე არ მიყვარს ჩემი სამშობლო, მე არ მესმის მამულისათვის ჭმუნვა, მე არ მინდა იმის სამსახური?! და თუ ასეთი ხალხი შესაძლებელნი არიან, ნუთუ მეც იმათ ვეკუთვნი? და თუ ეგრე იქნებოდა, ვიქნებოდი-ღა ღირსი ადამიანის სახელის ტარებისა?“ ალექსანდრე სუმბათაშვილმა სამშობლოს მიუძღვნა ისტორიული დრამა „ღალატი“. ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენელმა კოტე მესხმა მას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „შენ გაშორდი სამშობლო საქართველოს, შენ, როგორც მსახიობმა, უღალატე სამშობლო სცენას, როგორც მწერალმა – მშობლიურ ენას, მაგრამ ჩვენ არ გკიცხავთ ამისათვის, რადგან შენი ღალატი „ღალატითვე“ გამოისყიდე“.
1907 წელს დაარსდა „მოსკოვის ქართველთა საზოგადოება“. 1909 წელს შედგა საზოგადოების ახალი გამგეობა, რომლის თავმჯდომარედ ალექსანდრე სუმბათაშვილი აირჩიეს. სუმბათაშვილმა საკუთარი ავტორიტეტითა და შრომით დიდი ღვაწლი დასდო ამ საზოგადოებას. მან მოახერხა მოსკოვში მცხოვრებ ქართველთა კონსოლიდაცია და ფინანსების მობილიზება. ღონისძიებებიდან შემოსული თანხითა და სხვადასხვა შემოწირულობით ისინი ხელმოკლე სტუდენტებს ეხმარებოდნენ.
ღონისძიებების ფარგლებში იმართებოდა კონცერტები, შეხვედრები. შეხვედრებზე ხშირად კითხულობდნენ ქართველ პოეტთა რუსულ თარგმანებს. სწორედ, აქ მოეწყო 1913 წელს შეხვედრები აკაკი წერეთელთან და ეკატერინე გაბაშვილთან. საღამოებში მონაწილეობდნენ ქართული გუნდები ზაქარია ფალიაშვილისა და დიმიტრი არაყიშვილის მონაწილეობით. ამ საღამოებზე ცნობილი რუსი მსხიობები კითხულობდნენ ნაწყვეტებს „ვეფხისტყაოსნიდან“.

სუმბათაშვილის ინიციატივთ შემოიღეს საღამოები „ქართული ჩაის“ სახელწოდებით, რომელსაც დიასახლისობას მისი მეუღლე, ბარონესა მარია კორფი უწევდა. აქ გაიცნეს რუსებმა გალაკტიონი, ვერიკო ანჯაფარიძე. ქართული კულტურის სხვადასხვა წარმომადგენლები და საამაყო შედევრები.


ალექსანდრე სუმბათაშვილს დიდ პატივს სცემდნენ ცნობილი ქართველი მოღვაწეები. თბილისში მისი ჩამოსვლა გასტროლისა და დღესასწაულის სახეს იღებდა. 1922 წელს ალექსანდრე სუმბათაშვილმა, პირველმა მამაკაც მსახიობებს შორის დაიმსახურა რუსეთის სახალხო არტისტის წოდება. ალექსანდრე სუმბათაშვილ–იუჟინი გარდაიცვალა 1927 წელს საფრანგეთში. დაკრძალულია მოსკოვში.
წყარო: ჩხიკვიშვილი დავით – „ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი“; ბუხნიკაშვილი გ. – „ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი“. ქუთათელაძე ზურაბ – „ალექსანდრე სუმბათოვ-იუჟინი. ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში“. მუმლაძე დალი – „ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი. ქართული დრამატურგიის ისტორია“. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

1-7 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

მარკუს მეტრეველი

მარკუს მეტრეველი: ვემტერები ურწმუნო ადამიანებს