ვინ დატოვა ვერიკო ანჯაფარიძემ უმუშევარი და როგორ გახდა მისი პირადი მძღოლი მსახიობზე პოპულარული
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 29.08, 2023 წელი

„მე არასოდეს მქონია თეატრისგან გამიჯნული არც სახლი, არც კერა, არც სიცოცხლე, არც მიზანი... თეატრი დაკავშირებულია უდიდეს ტანჯვასთან, უდიდეს პიროვნულ დრამასთან, უდიდეს მსხვერპლთან. არცერთი პროფესია არ მოითხოვს ადამიანისაგან ისეთ თავგანწირვას, ისეთს, შეიძლება ითქვას, ღალატს პირადი ცხოვრების, ოჯახისა და ახლობლებისას, როგორსაც – თეატრი. მე ხშირად თვალწინ დამიდგა ჩემი ოჯახი, შვილები, ჩემი სოფიკო, რომლებსაც რამდენი რამ მოვაკელი, რადგან მათ და არც მე თვითონ არ გვეკუთვნოდა ჩვენი დრო, არც გულისყური, არც სუნთქვა, არც სისხლი... ყველაფერს მოითხოვდა თეატრი, ყველაფერს ურჩხულივით ითვისებდა და ნთქავდა. მე ცხოვრების დიდი, გრძელი გზა გამოვიარე. უამრავი რამ განმიცდია და გადამხდენია თავს. დღეს გლოცავთ და მოგმართავთ თქვენ, ახალგაზრდებს: განცდილს ნუ გამოედევნებით; ნუ ითხოვთ: „შეჩერდი, წამო!“ დაე, გადიოდეს დრო, დაე, მოჰქონდეს მას ახალი შრომა, ახალი ძიებანი, ახალი საქმენი, ცხოვრებას უფრო საინტერესოს, შინაარსიანს, უფრო ნათელს რომ ხდის!”
ვერიკო, ეი, ვერიკო!
გია დანელია თავის მოგონებების წიგნში ქალბატონი ვერიკოს შესახებ ერთ ეპიზოდს იხსენებს: მიხეილ ჭიაურელის მძღოლი, მიხეილ ზარგარიანი, მეტსახელად – „პროფესორი“, ყოველთვის ძია მიშასავით ელეგანტურად გამოიყურებოდა და სულ თავისი უფროსის გვერდით ტრიალებდა. როცა თბილისში სახელგანთქმული სტუმრები (ჯონ სტეინბეკი, ჩერჩილის ვაჟი, ნაზიმ ჰიქმეთი) ჩამოდიოდნენ, ძია მიშა მათ „პროფესორთან“ ერთად ხვდებოდა და ასე წარუდგენდა ხოლმე სტუმრებს: გაიცანით, ეს „პროფესორია“. ერთხელ, როცა ჭიაურელი უკვე ცოცხალი აღარ იყო, ასეთი სცენის შემსწრე გავხდი: დილის ათის ნახევარია. ანტიკვარული ავეჯით გაწყობილ დარბაზში, სარკესავით ალაპლაპებულ ფიგურულ პარკეტზე „პროფესორი“ საბურავს მოაგორებს. საძინებლის კარს აღებს, შიგ შეაგორებს და იძახის:
– ვერიკო! ეი, ვერიკო!
– რა იყო? – თვალი არ გაუხელია, ისე პასუხობს ნამძინარევი ვერიკო, რომელიც, როგორც ყველა თეატრალური მსახიობი, გვიან იძინებს და გვიან დგება.
– თვალი გაახილე და შეხედე!
ვერიკო ცალ თვალს ახელს.
– მითხარი ერთი, ასეთი საბურავით თუ შეიძლება მგზავრობა? შეიძლება?!
– კარგი მძღოლი ასეთი საბურავითაც ივლის, ნეხვის მანქანას კი ნებისმიერი გაუსკდება, – ბუზღუნებს ვერიკო.
– ვერა ივლიანოვნა, მე თქვენ დაგატარებთ, – ახსენებს პროფესორი.
ვერიკო ორივე თვალს ახელს.
– ღმერთო, რა შეგცოდე ამის ფასი, რომ გარს სულ ასეთი იდიოტები მახვევია! – და მერე მთელი ათი წუთის განმავლობაში ტრაგიკული ხმითა და იერით წუწუნებს ბედზე.
ვერიკო ანჯაფარიძე კრიტიკოსებმა მეოცე საუკუნის ათ საუკეთესო ტრაგიკოს მსახიობ ქალთა შორის დაასახელეს. როცა ის ასეთი პათოსით სცენაზე ლაპარაკობდა, დარბაზი ხმამაღლა მოთქვამდა. მაგრამ „პროფესორი“ საქმის კაცი გახლდათ და ემოციებს არ ექვემდებარებოდა. როცა ვერიკო დაიღალა და დადუმდა, მან მშვიდად უთხრა:
– ფული მომეცი.
ვერიკო მძიმედ ოხრავს, გვერდზე ბრუნდება და ბუზღუნით ამბობს:
– ტუმბოში ნახე.
ხოლო როდესაც ვერიკოს მანქანიანი მძღოლის შენახვის საშუალება აღარ ჰქონდა, „პროფესორმა“ კვალიფიკაცია შეიცვალა, საფეხბურთო ფოტოკორესპონდენტი გახდა და ჭიაურელზე, ვერიკოსა და სოფიკოზე მეტად გაითქვა სახელი, რადგან თუ თბილისის „დინამოს“ კარში გოლი გადიოდა, მთელი სტადიონი ერთხმად ყვიროდა – „არ გადაიღო, „პროფესორო”!
ანდერძად თქმული
თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე თავის მონოგრაფიაში – „ვერიკო ანჯაფარიძე“ – წერს: „ერთხელ ძალზე საქმიანად დამიბარა: ჩემს რამაზთან დამასაფლავეთ. თუ სისხლი ჩამექცეს, მაშინვე მომისპე სიცოცხლე, – ამას შენ გიბარებ. შემაძრწუნა დანაბარებმა... რა დაგიშავეთ-მეთქი?! წარბი შეიკრა და მკვახედ მიპასუხა: შენ თუ არ გესმის, რომ არ შეიძლება, ვინმემ სახემონგრეული ვერიკო ანჯაფარიძე ნახოს, რა ფასი აქვს ჩემდამი შენს დამოკიდებულებასო“.
დედის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, სოფიკო ჭიაურელმა გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეძლო მის ნივთებთან მიახლება. უჯრაში კონვერტს წააწყდა წარწერით – „სოფიკოს“. ხელწერა იცნო, ანდერძი აღმოჩნდა. ვერიკო ანჯაფარიძე შვილს სწერდა: „თუ დამბლა დამეცემა, გაფიცებ ყველას, მამისა და ძმის ხსოვნას, შენი შვილების სიცოცხლეს, ნუ გამიმეტებ ტანჯვისთვის. სულ ერთია, სიცოცხლისკენ რომ მომაბრუნონ, მაინც ხეიბარი დავრჩები, ეს კი მე არ დამიმსახურებია! ძალით ნუ წამიყვან საავადმყოფოში. აქ, საკუთარ საწოლში უფრო ადვილი იქნება სიკვდილი. არადა, რამდენი ხანია, მინდა, ჩემი ვაჟის გვერდით განვისვენო. სწორედ ამისთვის არსებობს ძლიერი დასაძინებელი საშუალებანი – უნდა გაკეთდეს ინიექცია, ერთი პატარა ნემსი! გეცოდინება, რომ ამით მომგვრი სიმშვიდეს. მხოლოდ ამას გთხოვ!“ (ანდერძი რუსულ ენაზე იყო დაწერილი).
„ღმერთო! როგორ მომბეზრდა სიცოცხლე!“
გია დანელია დეიდასთან – ვერიკო ანჯაფარიძესთან დაკავშირებულ, მისთვის ერთ-ერთ განსაკუთრებულ ისტორიას ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებდა: „დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ვერიკო ძალიან ხშირად ამბობდა: ღმერთო! როგორ მომბეზრდა სიცოცხლე! როგორ მომბეზრდა სიბერე! როდის წამყვანს ღმერთი? სიკვდილი დროული უნდა იყოს!“ საავადმყოფოში ვიწექი კუჭის წყლულის გართულებით, როდესაც ჩემმა მეუღლემ – გალიჩკამ, ვერიკოს წერილი მომიტანა. ის რომელიც ასე სრულდებოდა: „ნეტავ იცოდე, გიიჩკა, როგორ მინდა სიცოცხლე!“ ერთი საათის შემდეგ კი დაგვირეკეს და შეგვატყობინეს, რომ ვერიკო გარდაიცვალა. ვერიკო ანჯაფარიძე იმაზე დიდი პატივით დაკრძალეს, ვიდრე იტალიელებმა ანა მანიანი. მისი სასახლე ხელით ატარეს თეატრიდან მთაწმინდის პანთეონამდე. ქუჩებში ათასობით ადამიანი იდგა და ყველა ტაშს უკრავდა. გზა სასაფლაომდე – 12 კილომეტრი – ყვავილებით იყო დაფარული. ყოველ 100 მეტრში ისმოდა ვერიკოს უმშვენიერესი ხმა – ის კითხულობდა მონოლოგებს, ლექსებს… რეჟისორი რომ გავხდი, ვერიკოსთან აღარ ვრჩებოდი, სასტუმროში დავბინავდებოდი ხოლმე, მაგრამ აეროპორტიდან, პირველ რიგში, აუცილებლად ვერიკოსთან მივდიოდი. როდესაც მისი გარდაცვალების შემდეგ პირველად ჩამოვედი თბილისში, მექანიკურად ვთქვი: „ვერიკოსთან!“ და მეგობრებმა მის სასაფლაოზე წამიყვანეს.“
წერილები საიქიოში
სოფიკო იგონებდა: როცა მამას წლების განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში უწევდა ყოფნა, დედა მას ტელეფონზე საათობით ელაპარაკებოდა და უხსნიდა სიყვარულს, სწერდა წერილებს და საოცარი სიზუსტით უზიარებდა ოჯახში მომხდარ ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო ამბავს. ამ ყველაფრის შემდეგ, ალბათ, გასაკვირი არცაა, რომ ვერიკო ანჯაფარიძემ მეუღლისთვის წერილების მიწერა მიხეილ ჭიაურელის გარდაცვალების შემდეგაც გააგრძელა. აღნიშნული წერილები შევიდა ანდრო ჭიაურელის მიერ „პირველი არხის“ დოკუმენტური ფილმების სტუდიაში გადაღებულ ფილმში – „ვერიკო“. მაგალითად, ერთ-ერთ წერილში ვერიკო მიხეილს ქალიშვილის შესახებ უყვება: ...გახსოვს ჩვენი სოფკა, ჩვენი გოგო, კიბის პატარა სივრცეზე სპექტაკლს რომ დგამდა, თავისივე მოფიქრებულ ოთხმოქმედებიან პიესას? ყველა აქტი იმეორებდა პირველს. მოფრინავენ ბომბები, ის იმალება და ერთ-ერთი ბომბი კლავს. მაყურებელს წარმოდგენაზე არ უშვებდა. ჩვენ კი ჭუჭრუტანიდან ვუთვალთვალებდით... როცა შენ შენიშვნა მიეცი, რომ ყველა აქტი განსხვავებული უნდა ყოფილიყო, გიპასუხა, რომ შენზე კარგად იცოდა, როგორ დაედგა და ეთამაშა სპექტაკლი. სამწუხაროდ, ეს თვისება დღემდე შემორჩა, არადა, ორმოც წელზე მეტი გავიდა“. წერილებში ანჯაფარიძე გარდაცვლილ მეუღლეს დღესასწაულებს ულოცავდა, ყოფით ამბებს უყვებოდა და აზრსაც კი ეკითხებოდა შეთავაზებულ როლებთან დაკავშირებით. „გილოცავ ფერისცვალებას! გუშინ შენი ქალიშვილი ვენეციიდან ჩამოვიდა. რაღაცა პრიზი მიიღო, ფილმის სახელწოდება არ მახსოვს, ძალიან კი აქებდნენ სოფიკოს. ვენეციას არ დავიწყებიხარ, გაზეთებში იხსენებდნენ 1947 წელს, ფესტივალს, შენს ფილმს, შენს გვარს. მეც კი გამიხსენეს, როგორც შენი მეუღლე – „ქალი, რომელიც ნაზი, მელოდიური ხმით წამღერებით ლაპარაკობდა...“ ნეტა ახლა მოასმენინათ ჩემი ნაზი ხმა – ბებერი ყვავი. ოჯახში ყველაფერი რიგზეა, ძალიან მენატრები, მიყვარხარ!..
სიახლეები ამავე კატეგორიიდან