საზოგადოება

ვინ დაამთავრა ნიაზ დიასამიძის უნივერსიტეტი და რატომ იყო თბილისში ყველა ქალი მასზე შეყვარებული

№41

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 15.10

ნიზა დიასამიძე
დაკოპირებულია

დღევანდელი მოგონებები თბილისის კოლორიტზეა. კონკრეტულად კი ეს დღიურები უფროსი თაობის ნამდვილ საპატიო თბილისელს, ნიაზ დიასამიძეს ეკუთვნის. ამბობენ, თურმე, ხელმოკლედ ცხოვრობდაო. ფული რომ არ ჰქონდა, საყვარელი ქალისთვის დაბადების დღეზე საჩუქრად ცოცხალი გალაკტიონი მიუყვანია. აი, ასეთი ორიგინალური, უცნაური ადამიანი ჰყავდა თბილისს, რომელიც ყოველთვის აკვირვებდა გარშემო მყოფებს და უყვარდა ამ ქალაქს და ქალაქელებს. თბილისის ასევე კოლორიტი თემურ ჩირგაძე იხსენებდა:

ექსტრავაგანტული ნიაზი

„ნიაზი 1934-1944 წლებში გავიცანი. მე და ჩემი ტოლები ნიაზზე უმცროსები ვიყავით. ის კი მაშინ უკვე პოპულარული იყო და ბუნებრივია, ჩვენთვის, შედარებით ყმაწვილებისთვის, დიდი ბედნიერება იყო მასთან დამეგობრება. იმდროინდელ თბილისში ნიაზს ყველა იცნობდა და მასთან დაახლოებას ცდილობდა. გოგონები შეყვარებულები იყვნენ მასზე... იმ წლებში თბილისში ცოტანი მღეროდნენ. ჩვენ, ნოდარ ნაკაშიძე (ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, პროფესორი, სამწუხაროდ, ადრე გარდაიცვალა), თემურ ნაცვლიშვილი და მე. ასე თუ ისე ვავსებდით ამ ნაკლს. ნიაზს მოსწონდა ჩვენი სიმღერები და ხუმრობით „ძმები იშხნელები“ შეგვარქვა. მუსიკალური პიროვნება გახლდათ. შესანიშნავად უკრავდა, თავისებური, ორიგინალური მანერა ჰქონდა, განსაკუთრებული ოსტატობით ხმარობდა მარჯვენა ხელის სამ თითს (არათითი და შუათითი დაზიანებული ჰქონდა), ასეთ სტილს როიალზე დაკვრისა, მხოლოდ ის ფლობდა. იმ ხანებში თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე ამერიკული ფილმი „მზიური ველის სერენადა” გადიოდა. ჩვენ, მაშინ პირველად მოვისმინეთ ოკეანისგაღმური კლასიკური მუსიკა. ყველანი აღფრთოვანებულები ვიყავით. მახსოვს, კინოფილმის ნახვიდან მეორე თუ მესამე დღეს ნიაზს ვესტუმრეთ და ისევ აღფრთოვანებულები დავრჩით: ახლა უკვე მან და მისმა მეგობარმა, ალეკო გიორგაძემ (ცნობილი ქართველი მოქანდაკე) ხსენებული ფილმის თითქმის ყველა მელოდია უშეცდომოდ შეასრულეს. ახლაც მახსოვს ერთი ქართული, ქალაქური მელოდია, ნიაზის მიერ მისებურად, ორიგინალურად აჟღერებული. ლამაზად ჩაცმა უყვარდა. საშინლად გვიჭირდა ომისა და ომის შემდგომ წლებში, სად იყო კოსტიუმი ან ფეხსაცმელი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნიაზი მუდამ პეწიანად გამოიყურებოდა. შარვალს თვითონ იკერავდა. ჩვენებური საბჭოთა ფეხსაცმლისგან, რაღაც განსხვავებულსა და განუმეორებელს გამოიყვანდა. მახსოვს, რუსეთიდან დავბრუნდი, სადაც სამხედრო ექიმად ვმუშაობდი. ჩავიცვი სამოქალაქო ტანსაცმელი და რუსთაველზე გამოვედი. გრიბოედოვის ქუჩის დასაწყისთან ნიაზი შემხვდა – ერთი წელი არ მენახა. შემხედა თუ არა, იყვირა – „ეს რა შარვალი გაცვია, ვაიმე, დავიღუპეთო!” მომკიდა ხელი, წამიყვანა სახლში და თავის პატარა ოთახში ნახევარ საათში დამივიწროვა შარვლის ტოტები. ჩემთვის ყოველთვის ზეიმი იყო მასთან შეხვედრა. მახსოვს, ოჯახთან ერთად, კიკეთში ვისვენებდი. ხშირად ამოდიოდა და ჩვენთან რჩებოდა. ის დღეები ყველა ჩემიანისთვის დაუვიწყარი იყო. ჩემს მშობლებსაც ძალიან უყვარდათ, იოლად ამყარებდა კონტაქტს უფროსებთან. როდესაც, მიზეზთა გამო, რამდენიმე წელიწადს საქართველოში ვერ ჩამოვდიოდი, ნიაზი, თურმე, ხშირად დადიოდა ჩვენსას, ჩემი ამბების გასაგებად და ახლობლების დასამშვიდებლად. საოცრად თბილი და მოსიყვარულე იყო... ავადმყოფობა მოეძალა და როდესაც ძალიან ცუდად ხდებოდა, თვითონ გაეცლებოდა ხოლმე მეგობრებს. უკანასკნელად გედევანიშვილების ოჯახში შევხვდი. თამადად ავირჩიეთ. მიუხედავად იმისა, რომ თავად მხოლოდ ლიმონათს სვამდა, საუცხოო დრო გაგვატარებინა. ნიაზი იუმორით აღსავსე პიროვნება იყო. მისი ოხუნჯობანი და სხარტულები მყისვე ვრცელდებოდა ქალაქში, მაგრამ მის იუმორს მაშინდელი სიტუაციის ისეთი ბეჭედი დაჰკრავს, რომ დღეს შეიძლება, ბევრისათვის გაუგებარიც იყოს, იმ დროისა და მომენტისათვის კი, უაღრესად ზუსტი და ღიმილის მომგვრელი გახლდათ. დღეს, როცა ნიაზს ვიგონებ, ჩემი ცხოვრების იმ მონაკვეთს ვავლებ თვალს, რომელიც მასთან ერთად გავატარე, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, თუ რა ბედნიერი ვიყავი ამ სიახლოვით. ჩემი თაობისა და ჩემი წრისთვის ნიაზ დიასამიძე დიდი პიროვნება იყო. ჩვენ ყველამ მისი „უნივერსიტეტი“ გავიარეთ. მადლობელი ვარ ჩემი ბედისა, მისი ახლობელი რომ ვიყავი. ვიცი, გულწრფელად ვუყვარდი და ისიც მარად დაუვიწყარი იქნება ჩემთვის.“

არარატა – შუაზე გაჭრილი მოხარშული კვერცხი მდოგვით, ანუ ცეცხლად და ნავთად

თემურ გოცაძე იხსენებს: „როდესაც ნიაზი გავიცანი, მისი „კულტი” უკვე ზენიტში იყო. პირველი საშუალო სკოლა დავამთავრე და „გეოგრაფიული სიახლოვის” წყალობით, ერთმანეთი რუსთაველის პროსპექტზე გავიცანით. იმ წლებში თბილისში ტელეფონი ცოტას თუ ედგა, ასე რომ, ჩვენი დამაკავშირებელი ხსენებული გამზირი გახლდათ. უმეტესად ლაღიძის წყლებთან ვიკრიბებოდით. ვინმეს ნახვას თუ მოისურვებდით რუსთაველზე გამოხვიდოდით და უსათუოდ შეხვდებოდით კიდეც... გოგოს გულისთვის ხშირად გვიჩხუბია. ასეთი „დუელები“ მეტწილად დადიანის (ძველი ველიამინოვის) ქუჩაზე იმართებოდა. ძველბიჭობასაც თავისი პეწი ჰქონდა. ამ ბიჭების მარაქაში ჩაწერა ძნელი საქმე იყო თუ გამორჩეული თვისებებისა არ იყავი. მაშინდელი „რუსთაველი” მკვეთრი კონტრასტულობითაც ხასიათდებოდა. აქ ბუბა კიკაბიძესაც ნახავდი და მის გვერდში ვინმე „პაკრიშკასაც“. ამ ფონზე ნიაზი ავტონომიურ პიროვნებად აღიქმებოდა. სასტუმრო „თბილისის” მეორე სართულზე კაფე იყო. კაფეში მებუფეტედ „არარატა“ მუშაობდა. კარგი ხაში იცოდა „არარატამ“. ჩვენი თაობა ზარხოშზე ამ კაფეში გამოდიოდა. ერთხელ, წინა დღით ნაქეიფარს ჟანრი ლოლაშვილი იმ კაფეში შემიძღვა და ჩემი თავი „არარატას“ ჩააბარა. „არარატამ“ მოხარშული კვერცხი შუაზე გაჭრა, ზედ 2-3 მილიმეტრის სისქეზე მდოგვი წაუსვა, მდოგვზე შავი პილპილი ბარაქიანად მოაყარა, ძმარიც მოასხა და 200 გრამ არაყთან ერთად მომართვა. დავლიე და შემოთავაზებული ნაბახუსევზე გამოსასვლელიც დავაყოლე. ამას „პო ტოლსტოვსკის” ეძახდნენ. თურმე, ალექსეი ტოლსტოიც ასე გამოდიოდა „პახმელიაზე“. იმ დღეს კიდევ დავლიე. საოცარი ის იყო, რომ არ მომეკიდა. ჟანრი ლოლაშვილმა ამიხსნა: „დილით რომ „არარატამ“ კვერცხი მოგართვა, ეს იმის დამსახურებააო”. საღამო ხანს სამაიას ბაღთან მივედი. ჩვენი თაობა იქაც იკრიბებოდა. ბაღში ნიაზი დამხვდა. მეც ავდექი და დილით ნასწავლი რეცეპტი შევთავაზე. მეორე დღეს ნიაზსაც მიუმართავს ამ რეცეპტისათვის. მესამე დღეს რომ შემხვდა, კინაღამ მომკლა: – რა მასწავლე, ბიჭო, ეს ამდენი არაყი რად გამაფუჭებინე, მე არაყს დასათრობად ვსვამ და არა იმისთვის, სულ ფხიზლად რომ ვიაროო...

60-იან წლებში თბილისში სამოღვაწეო ასპარეზზე უაღრესად ნიჭიერი თაობა გამოვიდა. მათ შორის ღირსეული ადგილი ეკუთვნის ნიაზ დიასამიძესაც. მუდამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა სტანჯავდა. მისი უმთავრესი ნიშანი მარტოსულობა და სევდიანობა იყო. მეგობრები არ დაჰკლებია, და მაინც მარტო დარჩა ეს კაცი... ის კეთილგანწყობილი გახლდათ ყველას მიმართ, ვისაც სძულდა და ვისაც უყვარდა, მას ყველა უყვარდა. 1968 წელს ტელევიზიაში თითქმის ერთდროულად დავიწყეთ მუშაობა. შემდეგ ბათუმში აღმოვჩნდით ერთად. იქ მაშინ „არაჩვეულებრივ გამოფენას” იღებდნენ. მე სცენის გასაფორმებლად ჩავედი. ნიაზი გადაცემის მოსამზადებლად იყო წასული. უკანასკნელად იქ ვნახე.“

მოდელიორი ნიაზი ჩიტებზე და ჟუჟუნასთან

გიგა ლორთქიფანიძე იხსენებდა: „ის გახლდათ, აგრეთვე, ჩვენი თაობის მოდელიორიც. ტანსაცმლის ახალ-ახალ მოდელებს თავად ქმნიდა. უსაყელო პერანგი თბილისში მან ჩაიცვა პირველად. ჰქონდა საოცარი შინაგანი გემოვნება. ერთი კია, თავის მიერ ერთი ხელით გაკეთებულს მეორე ხელით ანადგურებდა. ერთხელ თაბაშირი მოიტანა და მშვენიერი ფიგურები გამოძერწა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, იმდენად ლამაზი ფიგურები შექმნა. მეორე დღესვე თავადვე დაამსხვრია! იუმორის საოცარი გრძნობა ჰქონდა. ერთხელ კინოთეატრ „სპარტაკიდან” გამოვდივარ. ვხედავ, რუსთაველზე ნიაზი დგას. ფილმის ჟურნალი ალკოჰოლიზმთან ბრძოლას შეეხებოდა და ვურჩიე ენახა. მითხრა: „გიგა, ბიჭო, ეგენი სულელები არიან, რატომ აჩვენებენ მაგ ფილმს, ლოთი მანდ არ შევა, სხვებს კი რაში სჭირდებათო”. სახლიდან, რომელშიც ადრე ვცხოვრობდი, ყველანი რომ გავიკრიფებოდით, ბოლო გამსვლელი კარებში ტოვებდა წერილს: „გასაღები გიგიბერიებთანაა”. იმ დღეს რამდენჯერმე ამოსულა ნიაზი. შემდეგ გასაღები გიგიბერიებისათვის გამოურთმევია და დამლოდებია. კარგა ხნის ლოდინის შემდეგ კარი ისევ დაუკეტავს, გასაღები გიგიბერიებისთვის ჩაუბარებია და წასულა. რომ დავბრუნდი, წერილი დამხვდა: „გასაღები გიგიბერიებთანაა”. შევედი ოთახში და ვხედავ, ორი სკამი ერთმანეთზე ჯაჭვითაა გადაბმული, ხოლო ჯაჭვს ბოქლომი ადევს. იქვე მოკლე წერილიც იდო: „გასაღები შკაფის თავზეა”. ფილარმონიაში ლიტნაწილის გამგედ 3-4 წელი იმუშავა. ერთხელაც, ნოდარ ხუნწარიამ ფელეტონი მიუტანა. ფელეტონს ვრცელი შესავალი ჰქონდა. შესავლის შინაარსი ზუსტად არ მახსოვს, გათენება და ჩიტების ჭიკჭიკს შეეხებოდა. იუმორი კი, გვიან, ფელეტონის ბოლოში იწყებოდა. ნიაზს უთქვამს, არ გვინდა ეს ჩიტები, პირდაპირ იუმორით დაიწყეო. ხუნწარია უარზე იდგა. ბოლოს ნიაზმა შეიცხადა: კაცო! ჩიტები იჭიკჭიკებენ, აბა „დაკუდარას” ხომ არ ითამაშებენო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა