საზოგადოება

ვინ დააკარგვინა მედეა ლორთქიფანიძეს მთელი ქონება და როგორ ანებივრებს მას სიძე

№19

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 17.05

მედეა ლორთქიფანიძე
დაკოპირებულია

ყველასთვის საყვარელ მსახიობს, მედეა ლორთქიფანიძეს ვესაუბრეთ იმაზე, რაც მის ცხოვრებაში სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ დასრულების შემდეგ ხდება.

მედეა ლორთქიფანიძე: „ჩემი ცოლის დაქალებში“ ძალიან კარგ კოლექტივში ვიყავი. ერთი უზრდელი სიტყვა არ გამიგია, თბილები და ტკბილები იყვნენ. პოლიტიკაზე ლაპარაკი აკრძალული გვქონდა და ყველა გადასარევად ვმუშაობდით, მაგრამ უცებ ყველა მოგვხსნეს და გარეთ გამოგვიშვეს. იცით რამდენი ტანსაცმელი დავკარგე? სერიალში ყველაფერი ჩემი მეცვა. არც ტანსაცმელი მიყვარს სხვისი და არც სხვისი გაკეთებული საჭმელი, ამიტომ იქაც ყველაფერი ჩემი მქონდა. ახლა ვეძებ ჩემს ნივთებს და გული მისკდება. არავის უთქვამს, მოდით და წაიღეთო, მაგრამ უნდა მივიდე და წამოვიღო. ათი წელი მასხრობა ხომ არ გგონიათ?! თვეში ხან 900 ლარი მქონდა ხელფასი, ხან 800 და ხან 500, გააჩნია, რამდენ სცენას ვიღებდით და ყველაფრის გარეშე დავრჩი. ახლა ერთ სერიალში ვმონაწილეობ, მაგრამ გადაღებები უფრო იშვიათად მაქვს.

– ამდენ ხანს მუშაობის შემდეგ უცებ გაჩერება, ალბათ, რთული აღმოჩნდა.

– რთული კი არა, დედიკო, მაგან დამაავადმყოფა. ისე შემბოჭა, რომ არავის დანახვა აღარ მინდა ხოლმე. ამ სიბერეში, მგონი, გავაფრინე და ლექსების წერა დავიწყე (იცინის). ყველა წიგნს თავიდან ვკითხულობ. წიგნების ბუმი მაქვს სახლში. ამ ბინაში მეტი კი არაფერი გადმომიტანია.

– საცხოვრებელი შეიცვალეთ?

– კი, დედიკო. ქვეყნის ვალები დამიგროვდა. ჩემი ქმარი პროფესორი იყო, მეოთხე სამმართველოს მთავარი ქირურგი და ქირურგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. მთელი მსოფლიო შემოვიარეთ. კარგად ვცხოვრობდით, მაგრამ ოქრო და ბრილიანტი არასდროს მიყიდია და არც მაქვს. კიდევ კარგი, თორემ ახლა ყველა ლომბარდში იქნებოდა. რაც მქონდა გავყიდე და საცხოვრებლად ჩემი გოგოს კორპუსში გადმოვედი – გათხოვილია, ორი შვილი ჰყავს. სიძეს ზურგზე ხომ ვერ დააწვები. ბიზნესმენი არ არის, პატიოსანი, მშრომელი კაცია და განა რამდენი უნდა ჰქონდეს შემოსავალი?! ხელფასზეა დამოკიდებული და ახლა კიდევ ჩემი საჭმელი დაემატა. ჩემი სახლი გავყიდე, ჩემი ვალები გავისტუმრე და ჩემს შვილთან ახლოს ვიყიდე ბინა. ჩემმა მეგობარმა, რომელიც 24 საათი ჩემთან იყო, ჩემთან სვამდა და ჭამდა, როცა კარგი ცხოვრება მქონდა, ფული გამომატანინა ბანკიდან. ერთად ვართ გაზრდილები და უარს როგორ ვეტყოდი. მითხრა, ნელ-ნელა გადავიხდიო, მაგრამ ორი თვის შემდეგ მითხრეს, რომ ფული არ შეჰქონდა. დაჰკრა ფეხი და წავიდა. ახლა საფრანგეთში ცხოვრობს. რომ მოვიდეს და დამიჩოქოს ტირილით, რა ვქნა, ვაპატიებ, მაგრამ ყველაფერი დავკარგე. აგარაკიც გავყიდე, რადგან ვალები დამედო. ბახტრიონზე ჩემი სახლიც გავყიდე და ელიავაზე ოთახნახევრიანი ვიყიდე. მთელი ავეჯი გადავყარე. ვისაც რა უნდოდა კი წაიღო, მაგრამ რაც არ წაიღეს, იმის გაყიდვას ვეღარ დავიწყებდი და აქაც ვერ წამოვიღებდი, რა უნდა მექნა. ახლა ერთ კორპუსში ვცხოვრობთ მე და ჩემი შვილი, მაგრამ სხვადასხვა სართულზე. მისი იმედი მაქვს, ყოველ დილას საჭმელი შემოაქვს და რომ არა ეგ, არც ვიცი, რას ვიზამდი. ჭამაც არ მინდა უკვე. ფეხები რომ კარგ მდგომარეობაში მქონდეს, სახლში რა გამაჩერებს. მუხლები მტკივა, რამდენჯერმე დავეცი და ამან ძალიან იმოქმედა, უმოძრაობამაც ცუდი გავლენა მოახდინა.

– არადა, ძალიან აქტიური მგონიხართ.

– ეგრეა, ეგრე, გეგონება, ქვეყანას დავანგრევ, მაგრამ მარტო რომ ვრჩები, პატარა რამეზე ვტირი. ტელევიზორშიც რომ ვუყურებ რამეს, ვერ ვიკავებ თავს, უკვე ნერვები აღარ მივარგა. ნეტავ გადაღებები იყოს, ერთი წუთი არ დავფიქრდებოდი, ისე წავცუნცულდები, უკანაც არ მოვიხედავ (იცინის). აღარც ხელები შემაწუხებდა და აღარც ფეხები (იცინის).

– იუმორს და ენერგიასაც არ კარგავთ, ხომ?

– იუმორს არასდროს ვკარგავ. რომ ვკვდებოდე, ისეთს ვიტყვი, ყველას ეცინება ხოლმე. ძალიან მოსწრებული ენა მაქვს, მაგრამ ბოროტი არ ვარ. ცხოვრებაში არავის დავმდურებივარ, არასდროს არავინ გამიჭორია. პირიქით, წაჩხუბებულები შემირიგებია. ალბათ, ამიტომ არ მწირავს ღმერთი. აბა, აგერ უკვე 85 წლის გავხდი. აბსოლუტურად ვერ ვგრძნობ ასაკს. ვკითხულობ, ვაზროვნებ და ჩემს შვილიშვილს გრამატიკას ვასწავლი. წინადადების გარჩევა არ იციან, კაცო, შოთა რუსთაველი არ იციან, გამაგიჟეს. დავჯექი და დავიწყე შოთა რუსთაველის თარგმნა თანამედროვე ქართულზე და ასე ძლივს წავაკითხე. ყოველ თავზე ხუთ-ხუთ ლარს ვაძლევდი, რომ მოტივაცია ჰქონოდა (იცინის).

– მომთხოვნი ბებია იქნებით.

– ჩემი შვილი ჩემთან რომ უშვებს, ეუბნება, ბებო ისევ სწავლაზე დაგვიწყებს ლაპარაკსო. აბა, რა გინდათ, დედა, წამოხდილები რომ დადიან, წინ რომ ლეღვის ფოთოლი აქვთ აფარებული და უკან ბაწარი, ასე გინდა-მეთქი? ვეუბნები, მაგრამ ახლა ლეღვის ფოთოლსაც აღარ იფარებენ, დაფნის ფოთლამდე დააპატარავეს. გარყვნილებით აივსო ქვეყანა, მაგრამ მე სადაც ვიყავი, იმ კოლექტივიდან ცუდს ნამდვილად ვერავისზე ვიტყვი. „ჩემი ცოლის დაქალებში“ იმისთანა გოგონები იყვნენ, უკარგესები. გათხოვილები, კარგი ქმრებით. ზოოლოგიის ინსტიტუტში ვმუშაობდი ოცი წელი და ერთი ხმამაღალი სიტყვა არ გამიგონია. ყველგან ძალიან კარგი ხალხი მხვდებოდა. ოთხი ინსტიტუტი მაქვს, დედა, დამთავრებული და ცუდი არსად არაფერი მინახავს. მე სწავლით ძალიან ბევრი შევიძინე. ახლა რომ ვუყურებ, ბავშვი ზმნას და არსებით სახელს ვერ არჩევს ერთმანეთისგან და ქვემდებარე და შემასმენელი არ იცის, როგორ არ ვინერვიულებ? ამიტომ ვარ მომთხოვნი, მაგრამ ისე მე ისეთი ბებია ვარ, რომელსაც თვითონ უვლიან. საჭმელს მე არ ვაკეთებ, არ ვალაგებ, არ ვრეცხავ. მარტო ვკითხულობ და თუ სადმე დამიძახებენ, სიხარულით მივრბივარ (იცინის).

– ესე იგი, განებივრებთ ოჯახი...

– რას ლაპარაკობთ, სიძე მყავს, ღმერთო, ჩემს შვილიშვილს შეახვედრე ასეთი ქმარი და ყველა ჩემს ახლობელს, მე მეტი არაფერი მინდა. მისგან ორი ზედმეტი სიტყვა არ გამიგონია. არადა, ყველაფერს ვაფუჭებ. იქ წყალი გამიფუჭდება, იქ მობილურზე ხან რას დავაჭერ ხელს, ხან რას და რომ მოვა და საწყალი თვალებით შევხედავ ხოლმე, სიცილით კვდება (იცინის). ახლა მძახლები როგორი მყავს? ძალიან კარგები. ბავშვიან-უფროსიანად ყველა ძალიან კარგები არიან. ღმერთმა ამით დამაჯილდოვა. წყნარი და მშვიდი სიბერე მაქვს ოჯახში.

– თქვენი ხასიათი, ალბათ, ბევრჯერ დაგეხმარათ სირთულეებთან გამკლავებაში.

– ჩემთან გოგონები რომ მოდიან, ისეთი სიცილ-ხარხარია ხოლმე, გეგონება, საერთოდ არ ვიცით, პრობლემა რა არის (იცინის). ენერგიასაც არ ვუჩივი. „ბებია-ბაბუების ჯგუფში“ ვარ გაწევრიანებული, მაია ხაბურძანიას ხელმძღვანელობით. მთელი საქართველო შემოგვატარა. რაც კი აქამდე არ მინახავს, ყველაფერი ახლა ვნახე. მე საზღვრებს გარეთ უფრო მეტი მქონდა ნანახი, ვიდრე საქართველოში და ეს დანაკლისი ამ ასაკში შევივსე. ახლაც კარგ ამინდებთან ერთად ისევ განვაგრძობთ სიარულს. სულ მეუბნებიან, შენ ოღონდ წამოდიო. მთავარია, დიდი კიბეები არ იყოს ასავლელი და გორაზეც ნუ ამიყვანენ (იცინის). არადა, სულ ხელკავით მატარებენ (იცინის). ძალიან კარგი ჯგუფი შექმნა მაიამ, მისი მადლობელი ვარ, ერთი ოჯახივით ვართ ყველანი. არავის ვურჩევ სახლში დაჯდომას. დაბლა ეზოში „ტრენაჟორებია“. ისე მინდა ჩასვლა და ვარჯიში, მაგრამ აქ ჯერ არავის ვიცნობ და მრცხვენია. იტყვიან, ეს ბებერი ქალი რამ გადარიაო (იცინის). უპატრონო მოხუცთა თავშესაფარში რომ აბარებენ მოხუცებს, ძალიან რთულია. მე ყველას ვეუბნები, არ მაწყენინოთ, თორემ თქვენ ჩაგაბარებთ-მეთქი (იცინის).

– სადაც არ უნდა მიხვიდეთ, ალბათ, ყველგან დიდი სიყვარულითა და ღიმილით გხვდებიან.

– ქუჩაში რომ მივდივარ, სათვალეს ვიკეთებ, დედიკო, მერიდება ხოლმე. ქალბატონ მანანას მეძახიან, როგორ გვიყვარხარო, მეუნებიან. ბავშვებს გეფიცებით, არ ვტრაბახობ, ასე არ გამიგოთ. არცერთ გალერეაში არ იქნება იმდენი ფოტო, რამდენიც მე მაქვს გადაღებული (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

29 მაისი – 4 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 29 მაისი – 4 ივნისი