საზოგადოება

ვინ არის ქართველი, ვინც სამ კონტინენტზე საქმიანობდა და რისთვის გაანადგურეს მისი ოჯახი

№26

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 07.07, 2021 წელი

ივანე ვარაზი
დაკოპირებულია

ივანე ვარაზი გახლდათ მეცენატი და მაგნატი, რომელიც სამ კონტინენტზე საქმიანობდა. ის მუშაობდა ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის მშენებლობაზე. ააშენა წალკის ხიდი. ხელმძღვანელობდა ბაქო-ჯულფის, არზრუმ-სარიყამიშის რკინიგზის მშენებლობებს. ვარაზმა 1 015 000 მანეთი გამოყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის გასაძლიერებლად.

გერმანიიდან ივანე ვარაზი, შაჰის მთავრობის მიწვევით, ირანში გაემგზავრა მნიშვნელოვანი სარკინიგზო მშენებლობის ხელძღვანელად. იგი სათავეში ჩაუდგა ირანიდან ინდოეთის საზღვრამდე რკინიგზის გაყვანას. მეორე მსოფლიო ომის დროს მან დიდი თანხა გაიღო საბჭოთა ავიაციის განვითარებისთვის. ეხმარებოდა უცხოეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს და ფერეიდნელ ქართველებს.

ივანე ვარაზაშვილი დაიბადა 1879 წელს, თბილისში. მამა – ხაბაზთა უსტაბაში სოფრომ ვარაზაშვილი, დედა – მარიამ ჯანელიძე. ისინი წარმოშობით რაჭის სოფელ მუხლიდან იყვნენ. თბილისში ოჯახს საკუთარი პურსაცხობი თონეები ჰქონდა გამართული და შეძლებულად ცხოვრობდა.

სოფრომ ვარაზაშვილის ოთხივე ვაჟმა კარგი განათლება მიიღო. სამი მათგანი – ისიდორე, ივანე და გიორგი – გერმანიაში სწავლობდნენ. გიორგი თბილისში პირველი წყალსადენის პროექტის ავტორი იყო. ვასილმა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა. რევოლუციის შემდეგ მისმა მასწავლებელმა, ცნობილმა პათოლოგ-ფიზიოლოგმა კრინბერგმა გერმანიაში გაყოლა და მასთან ერთად მუშაობა შესთავაზა, მაგრამ მან სამშობლოში დარჩენა არჩია.

1936 წელს ვასილ ვარაზი გახდა მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ოფიციალური ნომინანტი, რაც არ გახმაურებულა და ოჯახმა ამის შესახებ მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ შეიტყო. ვასილის ვაჟი იყო მხატვარი ავთო ვარაზი.

ივანე ვარაზაშვილმა კი წარჩინებით დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტექნიკური სასწავლებელი, შემდეგ – პეტერბურგის საგზაო-სარკინიგზო ინსტიტუტი და რკინიგზის მშენებელი ინჟინრის დიპლომით დაბრუნდა. საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როცა ბაკურიანის რკინიგზის მშენებლობაში მონაწილეობდა. პირველი მსოფლიო ომის დროს მიიღო ინჟინერ-პოლკოვნიკის ხარისხი და ხელმძღვანელობდა ჯულფა-ბაქოსა და ერზრუმ-სარიყამიშის სარკინიგზო-საგზაო მშენებლობებს. ამ უბნებზე მუშაობდა მისი ძმაც, ასევე რკინიგზის ინჟინერი, ისიდორე ვარაზაშვილი.

ივანემ ისიდორესთან ერთად, 1917 წლიდან ხელი მოჰკიდა ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის განვითარებას. მათი მიზანი იყო, შავი ქვის რეწვა გადაექციათ ეკონომიკურად დაუძლურებული საქართველოს შემოსავლის მთავარ წყაროდ.

1918 წელს დაარსდა „ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა სააქციო საზოგადოება“, რომელსაც ფილიალები ჰქონდა გერმანიაში, ინგლისში, თურქეთსა და ამერიკაში. პირველ თავმჯდომარედ ნიკო ნიკოლაძე მიიწვიეს.

მალე ივანე და ისიდორე ვარაზაშვილები, სააქციო საზოგადოების დავალებით, გერმანიაში გაემგზავრნენ. იქ იმყოფებოდა მათი უმცროსი ძმა, გიორგიც, რომელიც სამთო ინსტიტუტში სწავლობდა.

ძმები არ შემოიფარგლნენ მხოლოდ მარგანეცით, მათ ქართული კულტურის პოპულარიზაციაზეც დაიწყეს ზრუნვა. ამ პერიოდში საზღვარგარეთ მყოფ მოწინავე ქართველ მამულიშვილთა შორის მომწიფებული იყო აზრი, ბერლინში ქართული გამომცემლობის დაფუძნების შესახებ. ამ იდეას ხორცი შეასხა ივანე ვარაზაშვილმა. მისი მცდელობითა და ქველმოქმედებით ბერლინში დაარსდა გამომცემლობა Naher osten, ანუ „ახლო აღმოსავლეთი“.

უცხოეთში მოსწავლე ხელმოკლე ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად და ქართულ-ევროპული კულტურული მემკვიდრეობის გაცვლის მიზნით, ძმებმა ვარაზაშვილებმა გერმანიაში, ჰამბურგში, საფუძველი ჩაუყარეს პირველ „რუსთაველის საზოგადოებას“.

ვარაზაშვილები ცნობილი იყვნენ როგორც მეცენატები. ისინი ეხმარებოდნენ ბერლინში სასწავლებლად წასულ ახალგაზრდებს. ბევრი ქართველი სტუნდენტი, მათ შორის ვანო სარაჯიშვილი და კონსტანტინე გამსახურდია, მათი სააქციო საზოგადოების სტიპენდიით სწავლობდა.

ძმებმა, ნიკო ნიკოლაძის დახმარებით, თბილისში დააარსეს გამომცემლობა „ქართული წიგნი“, სადაც გამოსცეს ნიკოლოზ ბარათაშვილისა და გრიგოლ ორბელიანის ლექსთა კრებულები. ასევე, შალვა დადიანის რომანი – „უბედური რუსი“, კონსტანტინე გამსახურდიას მიერ ნათარგმნი უცხოელ კლასიკოსთა თხზულებები და ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებული.

1928 წელს, სპარსეთის შაჰის, რეზა–ხან ფეჰლევის მიწვევითა და სსრკ მთავრობის ნებართვით, ივანე ვარაზაშვილი ირანში გაემგზავრა და სათავეში ჩაუდგა ირანიდან ინდოეთის საზღვრამდე რკინიგზის გაყვანას.

1930-იან წლებში, საზღვრების ჩაკეტვისა და საბჭოთა კავშირში აგორებული რეპრესიების გამო, ივანე ვარაზაშვილი თეირანში დარჩა. ეს ძალიან ძვირად დაუჯდა მის ოჯახს. როგორც უცხოეთის აგენტი, დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს ივანეს 18 წლის ქალიშვილი ფეფიკო, რომელიც წამებისას შემოაკვდათ. ისიდორე და მისი შვილი, სოსო, დახვრიტეს. 1951 წელს შუა აზიაში გაასახლეს ივანეს ცოლი, ელისაბედ მიროტაძე და სამი ვაჟი ოჯახებით. 1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ. როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, ივანემ სცადა ცოლ-შვილთან დაკავშირება – 1954 წელს საახალწლო მისალოცი გამოუგზავნა, მაგრამ დაშინებულმა ოჯახის წევრებმა პასუხის გაცემა ვერ გაბედეს და ბარათი უკან დააბრუნეს.

ივანე ვარაზაშვილი 1955 წელს გარდაიცვალა და თეირანში, მართლმადიდებლური ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

გამოყენებული მასალების წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; სფიჩი; ვარაზაშვილი ივანე – ქართველები უცხოეთში; რეხვიაშვილი ს. ძმები ვარაზაშვილები – ლიტერატურული საქართველო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა