საზოგადოება

ვინ არის ქართველი გოგო, რომელიც ჩინელებს საქართველოს ისტორიას ასწავლის და რატომ დაინტერესდა მისით ადგილობრივი მედია

№25

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 30.06, 2021 წელი

ნენე ახობაძე
დაკოპირებულია

ნენე ახობაძე ქართველი სტუდენტია ჩინეთში. მისი ისტორია საკმაოდ მძიმეა, თუმცა თუ მისი ამბის გაზიარებას დღევანდელი დღით დავიწყებთ, ამ სიმძიმეს ნაკლებად ვიგრძნობთ, რადგან პირადი ტრაგედიებით გამოწვეული სირთულეები დღეს დიდწილად, დამოუკიდებლად მიღწეულმა პროფესიულმა წარმატებებმა ჩაანაცვლა.

ნენე ახობაძე: ჩინური ენის სწავლა თსუ-ში დავიწყე. ჩინეთში კი პირველად 2015 წელს გაცვლითი პროგრამით ჩამოვედი. აქ თავიდან ძალიან გამიჭირდა, ვფიქრობდი, საერთოდ რა ჯანდაბა მინდოდა-მეთქი, მაგრამ ნელ-ნელა ყველა ბარიერი გადავლახე, რაც წამოსვლამდე საკმაოდ ბევრი შემხვდა. პირველ წელიწადს ჩინეთის მთავრობის დაფინანსება ვერ მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს ეს გაცვლითი პროგრამა ჰქონდა, ის ჩემამდე არავის გამოუყენებია და ამის შესახებ თსუ-შიც არ იცოდნენ ბევრი რამ. ერთი წლის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი, სწავლა ისევ თსუ-ში გავაგრძელე და 2017 წელს უკვე შევძელი ჩინეთის მთავრობის სტიპენდიის მიღება – მაშინ და შემდეგ, 2019 წელს, უკვე ჩინეთის მთავრობის სტიპენდიით დავბრუნდი ჩინეთში.

– ჩემთვის და ალბათ, ბევრისთვისაც, უცნაურია, რატომ აირჩიეთ პროფესიად ჩინეთის ისტორია?

– ეს ჩინელებსაც უკვირთ (იცინის). აღმოვაჩინე, რომ საქართველოში არავინ არაფერი იცის ამ მიმართულებით. პროფესიონალი ჩინეთის ისტორიკოსი არ გვყავს, ამიტომ გადავწყვიტე, მეცადა. თავიდან აქ ოთხმა ლექტორმა მიმიღო და მათგან ერთ-ერთი ავარჩიე. იმდენად წარმოუდგენელი იყო მათთვის, რომ მე აქ ჩამოვიდოდი და სწავლას გავაგრძელებდი, რომ ლექტორმა, რომელზეც არჩევანი შევაჩერე, ჩემზე უარი ისე თქვა, რომ არც გამაფრთხილა და თავიდან მომიხდა ლექტორის არჩევა.

– ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, არა?

– უკვე ორი წელი გავიდა და მდგომარეობა შეიცვალა. დღეს ჩემი ლექტორი ცოტა გაკვირვებული მეუბნება, რომ არ ელოდა, თუ დღეს ისევ აქ ვიქნებოდი და ყველაფერს დავძლევდი. უკვე შარშან, ჩემი თუ უფროსკურსელები აზრს მეკითხებოდნენ ხოლმე საკუთარ კვლევებთან დაკავშირებით. მით უმეტეს, რომ აქ უცხო ენებიდან, ძირითადად, ინგლისური იციან, გერმანული და რუსული – არა და ხშირად მოუმართავთ დახმარების თხოვნით ჩემთვის. ვგრძნობ, რომ ახლა აღარ ფიქრობენ, ვინ არის ეს გიჟი უცხოელიო (იცინის).

– როგორია ცხოვრება ჩინეთში? რა მკვეთრი სხვაობა დაინახე ჩვენ შორის?

– ყველაზე მეტად აქ გადახდის სისტემამ გამაოცა და ზუსტად ვიცი, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ეს ძალიან დამაკლდება. როცა რამეს ყიდულობ, აპარატთან სახეს ასკანერებ და მორჩა, ფული გადახდილია. ის ფაქტი, რომ საფულისა და ბარათის ტარება არაფერში გჭირდება, ჩემთვის შოკი იყო (იცინის). მომწონს ისიც, რომ ჩინელებს, როგორც ჩვენ, ბევრი დღესასწაული აქვთ, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, აქ დღესასწაულებზე ყველა ისვენებს და აბსოლუტურად ყველაფერი იკეტება. თავიდან ამის შესახებ არ ვიცოდი და მშიერი დავრჩი, მაგრამ ვფიქრობ, რომ

მომსახურე პერსონალისთვის ძალიან კარგია, წელიწადში ერთი კვირა შვებულების გარეშე რომ შეუძლიათ დასვენება. ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის მათი ხმაურიანი ჭამა. აუცილებლად ხმები უნდა გამოსცენ ჭამის პროცესში. ჩემი იაპონელი მეგობარი მეუბნება ხოლმე, ასე რომ არ ვჭამ, დედაჩემი მეჩხუბებაო. ამბობენ, რომ ასე უფრო გემრიელად მიირთმევ და თან ამ გზით პატივისცემას გამოხატავ მზარეულის მიმართ.

– ჩინელი ბიჭები რამით ჰგვანან ქართველებს?

– არა მგონია. ძალიან მორცხვები არიან. გოგონები უფრო აქტიურები და თამამები ჰყავთ. ჩინელების ოჯახში შესამჩნევია, რომ ურთიერთობაში დომინანტი ქალია. ჩინელი ბიჭები ამბობენ, ოჯახში ქალია იმპერატორი და კაცი – მონაო და ალბათ, ასეცაა.

– კიდევ ერთი პროფესია შეითავსეთ, მოდელობა. როგორ მოხდა ეს?

– 2015 წელს, აქ რომ ჩამოვედი, ფული არ მქონდა. სულ ათასი დოლარი იყო ჩემი ბიუჯეტი და ამ ფულით უნდა დამეფარა საცხოვრებლის, კვების, დაზღვევის საფასური და ასე შემდეგ. აქ სტუდენტობისას მუშაობის უფლებას მოპოვება სჭირდება, რაც ასევე, ფასიანია. ჩემი მდგომარეობის შესახებ ჩემს ლექტორს მოვუყევი და ის ძალიან დამეხმარა. მომავალ წელს აქ დიდი ოცეულის სამიტი იმართებოდა, რეკლამაში გადასაღებად უცხოელები სჭირდებოდათ. ამ ლექტორმა მე და ჩემს მექსიკელ კურსელს გაგვიწია რეკომენდაცია აქაურ ტელევიზიაში. აღმოჩნდა, რომ ამ რეკლამას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონია, ვიდრე მხოლოდ ფულის შოვნაა. დღემდე, როცა სამოტივაციო წერილს ვწერ მთავრობასთან გასაგზავნად, აუცილებლად მათითებინებენ, რომ სახელმწიფოს რეკლამაში ვიყავი დაკავებული. შემდეგ ამას სხვა შემოთავაზებებიც მოჰყვა და ეს ჩემი შემოსავლის წყარო გახდა, თუმცა მერე უფრო გასართობ საქმედ იქცა, რადგან გადაღებებისთვის ბევრი დრო აღარ მაქვს.

– რაც შეეხება შემოსავლის წყაროს და მიღებული ცოდნის რეალიზებას, რა გზა გაიარეთ ამ მხრივ?

– დავიწყე მუშაობა თარჯიმნად, გიდად, ფრილანსერ თარჯიმნად. ახლა უკვე ვთანამშრომლობ ქართულ მხარესთან, როცა ჩინეთის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და თარგმნას ეხება საქმე. ჩინეთში ვწერ წიგნს საქართველოს შესახებ, რაც ანაზღაურებადია, გარდა ამისა, მაქვს სტიპენდია. ხშირად ვთანამშრომლობ ჩინურ მედიასთან. ზოგჯერ თარჯიმნად და ზოგჯერ უცხოელი სტუმრის სტატუსით – აქ ჩინური ენის მცოდნე უცხოელი ტურისტის გადაცემაში სტუმრობა ძალიან დასაფასებელია და ანაზღაურებენ.

– რაც შეეხება გეგმებს, ჩინეთს უკავშირდება თუ საქართველოს?

– მაგისტრატურის დასრულების შემდეგ მინდა, საქართველოში დავბრუნდე და მუშაობა დავიწყო. თუ ისეთი სამსახური მექნება, რომ გარკვეული პერიოდით ჩინეთში ჩამოსვლაც მომიწევს ხოლმე, ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება. მანამდე უნდა დავასრულო წერა ჩინეთის ისტორიაზე ქართულად და არსებული დეფიციტი შევავსო. მეორე მხრივ კი, დავასრულო წიგნი საქართველოს შესახებ, რომელსაც ჩინურად ვწერ.

– თქვით, რომ მიღებული ცოდნის გამოყენებას საქართველოში აპირებთ. რატომ? ამას იმიტომ არ გეკითხებით, რომ საქართველოში ნაკლები პერსპექტივაა, თქვენს ოჯახს ძალიან ტრაგიკული ისტორია აქვს გამოვლილი და ამ ფონზე ბევრს, ალბათ, გაქცევის სურვილი ექნებოდა...

– ვფიქრობ, რომ მე კი არ უნდა გავიქცე ჩემი ქვეყნიდან, არამედ ის, ვინც ჩვენს ქვეყანას აუბედურებს. მე პირიქით, მინდა, ჩემი ქვეყნის განვითარებაში წვლილი შევიტანო და თუნდაც ის ადამიანები გავაქციო, ვინც მე თუ სხვა ახალგაზრდებს გასაქანს არ გვაძლევს.

რაც შეეხება ტრაგედიას, 2003 წელს, როცა მთავრობის შესაცვლელად წამოწყებული მოძრაობა გააქტიურდა, ამ პროცესში მამაჩემიც მონაწილეობდა. მამა ჩემთვის ყველანაირად იდეალური იყო, მაგრამ ვერ ვაგებ პასუხს, რა გაუკეთებია სხვისთვის. მე ბევრი კარგი მსმენია მის შესახებ, თუმცა გამიგია ისიც, რომ მხოლოდ კარგიც არ გაუკეთებია. მახსოვს, რომ არჩევნებისა თუ რევოლუციის დროს პოლიტიკოსები ჩვენთან მოდიოდნენ და მამაჩემს მხარდაჭრას სთხოვდნენ და მამამ მათ მხარი დაუჭირა.

– ვინ იყო მამა, რა ფორმით იყო ჩართული ამ პროცესებში?

– მამაჩემი ერთ დროს მოჭიდავე იყო, შემდეგ რამდენიმე სპორტკლუბი ჰქონდა სამტრედიაში. იმერეთში ზედმეტად გავლენიანი კაცი იყო, „ავტორიტეტი“. ის მხარს უჭერდა ნაციონალებს, შესაბამისად, მთავრობის შეცვლას და ამ განწყობას ავრცელებდა საკუთარ სამეგობრო წრეში, ისინი – კიდევ თავიანთ წრეებში და ასე შემდეგ. ის, რომ 2003 წლამდე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო ქვეყანა ყველა ხედავდა, მათ შორის, მამაც და მართლა უნდოდა რამის უკეთესობისკენ შეცვლა და მხარს უჭერდა ნაციონალებს. რევოლუციის შემდეგ ისეთი რამ მოხდა, რაც ნებისმიერი ხელისუფლების ცვლილებას მოჰყვება ხოლმე. ვგულისხმობ, არასასურველი ძალების თავიდან მოშორებას. მამა ამ ადამიანთა სიაში მოჰყვა. მე არც ნაციონალების მხარდამჭერი ვარ, არც „ოცნების“ და ამას იმიტომ არ ვამბობ, მაგრამ ვიცი, რომ მამაჩემი „ნაციონალებს“ არ მოუშორებიათ.

– რატომ გახდა მოსაშორებელი, ხომ ნაციონალების მხარეს იყო?

– ნაციონალებს არ მოუშორებიათ. სამტრედიაში მანამდეც იყო დაპირისპირება მამაჩემსა და პოლიციელებს შორის. 2004 წლამდე „ავტორიტეტები“ და პოლიციელები შეკრულები იყვნენ და ერთმანეთს ფულს უხდიდნენ. მამაჩემი არ უხდიდა პოლიციას ფულს, ეს ცნობილი ფაქტი იყო და ამის გამო ყოველთვის დაპირისპირება ჰქონდათ. პირიქით, სპორტკლუბებისთვის მთავრობისგან ითხოვდა თანხას და ეს პოლიციას ნამდვილად არ აწყობდა. იმ პერიოდში დაიწყო ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა და ამას შეეწირა მამა. არ ვამბობ, სააკაშვილმა ან მერაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ მამაჩემი საფრთხე იყო მათთვის და უნდა მოეშორებინათ. არა, ეს იყო ადგილობრივი პოლიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თუმცა ამ შემთხვევაში პოლიციიის ავტორიტეტი გაზრდილი იყო „ავტორიტეტების“, ანუ მამაჩემის – შემცირებული. მამაჩემი თავიდან მოიშორეს, მაგრამ საქმისთვის სრულიად სხვა ელფერის მიცემა მოინდომეს. თითქოს, უბრალოდ კი არ მოვიდნენ და მამა საკუთარ სახლში ჩაცხრილეს, ვითომდა, მამაჩემსა და მათ შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა.

– რა მოხდა რეალურად?

– მაშინ მე ათი წლის ვიყავი. 2004 წლის 26 ოქტომბერი იყო, ბიძაჩემის დაბადების დღე. მთელი ოჯახი მასთან უნდა წავსულიყავით. საბედნიეროდ, დედა და მამა შეკამათდნენ, მამამ ამ დროს აღმოაჩინა, რომ გარაჟის კარის საკეტი გაფუჭებული იყო და ასე რომ დაგვეტოვებინა, აუცილებლად გაგვქურდავდნენ. ამიტომ ძმაკაცების მოსაყვანად წავიდა, ვისაც ამ პრობლემის მოგვარება შეეძლო. რაღაც მიზეზების გამო პროცესი გაიწელა და მამა მათ მოსაყვანად საღამოს გავიდა სახლიდან. საღამოს ათი საათი იქნებოდა, ოთახში დასაძინებლად ვიყავი შესული, როცა საშინელი ხმაური ატყდა. მამას ჭიშკართან დახვდნენ პოლიციელები და ჩაცხრილეს ყველა, ვინც მანქანაში იყო. მამაჩემის მოკვლა უნდოდათ, მაგრამ მოკლეს სხვებიც, ის ადამიანები, რომლებიც არაფერ შუაში არ იყვნენ და სრულიად შემთხვევით აღმოჩნდნენ იქ, სადაც მე, ჩემი და და დედა უნდა ვმსხდარიყავით. სამი ადამიანი მოკლეს, მათ შორის 21 წლის ბიჭი, რომელიც მამაჩემის მანქანაში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. მახსოვს, რომ მერე დედაჩემი თავგახეთქილ მამაჩემს შვიდი კილომეტრი მიათრევდა. ყველა ხედავდა, რომ გარდაცვლილი იყო, მაგრამ დედას არ უნდოდა დაჯერება, იმედი ჰქონდა, რომ გადაარჩენდა.

– მანამდე, მამის მდგომარეობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, უზრუნველყოფილები იქნებოდით. ამ მხრივაც გამოგეცალათ საყრდენი და ამხელა ტრაგედია დაგატყდათ თავს. როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?

– ყველას ეგონა, რომ არაფერი გვაკლდა. დღემდე ვბრაზობ ამაზე და მამაჩემი ცოცხალი რომ იყოს, მასთანაც ვერ დავმალავდი ამ ბრაზს. მას სახლში არაფერი მოჰქონდა. მთელ ფულს ფეხბურთელებსა და მოჭიდავეებს ახმარდა, მთელმა სამეზობლომ მამაჩემის ფულით დაამთავრა უნივერსიტეტი, მკურნალობასაც ყველას ის უფინანსებდა მთელ სოფელში. დედაჩემი დღემდე იხსენებს, 30 ლარით დაგვტოვაო. მერე დედამ ბაზარში ტანსაცმელების გამყიდვლად დაიწყო მუშაობა. საკმაოდ გვიჭირდა, იყო პერიოდი, როცა ტანსაცმელი არ გვქონდა და სხვისი გამონაცვალი გვეცვა. უმცროსი და მყავს, რომელსაც იმ ღამეს მიღებული შოკის გამო პრობლემები შეექმნა და დედის შემოსავლის ძირითადი ნაწილი მის მკურნალობას სჭირდებოდა. დედამ ბევრი იწვალა იმისთვის, რომ ეს მკვლელობა ორმხრივ დაპირისპირებად არ შეერაცხათ. მერაბიშვილთანაც ცდილობდა შეხვედრას, მაგრამ უშედეგოდ. სამტრედიის პოლიციამ მოკლა მამაჩემი, ძალიან რთული იყო მათ წინააღმდეგ ბრძოლა და დღემდე ძალიან რთულად რჩება. დედაჩემი რომ დარბოდა და მერაბიშვილთან შეხვედრას ცდილობდა, ჩვენ გვემუქრებოდნენ, ფრთხილად იყავით, სხვებიც არ მოგიკლათ, მაგალითად, შვილიო და დღემდე გრძელდება მუქარები, როცა კი რამეს ვამბობ.

– ამ ისტორიით აქამდე როგორ მოხვედით? ასეთ მდგომარეობაში თუნდაც უნივერსიტეტისთვის მომზადება როგორ შეძელით?

– სკოლაში კარგად ვსწავლობდი. ეროვნულებზე ჩასაბარებელ ოთხ საგანს ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი. რამდენიმე მასწავლებელი უფასოდ ან სიმბოლურ ფასად მამზადებდა. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე მიმტანად დავიწყე მუშაობა, გერმანულშიც ვამზადებდი მოსწავლეებს, ჩინეთში წამოსასვლელად რომ ვემზადებოდი, ბათუმში კაზინოში ვმუშაობდი, სადაც კარგი ხელფასი მქონდა. ახლა ჩემი და სტუდენტია თსუ-ში, დედა დამლაგებლად მუშაობს. მე კი 2022 წლის მეორე ნახევარში ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას. რადიკალურად შევიცვალე. მამაჩემის მკვლელობის შემდეგ ჩინეთამდე, ძალიან დაკომპლექსებული და მშიშარა ვიყავი. გადაწყვეტილებების მიღების კი არა, გამარჯობის თქმის მეშინოდა. დღეს სულ სხვა ვარ და ვხვდები, რომ თუ რამის შეცვლა გინდა, თუ რამეს გინდა, მიაღწიო, ამას აუცილებლად გააკეთებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი