საზოგადოება

ვინ არის ანა ჩუბინიძე, ვისითაც ცნობილი ფრანგული ანიმაციური სტუდია „ფოლიმაჟი“ დაინტერესდა და როგორ ეხმარება მისი ფილმები ბავშვებს პრობლემების მოგვარებაში

№41

ავტორი: ეკატერინე პატარაია 16:00 17.10, 2022 წელი

ანა ჩუბინიძე
დაკოპირებულია

ანა ჩუბინიძე – ეს სახელი და გვარი სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. რასაც ეს 32 წლის გოგო ქმნის, არა მხოლოდ პატარებს, ზრდასრულებსაც აღაფრთოვანებს, რადგან 80-იანი წლების შემდეგ ქართულ ანიმაციას განვითარება აღარ ჰქონია. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. სახვითმა ანიმაციამ ციფრულ ტექნოლოგიებში გადმოინაცვლა, ტექნიკურად უფრო გამარტივდა და დაიხვეწა. მისით ახალგაზრდა თაობა დაინტერესდა და დღეს ეს ნიჭიერი ანიმატორი გოგო-ბიჭები საინტერესო ფილმებს სთავაზობენ თავიანთ პატარა და დიდ მაყურებლებს.

ანის ანიმაციური ფილმებით 2016 წელს ცნობილი ფრანგული ანიმაციური სტუდია „ფოლიმაჟი“ დაინტერესდა და მასთან ერთად რამდენიმე საინტერესო ანიმაციური ფილმი შექმნა. „ჯიბის კაცი“ პირველი ქართულ-ფრანგული კოპროდუქციაა. ანა საერთაშორისო კინოფესტივალის კონკურსის გამარჯვებულია. პრიზებიც აქვს მიღებული. ახალგაზრდა ანიმატორმა ანესში საკუთარი პროექტი წარადგინა. სწორედ მაშინ დაინტერესდა მისით „ფოლიმაჟი“.

– ანა, გაისსენე როგორ გაჩნდა შენს ცხოვრებაში ეს ზღაპრული სამყარო – ანიმაცია, რასაც შენი ხელით ქმნი, საიდან დაიწყო ყველაფერი? ბევრი ხატავს, მაგრამ ანიმაციური პერსონაჟების ხატვა და ფილმის შექმნა, საკმაოდ რთული პროცესია.

– ხატვა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა. ჩემი ბებო, ელგა ღვალაძე თვითნასწავლი მხატვარია და ძალიან პატარას მაძლევდა უფლებას საღებავებით მეხატა, მაკრატლით გამომეჭრა ფიგურები, დამეწებებინა... მერე მშობლებმა ჩემს საყვარელ მასწავლებლთან, ზაზა კობახიძესთან მიმიყვანეს. ზაზა ფერწერის გარდა უამრავ რამეს გვასწავლიდა. სხვათა შორის, მასთან დღემდე ვმეგობრობ. გრაფიკას, ასევე, საუკეთესო პედაგოგი ლევან ლონდარიძე მასწავლიდა. ამ ადამიანებმა იმდენი რამ ჩადეს ჩემში, რომ შეუძლებელია, დღეს სხვა საქმეს ვაკეთებდე და ხატვა ყველაზე მეტად არ მიყვარდეს. ანიმაციაც ბავშვობიდან მიყვარს. მახსოვს, როგორ გაჩნდა „Nickelodeon“-ის არხი ჩემს ტელევიზორში. ძალიან მომწონდა მისი ანიმაციები. შემეძლო, მთელი დღე ვმჯდარიყავი და მეყურებინა. ვიხატავდი საყვარელ პერსონაჟებს. ვცდილობდი, ამომეხსნა, თუ როგორ ქმნიდნენ ანიმაციებს. ხატვის გაკვეთილებზე ხშირად ვხატავდი პეიზაჟებს და ნატურმორტებს, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ანიმაციური პერსონაჟების შექმნა და ისტორიების გამოგონება მსიამოვნებდა. ვაკვირდებოდი, როგორ იყო დახატული ესა თუ ის ფილმი. ისე მჯეროდა ანიმაციების, თითქმის ვერ ვხვდებოდი, რომ ამ ყველაფერს ადამიანები ქმნიდნენ. ხშირად ვხატავდი ჩემს საყვარელ პერსონაჟებს და ვოცნებობდი, რომ მეც ნახატ ფილმებში მეცხოვრა. ჩემს თავს ანიმაციურ პერსონაჟად წარმოვიდგენდი ხოლმე – როგორი ვიქნებოდი დახატული, როგორ შეიცვლებოდა ჩემი სახე, კანი, მექნებოდა თუ არა კონტური და ასე, დაუსრულებლად, სულ ამ წარმოსახვებში ვიყავი. პატარა ნახატებიც ამიმოძრავებია და ჩემი ძველი კამერით გადამიღია. შემდეგ ისე მოხდა, რომ სხვა გზით წავედი. ანიმაცია არ მისწავლია. ყველაფერი ჩემით დავიწყე.

– „ჯიბის კაცი“ – ასე ჰქვია შენს პირველ ანიმაციურ ფილმს, რომელზედაც 2016 წელს დაიწყე მუშაობა. მოგვიყევი მის შესახებ.

– ჯიბის კაცი ჩემი პირველი ანიმაციური ფილმია, რომელიც 2016 წელს შევქმენი სტუდია „კვალი XXI–თან“ და „ფოლიმაჟთან“ ერთად, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ეს ფილმი პირველი ქართულ-ფრანგული ერთობლივი წარმოება იყო ანიმაციაში და 150 ფესტივალზე შეირჩა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან კი 22 ჯილდო მოიპოვა. სწორედ ამ ფილმმა მიბიძგა, რომ მეგობართან ერთად, თბილისში ანიმაციური სტუდია – „ჯიბის სტუდია“ დამეარსებინა. აქ უკვე ჩემი მეორე ფილმი შევქმენით „ფრენცის სასადილო“, რომელიც ამჟამად მოგზაურობს, 70 ფესტივალზეა შერჩეული და 7 ჯილდოც მოიპოვა. ასევე, ვმუშაობთ ანიმაციურ რეკლამებსა და ვიდეოებზე. ამჟამად წარმოებაში გვაქვს ჩემი ახალი ფილმი – „ლომის ახალი ფაფარი“. ეს ფილმიც „ფოლიმაჟისა“ და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით იქმნება.

– ესე იგი, „ჯიბის სტუდია“ „ჯიბის კაციდან“ წამოვიდა.

– კი. „ფოლიმაჟში“ მუშაობის დროს სურვილი გამიჩნდა, თბილისში შემექმნა პატარა სივრცე, სადაც მიღებული გამოცდილებისა და ცოდნის სხვებისთვის გაზიარების საშუალება მექნებოდა და მართლაც, სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ მე და ჩემმა მეგობარმა, ელენე ჭიჭაშვილმა, დავაარსეთ ანიმაციური ფილმების სტუდია, რომელსაც სიმბოლურად „ჯიბის სტუდია“ დავარქვით.

– ავუხსნათ მათ, ვინც არ იცის, რა პროცესია ეს.

– ანიმაციის შექმნა, მართლაც, საოცრად ჯადოსნური, საინტერესო და მხიარული პროცესია. მე, უმეტესად, თოჯინურ ანიმაციებზე ვმუშაობ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც ანიმაციაში ვხედავთ, წინასწარ ხელით უნდა შეიქმნას. მოძრავი თოჯინები პერსონაჟებატ უნდა ვაქციოთ, პატარა დეკორაციები – ქალაქებად. ნივთებიც შესაბამის ზომებში უნდა დამზადდეს. როდესაც ყველაფერი მზად იქნება, იწყება მათი ფოტოკამერის წინ ამოძრავება. ანიმაციის თითოეული წამისთვის 24 ფოტოს გადაღებაა საჭირო. ეს ყველაფერი ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, სადაც უამრავი ნიჭიერი ადამიანია ჩართული.

– შენ პატარა ხარ და არ გემახსოვრება, ჩემი თაობა გაიზარდა იმ ქართულ ანიმაციურ ფილმებზე, რომლებიც კლასიკაა, რომლებიც აღარ განმეორდება თავის სახვითი გამოსახულებით, ტექნიკით, მუსიკით, გახმოვანებით. რამდენად განსხვავდება თანამედროვე შესრულების მანერა ტექნიკურად?

– დიახ, დროსთან ერთად ანიმაციის შექმნის ტექნიკაც შეიცვალა, განვითარდა და დაიხვეწა, თუმცა დიდად არ გამარტივებულა. 1970-1980-იან წლებშიც და დღესაც ანიმაციური ფილმების შექმნას დიდი გუნდი, დრო, ენერგია და პროფესიონალიზმი სჭირდებოდა და სჭირდება. რასაც ვაკვირდები, ახლანდელ ფილმებში რადიკალურად შეიცვალა ისტორიები, მესიჯები და თხრობის მანერა. ვფიქრობ, ანიმაცია ბავშვებს იმ თემებზე უნდა ესაუბრებოდეს, რაც იმ მომენტშია სამყაროში აქტუალური, ანუ, ფილმში გადმოცემული ამბები უნდა ეხმარებოდეს მათ პრობლემების ადეკვატურად აღქმაში.

– ახლა რაზე მუშაობთ?

– ახლა ახალ ანიმაციურ ფილმზე ვმუშაობთ. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქართველი იყოს წარმოებაში ჩართული და მათთან ერთად ჩვენი სტუდიაც მეტად განვითარდეს. ეს ფილმიც, რაზეც ამ მომენტში ვმუშაობ, ქართულ-ფრანგული ერთობლივი წარმოება იქნება. ეს საშუალებას მოგვცემს, მეტი ვისწავლოთ მათგან, მეტი ტექნიკური ცოდნა მივიღოთ. პარალელურად, სტუდიაში ვქმნით ანიმაციურ რეკლამებს და ვაწყობთ საბავშვო ექსკურსიებს. ვცდილობთ, ბავშვებს დეტალურად მოვუყვეთ ჩვენი საქმის შესახებ და ვასწავლით, როგორ შექმნან ფილმები.

– მოდი, მკითხველს, ვისაც შენსავით ასე აინტერესებს ანიმაციური ფილმების შექმნა, ფიქრობს მომავალში ამ საქმესთან შეჭიდებას, ისიც ვუთხრათ, რა განსხვავებაა, მაგალითად, მოკლემეტრაჟან მხატვრულ ფილმსა და ანიმაციურ ფილმს შორის. თავისთავად გასაგებია, რომ მხატვრულ ფილმში მსახიობები არიან მოქმედი პირნი, ანიმაციურში – ნახატი პერსონაჟები, მაგრამ რამდენად ჰგვანან ერთმანეთს შინაარსობრივად. ვიზუალური აღქმა როგორია?

– ანიმაციაში, ისევე როგორც ფილმში მთავარი ისტორიის თხრობაა. განსხვავება ისაა, რომ ანიმაციაში მეტი ვიზუალური თავისუფლება გვაქვს და მსახიობების მაგივრად ჩვენ მიერ შექმნილ პერსონაჟებს ვიყენებთ. შეიძლება, ის კონკრეტული ისტორია სამყაროს ნებისმიერ წერტილში ხდებოდეს და გადასაღებად იქ გამგზავრება არ დაგვჭირდეს. ანიმაცია კინოს ნაწილია და მის მსგავსად სცენარისა და კადრირების გარეშე ის ვერ შეიქმნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა