ვინ არ პასუხობდა წერილებზე ვასილ კიკნაძეს და როგორ მოატყუა მან მოსკოვი
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00
ვასილ კიკნაძე არის კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენოსანი. სრულიად განსაკუთრებულია ვასილ კიკნაძის ღვაწლი და ამაგი სანდრო ახმეტელის ცხოვრებასა და შემოქმედების შესწავლაში. მან შეისწავლა ქართული თეატრის სხვა რეპრესირებულ მოღვაწეთა მასალები „სუკის” არქივში, რომელიც შემდგომ გამოქვეყნდა წიგნში – „წამებული რაინდები”. ვასილ კიკნაძემ დაადგინა რუსთაველის თეატრის დაარსების თარიღიც – 1879 წელი, რომელიც ოფიციალურადაა აღიარებული. მას ეკუთვნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების ისტორიის გამოკვლევა. განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის უნივერსიტეტის სასწავლო-შემოქმედებით და სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობაში. მან დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე შემოიღო სპეციალური კურსი „ქართული რეჟისურის ისტორია”, რომელსც ის ოცდახუთი წელი უძღვებოდა. გამოაქვეყნა ქართული რეჟისურის ისტორია: „ქართველი რეჟისორები”, „რეჟისორის ხელოვნება”, „ქართული რეჟისურის ისტორიის ნარკვევები”. ინსტიტუტში მან შემოიღო კინოფაკულტეტი, ვასილ კიკნაძეს მიენიჭა საქართველოს მეცნიენებათა აკადემიისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს პრემია. ის იყო ქართული თეატრალური სამყაროს ნამდვილი მემატიანე.
სახიფათო წერილები
„1949 წელს ჩავირიცხე თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე. არადა, ჟურნალისტობა მინდოდა. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე შევიტანე საბუთები. ქართული ენა და ლიტერატურა ფრიადზე ჩავაბარე, რუსულში ჩავიჭერი, მომერიდა შინ დაბრუნება და მივადექი თეატრალურს, სადაც გამოცდები გვიან ბარდებოდა. ასე ჩავირიცხე თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე... მინდა, ჩემი ქართულის მასწავლებელი, დადუ იოსელიანი გავიხსენო. მეათე კლასში ვიყავი, როცა პოლიტიკური მოტივით გადაასახლეს. მისმა მეუღლემ მისამართი არ მომცა – პატიმართან მიწერ-მოწერა ხელს შეგიშლის მომავალშიო, ამიტომ მისი 5 წლის ბიჭი კანფეტებით „მოვქრთამე“ – მამაშენის წერილი მანახვე-მეთქი. გამომიტანა და გადმოვწერე მისამართი. ხუთი წელი ვუგზავნიდი წერილებს... გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, რუსთაველის თეატრში სალიტერატურო ნაწილის გამგე ვიყავი. მოსულა. კარში შეხვედრიან რამაზ ჩხიკვაძე და გურამ საღარაძე. ვასო კიკნაძე აქ მუშაობსო? – უკითხავს. ჩვენი მასწავლებელიაო... ბედნიერი იყო. შენს წერილებს ვკითხულობდი და ვხევდი, პასუხს არ გწერდი, რომ არაფერი შეგმთხვეოდაო...
საგანგებო სუფრა
1958 წელს, უკრაინაში რუსთაველის თეატრის გასტროლებისას, ხორავამ ითამაშა ოიდიპოს მეფე. უკრაინის თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებმა გამიხმეს: სთხოვეთ აკაკი ხორავას, უფლება მოგვცეს, ხელზე ვემთხვიოთო. ხორავა ბავშვივით მორცხვი იყო, ამას ვერ ვეტყოდი. ვუთხარი, სტუდენტებს თქვენი გაცნობა უნდათ-მეთქი. მოვიდნენო. ხელზე რომ ემთხვივნენ, გაგიჟდა, რას აკეთებთ, კაცოო?!
რაიკომისა და ცეკას მდივნებს დიდ პატივად მიაჩნდათ მსახიობთან, მწერალთან ნაცნობობა და მეგობრობა. ეროსი მანჯგალაძე, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა რომ თამაშობდნენ სპექტაკლ „ცეხავიკებში”, თეატრის წინ ელოდებოდნენ, რომ როგორმე საქეიფოდ წაეყვანათ. ერთხელ ერთი კაცი გადამეკიდა. ოღონდ ეროსისთვის ხელი ჩამომართმევინე და ასკაციან სუფრას გავუშლიო. გავაცანი... მართლაც საგანგებო სუფრა გაგვიშალა.
ფანდი
უკვე სამოცი წელია, ამ უნივერსიტეტის პედაგოგი ვარ. 32 წელი ვიყავი პრორექტორი. მიკვირს, როგორ ვახერხებდით იმ სისტემაში ამდენი ეროვნული საქმის გაკეთებას. ახლა კინოფაკულტეტის გარეშე წარმოუდგენელია უნივერსიტეტი. ამ ფაკულტეტის შექმნის მომსწრე და მონაწილეც გახლდით. ყველა სპეციალობას, რომელზეც სტუდენტების მიღება ხდებოდა, აქვს შიფრი. უამისოდ საბჭოთა იმპერიაში ვერც ერთი ფაკულტეტი ვერ გაიხსნებოდა, მოსკოვი კი რესპუბლიკებს არ აძლევდა შიფრს კინოსარეჟისორო ფაკულტეტისთვის, აძლევდა მხოლოდ ლიმიტს, – ჩამოდით და აქ ისწავლეთო. ეს ხელს შეუწყობდა ასიმილაციას. ერთ დღეს გვეწვია ფილიპ ერმაში – საბჭოთა კავშირის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე. მასაც ვთხოვეთ დახმარება. რად გინდათ, რომ ყოველ წელს რეჟისორები გამოუშვათ, ერთხელ მიიღეთ კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე სტუდენტები, ამაში დაგეხმარებითო. წერილით წავიდა მოსკოვში თეატრალური ინსტიტუტის რექტორი ეთერ გუგუშვილი. დაადეს რეზოლუცია ერთჯერად მიღებას. მოგვანიჭეს შიფრი. 8 ადგილი მოგვცეს – 9 მივიღეთ. მეცხრე გოდერძი ჩოხელი გახლდათ... მომდევნო წელს ვიფიქრეთ, შიფრი ხომ გვაქვს, ერთი მიღება რომ წერია რეზოლუციაში, ვის ემახსოვრება, მოდი, ისევ მოვითხოვოთ მიღებაო. რექტორმა – ვასო, რას ვაკეთებთ, ეს ხომ აფიორააო. თუ გაიგებდნენ ჩვენს ხრიკს: არ ვიცოდით, შეგვეშალაო – თავს ვიმართლებდით... გავგზავნეთ მოთხოვნა. 18 კაცის მიღების ნება დაგვრთეს. მესამედაც იგივე გავაკეთეთ. სამი წელი ვერაფერი გაიგეს. მეოთხე წელს ოფიციალურად მოგვცეს ნება. ასე შემოვაპარეთ ტროიას ცხენივით ინსტიტუტში კინოფაკულტეტი, ასე მოვატყუეთ მოსკოვი.
რასაც სიტყვით ვერ ახსნი...
თუ შემოქმედს არ აქვს გადახრა, რა შემოქმედია? ჩემთვის ეს არის შემოქმედებითი გადახრა. ამ მხრივ, ურჩობაც, სიჯიუტეც სხვაგვარად გამოიყურება. მაგალითად, გალაკტიონი მიდიოდა ქუთაისში. მის მანქანას შეასკდა ჩიტი. გააჩერა, აიყვანა მკვდარი ფრინველი, ამოთხარა საფლავი და დაკრძალა. გაუკეთა ჯვარი. იდგა მდუმარედ. მერე ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. მეორე დღეს უკან მობრუნებული იმ ადგილზე ჩამოვიდა, მდუმარედ დადგა ჩიტის სამარესთან და წამოვიდა. რა ენა და მეცნიერება ახსნის ამას, ეს წარმოუდგენელი ფენომენია...
სერგო ზაქარიაძე „ფიროსმანში” რომ კვდებოდა, მაყურებლის თვალწინ გუდიაშვილის სურათს, „ფიროსმანის სიკვდილს”, პორტრეტულად აცოცხლებდა. მაგრამ ის მართლა კვდებოდა. სიკვდილის თამაში ურთულესია, ყალბი გამოდის ხოლმე. ვკითხე; რანაირად აკეთებ ამას, თითქოს განგიცდია, ადამიანი როგორ კვდება-მეთქი. მიამბო: ზესტაფონში ხიდზე მივდიოდი, ხიდის ქვეშ დავინახე, ორი ყმაწვილი ყომარს თამაშობდა. მერე ჩხუბი დაიწყეს. ერთმა დანა დაჰკრა მეორეს. ვუყურებდი ზემოდან და ხმას ვერ ვიღებდი, ვერც გავიქეცი, ვერც ვიყვირე, ვუყურე, როგორ მოკვდა ის ახალგაზრდა და ის მძაფრი განცდა დღემდე მახსოვსო. მეწყინა, როგორ არ იყვირე-მეთქი? მიმიხვდა... შენ ახლა ვერ გაიგე, რა გითხარიო. მსახიობის ფსიქიკა არ იციო... მაშინ იმასაც გიამბობ, რაც ერთხელ უშანგი ჩხეიძემ მითხრაო. უშანგი ჩხეიძე წლების განმავლობაში არ გამოდიოდა შინიდან. ერთხელ მითხრა: საწამლავი დავლიე და საოცარი რამ დამემართა. უცებ გამახსენდა ჰამლეტი – ჩემი როლი, ის სცენა, როცა ამბობს, „რად არ გიშრება ეს სხეული”... წამოვხტი, სარკესთან დავდექი და ვუყურებდი, როგორ შემოვიდოდა საწამლავი ჩემშიო... ამას ლოგიკით ვერ ახსნი. აი, ამიტომაც, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი სხვა იყო... ჯავახიშვილის უნივერსიტეტში რომ წამოწოლილი კაცი ნახოთ, საშინელებაა, ჩვენთან კი, ეს ნორმალურია.
მექანიკური ხოჭოები თეატრალურში
ერთ დღეს ჩემთან შემოვარდა ერთი ლექტორი და იყვირა: ეს პროვოკაციააო. ჯგუფში ლექცია რომ დამთავრდა, თურმე, მაგიდაზე ხოჭოებმა დაიწყეს სირბილი (უცხოეთიდან ჩამოუტანიათ მექანიკური ხოჭოები). გარიცხეთ ეს ხალხი სასწრაფოდო, – ყვიროდა გამწარებული. გამოვიძახე სტუდენტები. ვუყვირე, გარიცხვის ღირსი კი ხართ, მაგრამ ეს ჰუმანური პედაგოგია და თანახმაა, მთელი წლით მოგეხსნათ სტიპენდია და არ გაირიცხოთ-მეთქი. არადა, იმ ლექტორს მსგავსი არაფერი უთქვამს, მაგრამ ხომ ვეღარ უარყოფდა... დამადგა თავზე, დავწერე ბრძანება, გადავეცი კადრების განყოფილების უფროსს, თან ჩავჩურჩულე, არ გაატარო-მეთქი... გავიდა ერთი თვე. ისევ შემოვარდა ის ლექტორი: - სტუდენტებმა სტიპენდია მიიღესო. გამოვიძახე კადრების განყოფილებიდან თანამშრომელი, ბრძანება რატომ არ გაატარეთ-მეთქი?! თან თვალი ჩავუკარი. დამავიწყდაო... ახლავე გააფორმეთ-მეთქი... მეორე თვეშიც მიიღეს სტუდენტებმა სტიპენდია. ის ლექტორი აღარ შემოსულა. უთქვამს: გამაბითურესო. როგორ წამერთმია სტიპენდია სტუდენტებისთვის? ზოგი იმდენად ხელმოკლე იყო, პურის ფული უჭირდა...
ერთხელ შემოვიდა დეკანი – ბიჭები აცდენენ და მთელი ჯგუფი უნდა გაირიცხოსო. შემოვიყვანე კაბინეტში 14 ბიჭი. თავჩაღუნული იდგნენ. დავემუქრე, აგაგლეჯთ ყურებს-მეთქი. არადა, იმხელა ვაჟკაცი მედგა წინ, მხრებამდე ძლივს ვწვდებოდი. თავები ასწიეს და თვალებგაბრწყინებული მიყურებენ. როცა დეკანი გავიდა, ვკითხე: ნაღველი ჩავიქციე ყვირილით და თქვენ რა გიხარიათ-მეთქი. ვიცით, მაინც არ გაგვრიცხავთო.
„ვედრება“
თემურ ბაბლუანი რომ აბარებდა, მისაღები გამოცდა მერვე აუდიტორიაში ტარდებოდა. გამომცდელი თენგიზ აბულაძე იყო, მე კომისიის თავმჯდომარე ვიყავი. ისე, რა გაუგებარი სისტემა იყო, როგორ შეიძლებოდა, თენგიზ აბულაძეს თავმჯდომარესთან ჰქონოდა შესათანხმებელი შეფასება? მივწერდი ხოლმე სავარაუდო ნიშანს, ისიც მომწერდა... თემურ ბაბლუანი ძალიან ნიჭიერი იყო. იმას მოჰყვა, რაც მერე „უძინართა მზეში“ გადაიღო... თენგიზს მივწერე – „ხუთიანი”. იმან 4 მომწერა. კიდევ მივწერე 5. მაშინ თენგიზმა ჰკითხა: აბა, „ვედრებაზე” რას იტყვი, რა არის მისი მონოცენტრიო. მახსოვს, თემურ ბაბლუანმა ისე ახსნა, რომ მდუმარედ ვუსმენდით ყველა. ულაპარაკოდ დაუწერა ფრიადი... ჩხუბებიც იყო ხოლმე. განა მარტო თემური, სხვებიც ჩხუბობდნენ. მთავარია, ნიჭიერი იყოს კაცი თავის პროფესიაში. მოქალაქეობრივი სიმწიფე გვიან მოდის...“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




