საზოგადოება

ვინ აპირებდა ლონდონიდან თბილისში ფეხით ჩამოსვლას რამაზ ჩხიკვაძის რიჩარდის როლში სანახავად

№26

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 09.07

რამაზ ჩხიკვაძე
დაკოპირებულია

მის სცენაზე ხილვის სიამოვნებას, ალბათ, ვეღარავინ გაიმეორებს. ის სულ სხვა იყო, განუმეორებელი. მასზე წერდენენ და წერდნენ უცხოელი ჟურნალისტები, თეატრის კრიტიკოსები. ამ მსახიობს ჰქონდა უდიდესი ძალა, რომლის წყალობითაც იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სცენა მხოლოდ მას ეკუთვნისო და ეს სწორედ ასე იყო. რამაზ ჩხიკვაძემ ტალანტით, არტისტიზმით უდიდესი სიამოვნება აჩუქა ხალხს. მისი ხმა, მისი ჩანაწერები ყველაფერი ეს დღემდე რჩება ქართველი ხალხის მეხსიერებასა და გულში. ეს კი მისი შემოქმედების ამსახველი ეპიზოდებია.

ქოსიკოს ნიღაბი

„…ოთხმა წელმა განვლო წარმატებულ როლამდე, სანამ თუმანიშვილი არ ათამაშებდა „ესპანელ მღვდელში“. შემდეგ კვლავ უღიმღამო ხუთმა წელმა ჩაიარა მეორე წარმატებამდე – სპექტაკლამდე „როცა ასეთი სიყვარულია“. მერე გაიხსნა მცირე სცენა და გაიხსნა დიდი რამაზი – ქოსა მრჩევლით „ჭინჭრაქაში“. თუმანიშვილის თქმით, ქოსა მრჩევლით ჩხიკვაძის შემოქმედების მეორე ეტაპი იწყება. „ამის შემდეგ იგი უჩემოდ გაუყვა თავის გზას. ჩვენ გავიყარეთ. დაიწყო მისი სვლა დიდებისკენ“… რობერტ სტურუა კი იტყვის, რომ „რამაზ ჩხიკვაძე ქოსა მრჩევლიდან იწყება…“ თავიდან რამაზ ჩხიკვაძე კარლო საკანდელიძის დუბლად იყო დანიშნული ჭინჭრაქას როლზე. ჩხიკვაძის გულს კი დიდად არ ეკარებოდა ჩიკორივით მობზრიალე ბიჭის როლი და უფრო ქოსიკოს როლი მოსწონდა, მაგრამ ამ როლზე გივი ჭიჭინაძე და ბორის წიფურია იყვნენ დანიშნული. რეპეტიციებს თითქმის სულ კარლო საკანდელიძე გადიოდა. რამაზ ჩხიკვაძე პარტერიდან ადევნებდა თვალს. ერთ დღესაც მაესტრომ რამაზ ჩხიკვაძე სცენაზე იხმო. „დილას წელკავი დამეტაკა და წელში ვერ ვიმართებოდი. ძლივს ავდექი და ვთხოვე, მოდი, ქოსიკოს როლს მოვსინჯავ-მეთქი. არაფერი უთქვამს, მე წელში ოთხად მოხრილი და ათჯერ მოკაკული, კვნესით, ტკივილისგან უნებლიე წამოყვირებით, რის ვაი-ვაგლახით ავედი სცენაზე და იატაკზე ჩავჯექი, ქოსიკოს პირველი სიტყვები ასე დამჯდარმა წამოვიკნავლე. მიშა წამოხტა, სახე გაუბრწყინდა და იყვირა: განაგრძე რეპეტიცია, იჯექი მანდ. დაიწყე… კარგია ეგ რადიკულიტიც. მე მგონი, მიშამ იფიქრა, ეს ყველაფერი ამ როლისთვის საგანგებოდ მოვიგონე და აღფრთოვანდა. აი, მაშინ გადაწყდა ჩემი ამ როლზე დანიშვნაც, ასე დავტოვეთ სპექტაკლში ჩემი წელკავიც, მიმკვდარი ხმით ლაპარაკიც და ასე დაიბადა ქოსიკოს ნიღაბი “.

ცოტა დროსაც კი გაუსწრო

„რამაზ ჩხიკვაძისა და რობერტ სტურუას პირველი შეხვედრა ჟაკ რობერის „შეხვედრაში“ შედგა. შემდეგ „მზიან ღამეშიც“, „ხანუმაშიც“. მათი ბედი ერთმანეთს ჩაეწნა. „ხანუმა“ მათი თანამშრომლობის ახალი ეტაპი იყო, რომელიც „სამანიშვილის დედინაცვლით“ დაგვირგვინდა, მათი ტანდემის საბოლოო ფორმირება კი „ყვარყვარეში“ ხდება. სწორედ ეს დიდი ტანდემი მოუტანს მსოფლიო აღიარებას რუსთაველის თეატრს… ნოდარ გურაბანიძის თქმით, „ყვარყვარე“ პირველი სპექტაკლია იმ თეატრისა, რომელსაც დღეს „რობერტ სტურუას თეატრი“ ჰქვია. „ყვარყვარე“ პრემიერამდე 11-ჯერ გასინჯა ცეკას 3-4-კაციანმა კომისიამ. პრემიერაზე თეატრს მთელი თბილისი მიაწყდა, 200 ანშლაგის შემდეგ, სპექტაკლი მოხსნეს – „ყვარყვარეში“ ჩართული იყო სცენა ბრეხტის „არტურო უის კარიერიდან“ და თეატრს ბერტოლდ ბრეხტის ქალიშვილმა და სიძემ უჩივლეს, თანხას არ გვიხდიანო. იძულებული გახდნენ, სპექტაკლი მოეხსნათ… „მეც და რობიკოც ვამბობთ ხოლმე, ჩვენი ყველაზე კარგი სპექტაკლი იყო „ყვარყვარე“, ყველაზე ძლიერი, საინტერესო. ცოტა დროსაც კი გაუსწრო და მაყურებელმა მაინცდამაინც ვერ აღიქვა. „ყვარყვარე“, სხვათა შორის, გადაღებული იყო და წაშალეს, აბა, შეიძლება ეს? ისე მინდა ვნახო ის სპექტაკლი, მაინტერესებს, მაგრამ არ არის, ვიღაცამ აიღო და წაშალა, სხვა გადაცემისთვის სჭირდებოდათო, კოლმეურნეობის რაღაც გადაუწერიათ. ვეღარ გავიგე, შემთხვევით იყო თუ ბოროტგანზრახვითო – ამბობდა რამაზ ჩხიკვაძე.

„მოსყიდული“ მსოფლიო პრესა

„ყვარყვარეს“ შემდეგ იყო დაუვიწყარი „კავკასიური ცარცის წრე“, რომლითაც თეატრმა საბჭოთა წრე გაარღვია და საგასტროლოდ გავიდა საზღვარგარეთ, გერმანიაში – ზაარბრიუკენსა და დიუსელდორფში. ტაშის მოძულე, ცალხელა დიუსელდორფს მეორე ხელს რამაზი გამოაბამს – გამოვა თუ არა სცენაზე, დარბაზი ტაშით დაინგრევა… ინგლისელმა მაიკლ კოვენმა კი „ფაინენშალ თაიმსში“ დაწერა: „რამაზ ჩხიკვაძე ერთ-ერთი უდიდესი მსახიობთაგანია, ვინც ოდესმე მინახავს… ჩხიკვაძე კავკასიელი ლორენს ოლივიეა, რომელიც სცენიდან მომხიბვლელობას, სიკეთესა და სიბრძნეს აფრქვევს“. იგივე მაიკლ კოვენი მოგვიანებით გამოაცხადებს, რომ მზადაა, ლონდონიდან თბილისში ფეხით ჩავიდეს რამაზ ჩხიკვაძის რიჩარდის როლში სანახავად. სტურუას „კავკასიური ცარცის წრე“ შესულია მეოცე საუკუნის მსოფლიოს ას საუკეთესო სპექტაკლში. რამაზ ჩხიკვაძის რიჩარდ მესამე ყველა დროის რიჩარდების ათეულშია, თუმცა თავიდან საქართველოში ყველა არ შეაფასებს ასე. მაგრამ მერე გაისუსებიან, როცა „რიჩარდი“ ედინბურგსა და ლონდონის „რაუნდ ჰაუზს“ დაიპყრობს. ედინბურგში გამოსვლის შემდეგ, შოტლანდიის უპირველესმა გაზეთმა „ობსერვერმა“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით – „რამაზი კავკასიის მეფე“.

ედინბურგში და „რაუნდ ჰაუზში“ ფენომენალური წარმატების შემდეგ ინგლისური თეატრალური სამყარო რამაზ ჩხიკვაძეს მეოცე საუკუნის უდიდეს მსახიობად აღიარებს. „რამაზ ჩხიკვაძე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მსახიობია“ („თაიმსი“). 1987 წელს მას იწვევენ ლონდონში, მსოფლიოს ვარსკვლავთა გალაკონცერტზე, სადაც ორ ნაწყვეტს თამაშობს „მეფე ლირიდან“. პარტნიორობას ვანესა რედგრეივი უწევდა, რომელმაც კორდელიას როლის ნაწყვეტი რამაზის პატივსაცემად ქართულად ისწავლა. 1988 წელს ინგლისში, ქალაქ ლესტერში რამაზ ჩხიკვაძეს ბენეფისი გაუმართეს, იქ ეთაყვანებოდნენ, ამ დროს კი, აქ სტურუაზე განაწყენებული რეზო მიშველაძე ჟურნალ „კრიტიკაში“ წერდა, რომ თითქოს უცხოეთის პრესა თეატრის მიერ იყო მოქრთამულ-მოსყიდული და ხოტბა-დიდებით აღსავსე წერილებიც ამიტომ იბეჭდებოდა. (რ. შატაკიშვილი). ამ „ლოგიკით“ სტურუა და ჩხიკვაძე მსოფლიო მედია-მაგნატები გამოდიან, რომელთაც შეძლეს, მოესყიდათ „ფაინენშალ თაიმსი“, „თაიმსი“, „ნიუ-იორკ თაიმსი“, „ობსერვერი“, „გარდიანი“, „ლა ფიგარო“… მთელი მსოფლიოს პრესა… რამაზ ჩხიკვაძის ბოლო როლი რუსთაველის თეატრში მეფე ლირია. „აი, საქართველოს ლირი, ტირანი ქარიშხალში“, – წერდა იტალიური „კორიერე დე ლა სერა“. 90-იანი წლებიდან ქარიშხალი მინელდა. ის ტოვებს თეატრს და მიდის. სცენის გარეშე რჩება…“

მოგონებებით ვცხოვრობთ

„როცა შევარდნაძე საქართველოში ჩამოვიდა – ლია ელიავას ინფარქტი დაემართა. შევარდნაძის წასვლისას – რამაზ ჩხიკვაძეს ჰქონდა გულზე პრობლემები. მისი „მოსვლა-წასვლა“ ორი ხელოვანის კარდიოგრამაზე აისახა: „ახლაც ავად ვარ, ძალიან დავსუსტდი, არ ვიცი, როდის აღვიდგენ ძალას… წამლებში ვარ სულ… უნდა ბევრი ვიარო ჰაერზე, ჰაერი უნდა ვყლაპო ბევრი და საჭმელები უნდა ვჭამო განსაკუთრებული, რომ ჯანმრთელობა აღდგეს… ცხოვრებაში მიყვარდა შრომა და ქეიფი. მაგრამ ჩვენთვის ჯერ შრომა იყო და მერე ქეიფი. არ არსებობდა, რომ ჩვენ სპექტაკლის წინ გვექეიფა და ვინმე სცენაზე მთვრალი გამოსულიყო. თან, კაცო, დილით რეპეტიცია გვქონდა, მერე კინოსტუდიაში გადაღებაზე გავრბოდით, საღამოს სპექტაკლს ვთამაშობდით, სპექტაკლის შემდეგ ვიქეიფებდით დილამდე და დილით ისევ რეპეტიციაზე მოვდიოდით. ახლა რომ ვფიქრობ, რა ენერგია გვქონდა, კაცო, როგორ ვძლებდით… პირდაპირ საოცარია. ახლა, მაგნაირად ერთი დღე რომ გამაკეთებინა, ამ ქვეყნიდან წავიდოდი კიდეც... ჩვენი თაობის ხალხი, ვინც დავრჩით, ხანდახან დავსხდებით ხოლმე, ვპურმარილობთ. ახლა უკვე ჭკვიანურად ვსვამთ, ისე აღარ ვიხოცავთ თავებს… აირწინაღით რომ მაქვს დალეული ღვინო, ხომ იცით? ახლა აღარ ვსვამთ აირწინაღებით, აღარც ბოთლებით დალევით ვცდილობთ ერთმანეთის გაკვირვებას და არც ბავშვის „გარშოკებს“ ვითხოვთ… ახლა მოგონებებით ვცხოვრობთ, ხანდახან წავუღიღინებთ ხოლმე, ბებერი ხმებით. ოღონდ ბევრ ხალხში ქეიფი არც ადრე მიყვარდა და არც ახლა შემიძლია. აი, ქორწილი რომ არის და დამპატიჟებენ, არ ვიცი, სად წავიდე, რა მოვიმიზეზო… დანაყრდები ნახევარ საათში, მეტი რამდენი უნდა ჭამო? მერე აღარ იცი, რა აკეთო. ისიც, თუ ჭკვიანები არიან, კიდევ კარგი, თორემ თუ სროლა ატყდა და ბოთლების რაკარუკი, მაშინ ხომ სულ დამშვენებული მოდიხარ… ჩვენს წრეში ჩხუბი არასოდეს მომხდარა, მაგრამ ხშირად მოვხვედრილვარ ბოთლების რაკირუკში, გამშველებლებიც ვყოფილვართ და… მახსოვს, დილის სპექტაკლი ვითამაშეთ, საღამოსაც სპექტაკლი გვქონდა, ერთი ჩვენი მსახიობი (აცხონოს ღმერთმა), გადაგვეკიდა, წავიდეთ, კარგი პურმარილია გაშლილი, ნუ დავლევთ, უბრალოდ, ვისადილოთ და წამოვიდეთო. ბოლოს და ბოლოს, დაგვითანხმა, წავედით. იმ სართულზე რომ ავედით, რაღაც ხმაური შემოგვესმა. კი არ გვესიამოვნა, მაგრამ რაღას ვიზამდით? იმ კარსაც მივადექით, გააღეს და დარბის დასისხლიანებული ხალხი, ერთმანეთს ურტყამენ, ვინ სკამს ისვრის ვინ – ბოთლს. აბა, ჩავერიეთ, წავიდა გაშველება, რაც ჩვენ მოგვხვდა იმ დღეს… სულ ღვინით დაწუწულები, დასისხლიანებულები, დანგრეულები, დალეწილები წამოვედით. ლუკმა ჩვენ არ გვიჭამია, დახეული პიჯაკებით შემოვედით თეატრში, გაგიჟდნენ, სად იყავით, კაცო, ომში? ახლაც, ავლაბარში, იმ სახლს რომ გავუვლი, ისტერიკული ხარხარი მიტყდება…“

სიცოცხლე მინდა!

„ჩემს გარეშე თუ სხვის გარეშე, მთავარია, რომ რუსთაველის თეატრში კიდევ ერთი სეზონი გაიხსნა. ჩემთვის ეს სეზონი 54-ე სეზონია. თავიდანვე ვიცოდი, რომ „კავკასიურით“ უნდოდათ გახსნა, მეც მზად ვიყავი. ხალხს უყვარს ეს სპექტაკლი, წამოიზარდა თაობა, რომელსაც არ უნახავს ეს სპექტაკლი და აინტერესებთ, რა არის ეს „კავკასიური ცარცის წრე“. მოკლედ, კარგი იყო რომ „კავკასიურით“ გაგვეხსნა, მაგრამ ვერ შევძელი თამაში, დიდი ოპერაცია გავიკეთე, ძალიან ავად ვიყავი და ახლაც ავად ვარ, ძალიან დავსუსტდი, არ ვიცი, როდის აღვიდგენ ძალას… ძალ-ღონე თუ მოვიკრიფე, რომ სცენაზე გამოვიდე, დიდი სიამოვნებით, ყველაზე მეტად მე მინდა, რომ ვითამაშო, მაგრამ უკვე წლები თავისას შვება, თანაც წლებს გავუძლებდი, მაგრამ… მე სიმსივნე მქონდა ცოტა ისეთი, ნაღდი სიმსივნე… ახლაც ისევ უნდა წავიდე ავსტრიაში, უნდა ვეჩვენო ექიმს, უნდა გაიგონ, ხომ არ ამოიყარა ისევ… 78 წლის ვხდები, ამდენს რომ იცხოვრებ, არც არაფრის უნდა გეშინოდეს. ადამიანი იბადება და უნდა წავიდეს კიდეც ამ ქვეყნიდან, აქ საპანიკო არაფერია, მაგრამ თუ რაიმეს ეშველება, უნდა გააკეთო ყველაფერი, სიცოცხლე ვის არ უნდა, კაცო და მეც მინდა... “

სხვა „რიჩარდი“

„როცა „რიჩარდის“, „კავკასიურის“ ჩანაწერებს ვუყურებ, არ მომწონს, იმიტომ რომ ისინი პრემიერის დღეებშია გადაღებული, სპექტაკლი არ არის დაღვინებული, დასრულებული.. არადა ეს რჩება ისტორიას, უყურებს ხალხი და ფიქრობს, ნეტა, რა აგიჟებდათ ამ სპექტაკლში, ამ თამაშშიო. მე, მაგალითად, „კავკასიურში“, თვითონ დავამატე ბევრი რეპლიკა, რომელიც სპექტაკლსაც მოუხდა და მაყურებელმაც აიტაცა, მაგრამ ეს იმ ჩანაწერებში არაა, ვერც იქნება, იმიტომ რომ მერე და მერე დავამატე. ახლა, ჩემს ჩამოსვლამდე, უჩვენებიათ „რიჩარდი“, მე არ ვიცი, რომელი გადაღებაა, მაგრამ არ შეიძლება ეს ის „რიჩარდი“ იყოს, რომელსაც ვთამაშობდით, 30-40 სპექტაკლის შემდეგ. დამწიფება სპექტაკლსაც სჭირდება, განსაკუთრებით ისეთ ავტორებს, როგორიცაა შექსპირი, ბრეხტი. შექსპირი ისეთია, გგონია გამართე სცენა, დიალოგი თუ მონოლოგი, დაიწყებ, გადადგამ ნაბიჯს და „დგუპ“ ჩავარდები ისევ, სულ დაგენგრევა ის ილუზია, რომ მზად გაქვს ის სცენა… ყველაფერს დრო სჭირდება, მაყურებელი ზრდის სპექტაკლს... ძალიან მწყდება გული, რამდენი გრანდიოზული სპექტაკლი ითამაშა ჩვენმა წინა თაობამ, ხორავამ, ვასაძემ, არაფერი არ არის აღბეჭდილი ფირზე. ჩვენ დროს გაჩნდა ამის საშუალება, მაგრამ მაინც არ არის ბევრი სპექტაკლი გადაღებული...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა