საზოგადოება

ვარლამ წიკლაური: მამაჩემის მეგობრები ხშირად ეუბნებოდნენ დედას, „წიკოს“ ბიჭი მიმტანად როგორ მუშაობსო

№2

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 18.01

ვარლამ წიკლაური
დაკოპირებულია

ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ვარლამ წიკლაური იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც სტერეოტიპების დამსხვრევაც შეუძლიათ და სასურველ მიზნამდე მისაღწევად ყველანაირ წინააღმდეგობასაც გადალახავენ. საკუთარი ცხოვრების საინტერესო ისტორიებს ვარლამი „თბილისელებს“ უყვება.

ვარლამ წიკლაური: ახალციხეში, საშუალო შეძლების ოჯახში დავიბადე. წლისა და ხუთი თვის ვიყავი, როდესაც მამა დააკავეს და შვიდი წელი ციხეში იჯდა. ეს თემა ჩემთვის იმდენად მძიმე იყო და ისე მიმალავდნენ, რომ ბევრი რამ დღემდე არ ვიცი. როგორც ვიცი, ყაჩაღობის ბრალდებით იყო დაპატიმრებული. თავიდან მეუბნებოდნენ, რომ მამა ჯარში იყო. მე და დედა ძალიან ხშირად მივდიოდით მის სანახავად და რამდენიმე დღე ვრჩებოდით. ძალიან დეტალურად და მძიმედ მახსოვს ის ყველაფერი.
– მამასთან ურთიერთობა არ გიჭირდა?
– ძალიან მიჭირდა. მამას უნდოდა, რომ დედას მეც მივეყვანე მასთან, ჩვენ შორის კავშირი რომ არ გამწყდარიყო. თუმცა, სანამ წამოვიზრდებოდი, ვერც ვხვდებოდი, რატომ მივდიოდით ამ ადამიანთან. მიუხედავად იმისა, რომ ყველგან მამაჩემის სახელი მესმოდა. მამას „შავი წარსული“ ჰქონდა და სადაც უნდა წავსულიყავი, ერთსა და იმავეს იმეორებდნენ – „ეს წიკოს ბიჭია“. მერე მე და დედა ამ წიკოს სანახავად მივდიოდით ციხეში. მიკვირდა, ვინ იყო წიკო ასეთი?! სკოლის პერიოდში, მით უმეტეს, ბიჭს, ხომ შეიძლება ვინმესთან კონფლიქტი მოგივიდეს? გამორიცხული იყო. სკოლაშიც მესმოდა, „ხომ იცით, ეს წიკოს ბიჭია“ და ამით ყველაფერი მთავრდებოდა. ბავშვები რომ კაფეში შევიდოდით საჭმელად, მე მეუბნებოდნენ, შენი გადახდილიაო. აღმოვაჩენდი, რომ მამაჩემის ძმაკაცმა გადაიხადა. ოჯახშიც ძალიან ხშირად მოდიოდნენ მამაჩემის ძმაკაცები.
შვიდი წლის შემდეგ, მამა რომ გაათავისუფლეს, მე უკვე ცხრა წლის ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში ვნახულობდი, მამა ჩემთვის მაინც უცხო იყო და ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ჩვენს ოჯახში უცნობი ადამიანი შემოვიდა. მახსოვს, როგორ ფუსფუსებდნენ სახლში მის მოლოდინში. ამდენი წლის შემდეგ ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანი მოვიდა და ჩვენი ოჯახის წევრი გახდა. ამასთან შეგუება ძალიან გამიჭირდა. საოცრად თბილად მექცეოდა, ცდილობდა, რაც დამაკლდა, ყველაფერი ერთბაშად მოეცა. მახსოვს, ქუჩაში ხალხი ძალიან დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ხვდებოდა. მასზე დღესაც ამბობენ, ძალიან კარგი და სიმართლის მთქმელი კაცი იყოო. 15 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, მაგრამ დღემდე კარგად ახსოვთ. საპატიმროდან რომ გამოვიდა ტუბერკულოზით იყო დაავადებული. სამწელიწად-ნახევარი გავატარეთ ერთად და 29 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჩემი მშობლები ძალიან ახალგაზრდები დაქორწინდნენ. მე რომ დავიბადე, მამა 17 წლის იყო, დედა – 16-ის.
– სამწელიწად-ნახევარში მოასწარი მისი მამად მიღება?
– თითქოს მართლა მოსწრებას ცდილობდა. იმდენი მაინც მოასწრო, რომ დღეს, ამდენი წლის მერეც კარგად გამხსენებოდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ერთი წელი იყო კარგად, მერე სულ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ძველი ბიჭის შვილი ხომ აუცილებლად ძველი ბიჭი უნდა იყოს?! მაგრამ მამა რომ ციხიდან გამოვიდა, მე აბსოლუტურად სხვა ტიპი დავხვდი. სიმღერისა და ცეკვის მოყვარული, მხიარული ბიჭი ვიყავი. დრამატულ წრეზე დავდიოდი და სპექტაკლებში ვმონაწილეობდი, სადაც სხვათა შორის, მისი ინიციატივით მიმიყვანეს, რადგან ბავშვობაში, თურმე, თავადაც დადიოდა. ხშირად მესმოდა მისი ძმაკაცებისგან, ვარლამი მამის გზას გააგრძელებსო, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება მამაჩემის სიტყვები: ვარლამი არ გაივლის იმ ცუდ გზას, რომელიც მე გავიარეო.
– როგორც ვხვდები, ავტორიტეტი იყო.
– კი, ავტორიტეტი იყო. ჩვენთან, სახლში ხშირად მოდიოდნენ ადამიანები საქმის გასარჩევად. აზრს ეკითხებოდნენ. მიკვირდა, როგორ ექცევიან მამაჩემს, როგორ პატივს სცემენ-მეთქი. თუმცა, ციხის პერიოდიც მახსოვდა, რაღაც დოზით ისიც ვიცოდი, რა გზა ჰქონდა გავლილი და ალბათ, ამიტომ, მე არასდროს დავინტერესებულვარ იმ ცხოვრებით. არ მინდოდა, მისთვის მიმებაძა. სხვათა შორის, დედას ყოველთვის ჰქონდა ამის შიში და მთელი ბავშვობა ძალიან დატვირთული ვყავდი. სკოლის შემდეგ რეპეტიტორიდან რეპეტიტორთან დავდიოდი, ყველაფერს მასწავლიდა. ყველანაირად ცდილობდა, თავისუფალი დრო არ მქონოდა, რომ ქუჩით არ დავინტერესებულიყავი.
– მამა 29 წლის გარდაიცვალა, მანამდე შვიდი წელი ციხეში გაატარა. როდის მოასწრო ეს ყველაფერი?
– ესაა ყველაზე საინტერესო და დღემდე ყველას უკვირს. მახსოვს, ბოლოს უკვე იმდენად ცუდად იყო, საავადმყოფოში გვითხრეს, აზრი აღარ აქვს მკურნალობას და ჯობს, სახლში წაიყვანოთო. ეს ძალიან მძიმე იყო ჩვენი ოჯახისთვის. რომ მოიყვანეს და ეზოში გავიხედე, უამრავი ადამიანი იდგა. მამა ერთი კვირა სახლში იწვა და ამ დროის განმავლობაში ჩვენს კართან მნახველების რიგი არ წყდებოდა. მასთან დასამშვიდობებლად უამრავი ადამიანი მოდიოდა. უკვე ძალიან ცუდად იყო, ჟანგბადის ბალონების დახმარებით სუნთქავდა, ხშირად გონს არ იყო. იმდენად გახდა, რომ ჩემი ბეჭედი მოერგო და მისი ჩუქება მთხოვა. ბოლოს რომ შევედი მის სანახავად, ეს ბეჭედი მოიხსნა და დამიბრუნა, მომეფერა, მეორე დღეს კი გარდაიცვალა.
– მერე აღარ ჰქონიათ მამას მეგობრებს მცდელობა, რომ მის გზას გაყოლოდი?
– ათი წლის უკვე მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სპექტაკლებში ვთამაშობდი. როგორც ამბობენ ხოლმე, მეც სცენის მტვრით მოვიწამლე და 12 წელი დავდიოდი თეატრში. იქ გავიზარდე და განვვითარდი. არაერთი ჯილდოც ავიღე ფესტივალებზე და მათ შორის, მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. ჩემში ყველაზე დიდი გარდატეხა თეატრმა მოახდინა.
მამა ციხიდან რომ გაათავისუფლეს, არ მუშაობდა, მაგრამ შემოსავალი ჰქონდა. ციხეში რომ იჯდა, არც მაშინ აკლებდა ოჯახს არაფერს. დედის მამა ძალიან შეძლებული იყო და გვეხმარებოდა, მაგრამ ისიც რომ გარდაიცვალა, ძალიან გაგვიჭირდა. დედას 240 ლარი ჰქონდა ხელფასი. მე უკვე 15 წლის ვიყავი და თეატრში პირველი ხელფასი 40 ლარი დამინიშნეს, როგორც მოყვარულ მსახიობს. წლების განმავლობაში 220 ლარამდე გამეზარდა ანაზღაურება. მხოლოდ ეს იყო ჩვენი შემოსავალი და გვიჭირდა. ჩემს სახლთან ახლოს კაფე იყო და გადავწყვიტე, მიმტანად დამეწყო მუშაობა. დედას ვუთხარი, რომ ტელეფონისთვის მინდოდა ფულის შეგროვება. უარი არ უთქვამს. კაფეშიც მითხრეს, თუ შეძლებ, კი ბატონოო. ფიზიკურად საკმაოდ დიდი და თან მსუქანი ვიყავი. მოკლედ, დავიწყე მუშაობა. მამაჩემის მეგობრები ხშირად ეუბნებოდნენ დედას, წიკოს ბიჭი მიმტანად როგორ მუშაობსო. არადა, მაშინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე მართლა ასე იყო საჭირო. თავიდან ძალიან მიჭირდა, თან 15 წლის რომ ხარ და თავი მოგწონს, თეატრიდან გიცნობენ და პარალელურად, „პოდნოსს“ დაატარებ, არაა მარტივი შესაგუებელი, მაგრამ დღეს ვთვლი, რომ ის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იყო.
– მსახიობობას რატომ დაანებე თავი?
– მერე უფრო ჟურნალისტობა მინდოდა. სადმე რამე რომ გაფაჩუნდებოდა, არ არსებობდა, მე პირველი არ მივვარდნილიყავი (იცინის). იმ პერიოდში ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ საბავშვო მუსიკალური გადაცემისთვის წამყვანს არჩევდა. კონკურსი ტარდებოდა, გავიქეცი და გავიმარჯვე. ასე დავიწყე წამყვანად მუშაობა რეგიონულ ტელევიზიაში, სადაც ზარებით და ესემესებით სიმღერებს გვიკვეთავდნენ, მაინცდამაინც ბევრი არ უყურებდა ამ გადაცემას, მაგრამ გამოსავალი ვიპოვე. ჩემს მეგობრებს ფულს ჩავურიცხავდი და ვაფრთხილებდი, რა უნდა მოეწერათ გადაცემის მსვლელობისას. მერე ტელევიზიაში გაკვირვებულები მეუბნებოდნენ, შენ რომ მიგყავს გადაცემა, მაგ დროს ბევრი უყურებს ჩვენს არხსო. რეიტინგზე ვმუშაობდი (იცინის). ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი. სკოლაში და საერთოდ, ახალციხეში არ არსებობდა ღონისძიება თუ კონკურსი, რომელშიც მე არ ვიყავი ჩართული. ტელევიზიაში 17 წლის მივედი და აღარც მოვშორებივარ. ერთი წლის შემდეგ ვთქვი, რომ ჟურნალისტიკაზე მინდოდა ჩაბარება. ყველა ერთსა და იმავეს მეუბნებოდა, კარგი რა, ახალციხეში ამ პროფესიით რა უნდა გააკეთო, „პატრონიც“ არ გყავსო. იქნებ გამიმართლოს და თბილისში ჩავიდე-მეთქი, ვამბობდი და ყველას ეცინებოდა. პედაგოგებთან მომზადების შესაძლებლობა არ გვქონდა. ამიტომ დედა ემიგრაციაში წავიდა და ჩემი სწავლის დამთავრებამდე იქ იყო, რომ შესაბამისი პირობები შეექმნა. მე და ბებო დავრჩით ერთად. მოკლედ, ჩავაბარე ახალციხის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და პარალელურად, ისევ ადგილობრივ ტელევიზიაში ვმუშაობდი. შემდეგ თბილისში სააგენტო „ნიუს. ჯი-ზე“ დავიწყე მუშაობა და ტელევიზიიდან ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭეში“ გადავედი. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ თბილისის სააგენტოში ვმუშაობდი. ჩვენს პატარა ქალაქში უცებ გავრცელდა ინფორმაცია, ვარლამმა თბილისის სააგენტოში დაიწყო მუშაობაო და სიხარულით ჭკუაზე არ ვიყავი (იცინის). ისეთი ბედი მქონდა, გადაღებაზე სადაც ვიყავი, იქ მოხდებოდა ავარია, ვიღაც ხელს დამარტყამდა და ასე შემდეგ. ერთხელ სოფელში დავინახე, რომ აივანზე ქალი ჰყავდათ დაბმული. მერე გავარკვიე, რომ ის მოხუცი დედამთილი ყოფილა. ამაზე რომ დავწერე, სახალხო დამცველის აპარატიდან და ტელევიზიები დამიკავშირდნენ. ქალაქმა კიდევ სხვანაირად გამიცნო. თან, მაშინ სათვალეს ვატარებდი და უცებ სათვალიანი ვარლამი გახდა კრიტიკული ტიპი, რომელიც არც შინაურს ერიდება და არც გარეულს. ყველაფერს ვწერდი, ნაცნობს ეხებოდა თუ უცნობს. თავში მქონდა ჩადებული, რომ მე ჟურნალისტი ვიყავი და ეს უნდა გამეკეთებინა. მაშინ მამაჩემის ძმაკაცები მესამედ გამოჩდნენ ჩემს ცხოვრებაში. თან, ვერავინ ვერაფერს მეუბნება, იმიტომ, რომ „წიკოს ბიჭი“ ვარ. მაგალითად, სადმე ავარია მოხდებოდა და გამწარებულ ხალხთან კამერით რომ მივვარდებოდი და ვინმე ყვირილს დაიწყებდა, იქვე მეორე ეტყოდა, კაი ბიჭო, არ იცი, ეს წიკოს ბიჭიაო. იქაც მეხმარებოდა მამაჩემი (იცინის). ორი წლის განმავლობაში მართლა ძალიან მიმართლებდა. ოთხთვალას მეძახდნენ, ამას არაფერი გამოეპარებაო.
– ცოტა საშიში გამხდარხარ.
– ფუმფულა საყვარელი ვაკო, უცებ იქცა ტიპად, რომელიც წერს სიმართლეს და არავინ აინტერესებს. ბიძაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, ბიჭო, არ გრცხვენია, რას აკეთებ. პატარა ქალაქია, რას წერ, რას გინდა მიაღწიოო? ძალიან მძიმედ აღიქვამდა ამ ყველაფერს. დედასაც უთქვამს, ვარლამ, ათასმა კაცმა მომწერა და იქნებ მოერიდო ამ ყველაფერს, მაინც პატარა ქალაქია და ყველა გვიცნობსო, მაგრამ მაინც მგულშემატკივრობდა.
ამ პერიოდში დამირეკა თაკო მერაბიშვილმა, რომელიც ახლა „იმედის კვირაში“ მუშაობს, მაშინ კი „მაესტროში“ იყო. ჩვენ ახლო მეზობლები ვიყავით. მითხრა, გადაცემა გვაქვს – „მოვლენათა ეპიცენტრში“ და აქ ხომ არ გადმოხვალო?! ვახ-მეთქი. ხშირად დამსიზმრებია მსგავსი რამ, მიოცნებია ტელევიზიაში მოხვედრაზე, მაგრამ რეალურად ეს წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. მაშინ უკვე ჟურნალისტი ვაკო წიკლაური ვიყავი და სადმე რომ მივდიოდი, ერთმანეთს ანიშნებდნენ, მოვიდა და ცოტა მოზომილადო. ანუ, კარგად ვარ, ანაზღაურებაც მაღალი მაქვს, სახელით და სათვალითაც მცნობენ (იცინის), პლუს რადიოში საინფორმაციოს წამყვანი გავხდი და „მაესტროდან“ შემოთავაზება კი ძალიან მიზიდავს, მაგრამ სასწორზე ბევრი რამ დევს და ძალიან „ავიჭერი“. დედამ მითხრა, არ გაბედო, ვარლამ, ამ ყველაფრის მიტოვება, მანდ ძალიან კარგად ხარ, პოპულარულიც... იქ ყურადღებას არავინ მოგაქცევს, შენნაირი მილიონი არის და დაიკარგებიო. ისეთი აჟიტირებული ვიყავი, არც დღე მეძინა და არც ღამე. ბოლოს გადავწყვიტე, წამოვსულიყავი. თავიდან ისე გამიჭირდა უკან დაბრუნებაზე ვფიქრობდი. „მაესტროზე“ ირაკლი ჩიხლაძე, შორენა ხვიჩია და თაკო მერაბიშვილი დამხვდნენ და ძალიან მეგობრულად მიმიღეს. რომ არა ეს სამი ადამიანი, არ ვიცი, რა იქნებოდა.
მას შემდეგ, წლები გავიდა და მუდმივად ვცდილობ, გავიზარდო. კიდევ ბევრი უნდა ვისწავლო. დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს მიზანი, რომლის მიღწევაც შეუძლებელია. ჩემი ცხოვრება ამის მაგალითია. ერთი ახალციხელი მეოცნებე ბიჭი ყველაფერს ვაკეთებდი აქამდე მოსასვლელად, მიმტანიც ვიყავი, მსახიობიც, რაღაც პერიოდი სტიქაროსანიც. რამდენჯერმე გავიგე, რომ დღეს ჩემს ქალაქში, ჩემი სახელი და გვარი პატარა ბავშვისთვის იმის მაგალითად მოჰყვათ, რომ თუ მოინდომებ, ყველაფერი შესაძლებელია და ეს ძალიან მაბედნიერებს. მინდა, ჩემი მაგალითი ყველასთვის სტიმულის მიმცემი იყოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №8

22-28 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

დიეტა

უმოკლეს დროში ფორმაში ჩასადგომი ბრინჯის ექსპრეს-დი...