საზოგადოება

ვახტანგ მეგრელიშვილი: სულ მოწეული მინდა ვიყო და ვიქნები კიდეც

№30

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 03.08

ვახტანგ მეგრელიშვილი
დაკოპირებულია

ქირურგიც იყო, უროლოგიც, ეკონომიკასაც ასწავლიდა, ქიმიასაც, სამოქალაქო განათლებასაც, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც იყო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები მოიარა, უნივერსიტეტის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულა, სკოლა დააარსა... კიდევ შეგვიძლია, გავაგრძელოთ ჩამოთვლა, რადგან ძალიან მრავალფეროვანი ბიოგრაფიის მქონე „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერზე, დღეს უკვე პარლამენტარ ვახტანგ მეგრელიშვილზე გვაქვს საუბარი, რომელმაც ამ გამოცდილებების შემდეგ, გადაწყვიტა, რომ პრობლემის სათავე პოლიტიკა იყო და მოგვარებაც აქედან უნდა დაეწყო.

ვახტანგ მეგრელიშვილი: ძალიან ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, დედისერთა. არანაირი თავგადასავალი არ მახასიათებდა, მშობლებს ვუჯერებდი და რასაც მეუბნებოდნენ, იმას ვაკეთებდი. თუ არ ვუჯერებდი, მცემდნენ.

– ანუ, ჯაჭვის ამბავი მართალია?

– ცოტა სხვანაირად გავრცელდა ეს ისტორია. სინამდვილეში ბაბუაჩემი ამ ჯაჭვით არავის სცემდა. მავთულისგან ჰქონდა დაწნული მათრახი, რომელიც თვალსაჩინო ადგილას ეკიდა და როგორც ბებოს აქვს ნათქვამი, ოდესღაც ერთ შვილზე გამოუყენებია და მას შემდეგ, მათრახი საჩვენებლად ჰქონდა. თუმცა საკმაოდ მკაცრი მამა იყო, არა ცემის გამო, არამედ სწავლის მიმართ მაქსიმალურის მოთხოვნით და ძალიან კარგ შედეგსაც მიაღწია.

– თქვენთან მიმართებაში რა შემთხვევაში იყენებდნენ ცემას დასასჯელად?

– მესამე კლასამდე დედაჩემმა ისე გამწვრთნა, როგორც მაიმუნებს წვრთნიან ცირკში. სკოლიდან მოსულს გვერდზე მომიჯდებოდა და სანამ სწავლას არ მოვრჩებოდი, არ მშორდებოდა. ასე გამომიმუშავა დისციპლინა. ჩემ გამო, საკუთარი ცხოვრების სამი წელი სრულად დათმო. მეოთხე კლასიდან აღარ მჭირდებოდა სხვისი დახმარება და არც გაჯავრება. დედა ქიმიის მასწავლებელი იყო. განათლება ერთადერთი პასუხისმგებლობა იყო მშობლების წინაშე. თუმცა, სამწლიანი წვრთნის შემდეგ რთული არაფერი იყო.

– პროფესიაც მშობლებმა აგირჩიეს, მაგრამ არ გაგიპროტესტებიათ.

– ყველაფერი ძალიან მარტივად მოხდა. რადგან მშობლებს ვენდობოდი, ვენდე ამ საკითხშიც. მათ მიაჩნდათ, რომ საბჭოთა კავშირში ექიმები ყველაზე დაცულები იყვნენ. დედას ეშინოდა, რომ მამას დაიჭერდნენ, ვიღაცას ეშინოდა, რომ სხვა პროფესიის წარმომადგენელ მისი ოჯახის წევრს დაიჭერდნენ, მაგრამ ექიმებს არ იჭერდნენ. ამიტომ გადაწყვიტეს, შვილისთვის ყველაზე ნაკლებად სარისკო პროფესია აერჩიათ, რომელიც ეკონომიკურადაც ნორმალურად აცხოვრებდა. მათ ლოგიკასთან არანაირი პრეტენზია არ მქონდა. მერე უკვე ძალიან მომეწონა ეს პროფესია. როგორც დეტექტივს, ისე შეგიძლიათ, შეხედოთ ამ საქმეს. თითოეული ქეისი ინდივიდუალურად გამოსაძიებელი ამბავია. მიუხედავად იმისა, რომ ექიმად დიდი ხანი არ მიმუშავია, სწავლის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. რეალურად, ძალიან ცუდი პერიოდი დამემთხვა, თან, სამწუხაროდ, კარგად ვსწავლობდი. იმდენად კარგად, რომ ვიცოდი, რა იყო გასაკეთებელი და ვხვდებოდი, რომ ამისთვის შესაბამისი არაფერი გაგვაჩნდა. ამიტომ მივხვდი, რომ საქართველოში ექიმობას არანაირი აზრი არ ჰქონდა. მივხვდი, რომ ამ გარემოში სამუშაოდ ენთუზიაზმი არ მეყოფოდა. მომწონდა, მაგრამ ფანატიკურად შეყვარებული არ ვყოფილვარ და სიტუაციას ძალიან რაციონალურად ვაფასებდი. შესაბამისად, მქონდა სხვა ქვეყანაში წასვლის მცდელობა, რაც არ გამოვიდა და ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ექიმობა არ შემიძლია.

– აქ იწყება ახალი ეტაპი და ჩნდებიან ადამიანები, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს თქვენს ცხოვრებაზე.

– ექიმობისთვის თავის დანებების შემდეგ, ჩემი ქირურგიის მასწავლებელთან, ლადო ჭიპაშვილთან მივედი. მას ორი წლით ადრე ჰქონდა ექიმობისთვის თავი დანებებული – პარლამენტარი გახდა. მითხრა, არ ვიცი, რით დაგეხმარო და თუ გინდა, ჩემი თანაშემწე იყავიო. ასე დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება. სხვა ადამიანების დამსახურება დიდია ჩემს ცხოვრებაში.

– კახა ბენდუქიძე როგორ გამოჩნდა?

– ჩვენი ურთიერთობა კახას ზარით დაიწყო. კაბინეტში ტელეფონმა დარეკა და მეუბნებიან, კახა ბენდუქიძეს უნდა თქვენთან დაკავშირებაო. მაშინ კახა ბენდუქიძე ახალი ჩამოსული იყო და სულ რამდენჯერმე მყავდა ნანახი. ერთხელ შევესწარი, რომ შეხვედრაზე ვიღაცებს ეჩხუბებოდა და ძალიან გამიკვირდა, როცა დავინახე, რომ ვიღაც რაღაცაზე ნერვიულობდა და ჩხუბობდა. მანამდე არ მყავდა ნანახი ადამიანი, რომელიც პირად კი არა, სახელმწიფო საქმეზე ნერვიულობდა. მაშინ ეკონომიკის მინისტრი იყო. ეტყობა, თვალში მოხვდა ჩემი ინიციატივები და რომ დამირეკა, მითხრა, ჩემი აზრით, ჩვენ ერთი და იგივე გვინდა და მოდი, ვიმეგობროთო. თავიდან ვერ გავიგე, რა მითხრა, მერე ძალიან მალე გამოჩნდა საკითხები, რომლებშიც ორივე ერთად ჩავერთეთ: სიღარიბის პროგრამა, შრომის კოდექსი, პენსიები და ასე შემდეგ. მოგვიანებით კი „თავისუფალი უნივერსიტეტის“ გაკეთების საქმეში შემომთავაზა თანამშრომლობა.

– თქვენ ყოფილხართ ის, ვინც უამრავი ლექტორი გამოუშვა უნივერსიტეტიდან, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა მანამ, სანამ შედეგი გამოჩნდებოდა.

– კი, მაშინ გვაგინებდნენ, მაგრამ ამის გამო უკან არ დავიხევდი. მე ამის გამოცდილება სამინისტროში უკვე მქონდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ იმდენი ადამიანი მუშაობდა ჩემს სამინისტროში (ჯანდაცვის სამინისტრო), რამდენი სკამიც კი არ გვქონდა. ყველა ერთად რომ მოსულიყო სამსახურში, ვერც დაჯდებოდნენ. თუმცა, არც მოდიოდნენ, უბრალოდ გაფორმებულები იყვნენ. როცა მივედი სამინისტროში 600-ზე მეტი კაცი მუშაობდა, როცა წავედი 200. ეს მარტო ცენტრალური აპარატიდან, მაგრამ ამის გარდა, სისტემაში 25-მდე დეპარტამენტი გავაუქმეთ და ჯამში, სამსახურიდან სამი ათასი კაცი გავუშვი. ასე რომ, უნივერსიტეტამდე ისეთი პრაქტიკა გავიარე, პროფესორები, იმასთან შედარებით, არაფერი იყო. მით უმეტეს, რომ ვიცოდი, იმ უნივერსიტეტს მხოლოდ ამ შემთხვევაში ჰქონდა პერსპექტივა. მაშინ ორმოცი წლის ვიყავი და რადგან უნივერსიტეტიდან მინდოდა წასვლა, კახა მეუბნებოდა, საშუალო ასაკის კრიზისი გაქვსო. დავთანხმდი და დავრჩი – კარგი, მაშინ წავალ აგრარულ უნივერსიტეტში, მაგ ამბავს მოვაგვარებ და მერე სულ წავალ-მეთქი. ჩემთვის ეს გართობა იყო. უნივერსიტეტს ყიდვიდან 11 თვეში უნდა მიეღო ავტორიზაცია. ანუ ყველაფერი უნდა შეცვლილიყო და ეს ისეთი გამოწვევა აღმოჩნდა, რომლითაც საკაიფოდ გაერთობოდი. ყველაფერს ძალიან სწრაფად მოვრჩით და საერთოდ წავედი უნივერსიტეტიდან.

– სად წახვედით?

– სკოლაში. უკან უკან მივდიოდი. უნივერსიტეტში მივხვდი, რომ სკოლა იყო პრობლემა. სკოლაში მივხვდი, რომ მართლა სკოლა იყო პრობლემა, მაგრამ ამის მოგვარება ბავშვებისადმი დამოკიდებულებაშია და პოლიტიკაში წასვლა სკოლაში გატარებულმა დრომ გადამაწყვეტინა. მივხვდი, რომ პრობლემის სათავე აქ არის თუ გინდა, ამ ჩაკეტილ წრეს გასცდე, მისი გარღვევა პოლიტიკიდან უნდა დაიწყო. მართლა მინდა, სხვა სკოლა მქონდეს, რომელშიც ჩემი წესები იქნება.

– როგორია ეს წესები? მით უმეტეს, თქვენი შვილებიც არ დადიან სკოლაში.

– სამი წელია არ დადიან, მანამდე დადიოდნენ. ბავშვი ჩვეულებრივი ადამიანია. პატივი რომ სცეთ ადამიანს, ისე ხომ არ მოექცევით, როგორც ბავშვს ვექცევით სკოლაში? მაგალითად, ჩვენ რომ ტუალეტში დავდივართ, ნებართვას ხომ არ ვითხოვთ ერთმანეთისგან? იმიტომ, რომ ოჯახში არ გვაქვს იერარქია და ვერ ვუკონტროლებთ ერთმანეთს ყველაფერს. მაშინ ჩვენი შვილი სკოლაში რომ მიდის, იქ რატომ ვაძლევთ მასწავლებლებს ამის უფლებას? დავალებებს რომ აძლევ და ბავშვს უფლება არ აქვს იკითხოს, რატომ სწავლობს ამას თუ იმას, რაში სჭირდება? სხვა რამე რომ გააკეთოს, რაც უფრო მოსწონს, რა დაშავდება? ამაზე პასუხი, რომ მხოლოდ „არა“, „არ შეიძლება“, „ასეა და მორჩა“ – ამ დამოკიდებულებით ადამიანის აღზრდა ყველაზე ცუდი მგონია. ასე მონას ზრდი, კონფორმისტი იჩითება ადამიანი. მე გამიმართლა, კარგ წრეში მოვხვდი. ლადო დამეხმარა, კახა დამეხმარა და მივხვდი, რომ დიდი ხანი ტყუილში ვცხოვრობდი. თორემ შეიძლება, ისეთივე იდიოტი ვყოფილიყავი, როგორიც ძალიან ბევრია. თუ ბავშვები თვითონ გააკეთებენ არჩევანს, რისი სწავლა და რით დაკავება უნდათ, მასწავლებელს კი მხოლოდ დისციპლინის შემომტანის ფუნქცია ექნება და ყველა იმით გაერთობა, რაც აინტერესებს, დღეს – ცეკვა-თამაშით, ხვალ – ფიზიკით, ბავშვი თუ საკმაო დროს ხარჯავს საჭირო უნარების შესაძენად, შენ ვინ გკითხავს, რა მიმართულებით ვითარდება? მე თუ ვიცი, რა უნარები მინდა, ბავშვს გამოვუმუშავო, ზოგს გამოვუმუშავებ სპორტით და ზოგს – მათემატიკით, რაც მას უფრო აინტერესებს და არა იძულებით. მე სკოლას ვუყურებ, როგორც ოჯახის გაგრძელებას, სადაც მშობელი შვილისთვის მათემატიკის სწავლას კი არა, აღზრდას მიკვეთავს. ეს მიდგომა გვაქვს ოჯახშიც.

– როგორ აფასებს ამ მიდგომას დედა, რომელიც სტაჟიანი მასწავლებელია?

– თავიდან მეზობლების ეშინოდა, ვაიმე ატესტატი არ ექნებათ ბავშვებსო. დედაჩემი ჩემი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად იტანს ამ მდგომარეობას, მაგრამ ჩემი ცოლი ჩემს ჭკუაზეა. დედა დღესაც მასწავლებელია, სკოლიდან არ მოდის.

– დღეს უკვე პარლამენტარი ხართ და ამბობთ, დილის ექვს საათზე ვიწყებ მარიხუანის მოწევას და მერე დაბოლილი მივდივარ პარლამენტშიო. რატომ?

– ეგრე ვცხოვრობ და ხომ არ მოვიტყუები?! კი, დილით ექვს საათზე ვიწყებ. ცოტა ხანში დეფიციტი აღარ მექნება და სულ მოვწევ (იცინის).

– ამას რომ გაიგებს ადამიანი, იტყვის, ვის ჩავაბარე ჩემი ბედი, ეს თუ დაბოლილი მიდის სხდომებზეო?!

– ადამიანებს მცდარი წარმოდგენა აქვთ კანაფის ზემოქმედებაზე. ჰგონიათ, რომ მოხმარების მერე ვიღაც არაადეკვატურად იწყებს ქცევას. ასე არ არის. მწეველზე ისე არ მოქმედებს, როგორც მასზე, ვინც პირველად ეწევა. მე მაშინ ვხვდები, რომ მოწევა მჭირდება, როდესაც გამოვფხიზლდები და ისე აზროვნება არ მომწონს. ჩემი აზრით, ზემოქმედების ქვეშ ბევრად უფრო სრულფასოვნად აღვიქვამ გარე სამყაროს, ვიდრე მის გარეშე. მინდა, სულ მოწეული ვიყო და ვიქნები კიდეც.

– პოლიტიკოსისგან მართლა უცნაური განცხადებაა. „ბარიგა კარგი ტიპიაო“ – ესეც თქვით. რას გულისხმობთ?

– გადასარევი ტიპია. 25 წელია, ამ მცენარეს ვზრდი. შემიყვარდა ექიმობასავით მისი მოვლა. მაგრამ არ სჯობს სასურველი პროდუქტი პროფესიონალებმა შექმნან და შენ ისე შეიძინო, როგორც მარკეტში სოსისი? რანაირად შეიძლება, ადამიანი, რომელიც შენთვის სასურველ პროდუქტს ხელმისაწვდომს ხდის, იყოს ცუდი? მხოლოდ იმ შემთხვევაშია ეს ასე, როცა საქმე კრიმინალურ ბაზარსა და მძიმე ნარკოტიკებს ეხება და მას მომხმარებლების სიკვდილი ან ციხეში აღმოჩენა მოჰყვება, რაც ბარიგის მიერ უხარისხო პროდუქტის გაყიდვის გამო ხდება, იმიტომ რომ კრიმინალიზებულია ეს საქმე და ამ ადამიანის პოლიციასთან თანამშრომლობას უკავშირდება. მხოლოდ კრიმინალიზების შემთხვევაშია ის ტიპი ბარიგა. სხვა შემთხვევაში წარმატებული მეწარმე იქნებოდა. გააჩნია, რა წესრიგის ფარგლებში შევხედავთ ამ ადამიანის საქმიანობას. როცა ეს ლეგალური იქნება, გამყიდველს შეგიძლია, პრეტენზია წაუყენო, როგორც აფთიაქარს, სადაც მილიგრამების სიზუსტით ყიდულობთ წამალს და ინტერესდებით მისი წარმომავლობით.

– თქვენი „ურთიერთობა“ როგორ დაიწყო?

– ჩემი ბიძაშვილი და რამდენიმე მეგობარი ეწეოდა და მეც შემომთავაზეს. მანამდე არ მქონდა წესიერად გასინჯული. ძალიან მომეწონა, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ მარტივად არ იშოვება, დეფიციტია და რადგან მომეწონა, გადავწყვიტე ამ საქმეში შრომა ჩამედო. ამიტომ 25 წელია, მებაღეობით ვარ დაკავებული (იცინის).

– დეფიციტი რატომღა გაქვთ?

– ბევრი მეგობარი მყავს და მიყვარს მათთვის მოსაწევის მიცემა. გამოდის, რომ მეც ბარიგა ვარ, ოღონდ არ ვყიდი (იცინის).

– ბევრი ადამიანი ეწევა, მაგრამ მალავს, მით უმეტეს, შვილებისგან. თქვენ?

– ძალიან ცუდია ასეთი დამოკიდებულება შვილებს არაფერი უნდა დაუმალო. მე მათ არაფერს ვუმალავ და როცა გაიზრდებიან, თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამას არ ექნება აკრძალული ხილის მიმზიდველობა და მგონია, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მე დეტალური ინფორმაციის მიწოდებაზე უკეთესს ვერაფერს გავუკეთებ. მათ თეორიაც იციან და პრაქტიკულადაც ყველაფერი ნანახი აქვთ.

– თქვენი ოჯახის შექმნის ისტორიაც გავიხსენოთ.

– ჩემი მეუღლე არის მაია ჩარჩხალია. ის იურისტია, იუსტიციის სამინისტროში ვმუშაობდით ერთად. ახლა მას ოჯახში მთავარი მასწავლებლის სტატუსი აქვს. ოჯახში ის არის ჩვენი გენერალი. ჩვენ თავიდან ვმეგობრობდით. მაშინაც ვფიქრობდი, რომ საგიჟეთში ვმუშაობდი და გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც ჩვენი სამუშაო, ასევე, საგიჟეთი ეგონა. ძირითადად, ამ საერთო შეხედულებამ განაპირობა ჩვენ შორის ურთიერთობის დამყარება. მეგობრობა უფრო ერქვა ჩვენს ურთიერთობას, ვიდრე შეყვარებულობა. მერე, ბუნებრივად, ეს უფრო ახლო ურთიერთობაში გადაიზარდა. სასაცილო ის იყო, რომ ჩვენი დაქორწინება სამსახურში ქორწინების ცნობის მიტანის საჭიროებამ გამოიწვია. არადა, მაშინ უკვე ორი წელი იყო გასული, რაც ერთად ვცხოვრობდით. ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და ასევე გრძელდება, თუმცა ახლა უფრო მეტად გვიყვარს ერთმანეთი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

18-24 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

რომელ წლებში დაბადებული ადამიანები ითვლებიან იდეალ...