უნივერსიტეტში ჩაყოლებული კახური ღვინო და იმდროინდელი პრესა - როგორ შენდებოდა თბილისის ჯავახიშვილის სახელობის მთავარი ცოდნის ტაძარი
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 17.12
„მოქალაქენო! საქართველოს ეროვნულ საბჭოს მინდობილობით, ბედნიერება მაქვს, გავხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი. ვამბობ, პირველი-მეთქი, აქედან ცხადია, დღევანდელი დღე დიდმნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. დღემდე ჩვენ არ გვქონია არცერთი მაღალი სასწავლებელი...“ – ასე დაიწყო სიტყვით გამოსვლა საქართველოს ეროვნული საბჭოსა და ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარემ, აკაკი ჩხენკელმა.
დღეს გიამბობთ იმ ადამიანზე, ვინც თბილისს პირველი უნივერსიტეტი აჩუქა. ეს უდიდესი, ეროვნული საქმე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ძალისხმევასა და ფინანსებს მოითხოვდა და არა მხოლოდ. იყო ბევრი ბარიერი, ინტრიგა, ნერვების ომი, თუმცა ივანე ჯავახიშვილმა შეძლო და თავის მეგობარ-კოლეგებთან ერთად თავისი იდეა განახორციელა.
ეროვნული უნივერსიტეტის დაარსების იდეას მეცხრამეტე საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი ილია ჭავჭავაძის თაოსნობით, თუმცა ილიამ მაშინ ეს იდეა ვერ განახორციელა, იმედს კი იტოვებდა, რომ აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც თბილისში ცოდნის ტაძარს დააარსებდა და აი, მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების ორგანიზატორი გახდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღზრდილი და მისი პრივატ-დოცენტი ივანე ჯავახიშვილი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის პირველი დღეებიდანვე პეტერბურგში მყოფმა ივანე ჯავახიშვილმა აქტიურად დაიწყო უმაღლესი სასწავლებლის გახსნისათვის მზადება. 12 მაისს თბილისში, პეტრე მელიქიშვილის ბინაში, უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებელთა პირველი შეკრება გაიმართა. კრებას ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ დღეს დაარსდა „ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის” საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი შეასრულა უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. 1917 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მუშაობა უმაღლესი სასწავლებლის გასახსნელად კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა.
გადაწყდა, რომ თავდაპირველად დაარსებულიყო მხოლოდ ერთი – სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი, რომელიც გააერთიანებდა ჰუმანიტარულ დარგებს, აგრეთვე, ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკას. დეკემბრის ბოლოს პრესაში უკვე გაჩნდა განცხადება ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტების მიღების შესახებ. ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, უნივერსიტეტის პირველ რექტორად პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი კი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში. ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ ივანე ჯავახიშვილი, იუსტინე აბულაძე, გიორგი ახვლედიანი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანისა, დიმიტრი უზნაძე, ვანდა ღამბაშიძე, ილია ყიფშიძე, იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი, ანდრია რაზმაძე, ივანე ბერიტაშვილი, გრიგოლ წერეთელი. ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გახსნა. მან სპეციალურად დაამთხვია ამ დღეს, რადგანაც დავით აღმაშენებელი ის კაცი იყო, რომელმაც საქართველოში განათლება შემოიტანა. დავით აღმაშენებელმა დააფუძნა გელათის აკადემია, რომელიც „ახალ ათენად“ და „მეორე იერუსალიმად“ იწოდებოდა, როგორც სიბრძნისა და რწმენის სიმბოლო... მოსე ჯანაშვილი წერდა გაზეთ „საქართველოში“: „...ჯავახიშვილის მხნეობამ ყოველივე დაბრკოლებას სძლია და ახალი ლამპარი აგვინთო. ქართული გიმნაზიის შენობა გვიქცია ეროვნული დიდების ტაძრად, მისი უნივერსიტეტი – სავანედ“... მაგრამ ამ დღეს წინ უძღოდა მრავალწლიანი უმძიმესი შრომა. რა ეღობებოდა ამ იდეის განხორციელებას? „ქართველთა საკმაო ნაწილმა აღარ იცოდა ხეირიანად ქართულად ლაპარაკი. რასაკვირველია, მასა განაგრძობდა ამ ენაზე ლაპარაკს, მაგრამ მრავალთათვის ეს ენა უკვე დედა ენა აღარ იყო“.
როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება გადაწყდა, თავდაპირველად ვერ შეთანხმდნენ, უნივერსიტეტი ჰუმანიტარული განხრის ყოფილიყო თუ ტექნიკურის. საბოლოოდ ჰუმანიტარული პროფილი აირჩიეს, რადგან ტექნიკური რომ აერჩიათ, ის ამიერკავკასიის მასშტაბის სასწავლებელი იქნებოდა და მოუწევდათ სწავლების ენად რუსული დაემტკიცებინათ.
უნივერსიტეტის შენობის ასაგებად შესაწირი არა მხოლოდ ქართველებმა, სომხებმა და აზერბაიჯანელებმაც გაიღეს. ფული გამოგზავნეს საინგილოდან და ლაზიკიდანაც... ზურმუხტის თვლები და 4 ათასი მანეთი შემოსწირა მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანმა, ხოლო კოტე აფხაზმა – 500 მანეთი.
შენობის აგება პირველ ქართველ არქიტექტორს, სიმონ კლდიაშვილს შეუკვეთეს. ამას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მანამდე საქართველოში მხოლოდ ეთნიკურად არაქართველი არქიტექტორები იყვნენ და ამის გამო ზოგი იმასაც კი ფიქრობდა, რომ ქართველები ამ პროექტს თავს ვერ გაართმევდნენ. მშენებლობისას საძირკველში ერთი ბოთლი კახური ღვინო და იმდროინდელი პრესა ჩაატანეს. წიგნები უნივერსიტეტში დროგებით მოჰქონდათ და გადმოტვირთვისას ერთმანეთს ხელიდან ხელში გადასცემდნენ. უნივერსიტეტის პირველი ქართველი სტუდენტი ქალი მედეა ღამბაშიძე იყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უნივერსიტეტი თავიდან კერძო სასწავლებლად დაარსდა.
უნივერსიტეტის სტუდენტები ხშირად მიდიოდნენ ომში მოხალისეებად. 1921 წელს ივანე ჯავახიშვილმა თავადაც მოუწოდა სტუდენტებს ქვეყანა დაეცვათ. ბოლშევიკური არმია თბილისში რომ შემოვიდა, ივანე ჯავახიშვილი სახლში იმყოფებოდა. უთხრეს, უნივერსიტეტის გასაღებს ითხოვენო. თავად მივუტანო, თქვა ჯავახიშვილმა და უნივერსიტეტში წავიდა. იქ მისულმა კარი გააღო, გასაღებით შიგნიდან ჩაკეტა და განაცხადა: ახლა ვისაც უნდა და როგორც უნდა, ისე შემოვიდეს...
ბერიამ ივანე ჯავახიშვილი დაიბარა და სთხოვა, მისი ცოლი, რომელსაც სკოლის ატესტატი არ ჰქონდა, უნივერსიტეტში მიეღო. ატესტატის გარეშე ვერ გამოვაო – უთხრა მეცნიერმა. ბრძანება რომ იყოსო? - ჰკითხა ლავრენტი ბერიამ. უნივერსიტეტში ბრძანებებს მე ვწერო, - უპასუხა ჯავახიშვილმა.
1926 წელს საბჭოთა რეჟიმის გადაწყვეტილებით ივანე ჯავახიშვილი გაათავისუფლეს რექტორის მოვალეობისგან. ამასთან, მას კარგა ხნით აეკრძალა მისივე დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა.
ახლადგახსნილი უნივერსიტეტი მდებარეობდა ყოფილი სათავადაზნაურო სკოლის შენობაში. შენობის ხუროთმოძღვარი იყო პირველი ქართველი არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი, რომელსაც აკადემიური განათლება ჰქონდა მიღებული; მშენებლობის ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი კი – ცნობილი ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ნიკოლოზ ცხვედაძე.
სიმონ კლდიაშვილმა თბილისის სათავადაზნაურო სკოლის შენობის პროექტი 1899 შეადგინა და მის მშენებლობას 1906–მდე ხელმძღვანელობდა. მთავარი კორპუსის ოთხსართულიანი შენობა კი, რენესანსული არქიტექტურის მოტივებს ეფუძნება. ფართო კიბისა და სიმეტრიული პანდუსის კომპოზიცია ფასადს პარადულობას ანიჭებს.
ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით ბეჭედი და შესაბამისად გერბი ცნობილმა მხატვარმა დიმიტრი შევარდნაძემ შექმნა. გერბზე ასახულია ნაყოფიერების ღვთაების მიხედვით შექმნილი კომპოზიცია, რომელიც რაჭის ტერიტორიაზე ჭვირული ქამრის ბალთაზე არის გამოსახული. კერძოდ, ირემი თავის ნუკრს ძუძუს აწოვებს. ეს კომპოზიცია ძალიან მოეწონა ივანე ჯავახიშვილს. გერბის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ირემი და ნუკრი, მათ უკან კი – ნაყოფიერების ხე. გერბს წრიულად ორნამენტული ჩარჩო შემოუყვება, რომელიც მხატვარმა ცხოველებისა და ფრინველების ზოომორფული გამოსახულებებით გააფორმა. მსგავსი კომპოზიცია დიმიტრი შევარდნაძემ ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას, იშხნის მცირე ტაძრის რელიეფზე ნახა. გერბს გარედან კიდევ ერთი წრე მიუყვება და მასზე ქართულ და ლათინურ ენებზე წერია „ტფილისის უნივერსიტეტი, 1918 წელი“. ბეჭედი ჩვენთვის განსაკუთრებული რარიტეტია.
უნივერსიტეტს დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი თავის ბაღში აქვს რატომაა ტაძარი აღმაშენებლის სახელობის? ეს შემთხვევითი არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს ძველი სტილით, ხოლო ახალი სტილით 8 თებერვალს – წმიდა მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. როგორც ჩანს, ეს დღე დამფუძნებლებმა სპეციალურად შეარჩიეს. საზეიმო გახსნას იმდროინდელი საეკლესიო საზოგადოებაც დაესწრო. მისი უწმიდესობა, დღეს წმიდანად შერაცხული კირიონ მეორე ეტლით მობრძანდა. მან საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა, პარაკლისი გადაიხადა და წარმოთქვა საკმაოდ შთამბეჭდავი სიტყვა, სადაც უნივერსიტეტს „ცოდნის ტაძარი“ უწოდა. აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულ საზოგადოებას ამიერიდან მშობლიურ ქვეყანაში მშობლიურ ენაზე შეუძლია ეზიაროს სამეცნიერო დარგებსა და სპეციალობებს. ასე დაუმკვიდრდა უნივერსიტეტს ეპითეტი, რომლითაც საზოგადოება დღესაც მოიხსენიებს, მას ასევე, თეთრ ტაძარსაც ეძახიან. სამწუხაროდ, უნივერსიტეტის გახსნის ამსახველი ფოტოები არ არსებობს.
უნივერსიტეტის წესდებაზე ივანე ჯავახიშვილი რუდუნებით მუშაობდა... აქვე ისიც ვთქვათ, რომ მან სერიოზულ სამეცნიერო კარიერაზე თქვა უარი, რომელიც პეტერბურგსა და გერმანიაში ელოდა და საქართველოში დაბრუნდა საშვილიშვილო საქმის განსახორციელებლად. ეს იდეაც ჯერ კიდევ პეტერბურგში გააცნო იქ მოღვაწე ქართველებს. ივანე ჯავახიშვილმა წესდება რამდენჯერმე ჩაასწორა, რადგან მაქსიმალურად ცდილობდა, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, ქართულ სინამდვილესთან შესაბამისობაში მოეყვანა. არსებობს მისი ხელით ჩასწორებული წესდების ხელნაწერი პირვანდელი სახით. უნივერსიტეტის გახსნის წინ, როცა საორგანიზაციო საკითხები განიხილებოდა, ივანე ჯავახიშვილმა ერთხელ ხმამაღლა განაცხადა: უნივერსიტეტს სათავეში უნდა ჩავუყენოთ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერიო.
თავიდან ძალიან მძიმე პირობებში უხდებოდათ სწავლა და მუშაობა... პროფესორის ხელფასი გიმნაზიის მასწავლებლის ხელფასის ნახევარს უდრიდა. პეტრე მელიქიშვილი საერთოდ უსასყიდლოდ ასრულებდა რექტორის მოვალეობას. არ იყო გათბობა, მაგრამ როგორც იგონებენ, არც ერთი ლექტორი პალტოთი არ შესულა ლექციაზე. 1919 წლის 11 ოქტომბერს პეტრე მელიქიშვილი გადადგა და რექტორად ივანე ჯავახიშვილი აირჩიეს. სხვა კანდიდატურა არც ყოფილა. ჩამოთვლაც კი ძნელია იმ უზარმაზარი დატვირთვისა, რაც ივანე ჯავახიშვილს დააწვა მხრებზე: პედაგოგიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული საკითხების გადაწყვეტა, სამხედრო ტერმინოლოგიის შემდგენელ კომისიაში მუშაობა, რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენა იოსებ ყიფშიძესთან ერთად, სატერმინოლოგიო და სახელმძღვანელოების შემფასებელი კომიტეტის თავმჯდომარეობა და კიდევ სხვა მრავალი საქმე. მიუხედავად ამისა, მას არასოდეს გაუცდენია ლექცია. არც დატვირთვა შეუმცირებია.
ცხოვრების გზაზე ივანე ჯავახიშვილს უსამართლობაც შეხვედრია, უმადურობაც და ცილისწამებაც, მაგრამ მუდამ პოულობდა ძალას, ადამიანთა სულმოკლეობაზე ამაღლებულიყო. „რექტორმა ორაგველიძემ სამსაათიანი მოხსენება წაიკითხა უნივერსიტეტში, სადაც ყველა ჩემი ნაშრომის უვარგისობის დამტკიცებას ლამობდა... „ბედმა ბევრი უსიამოვნება მარგუნა, მეტადრე უკანასკნელ ათეულში და ერთადერთი ნუგეში ჩემთვის სამეცნიერო კვლევა-ძიება იყო (ავტ. თარხუჯ ჯავახიშვილი). ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის, მღელვარება თანდათან მიმშვიდდებოდა და მოყენებული უსამართლობის სიმწარეს მავიწყებდა ხოლმე. ახლაც მუშაობა არ შემიწყვეტია იმისდა მიუხედავად, რომ ასეთი საზიზღარი შეურაცხყოფა ჩემი მოღვაწეობისთვის ჯერ არავის მოუყენებია“. დასასრულ, კიდევ ერთი მაგალითი თავისადმი უკიდურესი მომთხოვნელობისა: „აკადემიკოსობას უნდა ჩემი სამეცნიერო-საზოგადოებრივი საქმიანობის გაორკეცება-გაორმაგება მოჰყვეს; ჩემი ძალ-ღონე კი უაღრესად დაძაბულია და ჩემს ჯანმრთელობას ამაზე მეტის ატანა არ შეუძლია. გამოვა ისე, რომ მე ახალ მოვალეობას პირნათლად ვერ შევასრულებ. ამას კი მიჩვეული არა ვარ და ეს ზნეობრივად დამტანჯავს“.
თუკი არსებობს ბუნებაში რაიმე კანონზომიერება, ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალება სწორედ ასე უნდა მომხდარიყო. ერისთვის თავდადებული, უაღრესად განვითარებული მოვალეობის გრძნობის მქონე ადამიანი, მეცნიერი, მიდის ამ ქვეყნიდან საჯარო ლექციაზე, ისტორიულ თემაზე მსჯელობის დროს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან