წლის წარმატებული ადვოკატი–მეგი ღვინიაშვილი ადამიანის უფლებების სადარაჯოზე
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 31.03

ნებისმიერ პროფესიას თავისი სპეციფიკა, სირთულეები და გამოწვევები ახლავს, თუმცა არსებობს პროფესიები, სადაც განსაკუთრებული უნარები და გამძლეობაა საჭირო – სწორედ ასეთი პროფესიაა ადვოკატობა, რაც გარკვეულ ეტაპზე საკუთარი ცხოვრების გვერდზე გადადებასაც კი მოითხოვს. იყო კარგი პროფესიონალი და შეგეძლოს ღირსეულად დაიცვა ადამიანების სიმართლე, ეს დიდი ნიჭია. გაგაცნობთ სწორედ ამ ნიჭით დაჯილდოებულ, ახალგაზრდა, წარმატებულ ადვოკატს– ქალბატონ მეგი ღვინიაშვილს, რომელმაც საკმაოდ პატარა ასაკში გააცნობიერა, რომ ადამიანების დახმარება მისი მთავარი მოწოდება იყო და ადვოკატის პროფესიაში იპოვა საკუთარი თავი. მისი პროფესიონალიზმი შეუმჩნეველი არავის რჩება, ორგანიზაცია „ლიდერ ქალთა საზოგადოებამ“ მეგი ღვინიაშვილი წლის წარმატებული ადვოკატის ნომინაციაში დააჯილდოვა.
–მოდით, დავიწყოთ თავიდან, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია და როგორ განავითარეთ კარიერა?
მეგი ღვინიაშვილი: ადვოკატის პროფესია მეტად მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. ადვოკატს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს მიკუთვნებული, დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან მინდოდა მომავალში მეკეთებინა ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი საქმეები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ვინაიდან ყოველთვის ორიენტირებული ვიყავი მათ დაცვაზე ,ვისაც ეს სჭირდებოდათ. ბავშვობიდან ვერ ვეგუებოდი, ერთისგან მეორეს დაჩაგვრას. როდესაც გავიზარდე და დრო იყო შევსულიყავი პროფესიაში ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი, რომ საქმე, რომელიც უნდა მეკეთებინა, მთელი ჩემი ცხოვრება, არის ის საქმე, რომელსაც ახლა ვაკეთებ. დღეს მე თავისუფლად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემმა თავდაუზოგავმა შრომამ მოიპოვა საზოგადოების ნდობა და ეს უკვე გამარჯვებაა!
–როდის დააფუძნეთ კომპანია და რა მიმართულებით იცავთ ადამიანის უფლებებს?
–3 წელზე მეტია, ვახორციელებ საადვოკატო საქმიანობას. აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ვიცავ ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით ორიენტირებული ვარ ქალების და ბავშვების უფლებების დაცვაზე, ვინაიდან მგონია, რომ ჯერ კიდევ არ არის ქალთა და ბავშვთა უფლებები სათანადოდ დაცული ქვეყანაში.
– რამდენად ობიექტური ხართ თქვენი საქმიანობის დროს?
–ადვოკატი საქმიანობის განხორციელებისას ობიექტური ვერ იქნება, რადგან ორიენტირებულია დაცვის ქვეშ მყოფის/კლიენტის ინტერესების დაცვაზე. რომლის უდანაშაულობისაც სჯერა, თუ ადვოკატს თავისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობის არ სჯერა, სჯობს იმ საქმეს საერთოდ შეეშვას, რომ არ დააზიანოთ კლიენტის ინტერესები. თუ გსურს, რომ კლიენტის საუკეთესო ინტერესები იქნას აქტიურად დაცული, მუშაობისას უნდა მოქმედებდეთ თითქოს ეს საქმე თქვენ პირადად გეხებოდეთ, ასეთი მიდგომა თუ არ გექნებათ და თქვენად არ მიიღებთ კლიენტის პრობლემებს, წარუმატებლობა გარდაუვალია.
–საქმის წინასწარი შედეგების განსაზღვრა შეგიძლიათ?
–წინასწარი პროგნოზი შეგიძლიათ გააკეთოთ რასაკვირველია პრაქტიკიდან გამომდინარე, მაგრამ ვინაიდან მოსამართლე იღებს თავისი შინაგანი ღრმა რწმენით გადაწყვეტილებას ვფიქრობ არაეთიკურიც კია წინასწარ დასკვნების გამოტანა, მით უფრო კლინეტის დარწმუნება მოსალოდნელ შედეგში.
–რაში მდგომარეობს ადვოკატის თავისუფლება?
–მოგეხსენებათ, რომ ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონს და პროფესიული ეთიკის ნორმებს. თუმცაღა თავისუფლებასთან ერთად ადვოკატი ვალდებულია შეინარჩუნოს პროფესიული ღირსება, პატივის სცეს თავის საქმიანობას და იზრუნოს ადვოკატის პროფესიისადმი მაღალი ნდობის მოპოვებისთვის. ადვოკატმა თავისი პროფესიის პრივილეგიით, როგორიცაა თავისუფლება - ზიანი არ უნდა მიაყენოს ზემოთ ჩამოთვლილ ღირებულებებს.
–ვის არ დაიცავდით?
–ასე არ ხდება, ეს მიდგომა ვერ მუშაობს, ვინაიდან პრაქტიკამ მიჩვენა, რომ ყოველთვის, ისე არაა ყველაფერი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. დანაშაულში, რომელშიც პირს ბრალი შეიძლება ედებოდეს, შესაძლოა წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა დაგანახოთ, რომ ეს პიროვნება საერთოდ არ არის დამნაშავე, ხოლო ,,დაზარალებული“ ცრუ საფუძვლებით და პირადი მოტივებით, განზრახ ცდილობდეს პოლიციის და სასამართლოს ცოცხალ იარაღად გამოყენებას კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ, რომ მას რაიმე სახით ზიანი მიაყენოს. სამწუხაროდ მსგავსი პრაქტიკა ხშირად მქონია. ასეთ ადამიანებს, რა დანაშაულშიც არ უნდა ყოფილიყვნენ ბრალდებულნი, განსაკუთრებულად ვიცავდი ყოველთვის და წარმატებითაც ვასრულებდი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან