წარსულის აუხსნელი ფენომენი
ავტორი: რევაზ ტომარაძე 13:28
სახეობების მასობრივი გადაშენების მოვლენა
დედამიწის ისტორიაში იყო სახეობათა მასობრივი გადაშენების რამდენიმე პერიოდი. მათგან ყველაზე ცნობილია დინოზავრთა ამოწყდომა 66 მილიონი წლის წინ. ზოგიერთი სხვა პერიოდის მიზეზებს კი მეცნიერები ვერ ადგენენ.
პალეონტოლოგთა მონაცემებით, ბოლო 500 მილიონი წლის განმავლობაში მოხდა 5 მსხვილი და დაახლოებით, 20 ნაკლებად მასშტაბური პერიოდი სახეობების მასობრივი გადაშენება. მათგან ყველაზე მსხვილი პერიოდის დროს – პერმული გადაშენებისას, გაქრა ზღვის სახეობების 94 პროცენტი და ხმელეთის ხერხემლიანთა 70 პროცენტი.
გამოკვლევები აჩვენებს, რომ ყოველ 26-30 მილიონ წელში დედამიწაზე ხდება სახეობათა მსხვილი ამოწყდომები. ამ პერიოდულობამ შვა გარე ფაქტორის არსებობის ჰიპოთეზა, რომელიც შესაძლოა, იყოს დედამიწის ბიოსფეროზე მოქმედი კოსმიური წარმომავლობის.
ჭაობის ადამიანები
ჩრდილოეთ ევროპის ტორფიან ჭაობებში პერიოდულად პოულობენ დიდი ხნის წინ მცხოვრებ ადამიანთა სხეულებს. ეს მონაპოვარი ცნობილია „ჭაობის ადამიანების“ სახელწოდებით და წარმოადგენს უნიკალურ მასალას უძველესი ადამიანების ცხოვრების შესახებ, თუმცა ამასთანავე წარმოშობენ მრავალ შეკითხვას.
დღესდღეობით მიკვლეულია, ჭაობის ადამიანთა, დაახლოებით, 1 000-მდე სხეული. ზოგიერთი მათგანის წლოვანება 10 000 წელს აღწევს, თუმცაღა უმეტესობა თარიღდება 800 წლით ჩვენს ერამდე და 400 წლით ჩვენი ერის პერიოდით.
ნეშტთა ანალიზი აჩვენებს, რომ ჭაობის ადამიანთა უმეტესობა დაიღუპა ძალადობის შედეგად. სხეულთა 40 პროცენტს აქვს რიტუალური მკვლელობის ან წამებით სიკვდილის ნაკვალევი. ამან წარმოშვა თეორია, რომ ევროპის ძველ ხალხში არსებობდა ადამიანთა მსხვერპლად შეწირვის რთული რელიგიური პრაქტიკა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





