საზოგადოება

თორნიკე ჯგერნაია: მოვლენებს წინ ვუსწრებდი, არა იმიტომ, რომ ექსტრასენსი ვარ, არამედ იმიტომ, რომ მაქვს განსაკუთრებული შეგრძნებები და მე ვისწავლე მათი მოსმენა

№1

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 11.01, 2022 წელი

თორნიკე ჯგერნაია
დაკოპირებულია

„კოვიდი არ წავა არსად! 2022 წლის გაზაფხულამდე იქნება მისი შტამების ყველაზე აგრესიული გამოვლენა. 2022 წლის სექტემბრიდან იქნება მისი ყველაზე სუსტი მსოფლიო ტალღა. 2022 და 2023 წლის გზაგასაყარზე პანდემია დასრულდება. ასეა ეს... თუ გაინტერესებთ, როგორ გამოვთვალე, გეტყვით, ზუსტად ისე, როგორც მისი დაწყება გამოვთვლე 2019 წლის დეკემბერში და გარშემო ყველას წინასწარ მოვამარაგებინე პირბადეები და სადეზინფექციოები. ქარს ვუსმენდი მაშინაც და როგორც წესი, მას ღმერთის ხმა მოაქვს“, – წერს სოციალურ ქსელში თორნიკე ჯგერნაია.

თორნიკე ჯგერნაია: რომ ვთქვა, თორნიკე ჯგერნაია არის ნათელმხილველი, რომელიც ზის და მომავალს წინასწარმეტყველებს-მეთქი, ტყუილი იქნება. თუმცა, თორნიკე ჯგერნაიას სტიგმატების შესახებ ამ ქვეყანაში ყველამ იცის. სტიგმატები არის მომატებული მგრძნობელობა და ჩემნაირ ადამიანებს განსაკუთრებით აქვთ განვითარებული შეგრძნებები. მე მომავალს არ ვწინასწარმეტყველებ, მაგრამ რაც შეეხება კოვიდთან დაკავშირებულ შეგრძნებებს, ამაზე ჟურნალისტებმა და კრიტიკოსებმა ჩემზე უკეთ გამოიტანეს დასკვნები მაშინ, როცა ჩემი გამოფენა ნახეს. მე, როგორც წესი, დეკემბერში ვმართავ გამოფენას. 2019 წლის დეკემბერში გავაკეთე გამოფენა-პერფორმანსი, როგორც მჩვევია. მანამდე 241 დღე ვდუმდი. როცა ვფიქრობდი, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი დაბრუნება, გადავწყვიტე, რომ მჭირდებოდა თეთრი ყუთი და შუშა ჩემსა და მაყურებელს შორის, ანუ თვითიზოლაციის აქტი. ასეც მოხდა 25 დეკემბერს ჩემს გამოფენაზე. მე მთლიანად თეთრები მეცვა. დამთვალიერებლებს შეეძლოთ ჩემამდე მოსვლა, მე ვიჯექი იმიტირებულ ოთახში – ყუთში და თუ მათ მოუნდებოდათ, შემხებოდნენ, ჩვენ შორის ხვდებოდათ ბარიერი შუშის სახით. ყველა მეკითხებოდა, რას ნიშნავდა ეს პერფორმანსი, რისი თქმა მინდოდა ამით. მე მაშინ ვთქვი: ჩვენ არც კი ვიცით, რამხელა ფუფუნება გვაქვს, როცა ერთმანეთის ჩახუტება შეგვიძლია. თუ გინდა, ადამიანი მიხვდეს, რა ძვირფასია შეხება, უნდა გააკეთო თვითიზოლაციის აქტი და მაშინვე დაინახავენ, რამხელა დეფიციტს იწვევს, როცა ადამიანთან ჩახუტება არ შეგიძლია-მეთქი. გადის ძალიან ცოტა დრო და იანვარში ვიგებთ ახალი პანდემიის შესახებ, ყველა ადამიანი იქცა შუშის მიღმა ადამიანად და თვითიზოლაცია გახდა სამყაროს საყოველთაო აქტი.

– ეს პერფორმანსი გაცნობიერებელი იყო?

– ჩემი პერფორმანსები თვითგამოხატვის საშუალებაა. მე ამით ვამბობ ჩემს სათქმელს და წერტილს ვსვამ. ყოველთვის ასე იყო – მოვლენებს წინ ვუსწრებდი. არა იმიტომ, რომ ექსტრასენსი ვარ, იმიტომ, რომ მაქვს განსაკუთრებული შეგრძნებები და მე ვისწავლე მათი მოსმენა. მე არ შემიძლია არაფრის შეცვლა, შემიძლია, ამას მხოლოდ გაფრთხილება დავარქვა. რომ მკითხოთ – იცოდით, პანდემია რომ იქნებოდაო? ვერ ვიტყვი, რომ კი. მე მხოლოდ ვიცოდი, რომ მოდიოდა ტალღა, რომელიც საშიში იყო და ჩემი ახლობლები, მეგობრები და ოჯახი გავაფრთხილე მოემარაგებინათ პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარები. არ მინდა, ვინმემ წარმოიდგინოს, რომ ჩემი სახით ნათელმხილველთან აქვთ საქმე. ეს ასე არ არის და არც ამაზე აქცენტირება მიყვარს, მაგრამ როცა პრესამ ჩემი გამოფენა გააშუქა და იქ თვითიზოლაციის ფაქტი ნახეს, მალე მიხვდნენ, რომ თვითიზოლაციის აქტად მთელი დედამიწა იქცა და მათ ეს უკვე ჩემს გამოფენაზე ჰქონდათ ნანახი. უამრავი ჟურნალისტი მირეკავდა უცხოეთიდან. მათ აღნიშნეს, რომ ჯგერნაია ხატავს მომავალს. მე პროფესიით თეოლოგი ვარ, ჩემი რუბრიკა მაქვს – „მთავარზე“ და უამრავი საკითხით ვარ დაინტერესებული, შესაბამისად, ბევრ ინფორმაციას ვფლობ.

თორნიკე ჯერ კიდევ პატარა ბავშვი იყო, როცა ამერიკის ცნობილ ტრაგედიამდე, სამი თვით ადრე მისცა ინტერვიუ რუს ჟურნალისტს ნახატზე, რომელზეც გამოსახული აქვს ტყუპების აფეთქება. მაშინ 14-15 წლის ვიყავი. სამი თვე გადის და ხდება ის, რაც ყველამ იცის. ამ ნახატზე იყო ორი ერთნაირი შენობა და მათ შუაში გადიოდა თვითმფრინავი. ეს ამერიკა და ტყუპები იყო? მაშინ თორნიკემ საერთოდ არაფერი იცოდა ტყუპებზე და არც ის იცოდა, რაც დახატა, ის ჩიტი იყო თუ თვითმფრინავი, მაგრამ როდესაც გამომძიებელმა ჟურნალისტმა ტელევიზორი ჩართო, დაინახა, რომ უყურებდა ამერიკაში მომხდარ კატასტროფას, რომელიც სამი თვით ადრე გააშუქა ჩემ მიერ შესრულებული ნახატის სახით. მაშინ თვითონ დაერქვა ამ ყველაფერს სახელი. თუმცა, მე ძალიან გავურბი შეცდომას, არ მინდა, ადამიანებმა ნათელმხილველად აღმიქვან. ცუდი კი არა, ძალიან კარგი განწყობითაც. მე არ ვარ ნათელმხილველი. მე ჩემი შეგრძნებების მსხვერპლი ვარ, არატრაგიკული გაგებით. მინდა თუ არა, მე ეს შეგრძნებები მაქვს და ჩემი შემოქმედების სახით, ვიპოვე გზა მათ გამოსახატავად.

როცა პანდემია იწყებოდა, მაშინ ჩემი ოჯახის წევრები დამიწყნარებია, ნუ ნერვიულობთ ორ და ათ შემთხვევაზე. შეეგუეთ იმას, რომ იქნება 6 ათასიც, ეს არის საქართველოსთვის პიკი-მეთქი. მე, ჩემს ინტუიციასთან ერთად, ყველანაირ ინფორმაციას ვიღებ და ვიყენებ. მე ვარ ადამიანი, რომელიც თითით უნდა შეეხოს, რომ დაიჯეროს. მე სიზმრებით არ ვცხოვრობ. თუ ვინმე ჩემს ცხოვრებას „სიზმარს“ ეძახის, დავამტკიცე, რომ ამ „სიზმრების“ მოსმენა ღირს. ალეგორიულად ვამბობ, თორემ ჩემთვის არ არის მიზანი, ვინმესთვის რამის დამტკიცება. ამიტომაც, ჩემი შეგრძნებების შესახებ ძალიან იშვიათად ვწერ საჯაროდ. მე რომ ვთქვი, ვაქცინა მალე იქნებოდა და ეს იქნებოდა გამოსავალი, უნდა გენახათ კომენტარები, ჯანმომ ვერ დაამტკიცა და თორნიკე ჯგერნაია ამტკიცებს რაღაცებსო.

– კი, – ადამიანები თავს იპიარებენ მსგავსი თემებით, რომ მერე ბიზნესი წამოიწყონ.

– ამას ვამბობ. არა იმიტომ, რომ მე ამის საშუალება არ მქონია, პირდაპირ ვამბობ, შემოტევა იყო, ოღონდ ჩემთან მოხვედრილიყვნენ და თუ მოხვდებოდნენ, მხოლოდ და მხოლოდ ჭიქა ჩაიზე ან ყავაზე და მე არასდროს არავისთვის მითქვამს რამე მათი მომავლის შესახებ. იმიტომ კი არა, რომ არ შემეძლო. მე მქონდა პასუხისმგებლობა და ამიტომ არანორმალურ სიფრთხილეს ვიჩენდი. დღეს არიან ჩემ გარშემო ადამიანები, რომლებსაც ვეხმარები, ისინი მესაუბრებიან საკუთარ ცხოვრებაზე და მე მათ ვაჩვენებ გზას. ჩემი მომატებული მგრძნობელობა მაძლევს საშუალებას, ადამიანს, რომელსაც თავი გამოუვალ მდგომარეობაში ჰგონია, ვაჩვენო, სად არის გამოსავალი. ამისთვის მე ჩემი სტიგმები კი არ გამოვიყენე, ფსიქოთერაპევტის განათლება მივიღე. მინდოდა, წელში გამართულს საამისო უფლება მქონოდა. ის კი არა, რომ ადამიანი ჯგერნაიასთან იყო, როგორც ნათელმხილველთან და მან ყველაფერი დაულაგა, ის იყო ჯგერნაიასთან, როგორც ფსიქოთერაპევტთან. ბავშვობაში ვამბობდი, რომ შემეძლო, ადამიანებისთვის გამოსავალი მეჩვენებინა და ჩემს სიტყვებს პროფესიული განათლებით გავუმყარე ზურგი. იმიტომ კი არა, რომ შემეფუთა, იმიტომ, რომ თუ გინდა, ადამიანებს შენი შეგრძნებებით დაეხმარო, ესეც პროფესიონალურად უნდა გააკეთო. ეს ყველაფერი არანორმალური პასუხისმგებლობით არის გამოწვეული. როცა თბილისში საშინელი წყალდიდობა მოხდა, შემეძლო თუ არა დამეშინებინა ხალხი? შემეძლო, მაგრამ ამას არ გავაკეთებდი. მე დავწერე სოციალურ ქსელში რამდენიმე თვით ადრე, რომ ზაფხული იქნებოდა აპოკალიფსური. გავიდა რამდენიმე თვე და კარგად გვახსოვს რაც მოხდა 13 ივნისს. მე იმ კადრის დანახვისას მივხვდი, რას ნიშნავდა ჩემი აპოკალიფსური შეგრძნებები. ხანდახან ისეთი რაღაცები ხდება, რისი შეცვლაც ჩვენ არ შეგვიძლია და აქვს კი ამ დროს აზრი ადამიანების შეშინებას? არა. ძალიან რთულია მსგავსი რამ კატეგორიულად თქვა. ძველი აღთქმიდან ერთ იგავს გავიხსენებ: წინასწარმეტყველმა ქალაქის განადგურება იწინასწარმეტყველა და ასე არ მოხდა. ხალხმა წინასწარმეტყველი ქალაქიდან გააქცია, რადგან მისი სიტყვები არ ასრულდა. ახსნა ასეთია, იმის გამო, რომ წინასწარმეტყველმა მოსალოდნელი საფრთხე იწინასწარმეტყველა, ამ ქალაქის მცხოვრებლებმა ბევრი ილოცეს და ღმერთმა მოწყალება გაიღო მათთვის. იმის ნაცვლად, რომ მადლობა ეთქვათ წინასწარმეტყველისთვის, გააქციეს, რატომ არ დაინგრა ქალაქი, რატომ არ ახდა შენი წინასწარმეტყველებაო?! ეს მაგალითი ძალიან ცხოვრებისეულია. გარდა ამისა, არსებობს მდგომარეობა, როცა ხვდები, რომ ძალიან უსუსური ხარ და არ გაქვს არანაირი ბერკეტი. ესეც გამოცდილებამ მასწავლა. გვახსოვს ცნობილი ბესლანის ტრაგედია. მე ღამის სამ საათამდე ვმჯდარვარ საპატრიარქოში და ვტიროდი, მათ ვეუბნებოდი, რომ ეს მოხდებოდა, რომ ბევრი ბავშვის გვამს ვხედავდი და რამე ეღონათ. მაგრამ ვხედავდი, რომ არავინ არაფერს აკეთებდა. ყველას მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდა, მართლა მოხდებოდა თუ არა რამე? ასე რომ, ამ მხრივ, ჩემი სიფრთხილე გამოცდილებამ მოიტანა. როცა შენ საკუთარ შეგრძნებებს უსმენ და მიღებული ინფორმაციის გამოთვლასა და ანგარიშში ღამეებს ათევ, ყრუ კედლებს აწყდები. შეიძლება, ნათელმხილველიც კი დაგარქვან. ამიტომაც გამოვხატავ მე ჩემს შეგრძნებებს პერფორმანსებით. ვისაც გაგება და დანახვა უნდა, დაინახავს.

– წლების განმავლობაში საპატრიარქოსთან და პატრიარქთან ახლო ურთიერთობა გქონდათ. ამ დროს ერთ-ერთი სასულიერო პირისგან სექსუალური შევიწროება გამოგიცდიათ. როგორ აისახა ეს თორნიკეზე?

– მე ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა საპატრიარქოსთან და მერე ეს ურთიერთობა დაიძაბა. მაგრამ მე სულ ვამბობ და არა იმიტომ, რომ პატრიარქი ბევრს უყვარს, იმიტომ, რომ ეს სიმართლეა – რომ ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც მამაშვილურად მედგა გვერდით, მისმენდა, მიყვავებდა. ადამიანური დამოკიდებულება ჰქონდა ჩემ მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მე არასდროს მქონია წმიდანობის ამბიცია და თავიდანვე საკმაოდ გაჯორებული ბავშვი ვიყავი. ამიტომაც მაქვს პატრიარქთან განსაკუთრებული დამოკიდებულება. წლები დამჭირდა, რომ საჯაროდ მომეყოლა ისტორია ერთ-ერთი სასულიერო პირისგან სექსუალურად შევიწროების შესახებ. ეს ჩემი ბევრი მეგობრისთვისაც კი სიურპრიზი იყო. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო ეკლესიას დავშორდი. ჩემთვის თავიდანვე არ ყოფილა ეკლესია ერთი სასულიერო პირი. ვიცი, რომ იქ ზოგი შეიძლება ძალიან კეთილი იყოს, ზოგი, პირიქით, ძალიან ბოროტი. ისინი არასდროს განსაზღვრავდნენ ჩემს რწმენას. ჩემი დაპირისპირება საპატრიარქოსთან ჩემმა ამ დამოკიდებულებამ გამოიწვია. მაშინ, მით უმეტეს, ხალხს ყველა ანაფორიანი ქრისტე ეგონა და დეზოდორანტს არ იყენებდნენ კურთხევის გარეშე. როცა ეს მოხდა, მე იმ მომენტში უკვე ბევრი რამ ვიცოდი ჩვენი ეკლესიის ისტორიიდან. ასე რომ, ეს არ იყო მეხი მოწმენდილ ცაზე, მაგრამ ემოციურად იმდენად რთული იყო, თხუთმეტი წელი დამჭირდა, რომ ხმამაღლა ამომეხეთქა, მეთქვა, რომ ეს მეც შემეხო. მაშინ მე საპატრიარქოში რამდენიმე გავლენიან ადამიანს მოვუყევი ამის შესახებ. დღემდე ტრავმად რჩება მათი რეაქცია. იცით, როგორ ჩვეულებრივად მიიღეს? თითქოს უბრალოდ გაწვიმდა. მაშინ მივხვდი, რომ საქმე ძალიან ცუდად იყო. თუ ასეთი ფაქტი, ასეთ რეაქციას იწვევს, ესე იგი, აქ ძალიან ბნელა. აუცილებელი არ არის, სექსი იყოს, ეს ხომ ზეწოლაა?! მეჩვენებოდა, რომ ის კედლები მანგრევდა. მე მომწონს, რომ ამაზე ალაპარაკდნენ. სამწუხაროდ, ეს ბევრს შეეხო.

– ცოტა პირად ცხოვრებასაც შევეხოთ. დაინიშნეთ, არა?

– ასეა. ბეჭდები გავცვალეთ. ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელთანაც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ეს გადაწყვეტილება უცებ არ მიგვიღია. თუ ამის განვითარებას ქორწინება ჰქვია, არც ეს იქნება ნაჩქარევი. ხალხი ფიქრობს, თუ დაინიშნა, ქორწილი სად არისო?! ამ ისტორიის განვითარება მხოლოდ ჩემზე არაა. ორივეს გადასაწყვეტია, როდის იქნება შემდეგი ნაბიჯი და არც ქორწილი წყვეტს არაფერს. თუ კი ვინმეს ეს აღელვებს, ყველაფერი კარგად არის და ძალიან ბედნიერი ვარ, რასაც გარშემო მყოფებიც ამჩნევენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი