საზოგადოება

თეონა ცირამუა: თავისუფლების არასწორად გაგებამ შეიძლება, ადამიანი დაღუპოს

№29

ავტორი: ეთო ხურციძე 18:00 27.07, 2022 წელი

თეონა ცირამუა
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ თეონა ცირამუასთან 👇

სახელი: თეონა.

გვარი: ცირამუა.

პროფესია: დირიჟორი – გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– სკოლაში სიბეჯითით არ გამოვირჩეოდი. მათემატიკაც არ მიყვარდა დიდად, იმიტომ კი არა, რომ ვერ ვიგებდი, უბრალოდ, არ მომწონდა, მიუხედავად იმისა, რომ მამა მათემატიკოსია. ერთხელაც, ჩემი მათემატიკის მასწავლებელი შეხვედრია დედას და უთქვამს: თეონა თუ კვადრატულ განტოლებას არ ამომიხსნის, სამიანსაც არ ვაღირსებო. მოვიდა დედაჩემი სახლში გაგიჟებული, მეჩხუბა, ბოლოს დამსვეს და მასწავლეს ეს კვადრატული განტოლება. წავედი სკოლაში, გამომიძახა მასწავლებელმა და ყველაზე სწრაფად ამოვხსენი ეს განტოლება. დღემდე მახსოვს თანაკლასელების განცვიფრებული სახეები და მასწავლებლის გაწბილებული შემოხედვა – ეგონა, ვერ შევძლებდი და გაოცებული იყო (იცინის).

– მშობლების როლი...

– პირადად მე, უშუალოდ სწავლის საკითხში ვერ მომერიენ, მაგრამ აუცილებელი და საჭირო თვისებები გამომიმუშავეს. საკმაოდ მკაცრად ვიზრდებოდით და ამ ყოველივემ გვასწავლა დისციპლინა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ვცხოვრობდით, თოხზე მუშაობის გემოც ვიცი, ბარზეც, მოსავლის დათესვის, აღების და ასე შემდეგ. ამ ყველაფრით მიგვაჩვიეს შრომას, გამომგვიმუშავდა ნებისყოფა და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი თვისება. ვფიქრობ, ის როლი, რომელიც მშობლებმა უნდა ითამაშონ ბავშვის ჩამოყალიბებაში, ჩემმა დედ-მამამ ათიანზე შეასრულა.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– ფიზკულტურაში, მუსიკაში, ხატვაში და ყოფაქცევაში მყავდა ხუთიანები, გამომდინარე აქედან, პროფესიაზე ნაკლებად ვფიქრობდი. თუ მასწავლებელი მომეწონებოდა, ჩინურსაც ვისწავლიდი, თუმცა, მასწავლებლებში დიდად არ გამიმართლა, ამიტომ არ ვსწავლობდი. ამით თავს არ ვიწონებ, ცუდი ბუნება მქონდა, თავისებური ვიყავი.

– ჩემი პროფესია განაპირობა...

– მუსიკაზე გუნდის მასწავლებლის გამოჩენამ, რომელმაც შემთხვევით დამიჭირა სკოლის დერეფანში. მის გაკვეთილებზე არ დავდიოდი და ერთ დღესაც შემხვდა დერეფანში. გამომელაპარაკა, მკითხა: შენ თეონა ცირამუა არ ხარო. ვიფიქრე, მეჩხუბებოდა, რადგან ერთ გაკვეთილზეც არ ვიყავი მისული, მაგრამ პირიქით მოხდა – წამიყვანა, მამღერა, შემამოწმა და მაშინვე ანსამბლში ჩამსვა. ერთ-ერთ კონცერტზე დედას უთხრა, განსაკუთრებულ ნიჭს ვამჩნევ და გირჩევთ, საგუნდო-სადირიჟოროს გააყოლოთო. შემირჩია ძალიან კარგი მასწავლებლები და ასე მოვიწამლე ამ სფეროთი. კონსერვატორიაში რომ ჩავაბარე, ქულების მიხედვით, პირველი ვიყავი.

– ჩემი მეტსახელი...

– მეგრულად ძღაბი ნიშნავს გოგოს და ძალიან პატარას ეს სიტყვა შეცდომით მითქვამს – ჯაჯი. ამის შემდეგ ამ სიტყვის გადაკეთებული ვარიანტი შემერქვა, ჯიჯის მეძახდნენ. დედაჩემი დღემდე ასე მომმართავს ხოლმე, ჩემი დეიდაშვილი კიდე ჯიჯიტოს მეძახის. ახლობლებმა კიდევ, „მათე ბიჭი“ ხარო, გამომდინარე იქიდან, რომ უზომოდ სამართლიანი ვიყავი. ერთხელ, მახსოვს, სკოლაში ერთ გოგოს ბიჭმა დაუდო ფეხი და კიბეებზე დააგორა. გადავირიე, ეს რომ დავინახე, ავაყენე ეს გოგო და ვუთხარი, გაყურებინებ ამ ბიჭის სეირს-მეთქი. გამოვიყვანე და მის თვალწინ ისე ვცემე, ცხვირ-პირი სულ გავუერთიანე (იცინის).

– ადამიანში ვაფასებ...

– ყველაზე მეტად – პატიოსნებას და სივაჟკაცეს, ოღონდ არ მიყვარს სისულელეში გადასული პატიოსნება. აი, ისეთი, შენ რომ უკან დაგხევს წარმატების გზაზე.

– წარმატებული ადამიანი არის...

– თავისი საქმის მცოდნე, ნებისყოფიანი, მშრომელი და პასუხისმგებლობიანი. ეს თვისებები ძალიან ეხმარება ადამიანს ცხოვრების გზაზე აღმოცენებული პრობლემების გადალახვაში.

– მეშინია...

– ახლობლების დაკარგვის. ბავშვობაში დავკარგე ორი მეგობარი, მერე – დეიდაშვილის პატარა ბავშვი, 9 წლის. სხვათა შორის, ეს უბედური შემთხვევაც შარტავაზე მოხდა, სახლის წინ გაიტანა მანქანამ. ეს ყველაფერი ისე ჩამრჩა, რომ ძალიან მეშინია, ჩემს საყვარელ ადამიანებს რაიმე უბედურება არ შეემთხვათ, აღარ მინდა მსგავსი ტკივილი განვიცადო.

– მწამს...

– სიმართლისა და სამართლიანობის. სამწუხაროდ, დღეს სამართლიანობის დანაკლისია. ქვეყანაში უზნეობა წამოიწია წინა პლანზე.

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

– ღმერთი ჩემთვის საკუთარი სინდისია, რომლის წინაშე უნდა იყო მართალი. სარკეში რომ ჩაიხედავ და საკუთარ თავს თვალს გაუსწორებ, არ უნდა შეგრცხვეს. ესაა ჩემთვის ღმერთი და მსგავსი მიდგომა აღსარების ყველაზე სწორ ფორმად მიმაჩნია.

– ვრისკავ...

– იშვიათად. არ ვარ რისკიანი, უფრო დაგეგმვა მიყვარს. ყველა ნაბიჯზე ძალიან ბევრს ვფიქრობ და ცხოვრებაში ეს სტრატეგია მაქვს არჩეული. ზოდიაქოთი ქალწული ვარ და ვამართლებ (იცინის). თუ საჭიროა, რაღაც მომენტებში წავალ რისკზე, მაგრამ ის, რომ ჩემი ცხოვრების ნებისმიერი ეტაპი რისკზე ავაგო, ასე არ გავაკეთებ.

– მაკვირვებს...

– ხალხის უტიფრობა და ფანატიზმი, რომელიც ვერ ამოვხსენი, საერთოდ რა ფენომენია. ფანატიზმის დროს ადამიანი აბსოლუტურად კარგავს რეალობას, უაზროდ აკვიატებული ჰყავს ვიღაც, რომელიც ყველაფერი ჰგონია, ამ დროს კი სულით მონა ხდება.

– ვერიდები...

– ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებსაც არ ვენდობი.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...

– ზნეობისა და ზრდილობის, კიდევ – ძალიან ბევრი რამის, თუმცა, ძირითადად, ამ ორს გამოვყოფ.

– ბედისწერა...

– მაინცდამაინც არ მჯერა ბედისწერის არსებობის. წლებთან ერთად დავრწმუნდი, რომ ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ბედისწერას. ჩემ ირგვლივ, რომ ვუკვირდები, როგორც ცხოვრობენ, ის შედეგი მიიღეს. თუ არიან უკმაყოფილოები, მაშინ აბრალებენ ბედისწერას: უბედურ ვარსკვლავზე დავიბადე, ბედი არ მაქვსო და ასე შემდეგ. იმას კი არ ამბობენ, რომ ნებისყოფა არ მყოფნიდა, უპასუხისმგებლო ვიყავი ან რაიმე მსგავსი.

– სიცოცხლე არ ღირს...

– სიცოცხლე არის სიყვარული ყველაფრის მიმართ – მეგობრების, ოჯახის წევრების, საყვარელი ადამიანის... საბოლოო ჯამში სიყვარულის გარეშე არ ღირს სიცოცხლე, რადგან სიყვარულში არის ყველანაირი შეგრძნება: შიში იმის, რომ არ დაკარგო, სევდა, წყენა, სიხარული, ბედნიერება... ამიტომ სიცოცხლე სიყვარულია.

– რთული პერიოდი...

– მქონდა მაშინ, როცა არ მეძლეოდა რეალიზების საშუალება ჩემს პროფესიაში, რაც ხელოვნურად იყო შექმნილი – არაჯანსაღი კონკურენციიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ჩემი სწორი ნაბიჯებით მაინც მოვედი იქამდე, სადაც დღეს ვარ.

– სიყვარული...

– მამოძრავებელი ძალაა, რომელიც გაძლევს დიდ ენერგიას. ეს გრძნობა გაქცევს ადამიანად, სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, ანატომიურად ხარ ადამიანი.

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...

– უპასუხისმგებლობა ქვეყნის, ოჯახის, საყვარელი ადამიანების წინაშე. როცა პასუხისმგებლობის შეგრძნება არ გაგაჩნია, მაშინ ღალატიც შეგიძლია და ბევრი ცუდი რამის გაკეთებაც.

– შემშურებია...

– შური ჩემთვის არის, როცა ვინმეს მიმართ ცუდად განეწყობი და სხვის წარმატებას ებრძვი, გინდა, რომ ის ჩაძირო. მსგავსი რამ არასდროს მქონია, მაგრამ ინტერესი გამჩენია. თუნდაც ის, რომ რაღაც ყველაზე კარგად გამომსვლოდა. ყოველთვის ვცდილობდი, სწორი სვლით მიმეღწია საწადელისთვის და სხვა არ დამეზიანებინა. როცა ვინმეს აზიანებ, ამ შემთხვევაში გშურს მისი.

– სამაგიეროს გადახდა...

– მე ამას უფრო შესაბამისი პასუხის გაცემას დავარქმევდი. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ჩემს უკან დგას გუნდი, რომელთა წინაშეც ვარ პასუხისმგებელი. მათ გამო, ვიღაცისთვის დამსახურებულად მიმიჩენია ადგილი. შეიძლება, ის ფიქრობს, სამაგიერო გადავუხადე, მე კიდევ მგონია, ეს იყო საკუთარი ადგილის მიჩენა.

– ბოდიშის მოხდა...

– ვისაც არ უჭირს, ესე იგი, აზრიც ვერ გაუგია, რა არის ბოდიში. ბოდიშის მოხდა რთულია, თუმცა, საჭიროება თუ მოითხოვს – აუცილებელი. გაცილებით რთულია ის, რომ საბოდიშოდ არ გაიხადო საქმე, ბევრად მარტივია მობოდიშება, ვიდრე ისე ცხოვრება, რომ ეს არ დაგჭირდეს.

– ვიტყუები...

– როცა საქმეს სჭირდება, თუმცა ხშირად არა. ამას უფრო ლავირებას დავარქმევდი – იმ მომენტში საქმეს ასე დასჭირდა.

– თავისუფლება არის...

– სხვებისგან განსხვავებით, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ბეწვის ხიდია. ვფიქრობ, ამ სიტყვის არასწორად გაგებამ თავისუფლად შეიძლება, დაღუპოს ადამიანი.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– ერთ მოვლენას ვერ ვიტყვი, ცხოვრებამ შემცვალა, სირთულეებმა. ბავშვობაში ისეთ დისციპლინაში ვიზრდებოდი, ვერც წარმომედგინა, დირექტორთან ან თანამდებობის პირთან თუ შევიდოდი, მაგრამ ცხოვრებამ ისიც მასწავლა, როგორ უნდა შევიდე და ისიც, ბოლომდე როგორ უნდა გავატარო ის პრინციპი, რისთვისაც მათთან მიწევს შესვლა.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– ჩემი უფროსი მეგობრის, ანზორ შომახიას რჩევაა: თავი ხელში აიყვანე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი