საზოგადოება

თენგიზ ლობჟანიძე: პაციენტმა უნდა იგრძნოს, რომ მის მიმართ ბოლომდე გულწრფელად იხარჯები

ავტორი: „თბილისელები“ 11:57

თენგიზ ლობჟანიძე
დაკოპირებულია

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ქუთაისის რეგიონალური სტომატოლოგიური ცენტრის დირექტორმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტოლმატოლოგიისა დეა ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თენგიზ ლობჟანიძემ სამედიცინო სფეროში პირველივე ნაბიჯები დიდი წარმატებით გადადგა და კონკურენციითა და სირთულეებით გაჯერებულ გზას ყოველთვის დამოუკიდებლად იკვალავდა.

–ბატონო თენგიზ, სამედიცინო სფეროსთან ოჯახური კავშირი არ გქონიათ, რატომ მედიცინა და სტომატოლოგია?

–ყველაფერი უფლის ნებაა, სამედიცინო სფეროსთან ნამდვილად არანაირი ოჯახური კავშირი არ მქონია. როდესაც სკოლას ვამთავრებდი, მამას გავუმხილე ჩემი მომავალი პროფესიული მიზანი. შენი გადასაწყვეტიაო, მითხრა, მაგრამ შევატყვე მთლად აღტაცებული ვერ დარჩა ჩემი არჩევანით. რომ ჩავეძიე, მითხრა თავისი გულის ნადები: სამედიცინოზე შვილო ძალიან დიდი კონკურსია, ერთ ადგილზე 11-12 კაცი მოდის, ამას ისიც ემატება, რომ საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ მოსაწყობად (საქმე ეხება გასული წლის 60-აინ წლებს), თანაც ყველა საგამოცდო საგნებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ქართული) უმაღლესი შეფასება უნდა მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ჩაირიცხები და შეიძლება შენს მიერ მოპოვებულ სკოლის ოქროს მედალს გარკვეული პრობლემები შეექმნასო. იმდენად დიდი იყო ჩემი სურვილი და მიზანი გადაწყვეტილება მაინც არ შევცვალე და წარმატებით ერთი გამოცდით მაპროფილებელ საგანში ფიზიკაში მიღებული უმაღლესი შეფასებით ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. რატომ სტომატოლოგია? იმიტომ, რომ პროფესიიდან გამომდინარე შეგიძლია ადამიანს მისცე ბედნიერი ღიმილის საშუალება და აღუდგინო პირი-სახის მიდამოში ის დეფექტები (შეძენილი თუ თანდაყოლილი), რომელიც მას საზოგადოებასთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევს ან მის ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობას აუარესებს. ეს ნებისმიერი ადამიანისათვის უდიდესი სიხარულია, მით უმეტეს ექიმისათვის.

–სწავლისა და განვითარების უწყვეტი პროცესი მნიშვნელოვანია თქვენთვის, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გამოარჩევდით, რამაც დიდი როლი ითამაშა თქვენს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში?

–ექიმის პროფესიისათვის გამორჩეულად მნიშვნელოვანია სწავლისა და განვითარების უწყვეტი პროცესი, ყველაზე მეტად ჩვენ დარგს ესადაგება გამონათქვამი: სწავლა, სწავლა და სწავლა. ჩემ პროფესიულ ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა მოსკოვის სტომატოლოგიის ცენტრალურმა სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა, სადაც გავიარე ორდინატურა და შემდგომ ასპირანტურა. ინსტიტუტი, რომელიც საკავშირო მასშტაბით ერთადერთი იყო მაშინდელ საბჭოთა კავშირში, სადაც თავს იყრიდნენ ყველაზე რთული და უმძიმესი პაციენტები სტომატოლოგიის ყველა მიმართულებით. ასევე მინდა აღვნიშნო წარუშლელი შთაბეჭდილება, რომელიც დატოვა ჩემს პროფესიულ განვითარებაში ბაღდათის რაიონში დაწყებულმა ჩემმა პირველმა საექიმო ნაბიჯებმა.

–მოგვიყევით, თქვენი როლის შესახებ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის შექმნაში.

–საკმაოდ დიდი და რთული ისტორიაა. თუ გადავწყვიტე ოდესმე მემუარების დაწერა, ამ საკითხს განსაკუთრებულ ადგილს დავუთმობ ჩემი ცხოვრების ისტორიაში. ახლა მოკლედ მოგახსენებთ. გასული საუკუნის 90-იანი წლებია, საქართველოში 4 უმაღლესი სახელმწიფო დაწესებულება იყო და მათ შორის ერთადერთი უმაღლესი სამედიცინო განათლებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, 100-ზე მეტი კერძო ინსტიტუტი და უნივერსიტეტი. ქუთაისი ყოველთვის გამოიჩენდა მაღალი ინტელექტუალური სამედიცინო სფეროს მიმართულებით და ინფრასტრუქტურით, აკადემიური ხარისხის მქონე ექიმებით, მატერიალურ ტექნიკური ბაზით. ერთ–ერთი უძველესი უმაღლესი სასწავლებლით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამ სასწავლებელში სამედიცინო ფიზიოლოგიის ერთ-ერთი მამამთავარი ივანე ბერიტაშვილი კათედრის გამგე გახლდათ წლების განმავლობაში. უნივერსიტეტში ფუნქციონირებადი მედიცინის სწავლებისათვის აუცილებელია საბაზისო კათედრები, კერძოდ ადამიანის ნორმალური ანატომიის, ჰისტოლოგიის, მიკრობიოლოგიის, არაორგანული და ორგანული ქიმიის, ბიოქიმიის, ფიზიკის, ბიოიფიზიკის და სხვა კათედრების ჩამონათვალით და შესაბამისი ადამიანური რესურსებით. ყოველივე ამან მაფიქრებინა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის გახსნის საკითხზე. ჩემი მოსაზრება და შესაბამისი მონაცემები წარუდგინე მაშინდელი უნივერსიტეტის რექტორს ბატონ მაგალი თოდუას, რომელმაც მოიწონა ჩემი იდეა და 1994 წლიდან დავიწყეთ სამთავრობო ინსტანციებში სათანოდო დოკუმენტაციის წარდგენები. 1995 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა სამედიცინო ფაკულტეტი ორი სპეციალობით: ფარმაცია და სტომატოლოგია, ხოლო 1997 წელს დაგვემატა სამკურნალო საქმე და პედიატრია. ფაკულტეტის პირველი დეკანი გახლდათ თქვენი მონა-მორჩილი. ამჟამად ვარ მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიისა და ფარმაციის დეპარტამენტის კოორდინატორი, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის „სტომატოლოგია“ ხელმძღვანელი, პროფესორი. ჩვენი ფაკულტეტი წელს ზეიმობს დაარსების 30 წლის იუბილეს.

–პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად რა თვისებებია საჭირო აკადემიური მიმართულებით მუშაობისთვის?

–ექიმისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც ზემოთ აღვნიშნე მუდმივი განვითარება, ვინაიდან მედიცინა ძალზე სწრაფად და დინამიურად ვითარდება. დროს ფეხი თუ ვერ აუწყვე, წარმატებული ექიმი ვერ იქნები. ასევე მთავარია თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ერთმანეთთან შერწყმა. შეიძლება ძალიან კარგი პრაქტიკოსი ექიმი იყო, მაგრამ ლექცია ვერ წაიკითხო ან პირიქით.

–რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი წარმატებისთვის ის გუნდი, ვისთან ერთადაც გიწევთ მუშაობა?

–ნებისმიერ დარგში წარმატებებს რომ მიაღწიო, კარგი გუნდი უნდა ჩამოაყალიბო. ასევე გჭირდება გონივრული დაგეგმარება, გამართული მარკეტინგი და მენეჯმენტი. კლინიკას რომელსაც ვხელმძღვანელობ, ერთ–ერთი წამყვანი სამედიცინო დაწესებულებაა თავისი მასშტაბურობით, სტომატოლოგიის მთელი კომბინატი გვაქვს ყველა მიმართულებით. კლინიკა გახლავთ საბაზო დაწესებულება მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის. ასევე წლებია ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობს სარეზიდენტო პროგრამების განხორციელება და ექიმ სპეციალისტების გადამზადება. 2015 წლიდან დღემდე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის რეიტინგის მონაცემებით ვინარჩუნებთ ოქროს სტანდარტს. გვეამაყება , რომ ჩვენი კლინიკა წელს 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.

–არაერთი რთული შემთხვევა ყოფილა თქვენს პრაქტიკაში, რა განცდაა როცა ის შედეგი არ დგება, რისთვისაც იბრძოლეთ?

–ექიმისათვის სასურველი შედეგის მიუღწევლობა ძალიან რთულად აისახება ორივე მხარესთან მიმართებით. მთავარია წარუმატებლობაში მიზეზი შენი არაპროფესიონალიზმი არ იყოს წამყვანი. ავადმყოფობას ექიმი ყოველთვის ვერ ამარცხებს, რადგან ეს მარტო მასზე არა არის დამოკიდებული. პაციენტმა უნდა იგრძნოს, რომ მის მიმართ თავიდან ბოლომდე იხარჯები გულწრფელად და არა მარტო გამოსავლისთვის. მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინებაც, რომ თუ ვერ ეხმარები არ ავნო მაინც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა