საზოგადოება

საქართველოში პირველი პროფესორი ქალის, ლამარა ქოქიაურის ურთულესი ცხოვრების გზა დიდ წარმატებამდე

№37

ავტორი: ეკატერინე პატარაია 23:20 13.09

ლამარა ქოქიაური
დაკოპირებულია

საქართველოში ყველა დროში იყვნენ ძლიერი და წარმატებული ქალები, რომელთა არსებობაც ჩვენ გვერდით,სიამაყის განცდას ბადებს და მხოლოდ ერთი სურვილი გიჩნდება – მიჰბაძო მათ, მათი წარმატების ფორმულა გაშიფრო, ისწავლო, მათსავით დაადგე ცხოვრების სწორ და მართალ გზას, რომელიც ერთხელ ნაბოძებ სიცოცხლეში საკუთარ თავს ღირსეულად გაგრძნობინებს და დაგანახვებს. თუმცა ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომელთაც უამრავი გულისტკივილი, ბარიერი და ბრძოლა აქვთ გამოვლილი. იქნებ, ცხოვრების სწორედ ასეთმა ეპიზოდებმაც გახადა ასეთი წარმატებული. ჩვენს ახალ რუბრიკას ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, აკადემიკოსის, არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსებისა და ინვესტიციების სტრატეგიისა და პოლიტიკის ფონდის დირექტორის, კერძო სკოლის დამფუძნებლის, საქართველოსა და უცხოეთში 42 სახელმძღვანელოს, მონოგრაფიისა და 285 სამეცნიერო ნაშრომის ავტორის, სამეცნიერო დარგობრივი პრემიის (სახელმძღვანელოსთვის „საინვესტიციო მენეჯმენტი და პოლიტიკა“) ფულადი ჯილდოსა თუ დიპლომების მფლობელის, საოცარი ქალბატონის – ლამარა ქოქიაურის ცხოვრების ძალიან საინტერესო ამბებით ვიწყებთ. 7 ოქტომბერი მისი საიუბილეო თარიღია. ვულოცავთ და კიდევ მეტ წარმატებას ვუსურვებთ ამ დიდებულ ქალბატონს.

ბრძოლა პირველობისთვის

ადამიანის ცხოვრების გზა, მით უმეტეს, ჩემი და ჩემნაირების, ზოგჯერ გადაულახავი, უდიდესი სირთულეებითა და ტკივილით არის სავსე. რა ვიცი, რა გითხრათ, მქონდა კი ბავშვობა, ახალგაზრდობა? სკოლაში ყველაზე კარგად უნდა მესწავლა, მებრძოლა პირველობისთვის. სტუდენტობისას სწავლისადმი ფანატიზმამდე მისულმა, სხვა ცხოვრებას გასაქანი არ მივეცი. ძალიან ჯიუტი, ბუტია და ეჭვიანი ვიყავი, ისეთი ეჭვიანი, რომ თითქმის სააფთიაქო სასწორით ვწონიდი ყველა ადამიანის მიმიკასა და სიტყვას. ჩემი ბედით გატანჯული დედაჩემი (არაჯანმრთელი მოვევლინე ქვეყანას), ყოველდღე ჩამჩიჩინებდა, რომ ჩემს სწავლა-განათლებაზე იქნებოდა დამოკიდებული – შედგებოდა თუ არა ლამარა (მარინე) ქოქიაურის ცხოვრება ანუ, გამართლდებოდა თუ არა ჩემი ამქვეყნად გაჩენა. თავიდანვე გავიაზრე და მიზნად დავისახე, რომ საკუთარი თავის გარდა, არავის იმედი არ უნდა მქონოდა და დავიწყე დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. სკოლაში მაგარი მეგობრები მყავდა, მაგრამ რატომღაც გოგონებს არ ვუყვარდი, ბიჭები კი, მაღმერთებდნენ. ახლა, მეცინება, რომ მახსენდება, მათ საერთო რვეულებს ჩაძალიან უჭირდა ჩემს ოჯახს მატერიალურად. ქრონიკულად გვშიოდა. ხორბალს „მსხვილად” ფქვავდნენ ჩემები, რომ მეტი ფქვილი გამოსულიყო ჩანთით როგორ დავათრევდი. საშინაო დავალებებს ჩემთვის რომ ვწერდი, „კაპიროვკით“ მათაც ვუწერდი. მთელი ცხოვრება გამყვა ჩემი კლასელების სიყვარული. ერთხელ, ჩემმა კლასელმა ბიჭებმა კინოში წამიყვანეს. ალბათ, 12 წლის ვიყავი. დედა არ იყო სახლში, ნებართვა რომ ამეღო და ბებიას დავუბარე. რომ დავბრუნდი, დედაჩემმა ისეთი დღე მაყარა – ვინ მოგცა წასვლის ნებაო. ერთი მაგარი სილაც მტკიცა – ჩემი შვილი აღარ ხარ, ვინც გაგიშვა, იმისი იყავიო. სახლიდან გამაგდო, კაცოოო!.. ეს იყო ერთადერთი და განუმეორებელი სილა ჩემს ცხოვრებაში. ეგრე არ უნდა-მეთქი და მეც გავიქეცი სახლიდან. დიდი თივის ზვინი ედგა პაპაჩემს საქონლის სადგომზე, იქ ავბობღდი, შევძვერი თივაში და კარგად მეყოლეთ!.. გამოცხადდა ჩემზე ძებნა. სულ ჩირაღდნებით მეძებდნენ! იცით, რამ გამთქვა? ოცდაოთხი საათის შემდეგ შიმშილისაგან ცუდად რომ გავხდი, გული წამივიდა. როგორ ჩამოვედი, არ მახსოვს. ყველა აქეთ მევლებოდა თავს, ოღონდ, ეს არასოდეს მიპატიებია ჩემებისთვის. მერვე კლასში ვიყავი, როცა გავიგე, რომ კომაროვის სკოლა იხსნებოდა. გამიხარდა. ჩავაბარე გამოცდები. როგორც უკვე ვთქვი, მომინდა დამოუკიდებელი ცხოვრება და ჰაიდა... თბილისში გადმოვსახლდი. კომაროვში უნიჭიერესი ადამიანების გვერდით მოვხვდი. მოვლენა იყო თითოეული მათგანი. მე მათთან შედარებით არაფერს წარმოვადგენდი. აქ უკვე ჩვენი ბიჭები მეხმარებოდნენ. გაუგებარ მასალას მიხსნიდნენ, ჩუმად მაწერინებდნენ საკონტროლოებს. ზოგჯერ, ამოხსნილი ამოცანა ხუთჯერ გადამიწერია, რომ დამემახსოვრებინა. გაუსაძლის სიმკაცრეში ვცხოვრობდით პირველი კომაროველები. სკოლა-ინტერნატი იყო და აღმზრდელებიც, როგორც უპატრონო ბავშვებს, ისე გვექცეოდნენ. მერე ავჯანყდით და ყველა გაათავისუფლეს სკოლიდან... აქ, ჩემს განთქმულ და უძლიერეს სკოლაში პირველად შემიყვარდა ბიჭი. სიტყვა შემიყვარდა უფერულად ჟღერს იმასთან შედარებით, რაც დამეტაკა, მომკლა, ზეცაში ამაფრინა, მატირა, ლექსების წერა დამაწყებინა, ისედაც შტერი გოგო უარესად გამაშტერა და გამომათაყვანა, თუმცა ამაზე – სხვა დროს... კლასის შეკრება გვქონდა სკოლის დამთავრებიდან ათი თუ ოცი წლის შემდეგ. სუფრასთან იყო სადღეგრძელოები, ათასი მოგონება... უცებ, ერთმა მასწავლებელმა მკითხა: ქოქიაურო, ცოტა არ იყოს, შენი გამკვირვებია. სკოლაში დიდად არ ბრწყინავდი და ახლა, ამდენს როგორ მიაღწიეო. უკვე საკანდიდატო თუ სადოქტორო მქონდა დაცული და ჯავახიშვილში ვმუშაობდი. პირველი პროფესორი ქალი ვიყავი ჩემს დარგში. ათიოდე წიგნი მქონდა გამოცემული და ეს მარტო ქალი, მატერიალურადაც შეძლებული ვიყავი. ვუთხარი: არაფერი ისეთი – არც ახლა ვბრწყინავ. უბრალოდ, დღე-ღამეში ოცდაოთხი საათიდან 16-18 საათი ვმუშაობ და ფანატიკურად მიყვარს ჩემი საქმე-მეთქი. რა იცოდა მაშინ გული როგორ მატკინა...

რაც მე დამაკლო ცხოვრებამ

წიგნების კითხვა მიყვარდა სიგიჟემდე. რატომღაც მიშლიდნენ ჩემები კითხვას. ერთხელ, მგონი, რემარკის „სამი მეგობარი“ ვიშოვე ძლივს. ავედი მეორე სართულზე, ჩემს საძინებელში. ამოვიდა დედა – ახლავე ჩააქრე სინათლე და დაიძინეო. არა-მეთქი. ჩავიდა და არ გადარია მამაჩემი ამ ქალმა?! ამოვიდა გაცეცხლებული კაცი და დამცველები გამოაძრო დენის მრიცხველს. რა იყოთ, გენანებათ, ძალიან ბევრ დენს გიწვავთ-მეთქი? დიახო – მიპასუხეს. მე, რანაირი ლამარა ვიქნებოდი, თუ ჩემსას არ გავიტანდი. გავიპარე ბიცოლასთან, ლამპა ვითხოვე და განვაგრძე კითხვა. ვხედავ, გაფითრებული მამაჩემი ისევ ამოდის. კი მივახალე პირდაპირ: შენს დენს ხომ აღარ ვხარჯავ, რა გინდა-მეთქი. ნავთი იწვის და მე არავის ვალში არ მინდა ყოფნაო. აიღო ბიცოლაჩემის ნავთის ლამპა და არ გადაისროლა ეზოში?! აი, აქ კი, მაგრად გავბრაზდი. რა დამაძინებდა. ვიპოვე ოთხკუთხა ელემენტები პაწია ნათურით, გადავიფარე საბანი და იმ უბედური ნათურის შუქზე გავაგრძელე კითხვა. აბა, მამაჩემს გავატანინებდი თავისას? საწყალი ჩემი ინტელიგენტი-გლეხი მამიკო, რამდენს მითმენდა მე ეს კაცი. ძალიან ვუყვარდი, მაგრამ ზოგჯერ ვჩხუბობდით. მახსოვს, ჯერ შუბლზე მეამბორებოდა, მერე, ყელზე მაკოცებდა. თავისთვის ჩაილაპარაკებდა – ჩემი ნიჭიერი შვილიო და ერთი ორი კურცხალი გადმოუვარდებოდა თვალიდან. დედაჩემს კი, იმ უსათნოეს, ზეაღმატებულ მშრომელ და სიკეთით გადატენილ ქალს, სულ რომ „ტანჯავდა ჩემზე ფიქრი“, არ ვუყვარდი. უმკაცრესად მექცეოდა. ჩემს ძმებს კი აღმერთებდა. არც მალავდა. მის სიტყვებს ჩემდა უნებურად ბევრჯერ მოვკარი ყური – „რა ვქნა, ჩემი ძმის გამო (სამამულო ომში ჰყავდა დაკარგული 19 წლის შეუდარებელი ბიჭი) შვილებიც, ბიჭები უფრო მიყვარს“. დღეს, რომ ვფიქრობ, ვიღაც უპატრონო, ფიზიკურად არასრულყოფილ გლეხის გოგოს რომ არ მესწავლა, რა და ვინ ვიქნებოდი? თუმცა როგორ არა, ვიქნებოდი სოფელში, ერთი „მშვენიერი“, ალბათ, მენახირე მაინც მითხოვდა, მეყოლებოდა ძროხები, ღორები, აუჰ, რა კარგია! გავზრდიდი ინდაურებს, ქათმებს... მექნებოდა დიდი ვენახი და ყვავილების უსაშველოდ ლამაზი ბაღი. მთავარი – მეყოლებოდა ულამაზესი საკუთარი შვილები, ვისუნთქავდი ჩვილის სუნს, ფუმფულა ყელში დედის რძის მომჟავო სუნი რომ აქვთ ხოლმე... ეჰ!.. ძალიან უჭირდა ჩემს ოჯახს მატერიალურად. ქრონიკულად გვშიოდა. ხორბალს „მსხვილად“ ფქვავდნენ ჩემები, რომ მეტი ფქვილი გამოსულიყო. თეთრი პური დიდი სიხარული და ბედნიერება იყო. ღორს თუ დაკლავდა მამაჩემი, ხორცს ჩააბარებდა ხოლმე, რომ სახლი აეშენებინა. ყურძენი კი თითქმის არასოდეს დაუწურია, იმასაც აბარებდა, ისევ მშენებლობისათვის, საშენი მასალის შესაძენად. კარაქი, მე და ჩემს ძმებს, მგონი, არ გვინახავს. სამაგიეროდ, ღორის მუცლის ფარიდან შესანიშნავი ქონი გამოჰყავდათ, იმ ახლად გამომცხვარი ცხელი პურის შუაში რომ ჩავდებდით (ყველი სად იყო ჩვენთვის), დღემდე მახსოვს ის გემრიელობა... იმ გაჭირვებულმა ცხოვრებამ მასწავლა სიკეთის კეთება... ყველაზე მწარედ ჩამრჩა მეხსიერებაში ის, რომ დედაჩემი არასოდეს მეფერებოდა. მისგან გულში ჩახუტება და კოცნა, სიტყვა „გენაცვალე“ არ მახსოვს. სწორედ იმიტომ, რომ არავინ მეფერებოდა, არავინ მეუბნებოდა ტკბილ სიტყვას და გულში არ მიხუტებდა, სიყვარულნაკლული ვიყავი მთელი ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა (საუბედუროდ, მგონი, ახლაც ასეა). იქნებ, ამიტომაც ძაღლივით ლოკვით გავზარდე ჩემი ვითომ შვილი, სიყვარულით ვახრჩობდი ხოლმე. მისით ვსუნთქავდი და ვარსებობდი. ვფიქრობდი, რაც მე დამაკლო ცხოვრებამ, ის არ უნდა დააკლდეს ჩემს შვილს-მეთქი. ახლა, იცით, რას ვფიქრობ? აი, იქ, ზეცაში, ჩემი ამქვეყნად მოვლენა რომ გადაწყდა, მგონი, რაღაც მაგრად შეეშალათ. ნიჭიერი - რაში მჭირდებოდა ნიჭი, მეც სხვებივით ნავარდი და მთასა და ხეებზე ძრომიალი მერჩია... ყველაზე ცუდი, რითაც გამოვირჩევი – მშიშარა, თუმცა თუ იდეა დავიპროგრამე თავში, თავს მოვიკლავ და მაინც განვახორციელებ. ასე მაგალითად, 90-იან წლებში რკინის ქალამნები ჩავიცვი და გავხსენი პირველი კერძო სკოლა საქართველოში (ესეც შვილის გამო). აქ უკვე მართლა ჩავდე მთელი ჩემი სული და გული, ჩემი ოცნებები...

გრძელი დერეფნის ბოლოში

ყოველთვის პატივს ვცემდი მხოლოდ ნიჭით, შრომისმოყვარეობით, განათლებით, სიკეთითა და სიყვარულით ჩემზე მაღალი უნარის მქონე მამაკაცებს. მომწონს მხოლოდ ისეთი მამაკაცები, რომლებსაც ვერ ვიმორჩილებ, ჩემს ჭკუაზე ვერ ვატარებ. ალბათ, ამიტომაც დავრჩი გაუთხოვარი. ერთი ულამაზესი, ჩემზე შეყვარებული ბიჭი გონებას მიმღვრევდა. უნივერსიტეტში, გრძელი დერეფნის ბოლოში, აუდიტორიის კართან ატუზულს შესვენებაზე ლამის გული გამსკდომოდა მისი დანახვისას... ვუყვარდი, განა არ ვუყვარდი, მაგრამ მაშინაც ამოჩემებული პარადოქსებით ვცხოვრობდი. უარი ვუთხარი ცხოვრების მეგზურობაზე. მასზე უარი ჩემმა არასრულფასოვნების შეგრძნებამ მათქმევინა. ჩემზე ათასჯერ უკეთესი იყო (მხოლოდ გარეგნულად), ხალხს ხომ ვერ ვალაპარაკებდი – ეს ვინ მოუყვანიაო... ექვსი წელი მიცდიდა. ერთხელ, შემთხვევით შევხვდით. მე უკვე მყარად ვიდექი ფეხზე. ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევდი სამსახურებრივი, განათლების, მატერიალური მდგომარეობის მხრივ. შენ, ჩემს ჯინაზე გააკეთე ყველაფერიო, მითხრა შურნარევი ტონით. იქნებ მართალიც იყო. მე ხომ ამქვეყნად ყველას ვუმტკიცებდი და დღესაც ვუმტკიცებ, რომ უმაგრესი ვარ!..

ბუტაფორიული ოჯახი

ჩემს თავზე დადგმული ჩემივე ლამაზი თეატრალური სპექტაკლები, მგონი, დასასრულისკენ მიდის. შევძელი თუ არა მთავარი როლების ნიჭიერად შესრულება, ამას, ალბათ, მომავალში, უჩემოდ იტყვიან. ახლა რაღა მოვიგონო, თუმცა, რატომაც არა. აი, ჩემი ოცნების სვანურ კოშკს ვაშენებ. კიდევ? – კიდევ, ცამეტი წლის წინათ ერთი კილო ორასგრამიანი საოცარი პატარა ბიჭი „ვიჩუქე“. მისგან მაგარი ბიჭი დადგება თუ დამცალდა. მას, მეოთხე შვილის რანგში ვზრდი... მთელი ცხოვრება რაღაცას ვსწავლობ, ჩუმად, წყნარად ვშრომობ. ჩემი კოლოსალური შრომით ვინახავდი საკუთარ თავსაც და სხვებსაც. ყველა ჩემი გამოზრდილისთვის ვაშენე სახლები, ვენახები, მერე ვზარდე სხვების გაჩენილი შვილები, მივეცი მათ საფუძვლიანი სწავლა-განათლება, ყველაფერი. ბუტაფორიული ოჯახი შევქმენი, აბა, მარტო ხომ არ ვიქნებოდი, თუმცა, მაინც გული მწყდება... ვარსებობ იმათთვის, ვისთვისაც არ უნდა ვარსებობდე; საკუთარ თავზე მეტად მიყვარს ისინი, რომლებიც არ უნდა მიყვარდნენ, ჩემი ქალობით გავაფეტიშე ის, ვისთვისაც მსხვერპლშეწირვა არ ღირდა. მონასავით ვუყურებდი და ვემსახურე მათ, რომელთა მონობაც არ ღირდა. არასოდეს პატივს არ ვცემდი საკუთარ თავს, მეტიც, მეზიზღებოდა ჩემი თავი. ყველას ვუღიმოდი, რომ ჩემი უსაშველო ტკივილი დამეფარა და არავის ეთქვა – ვინაა ეს ქალიო... საწყალი ჩემი თავი, როგორ მეცოდება. სხვა მაინც ვიყო, დავეხმარებოდი...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...