საზოგადოება

თათია შარანგია: მახსოვს, ბიჭები ნორმალურად ვერც მესალმებოდნენ

№9

ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 13.03

თათია შარანგია და სანდრო
შელია
დაკოპირებულია

„ღამის რეისი“ სანდრო შელიას სადებიუტო წიგნია, რომელშიც ის მკითხველს საკუთარ მრავალფეროვან გამოცდილებას უზიარებს.

სანდრო შელია: ჩემმა თაობამ საკმაოდ საინტერესო გზა გაიარა, მით უმეტეს მათ, ვინც გადაწყვიტა, სწავლა ამერიკაში გაეგრძელებინა. 90-იანი წლების საქართველოს შემდეგ, ეს ძალიან დიდი კონტრასტი იყო. იქ, მორიგი სირთულის დროს, პირველად ვიფიქრე, რომ ჩემი თავგადასავლების შესახებ ოდესმე წიგნს დავწერდი. ჩანაფიქრის განხორციელებაში „ლოქდაუნმა“ შემიწყო ხელი.

– თათია, რამდენად რეალურ სანდროს გაიცნობს მკითხველი წიგნიდან?

თათია შარანგია: ამ წიგში სანდროს ისეთივე გულწრფელს ვხედავ, როგორიც ცხოვრებაშია. მე ეს ყველაფერი ბევრჯერ მქონდა მოსმენილი, მაგრამ არა ამდენად გათავისებული, როგორც ახლა, წიგნში ასახვის მერე. სანდროს გარდა, მე აქ მთელ თაობას ვხედავ – იმ სირთულეებს, რომელთა გამკლავებაც მათ უწევდათ და გამარჯვებებს, რასაც ბრძოლით აღწევდნენ.

სანდრო: ეს არის ძალიან გულწრფელი წიგნი ჩემი ცხოვრების შესახებ და ჩემი მიზანია, საკუთარი გამოცდილების გაზიარებით თუნდაც ერთ ადამიანს მივცე მაგალითი და იმედი იმისა, რომ არ დანებდნენ და გამარჯვებამდე იბრძოლონ.

– სანამ სიყვარულის ისტორიაზე გადავალთ, თქვენი დაბადების ისტორია გავიხსენოთ. მშობლებისთვის მრავალი წლის ნანატრი შვილი ყოფილხართ.

– დედა ამბობდა ხოლმე, იმისთვის, რომ შენ დაბადებულიყავი, მთელი წელი ფეხზე არ ავმდგარვარო. ჩემი მშობლები ექვსი წელი იყვნენ დაქორწინებულები, მაგრამ შვილი არ უჩნდებოდათ. დედა ფეხმძიმდებოდა, მაგრამ ნაყოფს ვერ ინარჩუნებდა.

თათია: ჩემზე, როგორც ქალზე, ძალიან იმოქმედა ამ ისტორიამ. სანდროს დედისგან ვიცი, რომ უზომოდ უნდოდათ ბავშვი. იმ წლებში ყველაფერი სხვანაირად იყო. სანდროს მამას მშობლები ოჯახის დანგრევაზეც ესაუბრებოდნენ, მაგრამ ეს მისთვის წარმოუდგენელი იყო. ჯერ არ იყვნენ მისული ბავშვის აყვანის გადაწყვეტილებამდე. დედას სჯეროდა, რომ შვილი აუცილებლად გაუჩნდებოდა. იმასაც კი ამბობს, ვიცოდი, როგორი ბავშვი მეყოლებოდაო. იმედი უკვე გადაწურული იყო, როცა სანდროზე ფეხმძიმობის შესახებ გაიგეს და დედამ გადაწყვიტა ყველანაირი რისკის თავიდან ასარიდებლად, დაწოლილიყო და ფეხზე ერთი დღეც კი არ ამდგარიყო.

– ეს თემა თქვენთვისაც ემოციური აღმოჩნდა. როგორც სანდრო წიგნში აღწერს, რამდენიმე წელი ელოდით ანდრიუშას დაბადებას...

– ჩვენ უკვე გვყავდა შვილები, მაგრამ როდესაც გავიგე, რომ ანდრიუშა გაგვიჩნდებოდა, მაშინ უკეთ გავაცნობიერე, როგორ ძალიან მდომებია ეს. ყოველთვის მინდოდა, სანდროსგან შვილი და განსაკუთრებით, ბიჭი მყოლოდა. როცა გავიგეთ, ბიჭი იყო, სანდრო შოკში ჩავარდა – კიდევ ბიჭიაო?! მე ძალიან გამიხარდა (იცინის). დაიბადა ოთხი წლის ნანატრი შვილი ანდრიუშა, რომელმაც ორივე კიდევ უფრო გაგვაბედნიერა.

– პირველი სიყვარული, ყველასთვის ცნობილი – სოფო ჭყონია იყო. ამ და სხვა სასიყვარულო ისტორიებზე წერისას თათიას როგორი რეაქცია ჰქონდა?

სანდრო: პირველი სიყვარული და სხვა ისტორიები არაერთხელ მაქვს მოყოლილი თათისთვის. ის ამას ყოველთვის გაგებით ეკიდებოდა და არა ეჭვიანობით – ჯერ ერთი გოგო, მერე მეორე, მესამე... მოეშვა, ამაზე აღარ ღელავდა და ჩვეულებრივ ამბად კითხულობდა (იცინის). მას ნამდვილად არ აქვს საეჭვიანო. რაც შეეხება სოფო ჭყონიას, ის ჩემი თანაკლასელი იყო – პირველი გოგო, რომელიც მომეწონა. მე არ ვიყავი ერთადერთი, სოფო ჭყონია ძალიან ბევრ ჩემს თანაკლასელს უყვარდა, მაგრამ ამის შესახებ არავის უთქვამს. მახსოვს მომენტი, როცა სახლში გავაცილე და მისი ხელი ხელში მეჭირა, ეს ჩემთვის ნამდვილი საოცრება იყო.

– სანდრო მოგვიანებით წერს იმასაც, რომ თათია ძალიან ეჭვიანია. თათია მსგავს მომენტებზე მართლა არ ეჭვიანობდით?

თათია: როცა ერთმანეთი გავიცანით, მე უფრო პატარა და ფეთქებადი ვიყავი, ბევრ რამეს არ ვეკიდებოდი გაგებით. მაგრამ წარმოუდგენელია, ადამიანმა წარსულზე იეჭვიანოს. ყველას გვაქვს პირველი, მეორე... და ნამდვილი სიყვარული. როცა წიგნს ვკითხულობდი, უკვე მთელი შეგნებით ვიცოდი, ვინ იყო მთავარი პერსონაჟი სიყვარულის ხაზში (იცინის). არ ყოფილა არცერთი ისტორია, რომელიც მანამდე არ მქონდა მოსმენილი.

– მინდა შევეხოთ ამერიკულ ცხოვრებასაც. სანდრო, რა სირთულეებთან გიწევდათ ბრძოლა უცხო გარემოში?

სანდრო: ოჯახის გარეშე, მარტო ცხოვრება და ყველა პრობლემასთან დამოუკიდებლად გამკლავება მარტივი არ აღმოჩნდა. იქ ძალიან ბევრი მუშაობა და წინსვლაზე ზრუნვაა საჭირო. ამ პროცესში არაერთი სირთულე გადავიტანე. იყო მომენტები, როცა არ მქონდა შემოსავალი და მომიწია, ისეთ სამსახურში დამეწყო მუშაობა, რომელიც საშიშიც იყო და აბსოლუტურად სხვა რანგის, ვიდრე მე წარმომედგინა. მაგალითად, ვმუშაობდი ერთ-ერთი სასტუმროს დაცვაში, რომელიც ვაშინგტონის არც ისე მშვიდ უბანში იყო. ამ სასტუმროში ოთახებს, ძირითადად, მეძავები და კრიმინალები ქირაობდნენ, გარეთ სროლის ხმა ისმოდა და მოკლედ, ძალიან არასასიამოვნო და საშიში სიტუაცია იყო. პარალელურად, სხვაგანაც ვმუშაობდი, რადგან საკმარისი შემოსავალი არ მქონდა. ჩემი საქმით ოფისში ვიყავი დაკავებული, მისი დასრულების შემდეგ კი სანაყინე კაფეში მივდიოდი და ღამის ორ საათამდე ვშრომობდი. სახლში ცოცხალ-მკვდარი მივდიოდი და შაბათ-კვირას კიდევ მაღაზიაში ვაგრძელებდი მუშაობას. იყო პერიოდები, როცა ყველაფერს ბნელ ფერებში ვხედავდი. ეს პირველად მაშინ ვიგრძენი, როცა იმ სასტუმროში დავიწყე მუშაობა. მით უმეტეს, რომ ამერიკაში საკმაოდ კარგი კოლეჯის დამთავრების შემდეგ წავედი სულ სხვა მოლოდინებით და მერე ვფიქრობდი, ნუთუ ამდენი ხანი იმისთვის ვიწვალე, რომ ასეთ სიტუაციაში ვყოფილიყავი-მეთქი? მაგრამ ვერ დავნებდებოდი, ქუჩაში ხომ ვერ დავრჩებოდი?! ვერც უკან დავბრუნდებოდი. მერე გავაცნობიერე, რომ რაც უნდა ბნელი ეტაპი იდგეს შენს ცხოვრებაში, ის აუცილებლად დასრულდება.

– წიგნში იხსენებთ, რომ თათია თქვენთან მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირივით მოდიოდა, რადგან მაშინ ბევრს არ უნდა სცოდნოდა თქვენი ურთიერთობის შესახებ. ეს უფრო გიმძაფრებდათ გრძნობებს?

სანდრო: ასე დამალულად დიდხანს არ გვქონია ურთიერთობა. ახლა რომ ვიხსენებ, იმდენი გარემოება იყო ჩვენ წინააღმდეგ, უკეთ ვაცნობიერებ, რამხელა ცვლილება მოხდა ჩვენს ცხოვრებაში. ეს იყო წინა ურთიერთობები და თუნდაც, უბრალოდ, ჩვენი ერთად ყოფნა, როდესაც სხვადასხვა კონტინენტზე ვცხოვრობდით. ძალიან ლამაზი დრო იყო, ზოგჯერ მე ჩამოვდიოდი აქ, ზოგჯერ თათია ჩამოდიოდა ამერიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ფრენის ძალიან ეშინოდა, ზოგჯერ კი ევროპაში ვხვდებოდით ერთმანეთს. მერე ისევ კვირაობით ვშორდებოდით, მაგრამ კონტაქტი არასდროს წყდებოდა. ჩვენი პირველი თვის მიმოწერა ყოველგვარი რედაქტირების გარეშე წიგნად დავაბეჭდინეთ, რომელიც 280 გვერდი გამოვიდა.

თათია: სასიამოვნოდ მახსენდება ის პერიოდი, მაგრამ თან ძალიან რთულად. დროის სხვაობის გამო დღე და ღამე არეული მქონდა. ბავშვების გამოც ძალიან მიჭირდა, მათ დიდხანს ვერ ვტოვებდი, რადგან ძალიან პატარები იყვნენ. მაგრამ ისეთი ბედნიერება იყო იმის შეგრძნება, რომ ჩემი ცხოვრების სიყვარული ვიპოვე, სირთულეები მეორე პლანზე გადადიოდა.

– სანდრო, წიგნში ყვებით, რომ მეგობარმა გითხრათ, ვინც იყო თათია და ოცნება კი კარგია, მაგრამ თუ არ დაივიწყებ, გაგაქრობენო. ამ ნაბიჯს ორივეს მხრიდან დიდი გამბედაობა სჭირდებოდა.

თათია: მახსოვს, ბიჭები ნორმალურად ვერც მესალმებოდნენ. მორიდებაც იყო და რაღაც მომენტში შიშიც. ისეთი იმიჯი იყო შექმნილი, უნდა გშინებოდა. მგონია, სწორი რეაქცია იყო.

სანდრო: როდესაც ადამიანი გიყვარს და ხვდები, რომ მასაც უყვარხარ, აცნობიერებ, რომ ყველაზე სწორი ერთად ყოფნაა. ხვდები იმასაც, რომ მართალი ხარ და ძალიან გულწრფელი. მაშინ წინ ვეღარაფერი დაგიდგება. კი, ამის მიღება რთულია, მაგრამ მართლა არ მქონია შიშის გრძნობა. არ ვიტყვი, ისეთი უშიშარი ვარ, რომ ცხოვრებაში ვერაფერი დამაბრკოლებს-მეთქი, მაგრამ ალბათ, ასე ხდება, როცა ძალიან ხარ შეყვარებული. ყველაზე არასწორია, ნამდვილ სიყვარულზე უარი შიშის გამო თქვა.

თათია: სანდრო უფრო რადიკალურია. მას მართლა არ ეშინია ცვლილებების. მე ძალიან მიჭირს გადაწყვეტილების მიღება. როგორ არა, იყო შიშის მომენტი და უფრო მეტად ბავშვებთან ურთიერთობის გამო. ზუსტად ვიცოდი, რომ ვერასდროს ვიქნებოდი ბედნიერი, თუ ბავშვები არ იგრძნობდნენ თავს კარგად. მე ორი შვილის დედა ვიყავი, ორი ბიჭის და ჩემი ყველაზე დიდი შიში იმაში მდგომარეობდა, როგორ აღიქვამდნენ ისინი ამას. საზოგადოების აზრს ყოველთვის დიდ ანგარიშს ვუწევ. ვცდილობ, ჩემი სურვილები ემთხვეოდეს იმ ნორმებს, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღებია, მაგრამ მაშინ მივხვდი, რომ ყოველთვის ასე ვერ მოიქცევი. რაღაც ეტაპზე საზოგადოებას მიუღებლად ეჩვენებოდა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ძალიან მალე შეიცვალეს დამოკიდებულება და დღეს მართლა უდიდეს სიყვარულს ვგრძნობთ მათგან. თუმცა, საწყის ეტაპზე ნამდვილად ვიყავით კრიტიკის მსხვერპლი, რადგან განქორწინების შემდეგ მალე დავქორწინდით. მაშინ მივხვდი, რომ ყოველთვის ვერ მოიქცევი საზოგადოების მოსაწონად და თუ გინდა, ჰარმონიაში იყო, ჯობს, საკუთარ თავთან იყო გულწრფელი.

სანდრო: საზოგადოება საკმაოდ სამართლიანია. თავიდან იყო რაღაც მომენტები და მესმის, რომ ცნობილი ოჯახის დანგრევა, პრესისთვის საინტერესოა. მაგრამ ძალიან მალე დაინახეს, რომ ჩვენ შორის ნამდვილი სიყვარული იყო და არა გართობის ან მატერიალური თუ სხვა ინტერესების გამო გადაგმული ნაბიჯები. როგორც ეს დაინახეს, ჩვენს მხარეს დადგნენ. მინდა, ისიც აღვნიშნო, რომ ლაშას ოჯახი ნამდვილად ძალიან ღირსეულად მოიქცა იმ სიტუაციაში და მომდევნო წლებშიც. მხოლოდ პოზიტიურად შემიძლია ვისაუბრო მათ შესახებ.

თათია: გარდა იმისა, რომ ძალიან შეგნებული და ღირსეული ხალხია, ყოველთვის აღნიშნავენ სანდროს როლს ბავშვების ცხოვრებაში. შეუძლებელია, ეს ვერ დაინახო. სანდროსა და ბავშვებს შორის არსებული სიყვარული გახდა ჯანსაღი ურთიერთობების საფუძველი.

– რაც შეეხება წინა ურთიერთობებს, თათია უკვე განქორწინებული იყო და ფაქტობრივად, სანდროც. ანუ, აქ არ იყო ღალატის თემა, არა?

სანდრო: აქ ნამდვილად არ არის ღალატის თემა. ჩემთვის მიუღებელია ორმაგი ცხოვრება. მინდა, ვთქვა, რომ გაყრა საშიში არაა, თუ ამას სიყვარულის გამო აკეთებ. ჩემს პირველ მეუღლესთან ოფიციალურად გაყრილი არა, მაგრამ განცალკევებული ვიყავი ოთხი წლის განმავლობაში. იყო პერიოდები, როცა შერიგებას ვცდილობდით, მაგრამ არ გამოდიოდა. ამერიკაში, როცა წყვილს ბავშვი ჰყავს, მაშინვე განქორწინება არ ხდება. ფაქტობრივად, გაყრილები ვიყავით და ვხვდებოდით, რომ ურთიერთობა ვეღარ გამოგვივიდოდა, მაგრამ რადგან გვყავდა შვილი და არცერთს ჯერ სხვა არ გვიყვარდა, როგორც ამ დროს ხდება ხოლმე, ყველა გვიბიძგებდა, რომ ბავშვის გამო იქნებ... მაგრამ პირადი გამოცდილებაც კიდევ ერთი მაგალითია იმის, როცა ორ ადამიანს ერთმანეთი არ უყვარს, ურთიერთობა მაინც დაიშლება. მე როგორც კი შემიყვარდა, ეს პროცესი ოფიციალურადაც დავასრულე. გულწრფელი ვიყავი ყოფილ მეუღლესთან. რა თქმა უნდა, მტკივნეული მომენტი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაგვევლო.

– როგორ ფიქრობთ, როგორ მიიღებს ამ წიგნს მკითხველი?

– ვერ დავმალავ, რომ მინდა, ჩემი ნაშრომი პოზიტიურად მიიღონ. თუმცა, როგორი რეაქციაც არ უნდა იყოს, არა მგონია, ჩემზე ცუდად იმოქმედოს, რადგან შეგრძნება მაქვს, რომ ის ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა და მთავარი ეს მგონია. მწერლობაზე თავს არ ვდებ, ამ მხრივ პრეტენზიები არ მაქვს. მხოლოდ ის მინდა, ცხოვრებისგან მიღებული გამოცდილება და ჩემი თაობის ფასეულობები სხვებს გავუზიარო. დაახლოებით, ერთ კვირაში ამ წიგნის შეძენა დაინტერესებულ ადამიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში შეეძლებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №31

2-8 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 2 – 8 აგვისტო