თამაზ ელიზბარაშვილი: სარკესთან რომ ვდგები და ჩემს თავს ვუყურებ ან ძილისწინ, ფიქრებში რომ წავალ და ჩემს რეალურ სახეს ვუღრმავდები, იმდენად კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვერ წარმოიდგენთ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 13:00 02.02
თამაზ ელიზბარაშვილის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის თამაზ ელიზბარაშვილი?
თამაზ ელიზბარაშვილი: მე ვარ რიგითი ქართველი, ჩემს ქვეყანასა და ხალხზე უზომოდ შეყვარებული, არაფრით განსხვავებული ადამიანი. მიყვარს დალაგებული ურთიერთობა, ვერ ვიტან ბოროტებას, მოძალადე ადამიანს. ცოტა ემოციური ვარ და როცა ძალადობას ან ბოროტებას ვხედავ, მიჭირს თავის მოთოკვა. ასეთ დროს შეიძლება, ვინმეს, ზოგადად, აგრესიული ადამიანი ვეგონო, მაგრამ სინადვილეში ასე არ არის. ასევე, დასანახად ვერ ვიტან მატყუარა ადამიანებს. ადამიანი რომ ერთხელ მოგატუებს, კაცი, რომ სიტყვას იტყვის და გატეხავს, ის უნდა მოიშორო. ვცდილობ, რაც შეიძლება, მეტი სიკეთე ვაკეთო. ვიყო, ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი.
– თვითონ ახერხებთ ცხოვრებას ისე, რომ ტყუილის თქმა არ დაგჭირდეთ?
– რა თქმა უნდა, ვახერხებ და ეს ძალიან მსიამოვნებს. სარკესთან რომ ვდგები და ჩემს თავს ვუყურებ ან ძილის წინ, ფიქრებში რომ წავალ და ჩემს რეალურ სახეს ვუღრმავდები, იმდენად კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვერ წარმოიდგენთ. მატყუარა და მლიქვნელი კაცი, რომელსაც ღირსება აქვს დაკარგული, რომელიც სხვისი გავლენის ქვეშ არის და საკუთარი აზრის გამოხატვის უნარი არ აქვს, მარტო რომ რჩება საკუთარ თავთან, სარკეში ჩახედვაც კი არ უნდა, ისე ეზიზღება თავი.
– ყოველთვის ხვდებით, როცა თქვენს მოტყუებას ცდილობენ?
– მოგეხსენებათ, მე ბიზნესმენი ვარ და ბიზნესი ნდობის გარეშე არ არსებობს. თუ პარტნიორს არ ენდობი, არაფერი გამოვა. თუ მეგობარსა და ოჯახის წევრს არ ენდობი, ცხოვრება ძალიან გაგიჭირდება. მე ადამიანებს ვენდობი, მაგრამ თუ დავინახე, რომ ადამიანი ჩემს ნდობას ღალატობს, ჩემგან პატიებას ვერ მიიღებს, ის უნდა მოვიშორო, როგორც კეთროვანი, რამდენად ახლობელიც არ უნდა იყოს. ადამიანი, რომელიც ერთხელ გაკადრებს ტყუილს, ეს ნიშნავს, რომ მან შენი ღირსება და ადამიანობა გათელა. ასეთი ადამიანის გამოსწორება შეუძლებელია.
– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?
– გამორიცხულია, ვერ ვიძიებ, რატომ უნდა გააკეთო საქმე, რომელიც არ გიყვარს?!
– ემოციურთან ერთად, გულჩვილი რამდენად ხართ?
– ძალიან მიყვარს ისტორიული ფილმები საქართველოს შესახებ. ვცდილობ, მარტო ვუყურო, რადგან ცრემლს ვერ ვიკავებ. იმდენად ვარ შეყვარებული ჩემს ქვეყანაზე, რომ ეს თავისთავად ხდება. ძალიან განვიცდი საქართველოს ტკივილს, გინდაც წასული ისტორიიდან, გინდაც დღევანდელ რეალობას. იმდენად, რომ ცრემლი მომდის.
– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?
– მეგობარი მომიკვდა, ორმოცი არ არის გასული და ვერ შევიკავე ცრემლი. მანამდე, დაკავებული დემოსტრანტების კადრებს რომ ვუყურე, რომ ვნახე, როგორი სისასტიკით იყვნენ ნაცემები, მაშინაც ვერ შევიკავე ცრემლი. მერე საავადმყოფოში დამჭირდა კეტამინოთერაპიის გაკეთება. არის ასეთი, დამამშვიდებელი თერაპია. იმდენად დამანგრია ამ უსამართლობის შეგრძნებამ და ისე დამთგუნა, რომ სხვანაირად ვერ გავუმკლავდი.
– რას გააკეთებდით, ახლა ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?
– გავაგრძელებდი იმ სიკეთის კეთებას, რასაც ვაკეთებ ცხოველების მიმართ, ასევე, დავაფინანსებდი ავადმყოფი ბავშვების ოპერაციებს, ბავშვთა სახლებს, მოხუცებულთა თავშესაფრებს – ბევრს სჭირდება დახმარება. მოგებულ თანხას მთლიანად ამ მიმართულებით დავხარჯავდი.
– საკუთარი თავისთვის არაფერს გააკეთებდით?
– ამ სიკეთეს საკუთარი თავისთვის გავაკეთებდი. როცა სიკეთეს ვაკეთებ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სულიერ სიმშვიდეს ვგრძნობ. ეს საოცარი შეგრძნებაა. მადლობას ვეუბნები ღმერთს, რომ სიკეთის გაკეთების საშუალებას მაძლევს.
– გიოცნებიათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი და გავლენიანი ყოფილიყავით?
– მე არასდროს მაქვს პრეტენზია, რომ ვიყო იესო. იესოზე გავლენიანი ვერ იქნები ადამიანი.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე მცდარ ნაბიჯად, რასაც შეიძლება, სინანულიც უკავშირდებოდეს?
– საყვარელი ქალის ღალატი. ამაზე საშინელი მე ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია.
– ოდესმე რამე მოგიპარავთ?
– როგორ არა, ნიკოლა პაპა მყავდა, არაჩვეულებრივი, მშრომელი კაცი იყო. ხილის ბაღი ჰქონდა და სულ გვეუბნებოდა, არ შეხვიდეთ ჩემს დაუკითხავადო. როცა დამწიფდებოდა ხილი, მერე გვიმასპინძლდებოდა შვილიშვილებს. ძალიან ბევრი შვილიშვილი ჰყავდა. არ ველოდებოდით დამწიფებას, ვიპარავდით და ვაბრაზებდით ნიკოლა პაპას (იცინის).
– სახალისო ამბავი თუ გადაგხდენიათ თავს პაემანზე?
– პატარა ბიჭი ვიყავი, სამი წელი რუსეთში ვცხოვრობდი და მოკლედ, ერთხელ ივანოვოში ვიყავი ბიძაშვილთან ერთად, რომელიც იგივე ჩემი ძმაა. ორივეს რუსი მეგობარი გვყავს და რესტორანში დავპატიჟეთ. შამპანური შევუკვეთეთ, მოიტანეს და მოვიდა გახსნის დრო. მოვკიდე ხელი, გავხსენი და წამოვიდა საშინელი წნევით, ეს ჩემი ძმაც გავწუწე, ის გოგონებიც და უცებ, გვერდზე გავწიე ბოთლი, რომ მათთვის მომერიდებინა. გვერდზე ახალგაზრდა გოგო და ბიჭი ისხდნენ და ისინიც ვაბანავე. მოკლედ, ვერ ისწავლე შამპანიურის გახსნაო, მეუბნება, ჩემი ძმა. მიმტანმა პირსახოცები მოგვიტანა, ყველამ გავიმშრალეთ და მეორე ბოთლი შამპანური მოვატანინეთ. ის უკვე ჩემმა ძმამ, გიამ გახსნა. გაგეცინებათ და სცენარი განმეორდა. ჯერ ჩვენ გაგვწუწა, მერე გვერდზე მსხდომი იგივე გოგო და ბიჭი (იცინის).
– როდის ყოფილხართ ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი?
– როცა უსამართლობას ვაწყდები, მაშინ ურჩხული იღვიძებს ჩემში და მინდა, მოძალადე ცოცხლად დავმარხო. განსაკუთრებით, როცა უმწეოს და დაუცველს ჩაგრავენ, ამ დროს ჭკუა მეკეტება. ქუჩაში უპატრონო ძაღლს, საწყალი თვალებით, ერთ ლუკმა პურს რომ გთხოვს, წიხლს რომ ამოარტყამ, ასეთი რამის ნახვაზე ჭკუა მეკეტება. ადამიანს რომ ეხება საქმე – მით უმეტეს. რომ უყურებ, როგორ იძალადეს დაკავებულ დემონსტრანტებზე, ერთი გოგონა ყვებოდა, რომ სცემეს და გაუპატიურებით ემუქრებოდა უჯიშო სპეცნაზი მუხლებზედაყენებულს, დეტალურად ყვებოდა, როგორ ექცეოდნენ ურჯულოები, მე რომ იქ ვყოფილიყავი, კბილებით ამოგლეჯდი ხორცს იმ უჯიშოებს.
– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?
– ჩემი შვილები და ჩემ მიერ განვლილი ცხოვრება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან