საზოგადოება

თამარ მაყაშვილი: საფრთხე იყო ჩემი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ გავრისკე

№28

ავტორი: ეთო ხურციძე 20:00 21.07, 2021 წელი

თამარ მაყაშვილი
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ თამარ მაყაშვილთან 👇

სახელი: თამარი.

გვარი: მაყაშვილი.

პროფესია: მსახიობი.

მოგონება ბავშვობიდან...

– ბავშვობაში მყავდა მეგობარი, რომელსაც საშკას ვეძახდი. კიკეთში ვისვენებდით ხოლმე ერთად. მე ვიყავი ძალიან სქელი, მრგვალი, ის კი გაჩხინკორებული იყო. გვქონდა ძუაგამოკრული თოფები. დაახლოებით სამ წლამდე ვიქნებოდით, ჩავკიდეთ ერთმანეთს ხელები და წავედით ტყეში. მთელი დღე იქ დავყავით, დავიკარგეთ, ვერ გამოვაგენით გზას. თურმე, მთელი კიკეთი გვეძებდა: მილიცია, მეზობლები, მშობლები. უკვე დაბნელებული იყო, რომ ძლივს გამოვაღწიეთ სამშვიდობოს და ჩვენ წინ დგას მთელი სოფელი გაოგნებული სახით. გვკითხეს, სად იყავითო, სერიოზული ხმით მივუგეთ, ტყეშიო. არ შეგეშინდათ მგელი ან რომელიმე ცხოველი რომ შეგხვედროდათო და არა, ჩვენ თოფები გვქონდა-მეთქი. რომ აუტყდათ ხარხარი, ვერ გაჩერდნენ. ჩვენ შეურაცხყოფილები ვიდექით, ვერ გავიგეთ რა აცინებდათ. რეალურად, ისტერიკული სიცილი ჰქონდათ სიხარულისგან, რომ გვიპოვეს, გადავრჩით და ტყეში არ დავიკარგეთ. ეს მომენტი ძალიან კარგად მახსოვს.

– მშობლების როლი...

– ორივემ უდიდესი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. მე ვარ საკმაოდ ასაკოვანი მშობლების შვილი. რომ გავჩნდი, მამა იყო 58 წლის, დედა – 38-ის. მამა გახლდათ მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი და მიუხედავად მისი დატვრითული რეჟიმისა, მე ყოველ საღამოს, 5 საათზე ჩაცმული ვხვდებოდი, რომ მასთან ერთად წავსულიყავი სასეირნოდ. მამა იყო კაცი, რომელსაც არასდროს არაფერი ეზარებოდა, მოგვატარა მთელი საქართველო: მანქანით, ცხენით, ვერტმფრენით. ჩვენს სახლში ყოველდღე იშლებოდა სუფრები და მარტო მაგათი მოსმენა იყო დიდი ბედნიერება. პირველ რიგში, უდიდესი განათლება მოგვცა, რაში გამოგვადგა დღეს ეს განათლება – სხვა საკითხია, მაგრამ ის წესი, ადათი, ტრადიცია, სიყვარული, უშუალობა მისგან ვისწავლეთ. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა რომელი პროფესიის ადამიანს შეხვდებოდა გზაში, ყველას ხელზე კოცნით ესალმებოდა.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– ყოველთვის ვმაიმუნობდი და სცენისკენ ლტოლვა მქონდა. ვერ ვიტყვი, რომ ექიმობა ან რაიმე მსგავსი პროფესია მინდოდა. ფურცლებით თამაში მიყვარდა და სახლში სიცილით ამბობდნენ, ეს ბავშვი ბუღალტერი გამოვაო. 2-3 წლის ასაკიდან დამაყენებდნენ სკამზე და მამღერებდნენ, მაცეკვებდნენ. მეუბნებოდნენ ხოლმე: თამრიკო რომ სცენაზე გამოვა, პირველ რიგში დავჯდებითო და აი, ეს ჩამრჩა გონებაში.

– ჩემი მეტსახელი...

– ჩემი ნათესავები და კარის მეზობლები მეძახდნენ „დადას“. ახალი დაწყებული მქონდა ლაპარაკი, სარკესთან ვმდგარვარ და აი, დადა, აი, დადა მითქვამს. იქვე ძმები ყიფიანები იყვნენ და უკითხავთ, ვინ არის დადაო. ჩემს თავზე მიმითითებია.

– ადამიანში ვაფასებ...

– პირველ რიგში, ღირსებას. შინაგანი ღირსება უნდა ჰქონდეს ადამიანს, არ უნდა გადაახტეს საკუთარ თავს და არ უნდა იკადროს ისეთი რამ, რამაც შეიძლება, თავად შეაწუხოს. ღირსეული ადამიანი არის ჩემთვის ყველაზე სუფთა.

– ბედისწერა არის...

– რაც უნდა იხტუნაო, მაინც ისე ხდება, როგორც ზემოდან არის დალაგებული. ეზოთერიკები ხშირად ამბობენ, შენ შეგიძლია, შეცვალო შენი ბედიო, მაგათ არ ვუსმენ. მე ვფიქრობ, ვერავინ ვერასოდეს ვერაფერს შეცვლის. უნდა თუ არა, ამქვეყნად ყველამ თავისი ჯვარი უნდა ატაროს.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...

– განათლების. საოცარი მდგომარეობაა. მოდის არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა, პრაგმატულები, განათლებულები, მაგრამ რატომღაც გასაქანს არ აძლევენ. ეს თაობა მომართულია რაღაცის გასწორებაზე და არა გაფუჭებაზე, მოგისმენს ადამიანურად და არა დაბღვერილი სახით, აზროვნებენ და ბევრი რამის სასიკეთოდ შეცვლა შეუძლიათ. სულ ვამბობ, ვიდრე ახალგაზრდა თაობა და მოძრაობა არ მოვა არაფერი შეიცვლება. ძალიან რთულია ერთი და იმავე სახეების ყურება ყველგან და ყველაფერში. არიან ასაკიანი ტიპები, რომლებიც პრაგმატულად აზროვნებენ, მაგრამ ესენი ერთეულებია. აღარ შეიძლება, ყველგან სულ ერთი და იგივე სახეები იყვნენ. თაობა იცვლება, დრო იცვლება და შენ უნდა აჰყვე, აუწყო ფეხი, მოუსმინო. ახალგაზრდებს აძახებენ ხოლმე, ჩემს დროს ეს იყო, ასე იყო, ისე იყო, რეალურად არც არაფერი ყოფილა, იგივე იყო ზუსტად, რაც ახლა. ამიტომ, უნდა გაიწიო და მისცე უფლება, ახალგაზრდა წავიდეს წინ. ახალგაზრდობას უნდა მიეცეს გზა ფართო, რომ მასთან ერთად ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი და კარგი შედეგი ვიხილოთ. არ შეიძლება, 400 წლის წამყვანები ისხდნენ ტელევიზიებში, არავის ვერჩი, გულწრფელად, მაგრამ ეს არ შეიძლება. ლამაზი, კარგი, მოქოქილი ახალგაზრდა თაობაა და დაუთმე გზა.

– ვრისკავ...

– ნაკლებად. სხვისთვის შემიძლია, რკინა შევჭამო და საკუთარი თავისთვისა და ჩემი შვილებისთვის – ნაკლებად. გავრისკე მაშინ, როცა ჩემი ხერხემლის პატრონმა „ყველაზე ძლიერში“ მივიღე მონაწილეობა. მთელი თბილისი მიყვიროდა: თამრიკო, ვიდრე სავარძელში არ ჩაჯდები, იქამდე ვერ მოისვენებო. საფრთხე იყო ეს ჩემი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ გავრისკე და შეუძლებელი შევძელი. იმის მერე კი დავიშალე ნაწილებად, მაგრამ ხომ შევძელი და გავაკეთე.

– ვერიდები...

– კონფლიქტებს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხმაურიანი ადამიანი ვარ. როცა ვიცი, რომ კამათს აზრი არ აქვს, შემიძლია, წყნარად და მშვიდად გავეცალო. ეს გამოვიმუშავე საკუთარ თავში. „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო“ და აქ ვამთავრებ ყველაფერს. გავიარე აფექტების პერიოდი. თეატრებშიც, რამდენჯერაც კონფლიქტი ატყდა, იმდენჯერ მშვიდად მოვტრიალდი და წამოვედი, არ მიბრძოლია ჩემი „სკამისთვის“. იქ, სადაც ვინმეს არ ვუნდივარ, ვერიდები. რომ დახოცავენ ხოლმე ერთმანეთს და მერე სუფრასთან ერთად სხედან, ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მირჩევნია, მოგერიდო და მშვიდი ურთიერთობა მქონდეს შენთან, ვიდრე ასეთი რამ გავაკეთო.

– მარტოობის განცდა...

– როგორ მექნება, როცა თავში სულ ვიღაცები მყავს (იცინის). მარტო რომ ვიყო, გავგიჟდები - სულ წარმოსახვით ვცხოვრობ. მარტოობის განცდა რომ მქონდეს, ჩემი დიაგნოზიდან გამომდინარე, ლოგინში მომიწევდა ჩაწოლა. მარტო ფიზიკურადაც ვერ ვიქნები, რადგან 200 კაცია ჩემთან სახლში და მინდა, არ მინდა, იძულებით უნდა ავდგე და გავაკეთო ის, რაც საჭიროა. სულ ამბობენ ხოლმე, ეს ქალი ყოველთვის კარგ ხასიათზეაო. არა, მე არ ვარ სულ კარგ ხასიათზე, მაგრამ როცა გარეთ გამოვდივარ, ჩემს დაღვრემილ სახეს არ განახებ, ვიცი, ასეთი არ მოგეწონები. როცა ასეთი ვარ სახლიდან არ გამოვდივარ და ტელეფონსაც კი არ ვიღებ.

– სიცოცხლე არ ღირს...

– ჯანსაღი ურთიერთობების გარეშე. მითქვამს ხოლმე: წადით, თავი დამანებეთ და დამასვენეთ-მეთქი, მაგრამ ერთი დღის მერე ნახევარი საქართველო შემიყრია ჩემთან და გიტარა, ტაში, ერთი ამბავი ყოფილა. მე ასე ვცხოვრობ, ამ ურთიერთობებში ვიცლები და ეს ურთიერთობები მასაზრდოებს.

– სიყვარული...

– მამოძრავებელი ძალაა იმისა, რომ ადამიანმა ლაღად და ბედნიერად იცხოვროს. სიყვარული არის ყველგან და ყველაფერში. სიყვარულია, როცა ბედნიერი ხარ იმით, რომ სხვისგან იმ ენერგეტიკას იღებ, რაც გჭირდება. სიყვარულია, როცა საოცრად გიყვარს სიცოცხლე, მე კიდევ ძალიან სიცოცხლის მოყვარული ვარ.

– ბოდიშის მოხდა...

– არ მიჭირს. თუ დამნაშავე ვარ, შემიძლია, მივიდე და მშვიდად მოვიხადო ბოდიში. ხშირად ნაწყენიც ვყოფილვარ, იმ მომენტში არ მითქვამს და მომითმენია. ვერიდები ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას, ვინც უსამართლოდ მაყენებს ტკივილს. მიჭირს ამის გააზრება, რადგან მაქსიმალურად ვცდილობ, არავის ვაწყენინო და თუ ეს მაინც მოხდა, მაშინვე ვუხდი ბოდიშს. რასაც მე არასდროს გაგიკეთებ შენ, შენც ნუ გამიკეთებ, ამას ვითხოვ. თუმცა, ვერაფრით მივეჩვიე, 53 წლის ასაკშიც კი, რომ ეს ვიღაცისთვის ნორმაა.

– სამაგიეროს გადახდა...

– მე ვარ აფექტური ადამიანი, სახლში მოვალ ვიქაქანებ, ვიყვირებ და მერე ვანებებ თავს ყველაფერს. სამაგიეროს მას გადაუხდის ვინმე სხვა ან აუცილებლად დაარტყამს ცხვირს სადმე. მირჩევნია, ჩემთვის ვინერვიულო, ვიდრე მსგავს რაღაცებზე დრო დავკარგო. შეიძლება, ამის გამო ვაგებ და კიდევ იმის გამო, რომ ძალიან პირდაპირი ვარ, მაშინვე ვაჯახებ ხოლმე ყველას სათქმელს. ამ ბოლო დროს ცოტა ვისწავლე „ენაზე კბილის დაჭერა“.

– შემშურებია....

– რისი უნდა შემშურებოდა. ჩემს კარიერაში თუ რამე დამიკარგავს, ჩემი ბრალი ყოფილა და რატომ უნდა შემშურდეს იმ ადამიანის, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა და გააკეთა. თავის დროზე, როცა უცხოეთიდან ბევრი მოწვევა მქონდა, ვერ წავედი, ნინუცა და რუსკა მყავდნენ პატარები და ვერ დავტოვე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, დედა ძლიერი ქალი იყო და ორივეს კარგად მიმიხედავდა. სულ გარეთ დავქროდი და სახლში არ ვიყავი ხოლმე, მაგრამ ბავშვები ჩემი თვალთახედვის არეალში მყავდნენ და ეს მამშვიდებდა. უცხო ქვეყანაში რომ წავსულიყავი ამას ვერ შევძლებდი. რომ გითხრათ, ამას ვნანობ-მეთქი – არა. იმისიც ნამდვილად არ მშურს, თუ ვინმე წავიდა და უცხოეთში კარიერა გაიკეთა.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– ეს იყო მამაჩემის რჩევა: გინდა, სიტყვაზე, მაგიდაზე სიარული? იარე, ოღონდ ყოველთვის გაეცი პასუხი რატომ აკეთებ ამას. შენ თუ ამაზე პასუხი გექნება, ესე იგი, მართალი ხარ. თუ საკუთარი ქცევა შენვე შეგაწუხებს, არასოდეს გააკეთო იგივე და არასოდეს გადაახტე შენს თავს და ღირსებას. აი, ასე ვიცხოვრე მე დღემდე!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი