საზოგადოება

თამარ ივერი: წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა – ვიგებ, რომ დედა გარდამეცვალა და ორ საათში კონცერტი მაქვს

№28

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 19.07, 2021 წელი

თამარ ივერი
დაკოპირებულია

მსოფლიოში ცნობილ ქართველ მეცოსოპრანოს – თამარ ივერს დედა გარდაეცვალა. მერი ჯავახიშვილი, თავად გერმანული ენის სპეციალისტი, თუმცა სიმღერაზე უზომოდ შეყვარებული გახლდათ და მისი წვლილი შვილის წარმატებულ კარიერაში ძალიან დიდია.

თამარ ივერი: დედა ძალიან ჯანმრთელი ქალი გახლდათ, მაგრამ 2008 წელს დაეწყო პრობლემები. იტალიაში წასასვლელად ვემზადებოდი, როცა მსხვილი ნაწლავი გაუსკდა, თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით გავიგეთ. ორი დღის შემდეგ ფერი დაკარგა და ქუჩაში ჩაიკეცა. ქართველების რჩევით, ვენის ერთ-ერთ კლინიკაში მივიყვანე. კერძო და ძალიან კარგი, მაგრამ საოცრად ძვირი კლინიკა აღმოჩნდა. მისთვის ყოველთვის საუკეთესო მინდოდა, მაგრამ იქ დედას ოპერაცია და მკურნალობა მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში რაც კი გამომიმუშავებია, იმის ნახევარი დამიჯდა. მახსოვს, მერე რამეზე რომ ვიკამათებდით, ვეხუმრებოდი, რომ არ მყვარებოდი, სამი ბინისა და ორი მერსედესის ფასს ხომ არ დაგახარჯებდი-მეთქი. მართლა ძალიან ძვირი იყო, მაგრამ ერთი წუთით არ დამიხევია უკან. მკურნალობის პროცესი ძალიან რთული აღმოჩნდა, ჯოჯოხეთურად მახსენდება. იქიდან დაიწყო პრობლემები. ვიგრძენი, რომ ნარკოზმა ძალიან ცუდად იმოქმედა მის გონებაზე. მერე მუცლის თიაქარი განუვითარდა, ისევ ოპერაცია და კვლავ ნარკოზი... მალე პრობლემები შეექმნა მენჯ-ბარძაყზე, მერე კიდევ სხვა პრობლემები გაჩნდა და ამდენმა ნარკოზმა დედას მდგომარეობა ძალიან დაამძიმა. დემენცია დაეწყო, ბინიდან აღარ უნდოდა გასვლა. ადრე საოცრად სიცოცხლით სავსე იყო, გარეთ სიარული იმდენად უყვარდა, ავტობუსში დაჯდებოდა და მთელ ქალაქს შემოივლიდა, ეს ჩემთვის ექსკურსია არისო, ამბობდა, მაგრამ ამდენი ოპერაციის შემდეგ ძალიან დეპრესიული გახდა. მეხსიერების სერიოზული პრობლემები ჰქონდა და უკვე სიარულიც უჭირდა. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მჯდომარე რეჟიმი ჰქონდა, ამას დაერთო დემენცია და ამ ყველაფერმა ერთად კუნთების განლევა გამოიწვია. წოლით რეჟიმსა და ეტლზე გადავედით. შარშან საყლაპავზე შეექმნა პრობლემები და ისევ ოპერაცია დასჭირდა. ეს პრობლემა მოეხსნა, მაგრამ ვეხუმრებოდი ხოლმე, მალე ელიზაბეტ ტეილორს დაეწევი-მეთქი, რომელმაც მგონი, ათჯერ გაიკეთა ოპერაცია.

– ყველაზე მძიმე პერიოდი მაშინ დაიწყო, როცა კონცერტისთვის გასაფრენად ემზადებოდით.

– ორწლიანი პანდემიური პაუზის შემდეგ ევროპაში მივფრინავდი – ავსტრიაში მქონდა კონცერტი. გაფრენის დღეს, დილით დედა ცუდად გახდა. სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ, გონება დაკარგა და სასწრაფოს მოსვლამდე ჩემმა მეუღლემ რაღაც სასწაულები გააკეთა და დედა მოასულიერა, თორემ ვიგრძენი, რომ ხელებში მაკვდებოდა. დაისვა დიაგნოზი, ინტოქსიკაციური შოკი, თუმცა – არა მხოლოდ, სხვა გართულებებიც ჰქონდა. იძულებული ვიყავი; ბილეთი გამეუქმებინა, მაგრამ ექიმმა მითხრა, რომ ყველა საჭირო ზომა მიიღო და სიტუაცია მძიმე, მაგრამ სტაბილური იყო. შეგიძლია, გაფრინდე, ჩვენ არაფერს მოვაკლებთ და აქ რომ დარჩე, გადაუდებელში მაინც ვერ შეგიშვებთო.

შეიძლება ამ მდგომარეობამ თვემდე გასტანოს და ნუ გააცდენთ კონცერტსო. ყველაფერთან ერთად, კონტრაქტზე ხელი მქონდა მოწერილი და მისი დარღვევის შემთხვევაში ძალიან დიდ ჯარიმას დავიმსახურებდი. კონტრაქტის დარღვევა მხოლოდ მაშინ გეპატიება, თუ შენ ხარ ძალიან ცუდად, ვინმე გარდაგეცვალა ან საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე, საზღვრები ჩაიკეტა. ის, რომ დედა გყავს რეანიმაციაში, არ მოქმედებს. მოკლედ, გავფრინდი. მეუღლემ მითხრა, შენ რომ არ ინერვიულო, ტელეფონები მე მომეციო. მას ჰქონდა ურთიერთობა ექიმებთან და მე კონცერტისთვის ვემზადებოდი. კონცერტის დღეს აივანზე გამოვედი და ეზოდან ჩემი მეუღლის საუბარი გავიგონე. ტელეფონზე დაკრძალვის დეტალებს ათანხმებდა. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა – ვიგებ, რომ დედა გარდამეცვალა და ორ საათში კონცერტი მაქვს. საშინელ დღეში ჩავვარდი, მეუღლე ცდილობდა, დავეწყნარებინე. მერე მითხრა, რომ ყველა გაუფრთხილებია, ეს ამბავი ჩემამდე არ მოეტანათ და დედას გარდაცვალება რამდენიმე დღე ძალიან გასაიდუმლოებული იყო. ძალიან ცუდად გავხდი. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, სრული უფლება მქონდა კონცერტი გამეუქმებინა, მაგრამ იმდენად მცირე დრო იყო დარჩენილი, ჩემს ჩასანაცვლებლად სხვა სოპრანოს ვერ იპოვიდნენ. იძულებული ვიყავი, კონცერტზე გამოვსულიყავი და მემღერა.

ყველანაირად ვეცადე, პუბლიკას ჩემი ტრაგედია არ ეგრძნო. მათ რა დააშავეს – იქ ხომ სიამოვნების მისაღებად მოვიდნენ. არის მომენტები, როცა მღერი და სიამოვნებას იღებ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება, სულ არ გემღერება და მხოლოდ პუბლიკისთვის მღერი. ამ დროს ვმღერით როგორც ხელოსანი და არა ხელოვანი – ასეთია ჩვენი პროფესია. იმ მომენტში მე ვიყავი ჩემი საქმის ხელოსანი და უნდა გამეკეთებინა ის, რაც კონტრაქტით მევალებოდა. თუმცა, მე ეს კონცერტი და ჩემი გამოსვლა დედას მივუძღვენი და ამან ნამდვილად გამაძლიერა. ჩემი გული მკვდარი იყო, მაგრამ ამ სიტუაციამ ჩემს პროფესიონალიზმსა და ძლიერებაში დამარწმუნა. იმავე ღამეს გამოვფრინდი საქართველოში და ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის პილოტის სიტყვები, რომელიც ავსტრიელი ყოფილა, ოპერის მოყვარული და მიცნობდა. უცებ გაისმა თვითმფრინავში მისი ხმა: ძალიან მიხარია იმის გამო, რომ ჩემს ბორტზე თამარ ივერი იმყოფება და ბედნიერი ვარ, რომ პატივი მაქვს, ის საქართველოში ჩავიყვანოო. ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო. გამთენიისას ჩამოვედი თბილისში და შევძელი მეორე პანაშვიდს დავსწრებოდი. რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე დედაჩემისთვის პატივის მისაგებად.

დედა ყველასთვის ძალიან ძვირფასია, მაგრამ ჩემი და დედაჩემის ურთიერთობა კიდევ სხვა იყო. ჩემს მშობლებს რვა წელი შვილი არ ჰყავდათ და დედამ იმდენი იმკურნალა, რომ წამლებისგან კბილებიც კი დასცვივდა, მაგრამ უკან არ დაუხევია, ყველაფერი გააკეთა ჩემს გასაჩენად. 19 წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდამეცვალა, და-ძმა არ მყავდა და მთელი ცხოვრება ხელიხელჩაკიდებულებმა გამოვიარეთ მე და დედამ. მამის გარდაცვალების შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა, უსახსროდ დავრჩით. ერთადერთი ის მიხარია, რომ ჩემი კარიერისა და წარმატებების წყალობით, მოვახერხე, რომ დედასთვის ის წვალება დამევიწყებინა და ძალიან ლამაზი ცხოვრება ვაჩუქე გერმანიაში, ავსტრიაში, ამერიკასა თუ იტალიაში. სულ მეუბნებოდა, ყელში რაც გაქვს, არ დაიზიანო, ეგ არის შენი კაპიტალი. სახლი, კარი თუ საჭმელი ორი სახმო სიმის დამსახურებით გაქვს და მას მოუფრთხილდი, არც ჩემი და არც სხვის გამო საქმე არ გაიფუჭოო. ძალიან კარგი მეგობრებიც ვიყავით, ჩემი მესაიდუმლე იყო, მაგრამ იმავდროულად, ძალიან მკაცრი ქალი გახლდათ. ყველაფერზე გულს ვერ გადავუშლიდი, მაგალითად, ვერ ვეტყოდი, თუ ვინმეს მოვწონდი, რადგან მპასუხობდა, რა დროს ეგ არის, შენ სიმღერაზე უნდა იფიქრო, არ გჭირდება ეგ ყალთაბანდებიო და ასე შემდეგ. კაცების მიმართ ძალიან კრიტიკული იყო. დღეს მართლა მარტო იმით ვინუგეშებ თავს, რომ მისთვის არაფერი დამიკლია.

თუმცა ყველაზე მძიმე ჩემთვის ის იყო, რომ ბოლოს ცხოვრების ხალისი იმდენად დაკარგა, რომ გარეთ გასვლა საერთოდ აღარ უნდოდა. ზღურბლზე გადაბიჯების ეშინოდა. ჩემს ქორწილში ძლივს წავიყვანე, მეუბნებოდა სახლიდან გიგულშემატკივრებო – ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სახლიდან არ გამოსულიყო და ამან ძალიან დააჩქარა ეს პროცესი.

– ცხოვრება მის გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ?

– ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერე ის, რაც მოხდა. მის საძინებელში რომ შევიდოდი და ჩემს დანახვაზე თვალები გაუნათდებოდა, მეც სიცოცხლით ვივსებოდი. ახლა ოთახი ცარიელია და ნელ-ნელა ვითავისებ, რაც მოხდა. დედას ასაკი არ აქვს და სანამ ის ცოცხალია, სხვანაირად ძლიერი ხარ. სხვათა შორის, სულ მეუბნებოდა ხოლმე, რაც უნდა კარგი ქმარი გყავდეს, ქმრები მაინც კონტრაქტით მოდიან. მასთან ხელს აწერ, საქორწინო კონტრაქტი გაკავშირებს და შეიძლება ხვალ და ზეგ ყველაფერი შეიცვალოს. ერთადერთი მშობელია, ვისთანაც სისხლი და ხორცი გაკავშირებს და ამ კავშირს ვერაფერი შეარყევს. მეუღლეები მიდიან და მოდიანო. შვილო, დაიმახსოვრე, ყველა ქმარი იმას გირჩევს რთულ მომენტში, რაც მისი პოზიციების, ოჯახისა და შვილებისთვის არის მომგებიანი და მხოლოდ დედა გირჩევს იმას, რაც უშუალოდ შენთვის არის უკეთესიო – ესეც მისი სიტყვებია. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი დავკარგე და ჯერ კიდევ არ ვიცი, როგორ შევეგუები მის წასვლას. მხოლოდ ის მანუგეშებს, რომ 86 წლამდე ბედნიერი მივიყვანე. მან ჩემ გვერდით გაჭირვება, პრაქტიკულად, აღარ იცოდა და თან ამ ქვეყნიდან ტკივილების გარეშე წავიდა. სულ ამბობდა, ადამიანი რომ „ძილში გაიპარება“, ეგ არის საუკეთესო სიკვდილი, ღმერთმა ოღონდ ტკივილები და ტანჯვა ამარიდოსო და როგორც ინატრა, ისე მოხდა. მძიმედ იყო, სუნთქვაც უჭირდა და სხვა პრობლემებიც აწუხებდა, მაგრამ კიდევ კარგი, ძლიერი ტკივილები არ ჰქონდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა