საზოგადოება

თამარ ივერი: მის გვერდით რომ ვყოფილიყავი, იქნებ, ეს არ მოსვლოდა

№1

ავტორი: ეთო ხურციძე 20:00 11.01, 2021 წელი

თამარ ივერი
დაკოპირებულია

სახელი: თამარი
გვარი: ივერი
პროფესია: ოპერის მომღერალი

– მოგონება ბავშვობიდან...
– ბევრი რამ მახსოვს ბავშვობიდან, მაგრამ განსაკუთრებით, როგორ დავდიოდი ეზოებში და ვმღეროდი ნეაპოლიტანურ რომანსებს. მეზობლები კი ვაშლებსა და კანფეტებს მიყრიდნენ. ეს იყო ჩემი პირველი ბიზნესი (იცინის).
– მშობლების როლი...
– ძალიან დიდი. მამა მყავდა ოპერის თეატრის სოლისტი – ავთანდილ ჯავახიშვილი. ის, რომ დღეს საოპერო მომღერალი ვარ, მისი დამსახურებაა. ბავშვობაში ხელოვნების განხრით მინდოდა წასვლა, მაგრამ ვფიქრობდი, მსახიობობაზე, ესტრადის მომღერლობაზე, მოცეკვავეობაზე... მამამ მომცა მიმართულება, ოპერის განხრით წავსულიყავი. ბავშვობიდან მასმენინებდა ენრიკო კარუზოს, მარია კალასს და სხვა დიდი მომღერლების ჩანაწერებს. 19 წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა და მერე უკვე დედის დამსახურებაა ის, რომ ამ სფეროში მსოფლიო დონეზე გავედი. მამას გარდაცვალების შემდეგ პესიმისტური განწყობა მქონდა, დანებებას ვაპირებდი, სასოწარკვეთილებაში ვიყავი, თუმცა დედამ არ მომცა ამის უფლება.
– პირველი წარმატება...
– იყო „ბრავოს“ ფესტივალზე, რომელიც პაატა ბურჭულაძემ თბილისში გააკეთა. უეცრად დეზდემონას შემსრულებელი მომღერალი დასჭირდა და პაატას უთხრეს, რომ თამარ ჯავახიშვილმა (მაშინ ივერი არ ვიყავი) ბათუმში ძალიან წარმატებით იმღერა ოტელოო. პაატამაც, კარგი, ვიდრე ის მომღერალი ჩამოვა, რეპეტიციები გაიაროსო. ბოლოს, რენატო ბრუზონი, კრისტიან იოჰანსონი და სხვები იმდენად კმაყოფილები იყვნენ ჩემი რეპეტიციებით, როცა ის მომღერალი ჩამოვიდა, უარი უთხრეს. ასე ამოვყავი თავი საერთაშორისო ფესტივალზე საოპერო ვარსკვლავებს შორის, გოგომ, რომლის უკანაც მხოლოდ ბათუმის თეატრში ჩატარებული ერთი სპექტაკლი იყო. ჩემი პირველი ამონათება და დიდი წარმატება, სწორედ, ეს გახლდათ.
– ჩემი მეტსახელი...
– სკოლის პერიოდში, გვარიდან გამომდინარე, „ჯავახას“ მეძახდნენ. სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ თანაკლასელი გარდამეცვალა და დაკრძალვაზე რომ მივედი, კლასელებმა თქვეს: ვაა, ჯავახა მოვიდაო. უცებ ისე მესიამოვნა... მიჩვეული ვარ, რომ ყველა ქალბატონ თამარს ან თამარ ივერს მეძახის, ჰოდა, ეს რაღაც საოცარი გრძნობა იყო.
– ადამიანში ვაფასებ...
– უპირველესად, ერთგულებას, შეიძლება, იყო უხასიათო – ფეხს აგიწყობ, არ მიყვარს სიძუნწე, მაგრამ ამასაც შევეგუები, ოღონდ მთავარია, ერთგულება იცოდე. კიდევ, როცა გიჭირს და ადამიანის თანადგომა, მხარდაჭერა, დახმარება გჭირდება, ამ დროს კი იცი, ასეთი ადამიანი გვერდით გყავს – ამას ვაფასებ. ერთგულება და თანადგომა ყველაზე ღირებული თვისებებია ჩემთვის.
– მწამს...
– იმის, რომ ადამიანს ბოროტება აუცილებლად უკან დაუბრუნდება. მქონია მომენტები, როცა მომიტყუებია და მერე ამისთვის დავსჯილვარ.
– მაბედნიერებს...
– ახლობლების დამხარება და სიკეთის კეთება. როცა ვინმე მთხოვს, რომ იქნებ ინფორმაცია მომიძიო, იქნებ დამეხმარო, ამ დროს შეიძლება, ჩემი საქმეები გადავდო და მას დავეხმარო.
– ვრისკავ...
– ხშირად. თავის დროზე ჩემი კონკურსებზე გასვლა და უცხოეთში წასვლაც რისკი იყო. უდიდესი რისკი იყო, როდესაც „ვენისტაც ოპერის“ დირექტორმა მომისმინა ქალაქ გრაცში და მითხრა: იმდენად მომეწონეთ, რომ „ვენისტაც ოპერაში“ მაქვს შანსი, ერთი მომღერლის ნაცვლად პუჩინის ბოჰემაში თქვენ ჩაგსვათო. ეს ჩემი ცხოვრების შანსი იყო, რომელიც ხელიდან არ უნდა გამეშვა. პარტია არ ვიცოდი, არასდროს მქონდა ნამღერი, მაგრამ მოვიტყუე ვიცი-მეთქი. გამოვიქეცი თბილსში და ერთ თვეში სახელდახელოდ მოვამზადე როლი. მე რომ ის როლი ცუდად მემღერა, ჩათვალეთ, მთელი კარიერა თავზე ჩამომემხობოდა.
– მაკვირვებს...
– ადამიანების უტიფრობა. ის, რომ რაღაცას იტყვიან, გააკეთებენ და მერე თვალებში გიყურებენ. ადამიანები, რომლებიც ხშირად იცვლიან აზრებს. ერთ-ერთ პოლიტიკოსზე წავიკითხე: ეს ადამიანი ისე ხშირად იცვლის პარტიებს, შეხედულებებს და მრწამსს, მისი ადგილი ან ცირკშია, ან ცირკთანო (იცინის). სამწუხაროდ, ეს რეალობა ხშირად გვაქვს ხოლმე.
– ბედისწერა...
– არსებობს და მჯერა ის, რომ, როცა რაღაცა შუბლზე გაწერია, აუცილებლად ახდება. პროფესიაშიც მჯერა ბედისწერის არსებობის. ერთმა ადამიანმა მომიყვა: იურისტობას ვაპირებდი, როცა დავინახე, ერთ დირიჟორს როგორ ემორჩილებოდა სამოცი კაცი, იმ დღიდან გადავწყვიტე, დირიჟორი გავმხდარიყავიო. ასე ხდება ხოლმე და ეს ბედისწერაა.
– სიყვარული...
– საოცარი გრძნობაა. სიყვარულია, როცა საყვარელი ადამიანის თუნდაც გაკაწვრაც გტკივა, როცა სულ გინდა, შენ გვერდით იყოს, როცა მის ცუდს განიცდი ისე, როგორც საკუთარს. გინდა, ყოველთვის კარგი გაუკეთო და როცა თვალს მოშორდება, მაშინვე მოისაკლისებო.
– დრო და სიყვარული...
– დროსთან ერთად უფრო მყარი ხდება, სხვა ფაზაში გადადის, რასაც ჰქვია ნამდვილი სიყვარული და მეგობრობა. ის ისეთივე საკუთრება ხდება, როგორც შენი სხეულის ნაწილები. წლები გავა და ის ვნება აღარ იქნება, როგორც თავიდან, ეს ვნება ერთ-ორ თვეში გადის ხოლმე, მაგრამ მერე საოცარ გრძნობაში გადადის.
– როცა პირველად შემიყვარდა...
– სკოლაში მიყვარდა ერთი ბიჭი, ჩემს პარალელურ კორპუსში ცხოვრობდა და ბინოკლით ვუყურებდი ხოლმე მის ფანჯარას, ველოდებოდი, როდის გამოვიდოდა და სიგარეტს როდის გააბოლებდა (იცინის). ოღონდ ეს ამ ადამიანმა არ იცოდა. მახსოვს, ერთხელ ავედი მის კორპუსში და კარში სახელის გარეშე დავუტოვე წერილი.
– ვეჭვიანობ...
– კი. თუ მომცა ადამიანმა საეჭვიანო, მით უმეტეს. ოღონდ, არ ვაგრძნობინებ. მიყვარს, როცა დადებითი და პოზიტური ვრჩები, როგორც მეუღლის, ასევე კოლეგების მიმართ.
– შემშურებია...
– კი, ოღონდ სხვა განადგურებულიყო და მე მოვსულიყავი მის ადგილზე – არა. შემშურებია გენიალური მომღერლის ნამღერი და მითქვამს, ნეტავ, მეც შემეძლოს ეს. მსგავსი რამ ყოველთვის მაძლევდა სტიმულს, ჩემს თავზე უფრო მეტი მემუშავა.
– ბოდიშის მოხდა...
– არ მიჭირს. ცოტა ფიცხი ვარ და როცა მეუღლესთან უთანხმოება მომსვლია, ვიცოდი, რომ მართალი იყო, მაგრამ არ გავმტყდარვარ. მერე მივსულვარ და მითქვამს: ბოდიში, ვიცი, მართალი ხარ. როცა სოცალურ ქსელში რაღაც დამიწერია და ვიღაცას სხვანაირად მიუღია, მაშინაც მომიხდია ბოდიში, რომ კონკრეტული რამ ვერ გამოვხატე სწორად.
– ვნანობ...
– იმას, რომ მამას გარდაცვალებამდე, ბოლო დღეებში მასთან უფრო ახლოს არ ვიყავი. ქუჩაში გარდაიცვალა ინფარქტით და ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია ჩემთვის. სულ მთრგუნავს იმის განცდა, მის გვერდით რომ ვყოფილიყავი, იქნებ ეს არ მოსვლოდა.

– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– ყველა ერი თავის ღმერთს საკუთარ სახელს არქმევს. ეს რაღაც განგება, უხილავი ძალა, რომელიც ვიღაცისთვის მუჰამედია, ვიღაცისთვის კრიშნა, ბუდა და ასე შემდეგ, ჩვენთვის იესოა. ღმერთი არის ძალა, რომელიც გიბიძგებს კარგი ცხოვრებისკენ და სიკეთისკენ.
– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
– როცა მოცარტის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი ავიღე. ეს არა თუ საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირშიც არავის ჰქონდა მოპოვებული. ამ გამარჯვებამ შემცვალა და სხვანაირად დამანახა ჩემი თავი, შესაძლებლობები. მაშინ ჩემ წინ ყველა თეატრის კარი გაიღო.
– როცა მაქებენ...
– ვიცი, როდის გამოვიყურები და ვმღერი კარგად. როცა მართლა ასეა და ამას სხვაც მეუბნება, მაშინ მის მიმართ სიმპათიით ვეწყობი, ხოლო როცა ვიცი, რომ რაღაც კარგად არ იყო და ამ დროს საპირისპიროს მიმტკიცებს, ვხვდები, რომ ჩემ თვალწინ ჩვეულებრივი პირფერი დგას.
– ჩემზე ამბობენ...
– რომ ვარ ძალიან პირდაპირი, სამართლიანი და ცოტა ხისტი (იცინის). ყოველთვის ვაფასებ იმ თევზს, რომელიც ეხეთქება აქეთ-იქეთ, მაგრამ ცდილობს, დინების საწინააღმდგედ იცუროს, თორემ დინებას მკვდარი თევზებიც მიაქვსო, ნათქვამია.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– მამამ მითხრა, შვილო, რაც უნდა გაგიჭირდეს სცენაზე, მაყურებლის წინაშე საწყალი არასდროს იყოო. როცა სცენაზე გავდივარ, რაც უნდა რთული სამღერი მქონდეს, სულ ეს სიტყვები ჩამესმის.

P.S. გამოყენებული ფოტო ეკუთვნის დედა სიდონიას

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი