სხვებზე ზრუნვა როგორც ცხოვრების წესი–თიკო აბაშიძის ნულიდან დაწყებული ბრძოლა ქალების მხარდრასაჭერად
ავტორი: „თბილისელები“ 38 წუთის წინ
ხშირად, წარმატების გზაზე ადამიანები მხოლოდ შედეგს ხედავენ, რეალურად კი ამ შედეგამდე მისასვლელი გზა დაბრკოლებებით სავსე და გაუკვალავია. სწორედ ამ გზას დაადგა წლების წინ საქველმოქმედო ფონდ „იალქანის“ დამფუძნებელი – თიკო აბაშიძე, რომელმაც უცხო ქალაქში, ნულიდან დაიწყო ბრძოლა იმ ქალების დასახმარებლად ვისთვისაც, ამ ხელის გამოწვდა ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. საკუთარი შეუპოვარი ხასიათის და თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე წლების მანძილზე უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა და თავის გამოცდილებას ჩვენს მკითხველს უზიარებს.
– თიკო, როგორ იწყებდით და რა მიგაჩნიათ თქვენს პირველ წარმატებად?
– დასაწყისი საკმაოდ რთული იყო, აჭარიდან ვარ მაგრამ დიდი ხნის შემდეგ ბათუმში, სრულიად უცხო გარემოში ჩამოვედი 3 ბავშვით და ნულიდან დავიწყე იმ ყველაფრის შენება, რაც დღეს მაქვს. თვითდამკვიდრების პროცესი საკმაოდ რთული იყო, იმ პერიოდში როცა არანაირი კონტაქტები არ გამაჩნდა და ზურგს არავინ მიმაგრებდა ერთადერთი რაც მქონდა იყო მიზანი, , მქონოდა საკუთარი საქმე და განეხორციელებინა ჩემი გეგმები, რაც ძირითადად ქალების გაძლიერებას უკავშირდებოდა.
ამ გზაზე უამრავი საინტერესო ისტორიის გახსენება შემიძლია, მაგრამ ყველაზე რთულ ქეისს მოგიყვებით: ქუჩაში ვიპოვე თბილისიდან გამოქცეული 12–13 წლის 2 გოგონა, რომლებიც სხვადასხვა საქმიანობაში იყვნენ ჩართული, დაწყებული პროსტიტუციიდან, ქურდობით და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით დამთავრებული. ეს გოგონები სახლში წავიყვანე, რამაც ძალიან რთული სიტუაციები შემიქმნა, მათ შორის მაშინდელ სოციალური სამსახურს დამაპირისპირა, ბავშვები 4 წლის მანძილზე ჩემი შვილების გვერდით იზრდებოდნენ, მიიღეს განათლება, დაეუფლნენ სხვადასხვა პროფესიას და დღეს ჩამოყალიბებული ადამიანები არიან, ერთ–ერთი გათხოვდა და შვილიც ჰყავს. ძალიან რთული გზა გავიარე მათთან ერთად, მათ შორის ერთს საშინელი დამოკიდებულებები ჰქონდა სხვადასხვა პრეპარატებზე, იყო სახლიდან გაპარვის მცდელობები და მახსენდება როგორი ფრთხილი ძილი ჩამომიყალიბდა, ვდარაჯობდი რომ ჩუმად არ გასულიყო სახლიდან.
ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევა ისაა რომ დღეს ისინი ჩამოყალიბებული პიროვნებები არიან, მე კი მათთან ერთად გავიზარდე როგორც პროფესიონალი ბავშვთა უფლებების კუთხით.
– რა როლი აქვს ქველმოქმედებას თქვენს ცხოვრებაში და თავად თუ გიგრძნიათ საკუთარი სიკეთის ძალა როცა ეს ყველაზე მეტად გჭირდებოდათ?
– არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალიან რთულ დროს გაიბრწყინებენ ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში და როგორ შეიძლება დავივიწყოთ ისინი და არ დავაფასოთ მათი გამონათება. ჩემს ცხოვრებაში ასეთი ადამიანია რადიოლოგი მაიკო დემურიშვილია, რომელთანაც მხოლოდ სოციალურ ქსელში მქონდა საქმიანი მიმოწერა და როდესაც ბათუმში წამოვედი და ნულიდან ვიწყებდი ცხოვრებას, მან დამირეკა და როგორც საკუთარ შვილს გაამზითვებ, ისე გამიყო საკუთარი ნივთები, ეს იყო იმ მომენტში მთავარი ინსპირაცია, დამეწყო ზუსტად ისეთ რთულ სიტუაციაში მყოფი ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება, რომელთათვისაც თუნდაც პატარა საყრდენი ვიქნებოდი. როდესაც შეშინებული და დასტრესილი ძალადობის მსხვერპლი ქალები მოდიან ჩემთან და არ იციან საიდან დაიწყონ ცხოვრება, ასეთ დროს ერთ სიტყვასაც კი უზარმაზარი ძალა აქვს მათ გადასარჩენად. ძალიან მნიშვნელოვანია შენი ანგელოზის პოვნა ამ სამყაროში.
რაც შეეხება ქველმოქმედებას ეს საქმე ჩემი ცხოვრების მთავარ მისიად იქცა, განუზომლად შემიძლია გავცე ყველაფერი, არ აქვს მნიშვნელობა მაქვს თუ არა, ყოველთვის გაცემაზე ვარ ორიენტირებული. ამ ეტაპზე რამდენიმე ორგანიზაციას ვფლობ და მთელი ცხოვრების მანძილზეც რაც გამომიმუშავებია, აბსოლუტურად ყველაფერი ქველმოქმედებაში მიდის.
– რა გზას გადიან ქალები წარმატების მისაღწევად და რას ურჩევთ მათ ვინც ახლა დგას ამ გზის დასაწყისში?
– ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავის რწმენაა, არასდროს შეგეშინდეთ საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვის. მე ძალიან ბევრჯერ, ბევრი მიმართულებით მოვსინჯე ჩემი თავი. სხვა ადამიანების აზრი არ მაინტერესებს ასეთ დროს და ყველაზე მნიშვნელოვანია, რას მეუბნება ჩემი შინაგანი ხმა, ვფიქრობ, რამდენჯერაც არ უნდა დავეცეთ, ყოველთვის შესაძლებელია ფეხზე წამოდგომა და გზის გაგრძელება, უკან დახევა და შეცდომის აღიარება სირცხვილი არ არის.
საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპები ხშირად გარკვეულ ჩარჩოებში გვაქცევს, ვფიქრობ,მე ეს სტერეოტიპები დავამსხვრიე, არ მრცხვენია საკუთარი თავისა და სილამაზის წარმოჩენის, შემიძლია ვიყო დედაც, პროფესიაში შემდგარიც და მიყვარდეს საკუთარი თავიც.
– როგორია მართო ორგანიზაცია რომლის მთავარი მიზანი ქალების და ბავშვების დახმარებაა?
– ასეთ რთულ პერიოდში, როცა არ არის გრანტები და სხვადასხვა ტიპის ხელშეწყობა ერთადერთი ორგანიზაცია შემოვრჩით აჭარაში და შიდა რესურსით ვცდილობთ ძალის შენარჩუნებას იმისთვის რომ ქალებს და ბავშვებს მივაწოდოთ ის სამართლებრივი მომსახურებები, რაც მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
ყველაზე დიდი სიამოვნებაა როდესაც შენგან გასული ადამიანი მინიმუმ დაკვალიანებულია, ბოლო 4 წლის განმავლობაში 1500– მდე ქალის ერთჯერადი გადამზადება მოვახდინეთ სხვადასხვა პროფესიაში ჩვენი პირადი რესურსებით.
საინტერესოსთან ერთად ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და ბევრ უმადურ ადამიანს შევხვდით ამ გზაზე მაგრამ მთავარია ბალანსი შეინარჩუნო და უმადურობამ უკან არ დაგხიოს და გაგაბოროტოს.
– როგორ გაჩნდა სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის იდეა და რა ტიპის დახმარებას იღებენ ცენტრის ბენეფიციარები?
– რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც სამი წლის წინ ქობულეთში გავხსენი უბრალოდ ბიზნეისია. ცენტრი ეხმარება ადრეული განვითარების პრობლემის და აუტიზმის მქონე ბავშვებს, ფაქტობრივად ეს არის ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო, ვინაიდან როგორც გითხარით, სხვა ყველა შემოსავლები და ხელფასები მთლიანად ქველმოქმედებაში მიდის, როცა ვფიქრობდი ფინანსური კუთხით რისი კეთება შემეძლო, მივხვდი რომ ბავშვებთან შეხების გარდა არაფრის კეთება არც მინდოდა და არც შემეძლო, ამიტომ გადავწყვიტე ამ ცენტრის გახსნა, რომელიც საკმაოდ კარგად მუშაობს და მასთან დაკავშირებით კიდევ დიდი გეგმები მაქვს.
– ასეულობით ათასი გამომწერი ჰყავს ფეისბუკგვერდი „აჭარლებს“ რომელსაც თქვენ მართავთ, როგორ გააერთიანეთ ამხელა აუდიტორია?
– ძალიან ბევრს ჰგონია რომ „აჭარლების“ ადმინი ბიჭია და ბოლოს საკუთარი ფოტოების განთავსება დავიწყე იმის დასადასტურებლად რომ ქალი ვარ. ვმართო გვერდი ამხელა აუდიტორიით და შევთავაზო მათ საინტერესო კონტენტი ეს ერთი სამსახურის ტოლფასია და ძალიან დიდ დროს მოითხოვს. აქაც ბოლომდე ვიხარჯები და ჩემს ძირითად საქმიანობაში–ქველმოქმედებაშიც მეხმარება ეს გვერდი.
– არაჩვეულებრივი გოგონების დედა ხართ, გაგვაცანით ისინი...
_მყავს სამი არაჩვეულებრივი გოგონა რომლებიც ჩემთან ერთად გაიზარდნენ და ისინი ჩემი საუკეთესო დაქალები არიან, რომლებთანაც ყველაფრის გაზიარება შემიძლია. ყველაზე ღრმა და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მომენტები მათთან ერთად გავიარე და ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების მთავარი მიღწევაა, რომ ისინი ძალიან ლაღები, ბედნიერები და ჭკვიანები არიან. სამივე ქართულ–ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეა, საკმაოდ წარმატებულები არიან დიდი სამომავლო გეგმები აქვთ.
– რა თვისებებია საჭირო იმისთვის რომ ქალი იყოს ისეთი აქტიური და წარმატებული როგორიც შენ ხარ?
– მთავარია გქონდეთ გამბედაობა, რაც სამწუხაროდ, ბევრ ქალს აკლია, ხშირად მათ ეშინიათ განქორწინების იმიტომ რომ არ დარჩნენ მარტო, პროფესიის არჩევის, იმიტომ რომ დარდობენ ხალხი რას იფიქრებს და ა.შ. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება რაც ქალს სჭირდება გამბედაობაა, იმისთვის რომ ვიყოთ წარმატებული და მივაღწიოთ დასახულ მიზანს, მხოლოდ საკუთარ სურვილებს უნდა მივყვეთ და არავითარ შემთხვევაში ვიდარდოთ, რას იფიქრებენ სხვები ჩვენზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





