საზოგადოება

შეიძლება თუ არა თმის გაჭაღარავების პროცესის შეჩერება

№19

ავტორი: რევაზ ტომარაძე 23:51 24.05

გაჭაღარავება
დაკოპირებულია

მთელ მსოფლიოში ნახევარზე მეტი ადამიანი ბუნებრივი წესით 50 წლის ასაკიდან იწყებს გაჭაღარავებას, ხოლო ადამიანები, რომლებიც გენეტიკურად არიან მიდრეკილი გაჭაღარავებასთან – უფრო ადრეც კი. სხვადასხვა ადამიანს თმის გაჭაღარავება სხვადასხვა ასაკში ეწყება, თუმცა ეს ყოველთვის დაბერებასთან არ არის დაკავშირებული. სხვა ფაქტორს შეიძლება, წარმოადგენდეს სტრესი, მძიმე ავადმყოფობის გადატანა და ვიტამინების უკმარისობა. მაგრამ შეიძლება თუ არა ამ პროცესზე ზემოქმედება, მისი შეჩერება, შენელება?

ბევრი ადამიანი პირველივე ჭაღარის გაჩენისთანავე სალონში გარბის თმის შესაღებად და ასე ცდილობენ, დაფარონ პრობლემა (თუმცაღა ბევრისთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს). მეცნიერები კარგა ხანია, არკვევენ, არსებობს თუ არა ჭაღარისგან თავის დასაღწევი სხვა საშუალებები. მიიჩნევა, რომ ჭაღარა წარმოადგენს დაბერების ერთ-ერთ ნიშანს, სახეზე ნაოჭებთან და სახსრების ტკივილთან ერთად, მაგრამ ეს შეიძლება, გამოაჩნდეს მოზარდი ასაკის ადამიანს და რა, 16 წლის ადამიანი შეიძლება, დაბერებული იყოს?

როგორ ჩნდება ჭაღარა

ჩვენი თმის ფერი დამოკიდებულია თმის ფოლიკულებში ორი პიგმენტიდან ერთ-ერთის – ეუმელანინისა და ფეომელანინის არსებობასა და კონცენტრაციაზე. რაც უფრო მეტია ეუმელანინი, მით უფრო მუქი, შავი ელფერის ხდება თმა. რაც უფრო მეტია ფეომელანინი, თმა მით უფრო წითელ (წითურ) ელფერს იძენს. ხოლო ეუმელანინის სრულიად უქონლობისა და მცირედი რაოდენობით ფეომელანინის არსებობის შემთხვევაში თმა ქერაა.

წლების განმავლობაში თმის ფოლიკულათა უჯრედები სულ უფრო ნაკლები პიგმენტის გამომუშავებას იწყებენ, რაც სავსებით ბუნებრივი პროცესია. რის შედეგადაც თმა წყვეტს შეფერვას და იძენს მონაცრისფრო ანდა თითქმის მთლიანად თეთრ ელფერს.

როგორ შეიძლება გაჭაღარავების შეჩერება

ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ შეკითხვაზე არ არსებობს. ტრიქოლოგები და დერმატოლოგები დარწმუნებული არიან, რომ თმის ფოლიკულებში მიმდინარე პროცესები შეუქცევადია, მაგრამ ბევრი რამ სიტუაციაზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ გაჭაღარავება გამოწვეულია სტრესით, პროცესის შეჩერება ნამდვილად შესაძლებელია. 2021 წლის კვლევებში ნათქვამია, რომ ამის გაკეთება შეიძლება ყველაზე მარტივი წესით – შემცირდეს სტრესის ზემოქმედება. ექსპერიმენტების ფარგლებში მეცნიერები აკვირდებოდნენ სხვადასხვა ასაკის ადამიანთა ჯგუფს, რომლებსაც შავი ფერის თმა ჰქონდათ და ჭაღარები აღენიშნებოდათ. სტრესის დონის დაწევისას კვლევის ავტორებმა შენიშნეს, რომ ექსპერიმენტის ყველა მონაწილეს გაჭაღარავების პროცესი დროებით შეუჩერდათ, ხოლო ერთ მოხალისეს სტრესის მოშორების შემდეგ, ორ კვირაში, მთლიანად აღუდგა თმის პიგმენტაცია.

მეორე საშუალება, რომლითაც შეიძლება, შევაჩეროთ ან თავიდან ავიცილოთ თმის გაჭაღარავება, მდგომარეობს ორგანიზმში ჟანგვით სტრესთან ბრძოლაში. მას შეიძლება იწვევდეს სხვადასხვა ფაქტორი: დაწყებული თამბაქოს მოწევიდან და გარემოს დაბინძურებით დამთავრებული. მათგან თავის დახსნა შეიძლება საკვების გამოყენებით, რომელიც მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს, მაგალითად, მოცვის, სტაფილოს, ისპანახის, ბროწეულის, შტოშის და სხვა პროდუქტების რაციონში ჩართვით.

ზემოაღწერილ ხერხებზე სრულიად დაიმედება არ ღირს. მეცნიერები აქტიურად ეძებენ ვარიანტებს, სამედიცინო პროცედურების დახმარებით როგორ შეაჩერონ მელანინის ასაკობრივი შემცირება თმის ფოლიკულებში. ასე, მაგალითად, 2023 წელს მათ დაადგინეს, რომ ასაკის მიღწევასთან ერთად, უჯრედები, რომლებიც ახდენენ მელანინის სინთეზირებას ფოლიკულებში – მელანოციტები არ კვდებიან, ისინი, უბრალოდ, მიყუჩებულები არიან და წყვეტენ პიგმენტის გამომუშავებას. ამრიგად, მათი აქტივირებით შესაძლებელია, ხელახლა ვაიძულოთ თმა, შეიძინოს ფერი. მაგრამ ეს საკითხი დროსთანაა დაკავშირებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

19–25 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა