საზოგადოება

სალომე პირველის წვლილი „თბილისის თავისუფალი აკადემიის“ ძლიერი და უწყვეტი განვითარების პროცესში

№25

ავტორი: „თბილისელები“ 14:22 20.06

სალომე პირველი
დაკოპირებულია

წარმატებული ახალგაზრდა პროფესიონალი სალომე პირველი ძლიერი, მიზანდასახული და შეუპოვარია ყველა საქმეში, რასაც ხელს მოჰკიდებს. ამის ნათელი მაგალითია უმაღლესი სასწავლებელი „ჯორჯია“, რომელსაც დღეს ყველა „თბილისის თავისუფალი აკადემიის“ სახელით იცნობს. სალომემ სასწავლებლის სადავეები 2020 წელს აიღო ხელთ, მაშინ, როცა ინსტიტუციაში უმძიმესი რეალობა იყო. მან ძირეული ცვლილებები ბრენდის ახალი სახელითა და ლოგოთი დაიწყო და დღემდე აგრძელებს ყოველდღიურ შრომას იმისთვის, რომ „თბილისის თავისუფალი აკადემია“ კონკურენტებთან მიმართებაში იყოს მოწინავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

სალომე პირველი (თბილისის თავისუფალი აკადემიის რექტორი): პროფესიით იურისტი ვარ და 12 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროში, კერძოდ კი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიულ დეპარტამენტში ვმუშაობდი. რაც შეეხება ადრეულ პერიოდში ჩემს გადაკვეთას საუნივერსიტეტო საქმიანობასთან – საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტში ვიყავი სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე მიწვეული აკადემიური პერსონალი. შესაბამისად, საქმიანობის ეს სფერო ჩემთვის ნაცნობი იყო. ასევე, მქონდა შეხება აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტებთან, თუმცა, უნივერსიტეტის მენეჯმენტში შესვლა და მით უფრო, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის. პოზიცია, რომელსაც დღეს ვიკავებ, ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, რამეთუ ამ უნივერსიტეტის სწრაფად მზარდი განვითარება და კონკურენტუნარიან გარემოში გამორჩეული ადგილის დამკვიდრება ჩემი მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე პერიოდში შემიძლია ვთქვა, რომ „პროგრამა მინიმუმი“ დაძლეულია და აკადემიაში ამჟამად მოქმედებს რვა აკრედიტებული პროგრამა. თუმცა, ცხადია, მთავარი საქმე წინაა.

– რა რადიკალური ნაბიჯები გადადგით აკადემიის რებრენდინგისთვის?

– თბილისის თავისუფალი აკადემიის (თთა) ისტორია 1996 წლიდან იწყება და უდიდეს გამოცდილებას აერთიანებს. თუმცა, ურთულეს რეალობასთან მომიწია შეჭიდება 2020 წელს, როდესაც მე შემომთავაზეს უმაღლეს სასწავლებელ „ჯორჯიას“ მენეჯმენტში შესვლა, სადაც უმძიმესი ვითარება იყო და ინსტიტუციას ერთადერთი არააკრედიტებული პროგრამა – ბიზნესის ადმინისტრირება ჰქონდა, რომელიც, ფაქტობრივად, მილევად რეჟიმზე იყო გადასული. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, მოკლე დროში უნდა გადამედგა ქმედითი ნაბიჯები ინსტიტუციის განვითარების გზაზე და ყველა – უშეცდომოდ. შესაბამისად, ჩემს ახალ გუნდთან ერთად მოვიფიქრე, შემექმნა ახალი ბრენდბუქი და სრულიად ახალი სახით წარვმდგარიყავით სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე. უმნიშვნელოვანესი იყო შეგვექმნა და განგვეხორციელებინა ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ხაზს გაუსვამდა ჩვენს უნიკალურობას და განგვასხვავებდა სხვა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან. საბოლოოდ შემიძლია, აღვნიშნო, რომ ინსტიტუციამ მოკლევადიან პერსპექტივაში მიაღწია გრძელვადიან მდგრადობას. მე ამ საქმეს არ ვუყურებ, როგორც ბიზნესს – განათლება არ არის ბიზნესი. შესაბამისად, აკადემია ჩემი მესამე შვილია, რომელიც უპირობოდ მიყვარს. მოსვლის დღიდან ამ საქმეში მთელი ჩემი რესურსი მაქვს ჩადებული, რაც უკან დახევის გზას არ მაძლევს და ამდენად, მხოლოდ წინ უნდა ვიარო.

– თბილისის თავისუფალი აკადემია ამჟამად კოლეჯის სტატუსს ატარებს, როდის უნდა ველოდოთ თქვენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად გადაქცევას?

– ძალიან რელევანტური კითხვაა და ხშირად დასმული სტუდენტების მიერ. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რადგან ინსტიტუცია მხოლოდ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს, მისი სტატუსია კოლეჯი. თუმცა, 2024 წლის დასაწყისშივე აკადემიის პროგრამის განმავითარებელმა ჯგუფმა შეიმუშავა ბიზნესის ადმინისტრირების მეორე საფეხურის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც მიმდინარე პერიოდში წარდგენილია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სააკრედიტაციოდ და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ლეგიტიმური მოთხოვნა დაკმაყოფილდება და უმოკლეს პერიოდში ორსაფეხურიანი უნივერსიტეტი გავხდებით.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– ჩვენი საბოლოო მიზანია, გავხდეთ ევროპული საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები და ჩვენ ამ მიზნისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ასევე, გადამწყვეტია, გვქონდეს სამაგისტრო პროგრამების განხორციელების საშუალება და ინსტიტუცია, რომელსაც ვხელმძღვანელობ, გახდეს უნივერსიტეტი. ასევე, მაქვს ამბიცია, გავაკეთო სტუდენტური საერთო საცხოვრებელი იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სასწავლებლად რეგიონებიდან უწევთ ქალაქში ჩამოსვლა და საცხოვრისის პრობლემა აქვთ. გვინდა, გამოვირჩეოდეთ საგანმანათლებლო პროგრამების მრავალფეროვნებით, რათა სტუდენტებს შეეძლოთ არჩევანის გაკეთება.

– როგორ წარმოგიდგენიათ თბილისის თავისუფალი აკადემია 10 წლის შემდეგ?

– ამბიციური ვიქნები და გეტყვით, რომ ვხედავ, ვიქნებით დიდი უნივერსიტეტი, მინიმუმ, 5 ათასი სტუდენტით. შევძლებთ, მოვხვდეთ საუკეთესო უნივერსიტეტების ხუთეულში. გვექნება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები და შევქმნით დასაქმების საუკეთესო მაჩვენებელს. ჩემი მიზანია, ჩემს თითოეულ დასაქმებულს შევუქმნა ღირსეული გარემო, სადაც მათთვის მოსვლა არ იქნება ვალდებულება. ხომ იცით, წარმატება ყველაზე დიდი გამოწვევაა, წარმატებას ყველაზე დიდი ხიბლი აქვს. ამდენად, ჩემი ასეთი ამბიციური სამომავლო ხედვა, სწორედ რომ, მიღწეული წარმატებების შედეგია.

– ასეთი წარმატებული კარიერის მიღმა დგას ოჯახი, რომლის მხარდაჭერაც, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის...

– ყველაზე ძვირფასი, რაც ცხოვრებაში შევქმენი, ჩემი მყარი ოჯახია, რომელიც მე, ჩემს მეუღლესა და ჩვენს 2 შვილს გვაერთიანებს. ყველაზე დიდი წარმატება, რომელსაც მივაღწიე, მათთან ერთად ყოფნის შესაძლებლობაა. თუ რამეს ვაკეთებ ჩემს კარიერაში, პირველ რიგში, იმიტომ რომ ისინი ამაყობდნენ ჩემით. სიმართლე გითხრათ, მაქვს დროის განაწილების პრობლემა, რადგან აკადემია ჩემგან ძალიან დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს. შესაბამისად, ძალიან ცოტაა ის დრო, რომელსაც ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებ. თუმცა ისინი გაგებით ეკიდებიან ამ სიტუაციას და ყოველთვის გვერდში მიდგანან იმისთვის, რომ განვვითარდე და კიდევ უფრო მეტი ღირებული რამ შევქმნა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა