სახელმწიფო სახელმწიფოში
ავტორი: რევაზ ტომარაძე 21:00 13.11
ვატიკანი
შეიძლება, ვატიკანი ძალიან ძველ სახელმწიფოდ მიგაჩნდეთ, მაგრამ სინამდვილეში ის 100 წლისაც არ არის. ვატიკანი დაარსდა 1923 წლის 11 თებერვალს ლატერანის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დაიდო რომის პაპის მოქმედების არისა და იტალიის გაერთიანების მოძრაობის ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემდეგ მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში. ამ შეთანხმებებმა დაასრულა, ეგრეთ წოდებული, რომის საკითხი, რომელმაც სცნო ახალი იტალიის მეფის უფლება, ემართა რომის ტერიტორია და უზრუნველყო პაპის სუვერენიტეტი ვატიკანზე.
უჩვეულო სახელწოდება – „ვატიკანი“
სიტყვა „ვატიკანს“ ძველი ფესვები აქვს, რომელიც ეტრუსკული კულტურიდან მოდის. ეს სახელწოდება დაკავშირებულია ლათინურ სიტყვასთან Vatikanus, რომელიც გამოიყენებოდა მდინარე ტიბრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე გორაკის აღსანიშნად, რომელზეც ძველად განთავსებული იყო ეტრუსკის ქალაქი. თანადროულად ეს სახელწოდება განმტკიცდა ტერიტორიაზე, რომელზეც დღესდღეობით მდებარეობს ვატიკანი.
წმიდა ტახტს მეთაურობს რომის პაპი
ეს კათოლიკური ეკლესიის ცენტრალური ხელმძღვანელობაა, რომელსაც რომის პაპი მეთაურობს: ის წარმოადგენს ეკლესიის სულიერ და ადმინისტრაციულ ძალაუფლებას, მაგრამ ტახტი არანაირად არ ახდენს გავლენას რომის პაპის, როგორც ვატიკანის მმართველის, მოქმედებაზე.
ვატიკანი – პატარა ქვეყანა
ვატიკანი ყველაზე პატარა ქვეყანაა მსოფლიოში და უჭირავს, დაახლოებით, 44 ჰექტარი ფართობი. ხოლო მის ტერიტორიაზე 800 ადამიანი ცხოვრობს.
ქვეყანა ქალაქის შიგნით
ბევრი პატარა სახელმწიფო, მაგალითად, როგორებიცაა მონაკო, ანდორა და სან-მარინო, მთლიანად სხვა ქვეყნების ტერიტორიებით არიან გარშემორტყმულნი, მაგრამ ვატიკანს განსაკუთრებული მდებარეობა აქვს, რამდენადაც ის სხვა ქვეყნით კი არაა გარშემორტყმული, არამედ მთლიანად სხვა ქალაქის – რომის შიგნით მდებარეობს.
დიდებული არქიტექტურა
ვატიკანის სასახლის კომპლექსი, რომელიც ათასზე მეტ სხვადასხვა ოთახს მოიცავს, შედგება მრავალი ურთიერთდაკავშირებული შენობისგან. მათში განთავსებულია მუზეუმები, კონფერენც-დარბაზები, სამლოცველოები, საცხოვრებლები და ოფისები, რომის პაპის რეზიდენცია. გარდა ამისა, აქ დაცულია და ინახება ხელოვნების მრავალი ქმნილება, რომელთა ექსპოზიციის განფენილობა 15 კილომეტრს აღწევს.
ვატიკანში ქალები ძალზე ცოტაა
თუ სხვა ქვეყნებში მოსახლეობის ნახევარს ქალები შეადგენენ, ვატიკანში მათი რიცხვი 5 პროენტით შემოიფარგლება.
აქ არ არის ოფიციალური ენა
ბევრმა შესაძლოა, ივარაუდოს, რომ ლათინური, როგორც კათოლიკური ეკლესიის ენა ვატიკანის ოფიციალურ ენას წარმოადგენს, მაგრამ სინამდვილეში ოფიციალური ენა აქ არ არის. ოფიციალურ და ყოველდღიურ საქმიანობაში უპირატესად იტალიურად საუბრობენ, ხოლო შვეიცარიულ-გერმანული შვეიცარიული გვარდიის რაზმების სამუშაო ენაა.
მოქალაქეობის მიღება დაბადების მიხედვით არ ხდება
მოქალაქეობის მიღება ვატიკანში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოდ ეწყობით. ქვეყანაში არ არის საავადმყოფოები და მშობიარობისას ქალები რომში მიდიან, ამიტომ ყველა იტალიის მოქალაქედ იბადება.
ვატიკანს თავისი ფეხბურთის გუნდი აქვს
ქვეყნის გუნდში – FC Guardia – შვეიცარიელი გვარდიელები თამაშობენ, სულ ვატიკანში რვა გუნდია, რომლებშიც შედიან არა პროფესიონალი სპორტსმენები, არამედ სხვადასხვა დაწესებულების მუშაკები.
ყველაზე კრიმინალური ქვეყანა მსოფლიოში
მოსახლეობის სიმცირიდან გამომდინარე, ქვეყანა სტატისტიკის მიხედვით კრიმინალის დონით ერთ-ერთ პირველ საფეხურზე იმყოფება. ყველაფერი ტურისტებიდან გამომდინარეობს, რომლებსაც ვატიკანის ქუჩებსა და მაღაზიებში ძარცვავენ, მძიმე დანაშაულობები კი აქ ერთობ იშვიათია.
აკლდამები წმიდა პეტრეს ტაძარში
ვატიკანში ასზე მეტი აკლდამაა, რომელთაგან 91 ყოფილ პაპებს ეკუთვნით, მათ შორის ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი იოანე პავლე მეორის. აქ, ასევე, დაკრძალული არიან გამოჩენილი პიროვნებები: ქრისტინე – შვედეთის ყოფილი დედოფალი, რომელმაც უარი თქვა ტახტზე თავისი ახალი რწმენის გამო და ჯეიმს სტიუარტი, უელსის პრინცი ბრიტანეთის ტახტის ერთ-ერთი ყოფილი პრეტენდენტი.
ქვეყანას იცავს შვეიცარიის გვარდია
გვარდიაში მსახურებისთვის პირი უნდა იყოს კთოლიკე-შვეიცარიელი, რომელსაც შვეიცარიის შეიარაღებულ ძალებში აქვს მიღებული სწავლა-განათლება. 1509 წელს ფორმირებული შვეიცარიული გვარდია წარმოადგენს მსოფლიოს უძველეს სამხედრო ნაწილს, რომელიც დღემდე მწყობრშია.
რომის პაპს ირჩევენ
პაპს ირჩევს კარდინალთა კოლეგია, მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში, სადაც მონარქიაა, ძალაუფლება მემკვიდრეობით გადადის.
უძველესი აფთიაქი
ქვეყნის მცხოვრებნი და ჩამოსულები „ვატიკანის აფთიაქში“ ყიდულობენ წამლებს, რადგან აქ შეძენილი წამლები ბევრად იაფია, ვიდრე იტალიის აფთიაქებში. ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნეში დაარსებული ეს აფთიაქი, მსოფლიოში ყველაზე მეტად მომარაგებულ ფარმაცევტულ დაწესებულებად მიიჩნევა. ის ყოველდღიურად თითქმის 2 000 მომხმარებელს ემსახურება.
საინტერესო ფაქტი: ამ აფთიაქში თქვენ ვერ მოიძიებთ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს.
ევრო ვატიკანში
მათ აქვთ კუპიურები და მონეტები პაპის გამოსახულებით, რომელსაც ისინი ამზადებენ თავიანთ ზარაფხანაში. მთელი მსოფლიოს კოლექციონერები ცდილობენ, ამ ფულით შეავსონ თავიანთი კოლექციები. სწორედ ვატიკანური ლირა იყო ევროს წინამორბედი. მისი გამოყენება 1999 წელს შეწყვიტეს.
მოკლე სარკინიგზო გზა
მისი სიგრძე 300 მეტრია, რომელზე მგზავრობითაც ნასიამოვნები ვერ დარჩებით, უფრო ხშირად იქ სატვირთო მატარებლები კურსირებენ. სამაგიეროდ, ის მსოფლიოში ყველაზე მოკლე რკინიგზის ხაზად არის აღიარებული.
ვატიკანს აქვს საკუთარი ფოსტა
ვატიკანის საფოსტო სამსახური 1929 წლის 11 თებერვალს დაარსდა. ფოსტიდან დღემდეა შესაძლებელი სამახსოვრო ბარათებისა და წერილების გაგზავნა.
ვატიკანს აქვს საკუთარი მედიასაშუალებები და ინტერნეტრესურსები
ვატიკანს აქვს თავისი გაზეთი L’Ossorvatore Romano, რადიოსადგური Vatican Radio. გაზეთი და რადიო აქვეყნებენ სიახლეებს ამ ქვეყნის ცხოვრებიდან.
პაპი რომის ეპისკოპოს-მსახურია
მას მრავალი ტიტული აქვს: „უმაღლესი პონტიფიკი“, „იტალიის პრიმასი“, „რომის პროვინციის არქიეპისკოპოსი და მიტროპოლიტი“, მაგრამ საკვანძო ტიტულებიდან ერთი მთავარი ტიტულია – „რომის ეპისკოპოსი“. პაპი ითვლება რომის ეპარქიის კათოლიკური ეკლესიის ყველაზე მნიშვნელოვანი ეპარქიის სულიერ ლიდერად.
პაპის დანახვა შეიძლება ოთხშაბათს
ყოველ ოთხშაბათს პაპი წმიდა პეტრეს მოედანს სტუმრობს, რათა მოსახლეობას მიმართოს სიტყვით და აკურთხოს ისინი. ამ ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველას – უბრალოდ, დარეგისტრირდით „ონლაინ“, მიიღეთ უფასო ბილეთი და მიდით ადრე (დროზე). ხოლო კვირას, შუადღისას, პაპი თავისი რეზიდენციის ფანჯრიდან მიმართავს მომსვლელებს.
ძველი ობელისკი მთავარ მოედანზე
ობელისკი თავდაპირველად ძველ ეგვიპტეში აღმართეს ფარაონ ამენემხატ მეორის მმართველობის დროს. მოგვიანებით, ჩვენი ერის 37 წელს, იმპერატორ კალიგულას ბრძანებით, ის რომში გადაიტანეს და დადგეს ნერონის ცირკზე. მხოლოდ 1596 წელს პაპმა სიქსტუს მეხუთემ ბრძანა, ობელისკი თანამედროვე ადგილზე – ცენტრში, წმიდა პეტრეს მოედანზე, გადაეტანათ. ის მარადიულობისა და ძველ ცივილიზაციებთან კავშირის სიმბოლოა. ობელისკის წვეროზე დადგეს ბრინჯაოს ჯვარი, რომელიც წმიდა ჯვრის რელიკვიებს შეიცავდა, რაც ხაზს უსვამდა მის ქრისტიანულ მნიშვნელობას.
წმიდა პეტრე ჯვარს აცვეს ვატიკანის გორაკზე
წმიდა პეტრე იესო ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული და რომის პირველი ეპისკოპოსი, საეკლესიო გადმოცემის თანახმად, დააპატიმრეს და ჯვარზე გაკვრა მიუსაჯეს. პეტრემ მოითხოვა, რომ თავქვე გაეკრათ ჯვარზე, რადგან თავს ღირსად არ მიიჩნევდა, ჯვარზე ისე ვნებულიყო, როგორც იესო ქრისტე და აღუსრულეს. მიიჩნევა, რომ მისი ჯვარცმის ადგილი ვატიკანის გორაკია, ნერონის ძველი ცირკის რაიონში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც დღეს წმიდა პეტრეს ბაზილიკა მდებარეობს.
ვატიკანში ღვინის რეკორდული რაოდენობა ისმევა
ამჯერადაც, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ვატიკანში ცოტა ხალხი ცხოვრობს, ხოლო ღვინოს ბევრი სვამს, მათ შორის, რელიგიური წეს-ჩვეულებებისა და დღესასწაულების დროს.
ვატიკანი შეტანილია იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში
ვატიკანი – ეს ერთადერთი სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც მთლიანად არის შეტანილი ამ სიაში. ის მასში 1984 წელს ჩართეს. ვატიკანი არის კათოლიკური ეკლესიის ცენტრი, რომის პაპის რეზიდენციის ადგილი, აქ ათობით ღირსშესანიშნავი ძეგლია: წმიდა პეტრეს ბაზილიკა, სიქსტის კაპელა და ვატიკანის მუზეუმი...
სუვენირები და მარკები – ვატიკანის შემოსავლის ძირითადი წყაროები
ვატიკანის საფოსტო მარკები პოპულარულია კოლექციონერებს შორის, ისე, რომ მათი გაყიდვა მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა ქვეყნისთვის. ვატიკანი ასევე, ყიდის სხვადასხვანაირ სუვენირებს, მათ შორის მედლებს, მონეტებსა და სხვა სამახსოვრო ნივთებს, რაც ასე იზიდავს ტურისტებსა და მომლოცველებს.
ვატიკანის უნიკალური დროშა
ვატიკანის დროშა შედგება ერთნაირი სიგანის ორი ვერტიკალური ზოლისაგან: მარცხენა ზოლი – ყვითელი ფერისაა, მარჯვენა – თეთრის. ეს ფერები ტრადიციულად ასოცირდება ვატიკანთან და სიმბოლიზდება წმიდა პეტრეს ოქროსა და ვერცხლის გასაღებებთან. თეთრი ზოლის ცენტრში გამოსახულია წმიდა პეტრეს გასაღებები და პაპის ტიარა; ორი გასაღები – ერთი ოქროსი და მეორე ვერცხლის – გადახლართულია ერთმანეთში და შეკრულია წითელი ზონრით.
გასაღებებით სიმბოლიზებულია ძალაუფლება, მიცემული წმიდა პეტრესა და მისი მემკვიდრეებისთვის (პაპებისთვის) იესო ქრისტესგან: ოქროს გასაღები სულიერი ძალაუფლების სიმბოლოა, ხოლო ვერცხლის გასაღები – საერო ძალაუფლების. გასაღებებზე პაპის ტიარით სიმბოლიზდება პაპის ძალაუფლება და მისი, როგორც კათოლიკური ეკლესიის სულიერი ლიდერის როლი.
ვატიკანის დროშის თანამედროვე დიზაინი მიიღეს 1929 წლის 7 ივნისს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან