საზოგადოება

საქარავნო სახლები - ქარვასლები საქართველოში

№13

ავტორი: რევაზ ტომარაძე 00:31 12.04

ქარვასლა
დაკოპირებულია

დავით ამაშენებლის დროს საქართველოში ინტენსიურად მიმდინარეობდა სავაჭრო გზების შეკეთება, ხიდების მშენებლობა, ფუნდუკების (სასტუმრო სახლების) აგება.

ვაჭართა სასტუმრო სახლების აღსანიშნავად მეხუთე-მერვე საუკუნეების ქართულ ძეგლებში ბერძნული „პონდოქიონ“ იხმარებოდა. აქედან მომდინარეობს, ცხადია, მეცხრე-მეათე საუკუნეებიდან ქართულში ხმარებული ტერმინი „ფუნდუკი“, რომელიც ბერძნული „პონდოქიონის“ მხოლოდ ფონეტიკურ სახეცვლილებას წარმოადგენდა. მეათე საუკუნის ძეგლში – „საბა ასურის ცხოვრებაში“ ნათქვამია: „შევიდეს ფუნდუკსა განსვენებლად“, „ფუნდუკი“ ან კიდევ „პანდუქი“ მეთერთმეტე-მეთოთხმეტე საუკუნეების ქართულ ძეგლებში არაერთხელ გვხვდება, როგორც „ვაჭართა საბანაკო სახლის“ ან კიდევ „მოქარავნეთა თავშესაფრის“ აღმნიშვნელი. „ფუნდუკი“ ამავე მნიშვნელობით მეთვრამეტე საუკუნეშიც იხმარებოდა, მაგრამ ამ ბერძნული წარმოშობის ტერმინის პარალელურად, უკვე მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში ჩნდება „ქარვასრა“, ანუ „ქარვასლა“, ესე იგი, ქარავნის სრა, სახლი. „ქარვასრა“, როგორც მოქარავნე ვაჭართა განსასვენებელი, „ვეფხისტყაოსანშიც“ არის ნახსენები.

მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში „ქარვასლა“ გაბატონებული ტერმინია, რომლითაც ქალაქისთვის დამახასიათებელი ნაგებობა აღინიშნებოდა. აქ ვაჭრების საქონელი ინახებოდა, თვით ვაჭრებიც მოისვენებდნენ და დროებით იცხოვრებდნენ. „ქარვასლა“ გვიანფეოდალური საქართველოს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი, შედარებით დიდი ქალაქისთვის აუცილებელ ნაგებობას წარმოადგენდა.

მოგზაურთა, ძირითადად კი, მოვაჭრეთა მომსახურება, დასვენება-ღამისთევა უფასო იყო. თბილისელ მოვაჭრეთა ფენა კი საქართველოს მეფეს 44 000 დრაჰკანს უხდიდა. თამარ მეფემ კიდევ უფრო გაზარდა ამ სავაჭრო გზების გასწვრივ სასტუმრო სახლების რაოდენობა; როგორც საგარეო, ასევე, საშინაო ვაჭრობის ცენტრი, ცხადია, თბილისი იყო.

* * *

თბილისში მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში რამდენიმე ქარვასლა იყო. შარდენი წერდა: „თბილისში რამდენიმე კარგი საზოგადო შენობაა, აქ არის ქვით ნაშენი და კარგად შენახული დიდი საბაზრო შენობები. ასეთივეა ქარვასლებიც, რომელშიც უცხოეთიდან მოსული ხალხი ბინავდება დროებით“ (შარდენი, „მოგზაურობა....“, გვერდი 54).

ერთ-ერთი დიდი, ლამაზი, ეგრეთ წოდებული, ბატონიშვილების ქარვასლის შესახებ ცნობა 1672 წლის საბუთებში გვაქვს პირველად. ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილ 1735 წლის თბილისის გეგმაზე სწორედ ეს ქარვასლაა გამორჩეულად წარმოჩენილი. შემდგომში ეს ქარვასლა თეკლე ბატონიშვილის სახელს ატარებს. როგორც გვიან გაირკვა, ეს ქარვასლა სიონის ქუჩის ¹13 სახლში მდებარეობდა. გამოირჩეოდა იგი თავისი ფუნდამკენტურობით: შიდა ეზოში დიდი აუზი იყო მოწყობილი, სასტუმრო ნაწილი 62 ოთახს მოიცავდა, პირველ სართულზე 30-მდე მაღაზია და სახელოსნო იყო განლაგებული, დიდი სარდაფები საწყობებად გამოიყენებოდა. შენობის გარე სახე, ფასადი გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა, როცა თბილისის არქიტექტურაში ხშირად იჩენდა თავს ტენდენცია, მიეცათ ნაგებობისთვის „აღმოსავლური კოლორიტი“. დღესდღეობით ყოფილი ქარვასლის ერთ-ერთ კორპუსში, რომელიც სიონის ქუჩაზე გამოდის, თბილისის სასულიერო სემინარიაა განთავსებული.

ვახუშტის მიერ შედგენილი თბილისის გეგმის მიხედვით, გარდა ზ. ა. ბატონიშვილის ქარვასლისა, ქალაქში კიდევ სამი ქარვასლა ყოფილა. სამი ქარვასლა, მათ შორის, ბატონიშვილის ქარვასლა, ქალაქის კედლებს შიგნით იყო („თბილისის ქარვასლა“, „მელიქის ქარვასლა“), ხოლო მეოთხე ქარვასლა, რომელიც ვახუშტი „ბეჟანის ქარვასლას“ უწოდებს, ქალაქის კედლებს გარეთ, სოლოლაკის უბანში ყოფილა.

მეცხრამეტე საუკუნის თბილისში ერთ-ერთი პირველთაგანი იყო პ.ა.არწრუნის ქარვასლა, რომელიც დღესაც ძველი თბილისის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნაგებობაა. ისიც სიონის ქუჩაზე მდებარეობს.

ჟან დე გამბა, 1820-1824 წლებში კონსული კავკასიაში, წერდა: „თბილისი სულ უფრო და უფრო იზრდება თურქთა ტირანიისა და სპარსელთაგან შევიწროებული სომხების მოზღვავების შედეგად, რომლებიც აქ თავშესაფარს ეძებენ. თბილისში გადმოსახლებულმა ერთმა სომეხმა 1820 წელს დიდი ქარვასლა ააშენა. მიწის ნაკვეთში, რომელიც ამ შენობას უკავია, რომლის სიგანე 8, ხოლო სიგრძე 30-40 საჟენია, მან 81 ათასი მანეთი (81 000 ფრანკი) გადაიხადა. აგრეთვე, იმისათვის, რომ თავისი სამფლობელო მდინარე მტკვრის შემოტევისგან დაეცვა, ააშენა კედელი დიდი მიწაყრილით. ეს ქარვასლა იმ ორ ქარვასლაზე მნიშვნელოვნად უფრო დიდია, რომლებიც აგრეთვე თბილისში არის“.

გერმანელი ჟურნალისტი ნ. დუნკელ-ველინგი ამბობს: „სიონის ტაძარს რომ გასცდები, არწრუნის ქარვასლაში შევდივართ. შენ თვალწინ მშვენიერი მასიური შენობა დგას შიდა ეზოში ბასეინით“.

ეს ქარვასლა ჯერ კიდევ 1650 წელს ააშენა როსტომ მეფემ და შემდეგ იგი თბილისის ეპისკოპოს თბილელს უბოძა. 1795 წელს სპარსელთა შემოსევის შედეგად ეს შენობა დაინგრა. სწორედ ამ ძველი შენობის ნანგრევებზე იქნა ეს ქარვასლა აშენებული. ახალი ქარვასლა კოლორიტის მიხედვით ძველის განმეორებაა. გვიან, შემდგომი გადაკეთების დროს შეიცვალა შენობის ფასადი და ინტერიერი. პირველად, დიდი ხანძრის შემდეგ, 1855 წელს გადაკეთდა, ხოლო 1912 წელს მისი ფასადი, რომელიც სიონის ქუჩაზე გამოდიოდა „მოდერნის“ სტილით შეცვალეს. 1980 წელს, სარეკონსტრუქციო სამუშაოთა შედეგად, შენობას მოაშორეს გვიანდელი მინაშენები. ამჟამად შენობაში, რომელიც ოდესღაც ქარვასლა იყო, ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმია განთავსებული.

1823 წელს აშენდა სარაჯიშვილის ქარვასლა. 1828 წელს კორხმაზ მელიქიშვილმა ააგო საკმაოდ მოზრდილი ქარვასლა, რომელიც იმავდროულად, კლუბის მაგივრობასაც ეწეოდა. ცნობილია, რომ აქ აპირებდნენ 1832 წლის შეთქმულები საბოლოო ოპერაციის ჩატარებას.

ახლანდელი თავისუფლების მოედნის ადგილას წლების განმავლობაში განლაგებული იყო ძმების – ალექსანდრე და ვასილი თამამშევების ქარვასლა, სადაც თავს იყრიდნენ ვაჭრები და ხელოსნები, სადაც იმართებოდა დოღი, საკვირაო ბაზრობები, ტაკიმასხარა მსახიობთა წარმოდგენები.

ამავე პერიოდში თბილისში იყო ქარვასლები, რომლებიც ცნობილ ქველმოქმედებსა და ვაჭრებს, მილიონერებს: ძმებ ზუბალაშვილებს, ბებუთოვებს, შიოშვილს, ხეროდინაშვილს, შადინოვს, კვეზერელსა და სხვებს ეკუთვნოდათ.

* * *

თბილისთან შედარებით პატარა ქალაქებში თითო ქარვასლა იყო. მაგალითად, გორში, მდინარე ლიახვის პირას, ერთი ქარვასლა ყოფილა, მაგრამ მეთვრამეტე საუკუნის 60-იანი წლებისთვის ის დანგრეულია და 1761 წლის დოკუმენტში გორის მხოლოდ „ნაქარვასლევი“ არის მოხსენიებული. ქარვასლა იყო ახალქალაქში. ახალქალაქის ნაქალაქარშიც დღეს დგას საკმაოდ დიდი ქარვასლის ნალისებური, თაღიანი კედლები. ახალციხის ქარვასლას ჯერ კიდევ შარდენი მოიხსენიებს.

როგორც არტემ არარატელის ცნობიდან ჩანს, ქარვასლა ყოფილა სიღნაღშიც: მასში ერთი დიდი ქართული მონასტერია... სასტუმრო და ციხე.

მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში თბილისის ქარვასლები გაქრა. მათი ადგილი მოუვლელმა, უსუფთაო, დაუცველმა საკოლმეურნეო სახლებმა დაიკავეს. 50-იან წლებში კი ეს სახლებიც გაქრა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა