საიდან გადმოფრინდა თემურ წიკლაური ქოლგებით და რატომ შიმშილობდა ის 21 დღე
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 24.12
„...მიმწუხრს მომავალში არ ველოდები, რადგან უკვე განვსაზღვრე, მწუხრი რა არის, როცა სიკვდილმა თავისი პირი მაჩვენა. შევიცანი, რომ უნდა გარდავიცვალო. აქ მოსულს არაფერი მომიტანია და აქედანაც ვერაფერს წავიღებ“ – თემურ წიკლაური რამდენიმე წლის წინ კოვიდის ვირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა. მან თანამედროვე საესტრადო ისტორიაში დიდი კვალი დატოვა. 2014 წელს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში თემურ წიკლაურის სცენაზე მოღვაწეობის 45 წლის იუბილე აღინიშნა და დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი ვარსკვლავიც გაიხსნა.
დღეს მისი ცხოვრების ეპიზოდებს გადაგიშლით, რითაც უფრო ახლოდან გაგაცნობთ მის პიროვნებას.
მან შემიფარა
„კოჯორში ვცხოვრობდი. დიდი ბოსტანი გვქონდა, კარტოფილს ვრგავდით. უნდა გენახათ, მეათედ ჰექტარზე რომ დამაყენებდნენ და ვთოხნიდი. ტყეშიც დავდიოდი შეშაზე… „ტარზანი“ რომ შემოვიდა, ბიჭები მივდიოდით ტყეში, ვკიდებდით თოკებს და იყო ერთი ტყაპა-ტყუპი. დაჟეჟილი ვბრუნდებოდით სახლებში. ერთი ამბავიც მახსოვს: შინ მარტო დაგვტოვეს 97 წლის პაპასთან. მინდოდა გავფრენილიყავი. ეზოში დიდი წაბლის ხე იდგა. ავიტანე ორი-სამი ქოლგა ამ ხეზე, გავშალე და გადმოვხტი. ესენი დაიკეცა და მე ღობის ეკლიან მავთულზე ჩამოვეკიდე მუცლით. დავიწყე ბღავილი. სანამ პაპამ გაიგონა და მოვიდა… კიდევ კარგი, გაიგონა. ახლაც ამ ნაიარევს რომ დავხედავ ხოლმე, პაპა მახსენდება.
ღმერთი ყოველთვის მწყალობდა. აუცილებლად მინდა, ვახსენო ხალხი, ვისაც დიდი ღვაწლი მიუძღოდა ჩემს ჩამოყალიბებაში. ნათელა პატარიძე ამოდიოდა თბილისიდან. სკოლაში სიმღერის გუნდი შექმნა. ისეთი გუნდი დადგა, ოლიმპიადებზე სულ პირველ ადგილზე გავდიოდით. ის მინერგავდა, მონაცემები გაქვს, ხმა გაქვს და მიჰყევიო… ბიჭები ამოვიდნენ კოჯორში, გიტარაზე დაკვრას ასწავლიდნენ, მათგან ვისწავლე დაკვრა. მერე ერთად ვიყავით „ციცინათელაშიც“ და „ივერიაშიც“… პირველად ეს სიმღერა ვისწავლე: „შემომხვდი და გამიფრინდი, ჩემო თოლია”. გიტარა არ მქონდა. ჩუმად ვიყიდე. მშობლებს კატეგორიულად არ უნდოდათ: ჯერ გიტარაზე დაკვრას ისწავლის, მერე გალოთდება და რა გვეშველებაო. გიტარას ტყეში ვმალავდი. მივდიოდი და იქ ვმეცადინეობდი. როგორც გითხარით, საკმაოდ ხელმოკლედ ვცხოვრობდით. 1964 წელს უცხო ენების ინსტიტუტში ჩავირიცხე. თბილისში რომ ჩამოვედი, ორი წელი პროფესორ ოთარ ზენაიშვილის სახლში ვიცხოვრე. მან შემიფარა, კოჯორში ისვენებდა და იქიდან მიცნობდა… ბატონი ოთარი და მისი მეუღლე თავს მევლებოდნენ, რომ კარგი ადამიანი დავმდგარიყავი… დიდად დამეხმარა პრორექტორი გოგი შიოშვილიც. იქაც გუნდში მოვხვდი. დეკანი ნელი კრავეიშვილი მყავდა. ის მეუბნებოდა, წადი, კონსერვატორიაში ჩააბარეო… ვერა და ვერ გადამაწყვეტინეს. რატომღაც დიპლომატობა მინდოდა სოფლელ ბიჭს და ამისთვის ენა უნდა მესწავლა. ოჯახიდან დღეში მანეთს მაძლევდნენ. კვირაში 7 მანეთი მეკუთვნოდა, მეტი არა. როგორმე თავი უნდა გამეტანა. მადლობა უფალს, რომ მიცავდა ყოველთვის. მეგობარმა მომაკითხა – არნოლდ ნანობაშვილმა: პლეხანოვზე დიდი უნივერმაღი იყო. იქ ანსამბლი აქვთ და მოდი, ვიმღეროთო. ხელფასს მოგვცემენ, 66 მანეთსო. მივედით დირექტორთან, ასლან ხარბედიასთან. ფოთში რომ პირველი ფეხბურთელები იყვნენ, იმ პერიოდის ფეხბურთელი იყო. რომ გვნახა უწვერულვაშო ბავშვები, გაგვაფორმა. მე გალანტერეის საწყობში ვიყავი მუშად. ხელფასიც მომცა… ამას სტიპენდიაც ემატებოდა და 100 მანეთი კი გამომდიოდა. ეს ჩემთვის დიდი ფული იყო. უკვე გამიჩნდა შესაძლებლობა, საჩუქრებიც კი მეყიდა გოგონებისთვის. ყოველ დილით მივდიოდით საწყობში, ვეხმარებოდი საწყობის გამგეს, ცხრის ნახევარზე ინსტიტუტში გავრბოდით. მერე მივდიოდით რეპეტიციაზე… მერე ისეთ განყოფილებაში გადამიყვანეს, სადაც გეგმა სრულდებოდა. უკვე 100 მანეთი მქონდა ხელფასი. 1967 წელს კი შეიქმნა ანსამბლი „ციცინათელა“. სოსო ებრალიძე იყო ხელმძღვანელი. დამიძახა. იქ შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს, ლილის. სამი კურსი ხომ ხუთოსანი ვიყავი… „ციცინათელასთან“ ერთად გასტროლებზე წავედი და წავედი ხელიდან. უკვე თავის გამოჩენა მომინდა, სიმღერა გახდა მთავარი… ბევრი ივიშვიშა ჩემმა დეკანმა, ისწავლე რა, ხომ შეგიძლიაო, – მაგრამ ვერ მიმაბრუნა… დამამთავრებინა მაინც, როგორღაც… საოცარია, მაგრამ სცენაზე გასვლა ყოველთვის უსაზღვროდ მიჭირდა. ახლაც მიჭირს. სიცილით კვდებიან, ვსველდები, ხელებიდან წურწურით მომდის ოფლი, სიტყვები არ მახსოვს, ხმა ხომ არ დავკარგე – მეშინია. გავალ სცენაზე, ამოვიღებ ხმას და მერე მიდის და მიდის… არ ვიცი, როგორ აგიხსნათ…
მე და ლილი
მე და ლილი დავქორწინდით. ორივე ვმუშაობდით. ამოვისუნთქე… ახლა რომ ვაკვირდები, რა იყო ეს ამოსუნთქვა? არაფერი. სიყვარულის ფონზე გაჩენილი თვითდაჯერება, რომ არაფერი გვაკლია. ცხოვრება პრაგმატული გახდა… მაგრამ რაც გამოცდილი მქონდა, არასოდეს დამვიწყებია. ახვედი თუ ჩამოხვედი კიბის საფეხურებზე, მნიშვნელობა არა აქვს. შენ ხომ იცი, რა არის ხელმოკლეობა, განსაცდელი… რა არის, როცა კუჭი „თავისას ითხოვს” ან ჩასაცმელი არაფერი აქვს კაცს. ამას ყველაფერს ვხვდები, სულ არ მჭირდება, რომ ვინმემ მიამბოს. მე ხომ ეს გზა გავიარე… ეს რომ არ გამევლო, ვაი, რა ძნელი იქნებოდა სულის დაამება!
იძულებული გავხდი
ჯემალ ბაღაშვილს კოჯრიდან ვიცნობდი. ამოდიოდა, უკრავდა ხოლმე. თითებიდან სისხლი სდიოდა და მაინც არ ჩერდებოდა. ძალოსანი იყო. კრივიც იცოდა. თბილისში რომ ჩამოხვალ, ყველაფერი უნდა შეგეძლოსო. დამაწყებინა ვარჯიში. თბილისში უკვე მაშინ შევხვდით ერთმანეთს, როცა „ციცინათელაში“ ვიყავი. „ივერია“ უნდა შევქმნათ და ერთად ვიქნებით, ჩემთან წამოდიო… გადავწყვიტე, გადავსულიყავი. ღალატი არ ვიცი. მაპატიონ ბიჭებმა, ვინც დავტოვე, მაგრამ პირობები იყო ისეთი, იძულებული გავხდი… „ივერიასთან” ერთად მსოფლიო მოვიარე. ყველა ჯურის ხალხს შევხვედრივარ ქუჩაშიც, ცხოვრებაშიც… ყველანაირი გზა მაქვს გამოვლილი. პროფესიონალურ სცენაზე გამოსვლა რომ დავიწყე, ხშირად გვიხდებოდა კოლონიებში კონცერტების ჩატარება. შემდეგ მივხვდი, ეს ქრისტიანულია: პატიმარიც უნდა მოინახულო და ავადმყოფიც… ჰოდა, მთელ შავ და ფერად სამყაროს კი ვიცნობდით… სხვათა შორის, კონცერტის მერე პურმარილი იშლებოდა… მარტო ჩემთვის კი არა, მთელი „ივერიისთვის“.
ჩემი შვილის ამქვეყნიდან წასვლა დიდი ტკივილი იყო. მაშინ „არგონავტებს“ ვდგამდით. მე აიეტის როლი მქონდა. ვფიქრობ, ასეთი კარგი მიუზიკლი სხვა არც არის, მაგრამ აღარასოდეს მივბრუნებივართ. ძალიან სასიამოვნო მოგონებები მაქვს „ივერიაზე“. „ფიროსმანი“ დავდგით. ჯემალმა, შენ იცი, ფიროსმანი შენ ხარო… გადავწყვიტე, 21 დღე არ მეჭამა, რომ მივახლოვებოდი ნიკალას სულის მდგომარეობას, როცა ის შიმშილობდა, როცა ის არავის უნდოდა, მასზე საშინელებას წერდნენ გაზეთში… ავიღე წიგნები ნიკალაზე, ლოცვები და დავიწყე შიმშილი. მივდიოდი კოჯორში ჩემს წყაროზე, წყალი იქიდან მომქონდა დასალევად. ეს სიჩუმე და მარტოობა შეუდარებელია ჩემს ცხოვრებაში. როცა 21 დღის მერე პირველად გავედი, ჯემალმა: აი, ფიროსმანი მოვიდაო.
რამდენ ქვეყანაში ვყოფილვარ. დარჩენა არსად მნდომებია. „კაგებე“ დაგვყვებოდა. ღამით გარეთ არ გვიშვებდნენ. ქართველი თუ მოვიდოდა, გამარჯობა არ უნდა გვეთქვა, სამშობლოს მოღალატეაო. გამარჯობასაც ვამბობდით და ქეიფიც მიდიოდა.“
***
საოცარია, მაგრამ მისი ხმა სიმღერასავით ჟღერს მაშინაც, როცა სულაც არ მღერის და ძალიან სევდიან ამბებს იხსენებს, მაგალითად, კოჯრის სკოლაზე, რომელიც წითლების შემოსვლის შემდეგ დანგრეული ეკლესიის ქვებით აუგიათ. მერე როგორ ინგრევა ის სკოლაც, როგორ პოულობენ წყაროს უკან გადაყრილ ჩუქურთმიან ქვებს და როგორ მიაქვთ იქ, სადაც მათი ადგილია – დაშლილი ეკლესიის მიწაზე. ქვები დუმან და თავის ჟამს ელიან… ცხოვრებაშიც არის რაღაც იდუმალი და ისიც თავის ჟამს ელის… წლების წინ, მაგალითად, როცა კოჯრის ტყეში მიდიოდა გიტარაზე მალულად დასაკრავად, სხვას რომ ეთქვა, ალბათ, არ დაიჯერებდა, ერთ დღეს სტიქარს თუ ჩაიცვამდა. ვერც იმას დაიჯერებდა, რომ სტიქაროსნობამდე ცნობილი მომღერალი გახდებოდა.
სული და გული არ უნდა დაბერდეს...
„როცა ჩემი თავი ესტრადაზე ვეღარ ვიპოვე, ოპერას მივმართე. „აიდაში“ ამონასროს პარტია უკვე მზად მქონდა, „ტრავიატა“ დამუშავების პროცესში იყო… ამონასრო უნდა მემღერა, მაგრამ აირია ყველაფერი. როცა საქართველო კარგ ხასიათზე იქნება, მაშინ ვიმღერებ. ამით იმისი თქმა მინდა, რომ წლებს არა აქვს მნიშვნელობა. სული და გული არ უნდა დაბერდეს.
გაზაფხულზე მიწა რომ გაიბერება...
დავობლდი… 96 წლის დედა გარდამეცვალა. ის იყო ჩემი იმედიც, ძალაც, სიმშვიდეც… მინდოდა, დედაჩემი და მისი დედმამიშვილები ერთად შემეყარა და ყველასთვის მომევლო. ჭაღარა შვილი რომ მივიდოდი და მეტყოდა, მოგიკვდეს დედა, როგორ დაიღალეო… ამას ვერაფერი შეცვლის. უკან რომ ვიხედები, ყველაზე მეტად იცი, რა მიხარია? იერუსალიმში შევიძინეთ 0,6 ჰექტარი მიწა. სოსო ხარებოვის დახმარებით ვიყიდეთ. ეს მიწა საპატრიარქოს გადავეცით. ახლა იერუსალიმში ქართულ ეკლესიას თავისი ღამის გასათევი აქვს. უზარმაზარი გზა გავიარე თავისი აღმართებითა და დაღმართებით. ახალგაზრდა ვიყავი და დროს ყურადღებას არ ვაქცევდი… ახლა, როცა დრო აჩქარდა და ჩემი გონი ჩქარა იწვის ამ დროში, მაინც ვერ აღვიქვამ, როგორ გადის დრო. ახალი წელი გაივლის და უცებ მეორე ახალი წელია… მიმწუხრს მომავალში არ ველოდები, რადგან უკვე განვსაზღვრე, მწუხრი რა არის, როცა სიკვდილმა თავისი პირი მაჩვენა. შევიცანი, რომ უნდა გარდავიცვალო. აქ მოსულს არაფერი მომიტანია და აქედანაც ვერაფერს წავიღებ… 1983 წელს წავიდა ჩემი ბიჭი, გიორგი… მას მერე მისი სულის ძებნა დავიწყე. ვეძებდი ყველგან – დედამიწაზე მოცემულ ყველა ფილოსოფიასა და რელიგიაში. მხოლოდ ასე დამშვიდდებოდა ჩემი სული და გონი. წავიკითხე ყველაფერი: დაოიზმი, ბუდიზმი, მუსლიმანური რელიგიის საფუძვლები. ისევ მართლმადიდებლობასთან მოვედი. მხოლოდ აქ დავმშვიდდი… მივხვდი, უფალმა ჩემი შვილის წასვლით უფრო დიდი რაღაცისთვის მომამზადა… ხვალ არ ვიქნები… მერე რა? ყველაფერს ვაკეთებ, რომ დღეს, ასე თუ ისე, სრულფასოვანი ვიყო. ჩემს წარმოდგენაში სამყარო ჩუმია. ის რომ ლაპარაკობს, მღერის, ხმაურობს, სიცოცხლის გამოა ყველაფერი… მაშინ მივხვდი, ბრძოლაა საჭირო მაშინაც კი, სიკვდილი რომ მოვა, არ უნდა ჩაბარდე, ხმლით უნდა გაეგებო. იცით, რა მენატრება?.. გაზაფხულზე, იების ამოსვლის წინ მიწა რომ გაიბერება, ვერ წარმოიდგენთ, რა სუნი დგას ტყეში. ვერა და ვერ მოვახერხე ადრე გაზაფხულზე ტყეში ვიბოდიალო. და კიდევ: ჩემს შვილიშვილს – ანდრიას ვზრდი ისე, რომ ჯერ უფალი უყვარდეს, მერე – ქვეყანა, მერე – ჩვენ… (წყარო: „ისტორიანი“). ისიც სტიქაროსანი გახდა, ჩემსავით. ლურჯ მონასტერში ვდგავართ ერთად და ვემსახურებით უფალს.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





